ეკო ფანგანი: "ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, მისგან გამოყოლილი სიყვარული დღესაც გულს მითბობს!"
გამორჩეული გარეგნობით შეიძლება სილამაზის კონკურსში გაიმარჯვო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო", - ამბობს მომხიბვლელი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი.
- ძალიან ბევრმა ადამიანმა ბავშვობიდანვე იცის, რა იქნება მისი მომავალი პროფესია. თქვენ თუ გიფიქრიათ, რომ ტელეწამყვანი გახდებოდით?
- მსგავსი რამ ნამდვილად არ მახსენდება: ტელევიზიაზე არასდროს მიოცნებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არტისტული ბავშვი ვიყავი - ვდგამდი პიესებს და "გაზეთებსაც" გამოვცემდი, რომელსაც უბრალო ფურცელზე, შავი კალმისტრით ვწერდი. მხატვრული კითხვის საღამოებშიც ვმონაწილეობდი და საერთოდ, ძალიან აქტიური ვიყავი. სულ ვამბობ, რომ გამიმართლა, რადგან პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ვისაც ამ სკოლაში უსწავლია, ფანგანები ყველას გაუგია, რადგან მამიდაჩემი - სვეტა ფანგანი ცნობილი პედაგოგი იყო. მას ამ სკოლაში ყველა იცნობდა, მოსწავლეებს უყვარდათ და პატივს სცემდნენ. ძალიან კარგი კლასი გვქონდა, სადაც ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდა. დიდი გულისტკივილით გვახსენდება მსახიობი კოტე თოლორდავა, რომელიც ჩვენი კლასელი იყო. ჩვენთან სწავლობდა დათო გოცირიძე, რომელიც ახლა რუსთაველის თეატრის მსახიობია. მოკლედ, ერთმანეთზე ნიჭიერი კლასელები მყავდა, მათთან მეგობრობა მართლა საინტერესო იყო და ამის გამო, სკოლის წლები ძალიან კარგად მახსენდება.
- მომავალი პროფესია როგორ აირჩიეთ?
- ტელევიზიისგან სრულიად განსხვავებული სფერო ავირჩიე - თსუ-ში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სხვათა შორის, მთელ კურსზე ყველაზე მაღალი ქულებით მე ჩავირიცხე. მშობლები არც ჩარეულან, ისე ავირჩიე ეს სპეციალობა და უნივერსიტეტშიც ისე ჩავაბარე. ისინი არასდროს მაკონტროლებდნენ, თუმცა დედაჩემი ყოველთვის ახერხებდა, ჩემ შესახებ ყველაფერი სცოდნოდა და ყველაფრის საქმის კურსში ყოფილიყო. დღესაც არ ვიცი, ვისგან და როგორ იგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მზრუნველი და კარგი მშობლები მყავდა, მე უფრო ბებია-ბაბუასთან ყოფნა მომწონდა, მათთან ვიზრდებოდი და ისინი განსაკუთრებით მიყვარდა. ალბათ ამიტომ, ძალიან დამოუკიდებელი ბუნების ვიყავი, ჩემი სამყარო მქონდა და იქ ვცხოვრობდი. სამწუხაროდ, დღეს ჩემი ბებია-ბაბუები ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ მათი ამაგი არასდროს დამავიწყდება. ჩემი ბაბუა, სერგო ფანგანი საბჭოთა კავშირის დროს, ერთ-ერთი დამსახურებული, მაღალჩინოსანი ქართველი სამხედრო იყო. 1945 წლის შემდეგ, ის ორი წლით დატოვეს ბერლინის კომენდანტად. ჩემს თვალში ნამდვილი გმირი იყო. ძალიან დიდი ნათესაობა გვყავს, ბაბუას თავისი ახლობლები და ოჯახის წევრები აქ ჩამოჰყავდა და ასწავლიდა. მახსოვს, რომ მთელი სვანეთი სტუდენტობის წლებში ჩვენს სახლში ცხოვრობდა.ისინი ჩვენს ოჯახს დიდ პატივს სცემდნენ და ნათესაური კავშირები დღემდე შენარჩუნებული გვაქვს. განსაკუთრებით მიყვარდა მეორე ბაბუა - შალვა მიქაძე, რომელიც 25 წლის განმავლობაში თსუ-ის ქიმიის ფაკულტეტის დეკანი იყო. თუ ვინმემ რაიმე მასწავლა, სწორედ ის იყო. მისი დამსახურებაა, რომ ასე ძალიან მიყვარს სპორტი. ჰოკეით დაწყებული, ფეხბურთის ჩათვლით, ბაბუა ყველაფერს მაყურებინებდა. სწორედ მან შემაყვარა პოეზია და ლიტერატურაც. ის ჩემთვის საუკეთესო მეგობარი იყო და მისგან გამოყოლილი სიყვარული დღემდე გულს მითბობს!
- რა როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში ოჯახი?
