საერთაშორისო კონკურსში ქართველმა გოგონამ გაიმარჯვა
რომელშიც ქართველმა მარიამ მგალობლიშვილმა გაიმარჯვა. მარიამი კონკურსის ერთ-ერთი დამფუძნებლის და სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელის - ეკატერინე მგალობლიშვილის ძმისშვილი გახლავთ. ამ ნათესაურმა კავშირმა საზოგადოებაში შეკითხვები და ეჭვები გააჩინა თუ არა და საერთოდ, რამდენად ობიექტურად ჩატარდა კონკურსი, ამის შესახებ თავად მამიდა და ძმისშვილი გვესაუბრებიან...
მარიამი:
- მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში კი - ეკა მგალობლიშვილს. სცენაზე ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა თავს ვიკავებდი, რადგან ხალხი მგულშემატკივრობდა... საერთოდ, კონკურსში ჩემს მონაწილეობასთან დაკავშირებით, მე და ეკას "დებატები" გვქონდა. რადგან მამიდაჩემია, მეგონა, ხალხი ცოტათი "სხვაგვარად" ლაპარაკს დაიწყებდა, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი და კარგი შედეგიც მივიღეთ... როგორც გამარჯვებულს, ფულადი პრიზი გადმომცეს, გავხდი ტანსაცმლის ბრენდ "ხათკოს" სახე და 1-წლიანი სამსახური (სოლიდური ხელფასით) მივიღე; ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელმა - ნინო წიკლაურმა საგზური გადმომცა, პრიზი მივიღე დიზაინერ ნანუკა ქართველიშვილისგანაც, ასევე - მილანის მოდის კვირეულის პრეზიდენტისგან...
- კონკურსზე ნებისმიერი შედეგისთვის მზად იყავი?
- კი, რა თქმა უნდა. არც მიფიქრია, რომ გავიმარჯვებდი. მინდოდა გამოცდილება მიმეღო და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმედგინა.
ეკა:
- როგორც ჩემი უმცროსი შვილი - ანასტასია იჩაგრება საქართველოში და არც ერთ კონკურსში არ მონაწილეობს, რადგან ჩემი შვილია, 17 წლის განმავლობაში, მარიამ მგალობლიშვილიც ასე იჩაგრებოდა, თუმცა ახლა, მარიამის გამარჯვებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ჟიურის 25 წევრის გადაწყვეტილება მაქვს. 25 წევრიდან 20-მა საერთოდ არ იცოდა, რომ მარიამი ჩემი ძმისშვილი იყო. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობდი, რომ რაკი ამ კონკურსის ლიცენზიის 50%-ის მფლობელი ვარ, მარიამზე რამე "სხვაგვარად" არ ეთქვათ - იმიტომ ხომ არ გაიმარჯვა, რომ მამიდამისი კონკურსის ერთ-ერთი დამფუძნებელიაო? აი, ამას ვერიდებოდი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე: ადამიანი იმის გამო არ უნდა დაიჩაგროს, რომ დედა, მამა, მამიდა თუ რომელიმე ნათესავი იმავე სფეროში მუშაობს, რომელში მონაწილეობა თავადაც სურს.
- როგორ მოახერხეთ, რომ კონკურსი ობიექტურად ჩატარებულიყო? აღნიშნეთ, საერთაშორისო ჟიურის წევრების უმრავლესობამ ქართველ კონკურსანტთან თქვენი ნათესაური კავშირის შესახებ არ იცოდნენ, თუმცა თქვენ და მარიამს ერთი და იგივე გვარი გაქვთ...
- წელს ახალი ეროვნული დირექტორები და საერთაშორისო ჟიურის წევრები იყვნენ ჩამოსულები. მაგალითად, ღოსარიო შტაგნო, რომელიც მილანის მოდის კვირეულის და Bესტ Mოდელ ოფ ტჰე Uნივერსე-ის ხელმძღვანელი გახლავთ, საქართველოში პირველად იმყოფებოდა... საერთოდაც, უცხოელებს გვარზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ... ასევე, ჟიურის წევრებს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის შეფასების უფლება კონკურსის ბოლო დღემდე არ გვაქვს - ქულას ვერ დავუწერთ, თუმცა ბოლო დღესაც, როცა უკვე სამეული უნდა აგვერჩია, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ არ დამიწერია, ხოლო საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილება, რომელშიც ყველას "საქართველო" ეწერა, შენახული მაქვს...
- მარიამ, საზოგადოებამ შენი გამარჯვება როგორ აღიქვა?
- დადებითად. კონკურსის ბოლოსკენ საქართველოს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ.
