"შვილმა საკუთარი თავი მაპოვნინა და მშობლებისამაგი უფრო მეტად დავაფასე"
პატარა დანიელი ჯერ მხოლოდ 3 კვირისაა. როგორც თედომ გვითხრა, უფროსმა შვილმა - დემეტრემ მამობა ასწავლა. შესაბამისად, მეორე შვილის დაბადებას უფრო ძლიერი ემოციით შეხვდა...
- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მეორე შვილის შეძენის შემდეგ?
- ისევ ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი მაქვს. უბრალოდ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია. მეორე შვილმა მეტი სიხარული და ბედნიერება შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. თან, ახლა მე მყავს დატოვებული (იღიმის)... რა თქმა უნდა, პირველი და მეორე შვილის სიხარულის განცდაში განსხვავება არის, მაგრამ შვილი შვილია - ორივე ერთნაირად ძლიერად მიყვარს. პირველი შვილის შეძენის მოლოდინისას, ჯერ არ ვიცოდი, მამობა რა იყო. უფროსმა შვილმა მამობა მასწავლა. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი მაპოვნინა და მშობლების ამაგი უფრო მეტად დავაფასე.
- თქვენი ოჯახის ახალ წევრზე მოგვიყევით - როგორი ბავშვია?
- დანიელი ძალიან საყვარელი ბიჭია. რაც მთავარია, ტირილი არ უყვარს. რა თქმა უნდა, თუ მოშივდება, ტირის (იღიმის)...
- დანიელის ასაკში უფროსი შვილი როგორი იყო?
- საერთოდ, ერთმანეთს ძალიან ჰგვანან - გარეგნობითაც, ხასიათითაც... ჯერჯერობით, ასეა. ვნახოთ, მომავალში როგორ იქნება.
- ბავშვების მოვლასთან დაკავშირებით, თქვენ და თქვენი მეუღლე როგორ "თანამშრომლობთ"?
- ერთმანეთს ვეხმარებით. რომელ ჩვენგანსაც გვცალია, შვილებსაც ის უვლის. შვილების გაზრდაში ორივე ვმონაწილეობთ, უფრო მეტად - მეუღლე, რადგან თავად ძირითადად, სულ შინიდან გასული ვარ.
- ოჯახის ახალ წევრს თქვენი 3 წლის დემეტრე როგორ შეხვდა?
- სხვათა შორის - კარგად. უვლის, ეფერება... ძალიან უყვარს და უხარია, რომ ძმა ჰყავს. ითხოვს, ხელში ამაყვანინეთო...
- რა სირთულეებთან გამკლავება გიწევთ, როგორც მამას?
- განსაკუთრებული არაფერია. მთავარია, მშობელი კარგი იყოს და ბავშვიც კარგი გაიზრდება. პატარას ისეთი გარემო უნდა შევუქმნათ, რომ თავადაც კარგი იყოს - ასე ვფიქრობ, თუმცა ეს საკითხიც ინდივიდუალურია.
- თქვენთვის ის მთავარი ღირებულებები რა არის, რაც გსურთ, შვილებს გაუზიაროთ?
- უპირველეს ყოვლისა, ღმერთის შიში და სიყვარული, ოჯახის, სამშობლოს სიყვარული...
- სოციალურ ქსელში, მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებით, განცხადება გამოაქვეყნეთ. ამის საჭიროება რატომ დადგა და მოაგვარეთ თუ არა ეს საკითხი?
- ჯერ არ მოგვარებულა... თბილისში ქირით ვცხოვრობ. შესაბამისად, რაკი აქ ვმუშაობ, მინდა, სახლი აქ ვიყიდო. მიწის ნაკვეთს ამიტომ ვყიდი.
- გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდათ?
- რა თქმა უნდა, გამიჭირდა. მიწის ნაკვეთი საჭიროა, მით უმეტეს - სოფელში. რაც მაქვს, იმის ნახევარს ვყიდი. იქ სახლის აშენებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ვერ გამომივიდა, რადგან თბილისში სახლი არ მაქვს, სოფლიდან თბილისში, სამსახურში სიარულიც რთულია, მით უმეტეს - ზამთარში.
- ამჟამად სად მუშაობთ?
- მცხეთის დრამატულ თეატრში. გარდა ამისა, სამსახურს კიდევ ვეძებ...
- რომელ სფეროში?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია - დიდი გამოცდილება არ მაქვს.
- ანუ მსახიობის ჰონორარი საკმარისი არ არის...
- არანაირად. თეატრში ხელფასი 500 ლარი გვაქვს. მეორე სამსახური ამიტომ მინდა.
- მეუღლეც მუშაობს თუ როგორ უმკლავდებით ბინის ქირის თუ სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებს?
- მეუღლე არ მუშაობს. ბაკურიანში რომ სახლი გვაქვს (რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვებისას მოვიგე), იმას ვაქირავებთ... ცალკე ჩემი და მეუღლის მშობლებიც გვეხმარებიან... თავს ასე ვირჩენთ. ჯერჯერობით რამე დიდი პროექტი არ გამოჩენილა, რომელშიც მონაწილეობას მივიღებდი. ყველაზე მეტად ვისურვებდი, კინემატოგრაფი განვითარებულიყო და ამ სფეროში აქტიურად მემუშავა...
ეთო ყორღანაშვილი