"თუ ტელევიზიაში არ ვარ, აუცილებლად კლინიკაში გახლავართ"
- ასე გაიცნო მაყურებელმა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" თუ ტელეწამყვანის ამპლუაში. ცოტა ხნის წინ, თაკომ გაბედული ნაბიჯი გადადგა - თმა მთლიანად გადაიპარსა. სტილის რადიკალური ცვლილებით გულშემატკივრები ძალიან გააოცა. თითქოს ამ ცვლილებით თაკოს ცხოვრებაში ახალი ეტაპიც დაიწყო... როგორ შეიცვალა მისი თვითაღქმა თმის გადაპარსვის შემდეგ და კიდევ რა ექსპერიმენტებს გეგმავს ტელეწამყვანი, ამ და სხვა თემებზე თაკო გვესაუბრა...
- 32 წლის ვარ და ამ ხნის განმავლობაში, თმა ასე არასოდეს გამიჯანსაღებია, როგორც ახლა მოვიქეცი. გარკვეულწილად, ახლა ეს მირჩიეს კიდეც, თავადაც მინდოდა და საბოლოოდ, გადაპარსვა გადავწყვიტე. ეს ყველასთვის წარმოუდგენელი იყო: ოჯახისთვის, ჩემი ქმრისთვისაც კი, თუმცა მეუღლე თავად მეუბნებოდა, - აუ, რა მაგარი იქნება, მიდი, გადაიპარსე, რაო!.. რეალურად, ბოლო დროს თმის ხარისხი გამიფუჭდა, მოცულობა ცოტათი გამითხელდა. უცხო თვალისთვის ეს შეუმჩნეველი იყო, მაგრამ თავად ხომ ვიცოდი, არა?.. ჩემი ქმრის დაბადების დღეზე თურქეთში გავემგზავრეთ. ერთ გვიან საღამოს, როცა ვსეირნობდით, მითხრა, - მიდი, თავი გადაიპარსე, რა, ძალიან მოგიხდებაო. მანამდე სულ მეხვეწებოდა - თმა აიწიე, გადაცემაში აწეული თმით მიდი, შენი ნაკვთები უნდა გამოაჩინოო. ქმარია, ვუყვარვარ და შესაბამისად, ჰგონია, რომ ყველაზე ლამაზი ვარ (იცინის)... მოკლედ, მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სალონი ჯერ კიდევ ღია იყო. 2 წამით კი დავფიქრდი, მაგრამ საერთოდ, მეც და ჩემი მეუღლეც სპონტანურები ვართ: შეიძლება, უცბად სადმე წასვლის იდეა მოგვივიდეს და წავიდეთ... საბოლოოდ, ვთქვი, - კაი, შევიდეთ სალონში, გადავიპარსავ-მეთქი... ჩემმა ქმარმა თურქ კაცს, ვინც სალონში დაგვხვდა, ჰკითხა, - თავის გადაპარსვა უნდა და დასვამთ, მიიღებთო? - კი, დაბრძანდითო, - უპასუხა. - მე არა, ჩემი ცოლიო, - განუმარტა ჩემმა ქმარმა. ამის გაგონებაზე მთელი სალონი შეიკრიბა, რადგან გრძელი, ხუჭუჭა თმა მქონდა. ჩემი მეუღლე თურქულად საუბრობს. კაცმა ათჯერ ჰკითხა, - ნამდვილად მზადაა, დავიწყოო? ბოლოს, საპარსი აპარატი უკვე ხელში ეჭირა, მაგრამ მაინც შეჩერდა და კიდევ ერთხელ ჰკითხა, - ნამდვილად? დარწმუნებულიაო? მგონი, ცოტათი ეჭვი შეეპარა, ამას ქმარი ხომ არ აძალებსო?.. მოკლედ, თმა გადამპარსა, შემდეგ კი ძალიან უნდოდა, ჩემი თმა თავად დაეტოვებინა, - ჩვენ გადავყრით, მივხედავთო (პატარა პარიკს ან შინიონს მაინც გააკეთებდნენ), მაგრამ მეუღლემ უთხრა, - დროზე ჩამიწყვეთ და გამატანეთო (იცინის)... ჩემი ფოტო სოციალურ ქსელში, "სთორიზე" დავდე. ვინც ჩემს გვერდებს თვალს ადევნებს, იცის, რომ ბევრს "ვმაიმუნობ". ახლაც ეგონათ, ჩემი გადაპარსული