ეკა:
- საერთოდ, ძალიან კრიტიკული მაყურებელი გვყავს: თუ კონკურსანტი არ მოსწონთ, ამას ყოველთვის აღნიშნავენ. მარიამთან დაკავშირებით, დღემდე არ მიმიღია უარყოფითი კომენტარი. დარბაზში მჯდომი 400-მდე ადამიანის და ჟიურის გადაწყვეტილება ერთმანეთს დაემთხვა. ვიდრე ჟიური სცენაზე ამობრძანდება, დარბაზში ყოველთვის ვაცხადებ: აბა, გამარჯვებულად თქვენ ვის მიიჩნევთ-მეთქი? საქართველოს ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა.
- მარიამ, როგორ ფიქრობ, შენს გამარჯვებაში მთავარი ფაქტორი რა იყო?
მარიამი:
- პარიზის, მილანის მოდის კვირეულებში მონაწილეობის გამოცდილება მქონდა. გარდა ამისა, 7 წლის ვიყავი, როცა საბერძნეთში გამართულ კონკურსში გავიმარჯვე და "პატარა მის მსოფლიო" გავხდი. თინეიჯერობისას ტაილანდში გამართულ კონკურსზე, 70 ქვეყნის წარმომადგენელს შორის, მესამე საპრიზო ადგილი დავიკავე.
ეკა:
- ერთ რამეს ვიტყვი, არა როგორც მამიდა, არამედ როგორც ამ საქმის პროფესიონალი: მარიამს კიდევ უფრო მეტი შეუძლია, მაგრამ რატომღაც, თავის შესაძლებლობებს არ ამჟღავნებს. საოცრად, ბევრ მომღერალზე უკეთ მღერის, ძალიან კარგად ცეკვავს და სამოდელო სფეროშიც ძლიერია. უბრალოდ, მას 1 მინუსი აქვს - შესაძლებლობების 60%-ს არ იყენებს.
მარიამი:
- მიზანმიმართულად არ ვიმღერე. ტალანტის კონკურსში მონაწილეობა რომ მინდოდეს, "ნიჭიერში" გავიდოდი (იცინის). სამოდელო და სილამაზის კონკურსში ვმონაწილეობდი და ჩემი უნარები ამ მიმართულებით წარმოვაჩინე. მქონდა ფოტოსესიები, გადაღებები... კამერის წინ კარგად ვიმუშავე. უცხოელი დიზაინერები იყვნენ ჩამოსულები და მათი სამოსი წარვადგინე.
ეკა:
- დიზაინერების უმეტესობამ საერთოდ არ იცოდა, მარიამი ვინ იყო. კონკურსანტებს და "კატრინის" მოდელებს დავაყენებდი ხოლმე და დიზაინერები თავად ირჩევდნენ, ვის უნდა წარედგინა მათი სამოსი. მარიამი ყველა დიზაინერმა აირჩია. მოკლედ, ჩატწალკ-ით, "ფეშენ შოუში" მონაწილეობით და საერთოდ, მარიამი ყველანაირად ეცადა, სამოდელო სფეროში თავისი შესაძლებლობები წარმოეჩინა, ტალანტი კი დამალა.
- მარიამ, სიმღერის ნიჭი სხვა კონკურსებზე არასოდეს გამოგიყენებია?
მარიამი:
- კი, 7 წლისამ ტაილანდში ვიმღერე და "ტალანტის" ნომინაციაშიც გავიმარჯვე.
ეკა:
- ეტყობა, ეს ამბავი გულში ჩარჩა და რადგან "მის და მისტერ პლანეტის" კონკურსზე სამოდელო, სილამაზის და ტალანტის მიმართულება გვქონდა, იფიქრა - პრიზს ახლაც "ტალანტის" ნომინაციისთვის მომცემენო და სიმღერის ნიჭი აღარ გამოამჟღავნა (იღიმის).
- საკონკურსო ჩაცმულობაზე ვინ იზრუნა?
მარიამი:
- ნაციონალურ სამოსზე ნუგზარ კვანტალიანმა იზრუნა, საღამოს კაბაზე - ქეთი კვაჭანტირაძემ ("ბამანე"), "ფეშენ შოუზე" წარვადგინე ბრენდები - "ტატანა", "ნატსი", "ანასტასია", ასევე - უცხოელი დიზაინერების სამოსი... საღამო მუსიკალურად გააფორმეს მარკუს მეტრეველმა, ოთო ბაზერაშვილმა და ქეთი ორჯონიკიძემ. წამყვანები ეკა მგალობლიშვილი და ნინი გრძელიშვილი გახლდნენ.
- ეკა, თქვენს სამოსზე ვინ იზრუნა?
