"შეფასებები არც მამხნევებს და არც ძირს მაგდებს" - გზაპრესი

"შეფასებები არც მამხნევებს და არც ძირს მაგდებს"

რას განიცდის მომღერალი, როდესაც დიდი აუდიტორიის წინაშე გასასვლელად ემზადება. როგორც თავად ამბობს, პროექტში "ქავერ შოუ" "კეთილი როლი" ერგო, მისი მოვალეობა კონკურსანტების გამხნევება და მათთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება იყო.

- მაკა, "ქავერ შოუ" დასრულდა, როგორ გახსენდება ეს პროექტი?

- იმ სიახლეებს, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ყოველთვის დიდი სიამაყითა და სიამოვნებით ვიხსენებ. ჩემი გადაწყვეტილებები ყოველთვის წარმატების საწინდარია. დიდი პატივია, რომ ასეთი გრანდიოზული მუსიკალური შოუს წამყვანი ვიყავი.

- ამ პროექტმა, როგორც წამყვანს, რა გამოცდილება დაგიტოვა?

- პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხება, 60 მხოლოდ კონკურსანტი იყო. ყველასთან სათითაოდ ვურთიერთობდი, ამდენი კარგი და ნიჭიერი ადამიანი გავიცანი და უდიდესი გამოცდილება მივიღე. ფაქტობრივად, როგორც პირდაპირ ეთერში, ყველამ ისე ვიმუშავეთ. მასშტაბურობიდან გამომდინარე, ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ, ჩავარდნა არ გვქონია. ამ პროექტზე მუშაობისას მოვისმინე ბევრი კომპლიმენტი, ბევრი კარგი შეფასება, რაც სასიამოვნო იყო. ყოველთვის უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, როდესაც კამერა ჩემკენ და კონკურსანტებისკენ გადმოდიოდა. ყველა მონაწილეს სცენაზე გასვლის წინ იმ მუხტს ვაძლევდი, რაც მათთვის საჭირო იყო.

- როგორი იყო ემოცია, როდესაც დაგიკავშირდნენ და წამყვანობა შემოგთავაზეს?

- ეს ტელევიზია ჩემთვის ძალიან მშობლიურია, შეიძლება ითქვას, ფეხი ამ არხზე ავიდგი. აქ მიმყავდა "ნუცას სკოლა", შემდეგ - "ორი ვარსკვლავი" დუტასთან ერთად. ეს წინადადებაც დიდი სიამოვნებით მივიღე. ისე დაემთხვა, რომ დროის თვალსაზრისით, ჩემთვის ხელსაყრელი იყო. იმ პერიოდში "ჯორჯიას" კონცერტები ისედაც ზღვისპირეთში გვქონდა. თავიდანვე ვიცოდი, კონკურსანტებთან ერთად ოთახში უნდა ვყოფილიყავი. ჟიურის წევრობა უფრო საპასუხისმგებლო იქნებოდა, რადგან არ არის მარტივი ამბავი, ამდენი ადამიანი შეაფასო, იყო ლოიალურიც, კორექტულიც, კრიტიკულიც. ამ პროექტში ძალიან დადებითი როლი მქონდა.

- ყველა კონკურსს ნერვიულობა ახლავს, თავადაც ყოფილხარ კონკურსანტი და ალბათ იმ ადამიანების ძალიან კარგად გესმოდა. მათთვის დაძაბულობის მოხსნას, შემსუბუქებას როგორ ახერხებდი?

- ჩემი ამოცანა ეს იყო, რომ გამოცდილება, რომელიც თავად წლების განმავლობაში დამიგროვდა, მათთვის გადამეცა. შეძლებისდაგვარად ვახერხებდი, რადგან იქ არ იყო ისეთი სიტუაცია, ვინმე ვინმეს დაძაბოდა, არ გაეცინა, ყველანი ერთ გუნდად ვიყავით. უბრალოდ, კულისებში რომ დგახარ და უკვე სცენაზე უნდა გახვიდე, ამ პატარა ღელვას ვერც მაკა და ვერც ვერავინ ვერ შეცვლის. ეს ბუნებრივი მომენტია. თანაც ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე, როგორიც "ბლექსი არენაა". კონკურსანტებს შორის არაერთი იყო ისეთი, რომელიც კონკურსზე საერთოდ პირველად გამოდიოდა და გამოდიოდა უდიდეს სცენაზე, სადაც მსოფლიო ვარსკვლავებს უმღერიათ. მე მქონდა ღელვა და კონკურსანტს არ ექნებოდა? ყველაზე მთავარი ამბავი ის არის, რომ პროექტი დასრულდა და ეს ადამიანები დამეგობრდნენ, იზიარებენ ერთმანეთის წარმატებას, სიხარულს და ეს მე ძალიან მახარებს.

