"ერთი სული მაქვს, როდის გავხდები სრულწლოვანი, რომ საქართველო დავტოვოო..."
- ასე მიმართავს სოფო ჯაფარიძე ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც პროდასავლურ ოპოზიციას მისცა ხმა და მზად არის, დაკარგული არჩევანი მასშტაბური აქციებით გააპროტესტოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური პარტიები ერთიანები არიან. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განცხადებით, ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე...
- მთავარი გეგმა გაცხადებულია - მიტაცებული არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ვაღიარებთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ ვაპირებთ ამ შედეგებით პარლამენტში შესვლას. მე, როგორც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" სიის მესამე ნომერი, უარს ვამბობ საპარლამენტო მანდატზე, ისევე როგორც ჩვენი კოალიციის სხვა წევრები, რადგან ხელისუფლების მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას. არჩევნების ლეგიტიმაცია გამორიცხულია. თითქმის ორი კვირა გავიდა და ცივილიზებული მსოფლიოს არც ერთ ლიდერს, იმპერიალისტების გარდა, არ უღიარებია... ასე რომ, ახლა შეჩერება არ შეიძლება...
არჩევნების შედეგებთან ერთად, ქვეყნის მომავალია მოპარული და ისეა ეს გაკეთებული, რომ უიმედო გაგვხადოს, ხელები ჩამოგვაყრევინოს, მაგრამ არც ერთს ვაპირებთ და არც მეორეს, ბრძოლა გაგრძელდება ყველა პატრიოტ ადამიანთან ერთად და აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით...
- როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება?
- მართლა ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს იმაზე მეტი, როცა ქვეყნის მომავალს, შენი შვილების მომავალს გპარავენ?!. ამიტომ, როგორც მოქალაქემ, როგორც დედამ, ზუსტად ვიცი, ამას არ დავთმობ. ეს ქვეყანა ჩვენია.
როგორც აღვნიშნე, გეგმის ფუნდამენტური ნაწილია საპროტესტო აქციები, "რუსული რეჟიმის" იზოლაციაში დატოვება... მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური პარტიები ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ქართველ ხალხს აუცილებლად დავუბრუნებთ კუთვნილ გამარჯვებას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მოჰპარა.
- ვიდრე პოლიტიკაში მოხვიდოდით, აქტივისტი იყავით. როგორ მიიღეთ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება და როგორ ფიქრობთ, რა შეგიძლიათ შეცვალოთ ქართულ პოლიტიკაში?
- ყველაფერი თავისთავად, ეტაპობრივად მოხდა. მივხვდი, რომ აქტიურ პოლიტიკაში წასვლის დრო მოვიდა და მეც წინასაარჩევნოდ, ხალხთან შეხვედრებს შევუდექი - ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე ათასობით ადამიანს ვხვდებოდი. შვილები მეწუწუნებოდნენ, - მოგვენატრეო. არადა, მე ვარ დედა, რომელიც აქტიურადაა ჩართული შვილების აღზრდაში, დღის დიდ ნაწილს მათთან ერთად ვატარებდი. თუმცა, მას შემდეგ, რაც აქტიურ პოლიტიკაში წავედი, ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. სულ ხალხში ვიყავი და ვარ. სწორედ მათთან საუბარი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ "ქართული ოცნების" მოშორება და მათი რუსეთში გასტუმრება გარდაუვალია.
- დასავლურ მედიაში ხშირად იწერება, რომ განწყობა ამგვარია - უფროს თაობაში უფრო მეტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ვიდრე ახალგაზრდებში...
- დიახ, ხელისუფლებამ "ჯენზის" თაობა გააღვიძა. ეს არის ძალიან ნათელი, ბრჭყვიალა, ვარსკვლავური თაობა, რომელსაც ვერ მოატყუებ. სწორედ ამაზე ბრაზდებიან, რომ ვერ ატყუებენ და ვერ იბრიყვებენ. ნათელი, სხარტი გონების ხალხია და ძალიან კარგად იციან, თუ რა დგას ამ ხელისუფლების მიერ შეფუთული საქმეების უკან. ამას თავად "ოცნებაც" ხვდება და ამაზე ბრაზდება, რომ ვერ ატყუებს ამ თაობას. თავად ბევრი სტუდენტი მყოლია და მათთან ძალიან ახლოს ვარ. მაისის აქციების დროს, როდესაც ერთად ვაპროტესტებდით ე.წ. გამჭვირვალობის კანონს, მათგან გამარჯვების ისეთი მუხტი მოდიოდა, არ მჯერა, მას ოდესმე რამე თუ ჩააქრობს. სრულიად გააზრებული აქვთ, რა გზას გადიან, რა იქნება ხვალ, რა საფრთხის წინაშე დგება ქვეყანა, რა მოჰყვება პასიურობას, როგორი შეიძლება გათენდეს ხვალინდელი დღე... ამიტომ მჯერა, რომ ეს თაობა არასდროს დაუშვებს, რუსული ხელისუფლება, რუსული რეჟიმი დარჩეს ქვეყანაში. რამდენიმე თვის წინ, თბილისმა ხელში აიტაცა დროშა, რომლის დასაშვებად "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ვერ დაუშვებენ. ქართველ ხალხს, ამ მებრძოლ ახალგაზრდებს, რომელთაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრეს, ვერასდროს გატეხენ.