თავი რეალური კი არა, ფილტრა იყო. ვინც კარგად დააკვირდა, დამირეკა... ჩემი ახალი იმიჯის გამო, ახლო წრეში ცოტათი შეცბნენ, რადგან ვერ გაიგეს, ასე უცებ ეს გადაწყვეტილება რატომ მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ვსაუბრობდი, - თმას გაჯანსაღება სჭირდება-მეთქი. მაინც დაიძაბნენ... შემდეგ ნახეს, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ უცბად, სხვანაირი ადამიანი მეგონა თავი. თითქოს მუცელში და თავში პეპლები დაფრინავენ... ასე რომ, საჭიროა, ადამიანმა შენი გარეგნობა "გადაახალისო". ეს უცებ უნდა გააკეთო, თორემ როცა ბევრს ფიქრობ, იჯანჯლება და ხალისიც იკარგება. უცებ რომ გააკეთებ, სხვაგვარი დადებითი ენერგიით ივსები...
- აღნიშნე, თავი სხვანაირი ადამიანი მეგონაო. შენს თვითაღქმაზე, გარეგნობაზე ახალმა ვარცხნილობამ კიდევ როგორ იმოქმედა?
- ჩაცმის სტილს რაც შეეხება, "პრინცესული", ვარდისფერი სამოსი ისევ მიყვარს - ახალი ვარცხნილობა ამას ხელს არ უშლის. ვარდისფერი ქუდიც მაქვს ხოლმე თავზე "დამხობილი". ახლა ვარდისფერი პარიკების ყიდვას ვაპირებ, ოღონდ - საეთეროდ. მანამდე ვერ გავბედავდი, რომ მაგალითად, პარიკები დამეფარებინა. სხვათა შორის, ადრე ვცადე - ამის შესახებ არავინ იცის: პარიკების ერთ-ერთ მაღაზიაში მივედი, რადგან მინდოდა, ფერადი თმა მქონოდა. იმხელა მოცულობის თმა მქონდა, რომ პარიკი ვერ დავიფარე - არ მეტეოდა... არც ერთი ზამთარი არ ყოფილა, რომ წესიერად, ადამიანურად დამეფარებინა ქუდი და დისკომფორტი არ მეგრძნო. შუაღამისას, როცა ძაღლი სასეირნოდ გამყავდა და კაციშვილი ვერ მხედავდა, მხოლოდ მაშინ მქონდა უდიდესი ქუდი თავზე "დამხობილი", რომ თავი არ მომყინოდა, თორემ ლამაზად ვერასოდეს ვირგებდი. ყოველთვის "გაბუებული" თმა მქონდა. ახლა, სანამ გაიზრდება, შესაძლებლობა მაქვს, რაღაცები მოვირგო. თან, სტილის ცვლილებამ ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა - კარგია, რა.
- ექსპერიმენტების გაბედვას მაკიაჟსა და ჩაცმულობაშიც გეგმავ?
- კი, რატომაც არა?! აუცილებლად! გადაცემისთვის მაკიაჟიც არჩეული მაქვს. ისე, ყოველდღიურად გრიმით არ დავდივარ... მოკლედ, ამ თავს შეუძლია, ბევრი სტილი მოირგოს. თუკი ეს რადიკალური ცვლილება გავბედე, სატელევიზიო მაკიაჟსა და ჩაცმულობაშიც რაღაცებს შევცვლი. თან, სხეულის ჩვეულ ფორმას ვუბრუნდები და მადლობა ღმერთს, ხალხი სიმსუქნეს აღარ გადამაყოლებს (იცინის). ჩემი წონის მატებასთან დაკავშირებით, დიდი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი. ბოღმიანი არ ვარ, მაგრამ ისეთ რაღაცებს მწერდნენ, რომ მართლა არასოდეს დამავიწყდება... ასე რომ, ძველი თაკო ბრუნდება - ცოტათი განსხვავებული სტილით, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სიახლეები, ბევრი ექსპერიმენტი იქნება.
