"ცეკვა შევასრულე ექსპრომტად, ჭადრაკის დაფის ფერებს შევუსაბამე ჩემი სამოსი" - გზაპრესი

"ცეკვა შევასრულე ექსპრომტად, ჭადრაკის დაფის ფერებს შევუსაბამე ჩემი სამოსი"

ქალაქ რომში მომიწია გამგზავრებამ სამეცნიერო კონფერენციაზე, სადაც ყველაზე პატარა მომხსენებელი ვიყავი. ჩემი თემა გახლდათ "ცეკვა "სამაიას" ისტორიული მიმოხილვა", - იხსენებს ქორეოგრაფი სალომე ცინდელიანი, რომელმაც მიუხედავად მრავალი შემოთავაზებისა, სამოდელო სფეროში მუშაობა არ ისურვა...

- ქალაქ ბორჯომში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან ლამაზი, სითბოთი და სიყვარულით სავსე ბავშვობა მქონდა, რომელიც მშობლებმა და ბებია-ბაბუამ შემიქმნეს. ეს მშვენიერი გარემო გაალამაზა და მზესავით გაანათა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუამ). მასთან და ბორჯომის მრევლთან ერთად მოვილოცე და მოვინახულე ჩვენი ქვეყნის ბევრი ეკლესია-მონასტერი. პატარაობიდან ძალიან აქტიური ვიყავი. პირველად სცენაზე 2 წლის ასაკში დავდექი, საახალწლო ღონისძიებაზე მქონდა პატარა როლი. ღონისძიება ჩაატარა ახალგაზრდული დეპარატამენტის უფროსმა მარინე გელაშვილმა, რომელიც ამჟამად ქართული ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი გახლავთ ისრაელში. დღესაც ვთანამშრომლობთ. სამი წლიდან აქტიურად ვმონაწილეობდი ბორჯომის ბავშვთა ფედერაციის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში. 6 წლის ასაკში გავხდი "საუკეთესო ზღაპრის გმირი". ძალიან მიყვარდა და არც ერთი სპექტაკლი არ მაქვს გამოტოვებული ბორჯომის სახელმწიფო თოჯინების თეატრში.

- ცეკვა როდის დაიწყეთ და რომელი პროფესიული სასწავლებლები დაამთავრეთ?

- გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ქართულ მუსიკაზე სულ ვცეკვავდი, ამიტომ 5 წლიდან შემიყვანეს ქართული ხალხური ცეკვის შესასწავლად ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ვლადიმერ (როლანდ) გაბელაიასთან, რომლის მოულოდნელი გარდაცვალება დიდი ტკივილი იყო ჩემთვის და მთელი ანსამბლისათვის... დღეს კი, მის საქმიანობას ღირსეულად აგრძელებს მისი შვილი - თეა გაბელაია. ჩემი, როგორც მოცეკვავის დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგა, სადაც დამაჯილდოეს როგორც ყველაზე პატარა სოლისტი. ამის შემდეგ მთელი ჩემი ცხოვრება დაუკავშირდა ქართულ ცეკვას. უამრავ ფესტივალსა და კონკურსში მივიღე მონაწილეობა როგორც ანსამბლ "იმედის" სოლისტმა. შემდგომ იყო "სუხიშვილების" აკადემია, სადაც მუშაობა მომიხდა ორ ბრწყინვალე პედაგოგთან - თამარ ელიოზიშვილთან და ნელიკო მძევაშვილთან ერთად.

სკოლაში სწავლის პარალელურად ბორჯომში ჩატარებულ თითქმის ყველა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, ეს იყო კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ანსამბლი "იმედი", სილამაზის კონკურსები და სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციები (ისტორია, მშობლიური ლიტერატურა) ბავშვთა ფედერაციაში, თანაკლასელებთან ერთად სასკოლო ეკოლოგიური პროექტები, ხშირად ვერთვებოდი საბავშვო ბიბლიოთეკაში ჩატარებულ ღონისძიებებშიც, ვიყავი "მწიგნობართა ასოციაციის" წევრი, ასევე მონაწილეობას ვიღებდი ბორჯომის საქალაქო კულტურის სახლში მიუზიკლში "წუნა და წრუწუნა" (წუნა), საყმაწვილო თეატრ "ცისარტყელაში" ბავშვთა ხელოვნების ფესტივალში (ბოშა ქალი).

დავამთავრე ბორჯომის სამუსიკო სკოლის შვიდწლედი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ფორტეპიანოს პედაგოგი - მარინე ქიტიაშვილი და არცთუ ისე ცუდი მოსწავლე ვიყავი, ჩემს ძირითად პროფესიად ქორეოგრაფია ავირჩიე.

ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე, ზოგიერთი პედაგოგისგან ხშირად ვიღებდი საყვედურს, რომ არ ღირდა სკოლის გაცდენა ცეკვის გამო. თუმცა, გამონაკლისი იყო დამრიგებელი - ნანა ქუმსიაშვილი, რომელიც დღესაც ჩემი დიდი გულშემატკივარია... "სუხიშვილების" აკადემიაში ჩარიცხვის გამო საცხოვრებლისა და სკოლის შეცვლა მომიხდა; გადმოვედი თბილისში, 147-ე საჯარო სკოლაში, სადაც დირექტორისა და პედაგოგების განწყობა საპირისპირო აღმოჩნდა. დირექტორმა პირდაპირ მითხრა - წარმატებული ხელოვანი სკოლის სახელიაო.

- გვიამბეთ "სუხიშვილების" აკადემიაზე...

- "სუხიშვილების" აკადემიაში უბედნიერესი წლები გავატარე, როგორც მოცეკვავემ ბევრი რამ ვისწავლე და დიდი გამოცდილებაც მივიღე. მთელი წლის მანძილზე ველოდებოდი წლის საანგარიშო კონცერტებს. აკადემიაში სწავლის პარალელურად ჩავაბარე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე - ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი, სრული დაფინანსებით. ამის შემდგომ, ჩემი ცხოვრება თეატრალურ უნივერსიტეტში გაგრძელდა და მეორეკურსელი უკვე ქორეოგრაფი ვიყავი.

- რას იტყოდით ნინო და ილიკო სუხიშვილებზე?

- მართლაც დიდებული ადამიანები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიას არა აქვს შეხება ანსამბლთან, მაინც იმ დიდი ოჯახის წევრები ვიყავით, რასაც "სუხიშვილები" ჰქვია. კონცერტებზე, ფლეშმობებზე მათგან დიდი სიყვარული და სითბო მოდიოდა... წინასაკონცერტო რეპეტიციებზე ხშირად გვესწრებოდნენ და რჩევებსაც გვაძლევდნენ. კონცერტებზე ძველი თაობის ლეგენდები მოდიოდნენ: რუსუდან ჭრიკიშვილი, იამზე დოლაბერიძე, მანანა აბაზაძე, ომარ მხეიძე, თენგიზ უთმელიძე... ეს ყველაფერი მოცეკვავეს უდიდეს სტიმულს აძლევს...

- როგორ გახსენდებათ გასტროლებზე ყოფნა?

- პირველად საზღვარგარეთ სტუდენტობის დროს წავედი, როდესაც ბაკალავრის მესამე კურსის სტუდენტს იტალიაში, ქალაქ რომში მომიწია გამგზავრებამ სამეცნიერო კონფერენციაზე, სადაც ყველაზე პატარა მომხსენებელი ვიყავი. ჩემი თემა გახლდათ "ცეკვა "სამაიის" ისტორიული მიმოხილვა", რამაც განაპირობა ჩემი სამეცნიერო კუთხით სვლა და გავხდი მაგისტრატურის სტუდენტი ხელოვნებათმცოდნეობის დარგით - ეთნოქორეოლოგიაში... საზღვარგარეთ ჩემი გასტროლი კი უკავშირდება ანსამბლ "კრწანისს", რომლის ქორეოგრაფიც გახლავართ. ეს იყო ბულგარეთში, ქალაქ ნესებრში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი, სადაც ანსამბლმა გრან-პრი მოიპოვა. მოგზაურის თვალით თუ შევხედავ, რომი მართლაც დიდებულია, მოლოდინს გადააჭარბა მისმა სიდიადემ და სილამაზემ. ვიმყოფებოდი ასევე ვატიკანში, სადაც თავს ახალ სამყაროში გრძნობ... ნესებრი ძალიან ლამაზი ქალაქია. მოვინახულე სხვადასხვა ხუროთმოძღვრული ძეგლი, რამაც არანაკლები შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.

- გვიამბეთ თქვენზე, როგორც ქორეოგრაფზე...