რაც შეეხება, უფროს თაობას, ვერც მათზე ვიტყვი, რომ ამ თაობის იმედი ნაკლებად მაქვს, პირიქით, მათი დამსახურებით, მართლაც სისხლისა და თავგანწირვის ფასად გვაქვს დამოუკიდებლობა. ახლაც, აქციაზე ყველა თაობის ადამიანს შეხვდებით, უფროს თაობას კი ყველაზე კარგად ესმის რუსეთთან დაბრუნების საფრთხე.
- აქტივისტობასა და პოლიტიკოსობას შორის დიდი განსხვავებაა. პოლიტიკოსობა ძალზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ვისთან გაიარეთ კონსულტაცია?
- ერთ დღეს, როდესაც ჩემმა 14 წლის შვილმა მითხრა, - დედა, იცი, ერთი სული მაქვს, როდის გავხდები სრულწლოვანი, რომ საქართველო დავტოვო და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წავიდეო, ეს იყო ბოლო ბიძგი ჩემთვის, რათა უფრო აქტიურ პოლიტიკაში წავსულიყავი. ჩემი ქვეყანა მართლა ძალიან მიყვარს, აქაურობა ცხოვრების არც ერთ ეტაპზე დიდი ხნით არ დამიტოვებია და ვერც წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება. აქ მინდა ვიცხოვრო ჩემს შვილებსა და სხვა საყვარელ ადამიანებთან ერთად. იმდენად მნიშვნელოვანია ჩემი შვილების მომავალი, რომ მივხვდი, პასიურობის დრო აღარ იყო... თან, უფროსი ვაჟის სიტყვებს მეორემ მოჰკრა ყური და უპასუხა, - კაი რა, სად უნდა წახვიდე, ეს რუსები (გულისხმობს არსებულ ხელისუფლებას) წავლენ და ისევ აქ ცხოვრება მოგინდებაო... ამ სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი შვილების თვალით დანახული გარემოება იმაზე საშიშად გამოიყურებოდა, ვიდრე მე ვხედავდი, ეს ყველაფერი კი ჩემთვის დიდი ბიძგი გახდა. რაც შეეხება პოლიტიკურ კონსულტაციებს, ის მიხეილ სააკაშვილთან გავიარე. მაშინ, 2003 წლამდე მართლაც უტოპიური იყო იმის წარმოდგენაც, რომ საქართველოში ვინმე დაამარცხებდა სიღარიბეს, კორუფციას, ნეპოტიზმს, კრიმინალს, მაგრამ მან რამდენიმე წელში ეს შეძლო და საქართველო მსოფლიო რუკაზე კაშკაშა ვარსკვლავად აქცია, ემიგრანტებს იმედი დაუბრუნა და მაშინ დაბრუნების მსურველთა ნაკადი არ წყდებოდა.
- თუმცა, იმ შეცდომების გვერდის ავლაც არ შეიძლება, რომელიც მისი მმართველობის დროს იყო დაშვებული. მოსახლეობაში არსებული იმედგაცრუება და შიშიც სწორედ იმ პერიოდის დაბრუნების საფრთხეს უკავშირდება...
- მიხეილ სააკაშვილმა საქართველო მსოფლიოს რუკაზე დააბრუნა და სახელმწიფოდ აქცია. მისი მმართველობის დროს ჩატარებული რეფორმებით ქვეყანა მსოფლიომ გაიცნო. მან საზოგადოებაში განათლების მოტივი დააბრუნა, ახალგაზრდებს შეეძლოთ, სახლებისა და მანქანების გაყიდვის გარეშე უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა. მე ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი გამოშვება ვარ, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რადგან რომ არა ის რეფორმები, მეც უამრავი, ჩემზე ოდნავ უფროსი თაობის ადამიანებივით მომიწევდა წვალება... შესაბამისად, მისი შემოთავაზება და შემდეგ უკვე კონსულტაციები უდიდესი პატივი იყო ჩემთვის. მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.
- ახსენეთ, რომ გამარჯვება გარდაუვალია, მაგრამ ვიცით, ხელისუფლებას სიტუაციის გასანეიტრალებლად უამრავი მექანიზმი აქვს. უცხოელები ხშირად ახსენებენ "კიევის მაიდანს..." რამდენად რეალურია ეს?
- უამრავი რამ არის დამოკიდებული საზოგადოების აქტიურობაზე. გაზაფხულის აქციებზე დავინახეთ, რომ ისინი არაფერზე უკანდამხევი არ არიან - ქალებს, ბავშვებს ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, ოღონდ როგორმე ძალაუფლება შეენარჩუნებინათ.