- სხვა პერიოდს თუ გაიხსენებ, როცა გიფიქრია, ჩემს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების დროაო?
- სხვათა შორის - არა. საერთოდ, სტაბილური ადამიანი ვარ. არასტაბილური მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში გახლავარ, რაშიც ჩვენს ექსპრომტად მიღებულ გადაწყვეტილებებს ვგულისხმობ, თორემ სხვა მხრივ, თუნდაც გარეგნობასთან დაკავშირებით, სტილის რადიკალური შეცვლა არასოდეს გამიბედავს. კი, ბავშვობაში თავის გადაპარსვა ძალიან მინდოდა, მაგრამ ამის უფლებას ვინ მომცემდა (იცინის)?! უბრალოდ, ვოცნებობდი და მსიამოვნებდა. ახლა რადიკალური ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში ქმარი დამეხმარა. საერთოდ, ყველაფერში ხელს მიწყობს, - შენ თუ ასე გაგიხარდება, გააკეთე, მეც გამიხარდებაო...
- რა გეხმარება, რომ ნეგატიური კომენტარები სწორად აღიქვა?
- მადლობა ღმერთს, ნეგატიურ კომენტარებს მართლა იშვიათად ვიღებ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, წონასთან დაკავშირებით, უცნობი ადამიანები წერდნენ, - რატომ გასუქდი, ბევრს ჭამ? რამ გაგასივაო? ისეთი სიტყვები იყო, რომ თავდაპირველად, ცუდად გავხდი, რადგან ძალიან გულთბილ ოჯახში გავიზარდე, გარშემოც არავინ მყავს ისეთი, ვინც რამე ნეგატიურს მეტყვის... ძალიან მეწყინა. რა თქმა უნდა, არავისთვის მიპასუხია. ზოგი ადამიანი სხვა კონტექსტში მწერდა: - ვაიმე, შვილო, რა გჭირს, ხომ კარგად, ჯანმრთელად ხარ, რატომ გასუქდიო? ჩემთვის ეგეც უტაქტო კითხვაა. რატომ გავსუქდი? იქნებ, მინდა და ვჭამ, ჭამა მიყვარს (იცინის)?! თავდაპირველად მწყინდა, შემდეგ - მეცინებოდა. სხვათა შორის, გადაცემაშიც, საჯაროდ ერთი-ორჯერ ვთქვი - ჩემს ქმარს ძალიან აინტერესებდა, პუტკუნა როგორი ვიქნებოდი. უნდოდა, პუტკუნა ცოლი ჰყოლოდა და სურვილი ცოტა ხნით ავუსრულე, არ შეიძლება-მეთქი? ეს ამბები ასე ხუმრობით "გავატარე". ახლა წარმოუდგენელია, მსგავსი რაღაცები განვიცადო - იმუნიტეტიც გამოვიმუშავე: ნეგატიური კომენტარები გულთან აღარ მოდის, აღარ მწყინს. ვინც მიზანმიმართულად ბოროტულ კომენტარს წერს, ის ადამიანი მეცოდება...
- თაკო, როგორ ფიქრობ, პოპულარობამ შენზე როგორი ზეგავლენა მოახდინა?
- "პოპულარული ვარ" - ეს ჩემთვის ძალიან ხმამაღალი ნათქვამია - საქართველოში ბევრად პოპულარულები და ლამაზები გვყავს, მაგრამ ის, რომ ვიღაცები მცნობენ სერიალიდან თუ დილის გადაცემიდან, ძალიან სასიამოვნოა. მაღაზიაში, ქუჩაში, სავაჭრო ცენტრსა თუ სხვა საჯარო ადგილებში როცა მხვდებიან, მეხუტებიან, გულთბილ დამოკიდებულებას გამოხატავენ. მინდა ყველას სათითაოდ ჩავეხუტო - გული სითბოთი და სიყვარულით მევსება. ისე დადებითად ვიმუხტები, რომ შემდეგ მსურს, ჩემი დადებითი ემოციები ყველას გადაედოს.
