მაყურებლიდან მსმენელამდე - ცნობილი ტელესახე კარიერის ახალ ეტაპზე
მაგრამ ამჯერად, ტელეეთერის ნაცვლად, ახალ იდეებს რადიოს სტუდიაში განახორციელებს. უფრო მეტიც, გვანცას არა მხოლოდ თავისი გადაცემა, არამედ - რადიოსადგური აქვს. როგორ ახერხებს თავისი გამოცდილების გამოყენებას და რა მოლოდინი აქვს ახალ პროექტებთან დაკავშირებით, ამის შესახებ გვანცა დარასელიასთან ინტერვიუდან შეიტყობთ...
- ჩემს ცხოვრებაში ბევრი სიახლეა. რამდენიმე თვეა, რაც "ქალების რადიოს" პროექტზე ვმუშაობ. რადიოსადგური "ნულიდან" შევქმენი... როცა რადიოს შექმნასთან დაკავშირებული შემოთავაზება მივიღე, თავდაპირველად, საკუთარ თავთან შეკითხვები მქონდა, რადგან რადიოს სპეციფიკა განსხვავებულია - მუშაობის გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ჩემს თავს ეს გამოწვევა დავუსახე, რომ მეცადა და ისეთი ტიპის ახალი მედიაპროდუქტი შემექმნა, რაც სასარგებლო იქნებოდა, მუსიკალური თვალსაზრისით კი - გემოვნებიანი და საინტერესო. ასეთი სლოგანი მოვიფიქრე - "შენთვის და შენზე". ძალიან მინდა, ამ სლოგანმა გაამართლოს. უპირველეს ყოვლისა, მსურს, ჩვენი რადიო ადამიანების ძალიან კარგ განწყობას და ინფორმირებულობას მოემსახუროს. რადიო სრულიად აპოლიტიკურია. სხვა უამრავი საჭირო თემაა, რომელზეც სწორი ინფორმაციის დეფიციტია მედიაში. მინდა ჩვენი პროექტი ქალების გაძლიერებას, მოტივაციის მიცემას დაეხმაროს. მგონია, რომ საკუთარ თავზე ეს მისია ავიღე - ახალი მედიაპროდუქტი შემექმნა და რადიოსთვის მსმენელი დამებრუნებინა. თავად რადიოს მსმენელი ვარ: როდესაც მანქანაში ვზივარ, ყოველთვის ვუსმენ. ასევე, სოციალური ქსელების პლატფორმებზე აქტიურობას ვაპირებთ... მომავალი კვირიდან აუცილებლად დავიწყებ ჩემს გადაცემას. სამედიცინო გადაცემის მომზადებას ვაპირებ, რომელიც მგონია, ყველა ტიპის მსმენელს დააინტერესებს.
- რა იყო მთავარი მიზეზი, რამაც ტელევიზიაში მუშაობის შემდეგ, რადიოსადგურის შექმნა გადაგაწყვეტინათ?
- უბრალოდ, ეს ცხოვრებისეული გარემოებებია. კომპანიისგან რადიოს შექმნის შესახებ შემოთავაზებას იმიტომ დავთანხმდი, რომ საინტერესოდ მომეჩვენა, საკუთარი თავი ამ სფეროში გამომეცადა. სამუშაო პროცესი, შინაარსზე ფიქრი, კრეატივი ძალიან მიყვარს. ჩემს პროფესიას ასე ჰქვია - ტელე-რადიოგადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი. ასე რომ, ამ ეტაპზე საკუთარ თავს რადიოს სფეროში "ვტესტავ". ძალიან მოტივირებული, მონდომებული ვარ... ალბათ, გასული ზაფხული ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დაკავებული და სტრესული პერიოდი იყო, რადგან რადიოს შექმნაზე მუშაობის გარდა, სექტემბრის შუა რიცხვებში პრაღაში, ქართული რესტორანი გავხსენით, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი ქართული რესტორანია. მინდა ეს წარმატება ქართველებსაც გავუზიარო, რადგან ეს მხოლოდ კვების ობიექტი არაა - მართლა ქართული კულტურის ადგილივითაა ევროპის გულში. უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს. იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. მოკლედ, ხან იქ ვარ, ხან - აქ. ძირითადად, მეუღლე პრაღაშია. ოჯახს განშორება მართლა ძალიან გვიჭირს. იცით, რომ საქართველოში ერთადერთი ოჯახი არ ვართ, ვინც ასე ცხოვრობს, თუმცა ალბათ, ყველაფერი უკეთესობისთვის არის და იმედი მაქვს, მალე ყოველთვის ერთად ვიქნებით. პრაღაში ხშირად ჩავდივართ და აბსოლუტურად იმავენაირი, მყარი ოჯახი გვაქვს... მოკლედ, ამ ბიზნესშიც ვცადე ბედი...