სწორედ მაშინ დაასრულეს თავიანთი დრო, როდესაც სახე დაკარგეს და რუსული კანონი მიიღეს.... ყველაფერი გვახსოვს, თუ როგორ დააკავეს თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები, აჯარიმებდნენ, სცემდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ. როდესაც მეკითხებიან, რამ მომცა ის ძალა, რომ გამუდმებით წინა ხაზზე იდექიო? მართლაც წყლის ჭავლის, მხუთავი აირის, რობოკოპების პირისპირ სრულიად მარტო ვიდექი და უკან არასდროს დამიხევია. იმ წუთებში ჩემს შვილებზე ვფიქრობდი, რომლებმაც აუცილებლად უნდა იცხოვრონ საქართველოში. ასევე, ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც იმსახურებენ უკეთეს დასავლურ, ევროპულ მომავალს. ამისთვის თაობებმა იბრძოლეს, რომ ეს ქვეყანა აქამდე მოეტანათ და ახლა ჩვენი ვალდებულებაა შევინარჩუნოთ.
იმ ევროპულ მომავალს საკმაოდ გადავუხვიეთ და გამარჯვების შემთხვევაში, ამ გზის დაბრუნება იოლი არ იქნება. თუმცა, აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ.
გავიმარჯვებთ, იქნება კოალიციური ხელისუფლება და ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევძლებთ, ეს ქვეყანა, დაჩქარებული წესით, ევროპული ოჯახის წევრი გავხადოთ და აღარ მოუწევთ არჩევანის გაკეთება საკვებისა და მედიკამენტის შეძენას შორის. ყოველი მესამე-მეოთხე ბავშვი შიმშილობს. უამრავმა დედამ, რომელიც შვილებს სკოლაში უშვებს, არ იცის, იმ დღეს ბავშვები მშივრები დარჩებიან თუ არა. ერთხელ და სამუდამოდ, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ეს ქვეყანა ყველასია და სწორედ ევროკავშირის წევრობა მოგვცემს იმ სიკეთეებს, რომელსაც ამ დუხჭირი ცხოვრების დასრულება შეუძლია.
- როგორია თქვენი გეგმა?
- პოლიტიკის გარდა უამრავი საქმე მაქვს, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელსაც ვემსახურები - სამედიცინო სფეროს ვგულისხმობ. "კოვიდის" დროს, ჯანდაცვის სამინისტრო თავის ფუნქციას რომ ვერ ასრულებდა, შევქმენით პროექტი "მედგიდი" და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ...
სოციალური პრობლემების კვალდაკვალ, ქვეყანას ვკარგავთ. ბიძინა ივანიშვილს საქართველო ქართველების გარეშე უნდა; სურს, რომ რუსეთის ნაწილი გავხდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდება.
- შვილებზე თქვით, რომ ისინი თქვენი გულშემატკივრები არიან. ახლა, როდესაც მათი დედა რეალურად ჩართულია პოლიტიკაში, რას ამბობენ?
- ამას წინათ, უფროსი შვილი მეუბნებოდა, - დედიკო, მენატრები და მაინცდამაინც სადმე ბაზარში უნდა მოვიდე, რომ გნახოო?.. როგორც გითხარით, ძალიან ბევრს დავდივარ, უამრავ ადამიანს ვხვდები და ვუსმენ, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, თუნდაც შუაღამეს რომ დავბრუნდე შინ, დილით, როდესაც სკოლაში ან ბაღში მიდიან, მე ვაცილებ. სრულიად ჩართული ვარ მათთან ურთიერთობაში. დასავლეთ საქართველოშიც რომ ვიმყოფებოდე, თბილისში ვბრუნდები, რომ შვილები მე დავაძინო და მათთან ვიყო. ამ გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ჩემთვის შვილებთან გასატარებელი დილა და საღამო "წმინდაა". ისინი ძალიან ამაყობენ დედის აქტიურობით. განსაკუთრებით 14 წლის ბიჭი, რომელიც მიყვება, თუ როგორი რეაქციები აქვთ, როდესაც იგებენ, ვისი შვილია: ყოჩაღ, როგორი მამაცია და მთელი ძალისხმევით იბრძვისო.
მაისის აქციების დროს ძირითადად, ჩემთან ერთად იყვნენ. არასდროს, არც ერთ ეტაპზე არ დამიშლია აქციებზე სიარული. როდესაც ვუყურებდი, როგორც ექცეოდნენ სპეცრაზმელები ახალგაზრდებს, მეშინოდა, ვღელავდი, მაგრამ მაინც არ დამიშლია, პირიქით, ვფიქრობ, რომ სამშობლოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლა მათი ვალიც არის.
ოჯახის წევრები ძალიან ნერვიულობდნენ, მაგრამ ვფიქრობ, გავაკეთე ის, რაც გასაკეთებელი იყო და შემდეგშიც ასე მოვიქცევი. მზად ვარ, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი ვიბრძოლო ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, რომელსაც საკმაოდ გადავუხვიეთ.
ლალი პაპასკირი