- ჯერ კიდევ ბაკალავრის სტუდენტი, ანსამბლ "დაისის" ქორეოგრაფი გავხდი. სამწუხაროდ, კოვიდპანდემიამ შეგვაფერხა. ამავე მიზეზით, საბაკალავრო ნამუშევრის დაცვამ შეზღუდულ პირობებში მომიწია, მაგრამ პრაქტიკული ნამუშევარი მაინც დავდგი - "ბაილე ბეთქილი" მივუძღვენი ბაბუას, ცნობილ მონადირესა და მახვშს - თავჩი ცინდელიანს. სწორედ ეს ჩაკეტილი პერიოდი, როდესაც ყველა ცეკვის სტუდია დაკეტილი იყო, მაგისტრატურას დავუთმე, 2022 წელს კი მაგისტრის ხარისხი მოვიპოვე... ქორეოგრაფობის პარალელურად, ყოველთვის ვმონაწილეობდი სამეცნიერო კონფერენციებსა და "ვორკშოპებში", რომლებიც ტარდებოდა სრუდენტურ ფორუმ-ფესტივალ "ტერფსიქორეს" ფარგლებში და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, სადაც ჩემი გზამკვლევი ანანო სამსონაძე იყო.

სწორედ ერთ-ერთ "ვორკშოპზე" შევხვდი ბატონ ზაზა მჟავანაძეს, რომელიც გახლავთ ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ანსამბლ "კრწანისის" სამხატვრო ხელმძღვანელი. აქედან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა, გავხდი ანსამბლის ქორეოგრაფი, ავიყვანე სამოყვარულო ჯგუფები, ასევე ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრში დავიკავე მენეჯერის, ხოლო სულ რამდენიმე თვეში სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელის პოზიცია... როგორც ანსამბლ "კრწანისის" ქორეოგრაფი, გავხდი "წარმატებული ახალგაზრდა ხელოვანის" წოდების მფლობელი და "2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქორეოგრაფი". ჩემი ანსამბლი ბევრჯერ დაჯილდოვდა ლაურეატის წოდებითა და გრან-პრით როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამა წლის აპრილში ანსამბლმა "კრწანისმა" მონაწილეობა მიიღო ქართული ცეკვის კონკურსში - "ქართული", რომელიც დიდი გამოცდილება იყო არა მარტო მოცეკვავეებისთვის, არამედ ჩემთვისაც, როგორც ქორეოგრაფისთვის. ამჟამად ანსამბლი დიდი მონდომებითა და შემართებით ემზადება სოლო კონცერტისათვის.

fecb3f56-288b-4a0f-8860-b9a385b30029-1731167145.jpg

- გვიამბეთ ვიდეოზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

- ბორჯომის პარკში, ჭადრაკის დაფაზე შესრულებული ცეკვა "ოსურის" ვიდეო მართლაც, საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. ვიდეოში მაცვია შავ-თეთრი სამოსი, რაც განხილვის საგანი გახდა, გამომდინარე ქვედაკაბის სიგრძიდან, რომ ქართულ ცეკვას არ შეესაბამება. კრიტიკა იყო ასევე მოძრაობაზე, მიმიკაზე... აქვე განვმარტავ, ეს ცეკვა ექსპრომტად შევასრულე, ჭადრაკის დაფის ფერებს შევუსაბამე ჩემი სამოსი და შემდგომში ქართული ცეკვა, სადაც იგივე ფერებია გამოყენებული. ლოგიკურად დავუკავშირე ერთმანეთს ეს ფაქტორები, ამ ცეკვისგან თავად მე მივიღე სიამოვნება. ხასიათს რაც შეეხება, "ოსური" ღიმილს არ საჭიროებს და ოსი ქალები საკმაოდ კდემამოსილები არიან... როდესაც სოციალურ სივრცეში ჩემს ვიდეოს ან ფოტოს ვათავსებ, მზად ვარ, რომ დადებითთან ერთად, უარყოფითი შეფასებებიც მივიღო. შეუცდომელი ნამდვილად არავინ ვართ, მაგრამ ქართული ცეკვის შესრულებისას სცენაზე, სკვერში და სარეპეტიციო დარბაზში რა ჩავიცვა, ეს ნამდვილად არ შემეშლება... დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ უცხო ადამიანს, ვინც დადებითი შეფასებები არ დაიშურა.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩემი სამომავლო გეგმებიც, რაღა თქმა უნდა, ქორეოგრაფიას უკავშირდება. პირველი გეგმაა დოქტორის ხარისხის დაცვა, შემდგომში უკვე ანსამბლ "კრწანისისა" და სტუდიის განვითარება, ჩემი ლაბორატორიის გამართვა და ფეხზე დაყენება. საკუთარი თავის განვითარება, როგორც პიროვნების, როგორც მოცეკვავის, როგორც ქორეოგრაფის... ჩემი მთავარი დავალება, მოვალეობა და ვალდებულება მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდაა. ვისარგებლებ შემთხვევით და უდიდეს მადლობას გადავუხდი ჩემს მშობლებს მხარდაჭერისთვის და ასევე, თითოეულ ადამიანს, ვინც პატარა წვლილიც კი შეიტანა ჩემს დღევანდელობაში.

მანანა გაბრიჭიძე