- ჩემთვის ოჯახი ყველაფერია: მშობლები, ძმა და ნათესავები, მაგრამ ჩემი ოჯახი არ არის მხოლოდ დედ-მამა, ან ძმა, რომელიც ექვსი არაჩვეულებრივი შვილის მამაა, ჩემი ოჯახის წევრები არიან დეიდა, მამიდა და დეიდაშვილ-მამიდაშვილები... შესაბამისად, ძალიან დიდი ოჯახი მაქვს, რომლის წევრებად მიმაჩნია ჩემი მეგობრებიც, რომლებიც 6-7 წლის ასაკიდან მომყვებიან. მამაჩემი სულ ამბობს: მეგობარი არჩეული ნათესავიაო, არჩეული ნათესავი კი, ყველაზე ძვირფასია. როგორც ჩანს, ეს თვისება გენეტიკურად მომდგამს - ძალიან დიდი ოჯახი მაქვს და მისი თითოეული წევრი გულით მიყვარს.
- ცნობილია, რომ სვანები განსაკუთრებით არიან მიჯაჭვული მშობლიურ მხარეს. თქვენთვის რას ნიშნავს სვანეთი?
- ალბათ სვანი უნდა იყო, ეს ბოლომდე რომ გაიგო. სვანეთს აქვს რაღაც მაგიური, აუხსნელი ხიბლი, რომელიც გიზიდავს და გაჯადოებს. სწორედ ამიტომ, იქაურობა უცხოელებსაც განსაკუთრებულად მოსწონთ და უყვართ. მით უმეტეს, ჩვენ, სვანებს, ვისი ფესვებიც ამ საოცარ მხარეშია. აქ მარტო ლამაზ ბუნებასა და მთებში არ არის საქმე. ჩემთვის, მაგალითად, იქაურობა ისეთ გრძნობებთანაა დაკავშირებული, რომელიც ძვირფასი და განუმეორებელია. პატარები რომ ვიყავით, მამაჩემს სვანეთში ყოველ ზაფხულს ავყავდით და მთელ ზაფხულს იქ ვატარებდით. უნდოდა, ფესვებთან კავშირი არ გაგვეწყვიტა და ეს ნამდვილად შეძლო - იქაურობის გარეშე არსებობა ვერც კი წარმომიდგენია.
- ჩვენს ძირითად თემას დავუბრუნდეთ: თავდაპირველად ტელევიზიაში როგორ მოხვდით?
- როგორც გითხარით, სრულიად განსხვავებული სპეციალობა მქონდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სულ სხვა სფეროში აღმოვჩნდი. 2007 წელს, პირველად მოვხვდი სატელევიზიო პროექტში, რომელსაც "უკანასკნელი გმირი" ერქვა, მერე იყო "ცეკვავენ ვარსკვლავები" და ასე, თანდათან დავმკვიდრდი. 12 წელია, რაც ტელეწამყვანი ვარ და ამას ნამდვილად არ ვნანობ.
- ეს თქვენთვის სასურველი სამსახურია თუ ყოველდღიური რუტინა?
- საშინელებაა, როცა სამსახური რუტინად გადაგექცევა. მეც მქონია ასეთი სამსახურები, მაგრამ იქ ყოფნა მიჭირდა. მაგალითად: სადაზღვევო კომპანიაში ვმუშაობდი, სადაც საკმაოდ მაღალი პოსტი მეჭირა - ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლობლები მუშაობდნენ, ბევრი მეგობარი მყავდა და ყველა ძალიან მიყვარდა, ერთ მშვენიერ დღეს, ავდექი და წამოვედი. ჩემი გამოცდილებით ერთ რამეში დავრწმუნდი: თუ კომფორტის ზონიდან არ გამოხვალ, წინ ვერასოდეს წახვალ და სულ ერთი ადგილის ტკეპნაში იქნები.
- როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ტელეწამყვანის კარიერაში წამყვანი როლი გარეგნობას?
- სულაც არ ვფიქრობ, რომ ტელეწამყვანი აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს. ისედაც, არ მიყვარს გარეგნობაზე აპელირება და არ ვფიქრობ, რომ სილამაზეს ადამიანის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მართალია, ზოგიერთ პროფესიას ეს უფრო მეტად სჭირდება, ზოგს - ნაკლებად, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანის მონდომება და შრომისმოყვარეობაა. სილამაზის კონკურსშიც კი, სადაც ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვერაფერს მიაღწევ, თუ მაქსიმალურად არ დაიხარჯები. ეს კარგად გავაცნობიერე, როდესაც მოდელობა დავიწყე. მართალია, ეს არც ჩემი პროფესია იყო, არც შემოსავლის წყარო, უბრალო გატაცება გახლდათ, მაგრამ დავრწმუნდი, რა დიდი შრომაა საჭირო, რომ სამოდელო ბიზნესში სახელი მოიხვეჭო და წარმატებას მიაღწიო. მარტო გარეგნობით ამ სფეროში ვერაფერს გახდები, თუ წელში გაწყვეტამდე არ იშრომე - ეს მაშინ, როცა ნულიდან იწყებ, თორემ სინდი კროუფორდის შვილი პოდიუმზე უპრობლემოდ მოხვდა, რადგან ის სინდი კროუფორდის შვილი იყო. როცა ადამიანი ყველაფერს ნულიდან იწყებს, მიზნის მისაღწევად, გაცილებით მეტი შრომა და ძალისხმევა სჭირდება, მით უმეტეს, ტელევიზიაში.