- რადიოსა და ტელევიზიას შორის თქვენთვის მთავარი განმასხვავებელი რა არის?
- რა თქმა უნდა, ბევრი რამით განსხვავდება: ჯერ ერთი, ტექნიკური თვალსაზრისით, რადიოში მუშაობის პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან მედიაკომუნიკაციაში ბევრი რამ ვისწავლე. რადიო და ტელევიზია სრულიად განსხვავებული და თან - ერთნაირი რამეა, მუშაობის თვალსაზრისით. პირადად მე, ზუსტად იმავენაირად ვმუშაობ, როგორც ტელევიზიაში. ჩემთვის მთავარი შინაარსი და საქმის სარგებელი იყო, ახლაც ასეა. უბრალოდ, ამჯერად, მაყურებლების ნაცვლად, მსმენელების პრინციპებს ვარგებ, თუ რა იქნება მათთვის მოსაწონი და საჭირო. თან, რადიოს განსაკუთრებული მაგია, სიმყუდროვე ახასიათებს. ვისაც ამ სფეროში მუშაობა ერთხელ მაინც გამოუცდია, იცის, რასაც ვგულისხმობ - რადიოში მუშაობამ განსაკუთრებული შეყვარება იცის...
- რეალურად, რადიო მუშაობისას მოქნილობის მეტ საშუალებას გაძლევთ, რაკი გამოსახულება არ ჩანს, არა?
- პირიქით: რაკი ტელევიზიაში გამოსახულება ჩანს, შეგიძლია, მიმიკით, თამაშით ბევრი სიტუაციიდან "გამოძვრე", რადიოს კი ძალიან კონკრეტული, დახვეწილი, "დავარცხნილი", "გაფილტრული" ინფორმაცია და გემოვნებიანი წამყვანები სჭირდება, რათა ძალიან ხარისხიანი იყოს. ამ თვალსაზრისით, რადიოში უფრო სკრუპულოზური სამუშაოა, ვიდრე ტელევიზიაში. თან, დღეს არსებული ზედმეტი თავისუფლება - ეთერში რომ ყველაფერი "მოსულა", ცოტა არ იყოს, ჩემთვის დამაბნეველი სტანდარტია. მგონია, რომ მედიასაშუალება გარკვეული ტიპის მოდელს უნდა აკმაყოფილებდეს. მინდა ზუსტად ისეთი მედიაპროდუქტი შევქმნა, როგორიც მომწონს და მსურს.
- გვანცა, წლებია, მედიასივრცეში მუშაობთ. როგორ ფიქრობთ, ამ ხნის განმავლობაში, მედიაში ქალების როლი როგორ შეიცვალა?
- საერთოდ, ეს სფერო ქალებს "მიჰყავთ" (იღიმის). მედიაში ყოველთვის მამაკაცების დეფიციტი (ვგულისხმობ ადამიანებს, ვინც ეკრანზე ჩანან) იყო. მგონი, ქალებმა თავისი ორგანიზებულობით და გამბედაობით, ბევრ სფეროში დიდი ცვლილებები მოახდინეს, მათ შორის - მედიაში. ვფიქრობ, გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე ქალები უნდა მუშაობდნენ. მათ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა უფრო მალე და ორგანიზებულად შეუძლიათ. ამას უფრო ფემინისტური გაგებით კი არა, თანასწორობის პრინციპის გამო ვამბობ.
- რა სირთულეებს აწყდებოდი, როგორც ქალი?
- შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში, გენდერული ნიშნით პრობლემა არ შემქმნია. ალბათ თავიდანვე ისეთ კომპანიასა და ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი, რომ ეს კომფორტი ყოველთვის მქონდა. ჩვენს სფეროში ქალები უფრო უწევენ კონკურენციას კაცებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ტიპის პრობლემებს ვიცნობ. არ ვიცი, შეიძლება, რომელიმე მამაკაცს უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდა, ვიდრე მე, ჩვენში რომ დარჩეს (იცინის). ჩვენს ქვეყანაში თანასწორობის პრობლემა ყოველთვის არის. ჩემი ამჟამინდელი საქმე მინდა, რომ ზუსტად ამ საკითხსაც ემსახუროს - რაღაცნაირად, ქალებს ბიძგი და მოტივაცია მივცე, რომ კონკურენციას არ შეუშინდნენ, უფრო წინ და წინ წავიდნენ...