- პირად სივრცეს როგორ მიჯნავ პოპულარობის, ასე ვთქვათ, მოთხოვნებისგან?
- საერთოდ, დაფარული ან გასაიდუმლოებული არაფერი გვაქვს. მე და ჩემი მეუღლე გადაცემებში ერთადაც ვყოფილვართ, გვისაუბრია, თუ როგორ დაიწყო და განვითარდა ჩვენი ურთიერთობა... გადაცემებში კიდევ გვიწვევენ ხოლმე. ყველაფერი ძალიან "ღია" გვაქვს... სხვა დანარჩენს რაც შეეხება, სახლში შორტებით დავდივარ თუ საცვლებით, ეს უკვე სხვა თემაა... ხალხმა იცის, როგორი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთს მხარში როგორ ვუდგავართ, რას ვსაქმიანობთ, ერთმანეთის პროფესიებში "ჩართულები" ვართ, განსაკუთრებით მე - მეუღლის სამსახურში.
- რა მხრივ?
- კარგა ხანია, ჩემი ქმრის კლინიკის დირექტორი ვარ. ახლახან კლინიკა განვაახლეთ, გავაფართოეთ... თუ ტელევიზიაში არ ვარ, აუცილებლად კლინიკაში ვარ. იქ რაღაცები მაბარია, ვკურირებ, ვახარისხებ და ა. შ. ფაქტობრივად, მე და ჩემი მეუღლე ერთსა და იმავე რელსებზე ვართ შემდგარი - საერთო საქმეს ვაკეთებთ.
- გქონია ეტაპი, როცა ისეთ სამსახურში მუშაობდი, რომელშიც გრძნობდი, პიროვნულად ვეღარ ვითარდებოდი?
- კი, ადრე რამდენიმე ისეთი სამსახური მქონდა შეთავსებული, რაც ჩემი პროფესია არ იყო: გახლდით გაყიდვების მენეჯერი, სამშენებლო კომპანიაშიც ვმუშაობდი... ამას სერიალსა და ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად ვაკეთებდი, რადგან დრო მქონდა და ჩემთვის შემოსავლის დამატებითი წყარო იყო, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე, მივხვდი, დიდად აღარ მაინტერესებდა. ამიტომ ავდექი და მთლიანად ტელევიზიაზე "გადავერთე". ტელევიზიის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია - თითქოს დაბადებიდან "მომყვება". წინსვლაც რომ არ მქონდეს, ეს იმდენად "ჩემია", რომ მაინც ამ სფეროში ვიქნები. თან, ტელევიზია ისეთია, რომ სულ ვითარდები: ყოველდღიურად ბევრ ადამიანთან ურთიერთობა მიწევს, რაც ჩემთვის საინტერესოა. ფსიქოლოგია, ადამიანებთან კომუნიკაცია სულ მაინტერესებდა. მოკლედ, ტელევიზია ჩემი ცხოვრების ნაწილია. უბრალოდ, შეიძლება, სხვა საქმეც შევითავსო, როგორც მაგალითად - ახლა, როცა ქმრის კლინიკაში ვმუშაობ.
- ქმრის კლინიკა რომ არ ყოფილიყო, დირექტორობის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას გაბედავდი?
- ეს კლინიკა ერთად შევქმენით, ჩამოვაყალიბეთ... წინათ, სხვადასხვა კლინიკაში მუშაობდა, საქართველოს ფარგლებს გარეთაც... ამ საქმეში პასუხისმგებელი თავად ვარ. ფაქტობრივად, კლინიკა ჩვენი მეორე სახლია. ყველა დეტალზე ისე ვზრუნავ, როგორც სახლში: კარის ფერზე, დეკორაციაზე... დანარჩენი ჩემს ქმარს აბარია - ექიმი ის გახლავთ, პაციენტები მისი საქმეა (იღიმის)...
ფოტოები: ანა მესხის
ეთო ყორღანაშვილი