- ამ პროექტმა რამდენად გაგახსენა ის პერიოდი, როდესაც თავად დგამდი პირველ ნაბიჯებს დიდ სცენაზე?

- რა თქმა უნდა, ის ემოცია გამიცოცხლდა. მე და რატი იურმალაში რომ გამოვდიოდით, ის გარემო ძალიან ჰგავდა "ქავერ შოუს" კულისებს.

- დღეს რომ წარმატებული ხარ შენს საქმეში, ეს რის ხარჯზეა: შრომა, გამართლება თუ...

- ყველაფერი ერთად არის. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორია შენი გარემოცვა, რამდენად სწორ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა, რამდენად ბევრს შრომობ, რამდენად გწყალობს იღბალი. წარმატება ბევრი კომპონენტისგან შედგება. გამიმართლა და სწორ დროს სწორ ადგილზე არაერთხელ აღმოვჩნდი. ღმერთის წყალობის გარეშე არაფერი ხდება.

- ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდა?

- ამის გარეშე შეუძლებელია წარმატებას მიაღწიო. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ ყველა დაბრკოლება, რომელიც ამ გზაზე შემხვდა და შეგვხვდა მე და რატის, გავანულეთ.

- ვიღაც შეგნებულად ცდილობს, გვერდით გაგწიოს, ეს არასდროს განგიცდია?

- რა თქმა უნდა, მქონია ასეთი შემთხვევები. მე და რატი იურმალაში წასასვლელად რომ ვემზადებოდით, ზოგიერთი მოდიოდა და გვეუბნებოდა, არაფერი გამოგივათ, ვერაფერს იზამთო. ძალიან ბევრი გვეუბნებოდა, თქვენ აუცილებლად გვასახელებთო.

- ის ნეგატიური განწყობა როგორ მოქმედებდა?

- ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი. ჩემთვის ხელი არ შეუშლია, რადგან წამითაც კი არ მიფიქრია, გონებაში არ დამიშვია, რადგან ასე მითხრეს, მართლა არაფერი გამომივა-მეთქი.

- ამ დამოკიდებულებამ პირიქით ხომ არ იმოქმედა, სტიმულის მომცემი ხომ არ გახდა?

- არა, მე ხომ ვიცი, ვინ ვარ და რა შემიძლია, შეფასებები არც მამხნევებს და არც ძირს მაგდებს. რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია ჩემ გვერდით იმ ადამიანების ყოფნა, ვისაც ჩემი სჯერა, ვიდრე ისეთების, ვინც ნეგატივს აფრქვევს. გამომუშავებული მაქვს, გავატარო ნეგატივი და ჩემში არ დავტოვო.

- როგორ ფიქრობ, "ქავერ შოუს" ჟიურის წევრი რომ ყოფილიყავი, ფინალისტების ვინაობა სხვაგვარი იქნებოდა?

- ალბათ იქნებოდა, მე ამის სურვილი მექნებოდა, მაგრამ რას გავაწყობდი ჟიურის დანარჩენ სამ წევრთან, ეს სხვა საქმეა. ჟიურის წევრებს შორის იყო აზრთა დიდი სხვადასხვაობა, ეს ეკრანზე მძაფრი ფორმით არ გამოჩნდა.

- იყო ისეთი მომენტი, რაც დაგამახსოვრდა, მაგრამ ეკრანზე არ მოხვდა?

- არა.

3-copy-1731166769.jpg

- კონკურსანტებიდან ვინ იყო ყველაზე მხიარული, რომელიც განწყობას გიქმნიდათ?

- პაკო ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეული იყო, მან ძალიან მალე დაგვტოვა, მაგრამ ყველა კონკურსანტს უერთგულა და ბოლომდე მათ გვერდით იყო. პაკო თავისი იმიჯითაც საინტერესო ადამიანია.

- ამჟამად რაზე მუშაობ და რას უნდა ელოდოს მსმენელი შენი და რატის დუეტისგან?

- ჩვენ სულ ვმუშაობთ. ახლაც რატის რამდენიმე სიმღერა იწერება, იქნება პრემიერები, ვიდეორგოლების ჩვენება. ჩვენს უსაყვარლეს მსმენელს მალე საინტერესო სიახლეებით შევხვდებით.

თამუნა კვინიკაძე