- ამბობთ, რომ ფეხბურთი ძალიან გიყვართ. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს შორის ვინ არის თქვენი ფავორიტი - ვისი თამაშის სტილი მოგწონთ ყველაზე მეტად?
- მე მგონია, რომ ვისაც ჩვენს ფეხბურთელებს შორის ფავორიტები ჰყავს, ფეხბურთის ყურება ახლახან დაიწყო. მე მთელი ცხოვრებაა ვუყურებ და ვიცი, სტადიონზე 11 კაცი რომ დგას, ერთმანეთს თერთმეტივე სჭირდება. შეიძლება ვიღაც ზოგჯერ უფრო მეტად ჩანს, მაგალითად, თავდამსხმელი, შესაძლოა ნაკლებად ჩანდეს ცენტრალური ან მარცხენა დაცვა, მაგრამ ჩვენს გუნდში ვერავის გამოვარჩევ. ყველას დიდ პატივს ვცემ, რადგან ისინი ერთმანეთზე უკეთესები არიან. მადლობა ღმერთს, ჩვენი სათადარიგო სკამიც ისე ძლიერია, რომ როდესაც საქმე შეცვლაზე მიდგება, არც ეს გვიჭირს.
- თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს ადამიანის წარმატების საიდუმლო?
- ყველას თავისი "წარმატების ფორმულა" აქვს: ზოგს თავდაუზოგავი შრომა და დისციპლინა, ზოგს - ნიჭიერება, ზოგს კი - უბრალოდ, იღბალი. მხოლოდ ნიჭიერება ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ არ იშრომე, რადგან ზოგიერთ პროფესიაში ნიჭიერებაზე მნიშვნელოვანი შრომისმოყვარეობაა. თუკი ადამიანი ორივე ამ თვისებას ერთად ფლობს, ეს ფანტასტიურია. ისეთი ხალხიც არსებობს, რომელიც არც ძალიან ნიჭიერია, არც შრომისმოყვარე, მაგრამ ძალიან უმართლებს. მე ვფიქრობ, რომ რაღაც შაბლონი ამ საკითხში არ არსებობს.
- რა თვისებები უნდა ჰქონდეს ქალს, რომ პირად ურთიერთობებში გაუმართლოს და სიყვარული შეინარჩუნოს?
- თქვენ ახსენეთ სიტყვა "გამართლება" - მართლაც, პირად ურთიერთობებში რომ გაგიმართლოს, იღბლიანი უნდა იყო: იღბლიანი ადამიანი სიყვარულს უფრო ადვილად იპოვის, მაგრამ როცა იპოვის, მის შესანარჩუნებლად, მთავარი ურთიერთგაგებაა. სიყვარული, მოწონება, ვნება, ინტერესი - ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში სხვა გრძნობებით და ემოციებით იცვლება. თუ წყვილს შორის სიყვარული და ურთიერთგაგებაა, იმ თვისებების დათმენას და მიღებასაც შეძლებენ, რომელიც ერთ დროს არ მოსწონდათ. ვგულისხმობ ნორმალურ, ჯანსაღ ურთიერთობას, რომელშიც სიცრუე, ორპირობა და ღალატი არ არის.
- თქვენ თუ გაქვთ ან გქონიათ ასეთი ურთიერთობა?
- გგონიათ, რომ ამ შეკითხვას ვუპასუხებ? მსგავს შეკითხვებს პასუხს არასდროს ვცემ, რადგან არ მიყვარს პირადზე საჯაროდ ლაპარაკი. ზოგს ჰგონია, რადგან არ ვლაპარაკობ, რაღაცას ვმალავ, სასაუბრო არა მაქვს... სასაუბრო მაქვს, მაგრამ ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს. თანამედროვე ცხოვრებამ, სოციალურმა ქსელებმა, ბლოგებმა, მოიტანა ის, რომ ხელ-პირს როდის ვიბანთ და შხაპს როდის ვიღებთ, ხალხმა ისიც კი იცის. მე ეს არ მომწონს. თუ ჩემზე რაღაც გახმაურებულა, ეს ჩემი მიზეზით არ ყოფილა, რადგან არასოდეს ვახმაურებ იმას, რაც ჩემი და პირადია. ამიტომ, ჩემს ცხოვრებაზე საერთოდ არ მინდა ვინმემ რაიმე თქვას - არც ცუდი და არც კარგი.
ხათუნა ჩიგოგიძე