ეკა:
- 4 კაბა მეცვა: "ბამანეს", "ნატსის", "ანასტასიას" და ინგა შარვაძის. ოთხივე ძალიან მომეწონა! დროც არ მქონდა, რომ ფინალურ საღამომდე ატელიეში მივსულიყავი და კაბები გამესინჯა. დიზაინერებმა სამოსი ზუსტად მომარგეს...
- მარიამ, "მის და მისტერ პლანეტის" კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება შენთვის კარიერული ნაბიჯია?
მარიამი:
- დიახ, რადგან მილანის მოდის კვირეულზე მიმიწვიეს, სრული დაფინანსებით, ასევე - სტამბოლში, პარიზში...
- კიდევ რას საქმიანობ?
- სტუდენტი ვარ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ (მანამდე ქართულ-ამერიკული სკოლა დავამთავრე), ჩემთვის ფსიქოლოგია ძალიან საინტერესო სფეროა. თან, ბიოლოგია მიყვარს. მინდა, საკუთარი თავი და საერთოდ, ადამიანის ფსიქოლოგია უფრო ღრმად გავიცნო. ეს ადამიანებთან ურთიერთობაშიც დამეხმარება. სიმღერა ჩემი ჰობია. ქეთი ორჯონიკიძესთან დავდივარ - კარგად გვამეცადინებს. თან, ჰიპ-ჰოპს ვცეკვავ...
- როგორც ვიცი, იტალიაში ცხოვრობდი...
- დიახ. ამჟამად, მამა ხან იტალიაშია, ხან - საქართველოში. იტალიაში უფრო არდადეგებზე მივემგზავრებით. ჩემი და-ძმა იქ დაიბადa. მოგეხსენებათ, კორონას პანდემია ყველაზე რთულად იტალიამ გადაიტანა. ამიტომ თბილისში დაბრუნება მოგვიხდა... ჩემი და-ძმაც ქართულ-ამერიკულ სკოლაში შევიდa.
- კარიერასთან დაკავშირებით, რა გრძელვადიანი მიზანი გაქვს?
- ჯერჯერობით, ვფიქრობ, სწავლა ამერიკაში გავაგრძელო, ფსიქოლოგიის მიმართულებით. ამის გაკეთება წელსვე მინდოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოვახერხეთ, თუმცა გაისად წავალ. ასევე, რა თქმა უნდა, მსურს, სამოდელო სფეროშიც განვვითარდე.
- სამოდელო სფეროსთან დაკავშირებით, რა მოლოდინი და გეგმები გაქვს?
- მინდა კარიერა საზღვარგარეთ - პარიზში, მილანში, ნიუ-იორკში გავაგრძელო... მოგეხსენებათ, ეკა პარიზის და მილანის მოდის კვირეულებთან, სხვადასხვა სააგენტოსთან თანამშრომლობს. რა თქმა უნდა, სამოდელო სფეროში როგორი ძლიერიც უნდა იყო, თუ არ გაგიცნეს და შენი შესაძლებლობები არ დაინახეს, როგორც მამიდაჩემი ამბობს ხოლმე, უბრალოდ, საბურთალოზე მჯდომ ლამაზ გოგოს ვინმე არ ჩამოაკითხავს და არ წაიყვანს. ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებში ხდება (იცინის)...
- კონკურსებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეკას უარს ადეკვატურად იღებდი თუ გწყინდა?
- არა, ეკასგან არ მწყინდა. ვიცოდი, უარს რატომაც მეუბნებოდა. ფიქრობდა, ხალხი იტყვის, - ეკას ძმისშვილია და ამიტომ გაიმარჯვაო. მონაწილეობა მაინც მინდოდა!
- ამ საკითხის მიღმა, მამიდა-ძმისშვილს როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ყველაზე მაგარი: მეგობრული, დაქალური... ეკა ჩემთვის მხოლოდ მამიდა არაა: თუ რჩევა ან რამეზე საუბარი მინდა, პირველად მასთან მივდივარ. ეკას ჩემი ყველაზე უკეთ ესმის...
ეკა:
- ჩემთვის მარიამი განსაკუთრებულია. მას უმცროსი და-ძმა ჰყავს. მისი და საერთოდ, ჩემი სეხნია - ეკა მგალობლიშვილი გახლავთ (იცინის). რა თქმა უნდა, ძმისშვილები შვილებივით მიყვარს, თუმცა მარიამი კიდევ "სხვა განზომილებაა": ჩემს ხელში გაიზარდა... ახლა გავაცნობიერე - კარგია, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღო. ამ კონკურსმა მას თვითშეფასების ამაღლების საშუალება მისცა...
ეთო ყორღანაშვილი