- სამუშაოდ ქალებით დაკომპლექტებული გუნდი გყავთ?
- ძირითადად, ქალი თანამშრომლები მყავს, მაგრამ სამუშაოს ტექნიკურ ნაწილში კაცებიც მუშაობენ. ქალების გუნდთან მუშაობა მართლა ძალიან კომფორტულია, თუმცა ალბათ, ეს ადამიანებზეა დამოკიდებული: ძალიან ვეცადე, გუნდში ისეთი ადამიანები მყოლოდა, ვისთანაც მინიმუმ, მნიშვნელოვანი საერთო ღირებულებები მქონდა. საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს, თანამშრომელი ქალია თუ კაცი. მთავარია, იმ საქმეში, რასაც აკეთებთ, საერთო ენაზე საუბრობდეთ. მოკლედ, რაკი "ქალების რადიოა", ჯერჯერობით, ქალი თანამშრომლები მყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცები არ იქნებიან (იცინის).
- სამედიცინო გადაცემის წამყვანობა რამ შთაგაგონათ?
- ამ ტიპის გადაცემა ტელევიზიაშიც მქონდა. ასევე, "სხვა შუადღეშიც" ასეთ რუბრიკას ვუძღვებოდი. ძალიან საჭირო, ამოუწურავი, სასარგებლო თემაა, მით უმეტეს - ჩვენს ქვეყანაში, სადაც რეალურად, ადამიანებს ექიმთან წასვლა ფინანსების და ინფორმაციის უქონლობის გამო უჭირთ. ამ თემაზე საუბრით, მგონი, გამოცდილებაც შევიძინე. ისეთი სტუმრები მეყოლება, ვინც ნამდვილად სანდოა და ვისი რჩევები, რეკომენდაციები ხალხს გამოადგება.
- გადაცემების და მუსიკის გემოვნების, ხარისხის შესახებ აღნიშნეთ. როგორ ფიქრობ, მარკეტინგული თვალსაზრისით, თქვენი გადაცემა და რადიოსადგური გაამართლებს?
- ესეც სამუშაო პროცესია. მგონია, რომ - კი, აუცილებლად გაამართლებს, რადგან საერთოდ, რადიოს თავისი მსმენელი ჰყავს და ასევე, რა თქმა უნდა, "ლაივ სტრიმები" გვექნება, სოციალურ მედიაში ვიაქტიურებთ... ვფიქრობ, ბევრი მაყურებელი და დამკვეთი გვეყოლება - ამ მიმართულებით განვვითარდებით.
- ამ პერიოდმა ყველაზე სასარგებლო რა მოგცათ ცხოვრებაში?
- ის, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული. ეს დიდი ბედნიერებაა. მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც და როგორც მომწონს. ალბათ, ყველაზე დიდი პიროვნული თავისუფლება და მიღწევა ესაა.
- თქვენი გამოცდილებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც მედიასივრცეში მუშაობა სურთ?
- დღეს საქართველოში ჟურნალისტობა, მედიასაქმიანობა ძალიან რთულია. რაღაცნაირად, ეს შენი სულის ნაწილი უნდა იყოს და გინდოდეს. პირადად მე, მედიასივრცეში მუშაობის მსურველი ადამიანისგან რასაც მოვითხოვდი, ისაა, რომ განვითარების სურვილი ჰქონდეს, ბევრ ინფორმაციას ეცნობოდეს, ელემენტარული განათლება და განსჯის უნარი გააჩნდეს. უბრალოდ, ტელევიზორში გამოჩენის ან რადიოში გადაცემის ქონის სურვილი საკმარისი არ არის, თუ გარკვეული ცოდნა და უნარები არ "მიჰყვება"... ვურჩევდი, რომ საკუთარი თავის განვითარებაზე იზრუნონ და ასევე, რა თქმა უნდა, მოტივაცია მნიშვნელოვანია...
ეთო ყორღანაშვილი