გიორგი კაჭახიძის თავისუფლების ჩარჩო და დიდი სიგიჟე - გზაპრესი

გიორგი კაჭახიძის თავისუფლების ჩარჩო და დიდი სიგიჟე

- ამბობს მსახიობი გიორგი კაჭახიძე. რას ებრძვის საკუთარ თავში, რა ისწავლა დაშვებულ შეცდომებზე, რა აკვირვებს ყველაზე მეტად და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1984 წლის 20 იანვარი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი, მაგრამ ადრეულ ასაკში მინდოდა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ვყოფილიყავი. ჩემს ბავშვობაში ამ სამსახურიდან მოდიოდა მანქანა და კორპუსის მცხოვრებლებს ერთი თანამშრომელი მათ მოსვლას სპეციალური ზარით აგებინებდა. იმ ზარის ხმა ძალიან მიყვარდა. რა თქმა უნდა, მის დარეკვას ვერ ვეღირსე. 5-6 წლის ასაკში მსახიობობის სურვილმა გადასძალა და მას შემდეგ სხვა პროფესიაზე აღარც მიფიქრია. დედამ დრამატულ წრეზე "წითელქუდა" მიმიყვანა, როგორც ჩანს, იქ თავი გამოვიჩინე, თანდათან როლების სერიოზულობამ იმატა. ამ პროფესიით იქვე მოვიწამლე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...სერიოზულიაო. რასაც ხელს მოვკიდებ, ყველანაირ საქმეს სერიოზულად ვუდგები. ეს მიდგომა ვრცელდება როგორც საოჯახო საქმეებზე, ასევე - პროფესიაზე.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ჩემს თავში მოვძებნიდი ძალას, სიზარმაცეები დამეძლია, ამან ხელი ბევრ რამეში შემიშალა, სხვას არაფერს შევცვლიდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება. "წითელქუდაში" კი მქონდა პატარა წარმატებები, მაგრამ ვერ ვაცნობიერებდი, ამას ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამდი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. ჩემში იმ სიზარმაცეს, რომელიც თავადაც არ მომწონდა, დედა სულ ებრძოდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს მეუღლე, 2 შვილი, გარშემო ყველანი ჯანმრთელები არიან და მეტ-ნაკლებად ვდგავარ ჩემს პროფესიულ ხაზზე. "მეტ-ნაკლებად" იმიტომ ვამბობ, რომ საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ.

- როგორი მამა ხართ?

- ვცდილობ ვიყო გაწონასწორებული, მკაცრიც, ლმობიერიც და ყოველთვის მოსიყვარულე.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...დეკლამაცია.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ერთგულება.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...სიზარმაცე.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ. არ უნდა დაიშურო შენი ენერგია იმისთვის, რომ სასურველს მიაღწიო. შეიძლება ძალიან გინდოდეს მეგობრებთან წასვლა, გართობა, მაგრამ ეს საქმეს თუ აფუჭებს, უნდა გადადო.

- პატიების თხოვნა გიჭირთ?

- არასდროს, პატიების თხოვნის უნარი პიროვნების ღირსება მგონია. ისიც ხომ მნიშვნელოვანია, რა არის საპატიებელი? უნებლიე შეცდომა შეიძლება ადამიანს ისე აპატიო, წყენა მეორე დღეს აღარ გახსოვდეს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანი შეგნებულად ცდილობს, გეგმავს, რაღაც დაგიშავოს. ამ შემთხვევაში პატიება რთულია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ნათელ ფერებში წარმომიდგენია, მაგრამ როცა ვიზრდებით, ასაკი გვემატება, ვხვდებით, ცხოვრებაში ცოტა მუქი ტონებიც შემოდის, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, უნდა გავუძლოთ.

- ვიბნევი...

- ...კამერების წინ, მაგრამ არ ვიბნევი გადაღებისას, დაბნეულობა მაქვს ინტერვიუს დროს. ხშირად ტრაფარეტულია შეკითხვები, არ მინდა ასეთივე პასუხი გამომივიდეს და... ახლა ხომ კამერით არ ვურთიერთობთ, ეს ფორმა ჩემთვის კომფორტულია, თან ფორმატიც საინტერესო.

- ვნანობ...

- ...უფრო მეტი დრო არ დავუთმე განვითარებას, მეტად არ მოვინდომე, ჩემში სიზარმაცე დამეძლია. ახლა ამ ინტერვიუშიც კი სიზარმაცეს ვებრძვი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თუნდაც ჩემს "დაჩაზე", ნაფეტვრების ხევის გადაღმა არის ადგილი, რომელსაც მზიანეთი ჰქვია. სამწუხაროდ ცუდი გზაა, იქ მისასვლელად მაღალი გამავლობის მანქანაა საჭირო. ბუნებაში ყოფნა ძალიან მიყვარს. ვცდილობ, თვეში 2-3-ჯერ მაინც ავიდე. რომ გითხრა, თოხი და ბარი მიყვარს-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ 4 კვადრატის დაბარვას მაინც ვქაჩავ. ვაზს და ხეხილს ვუვლი, შემიძლია თამამად გითხრა, რომ ეს თერაპიაა.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ძალიან ბევრ რამეს. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით - პოლიტიკურ გამოხდომებს. რადიკალიზმი აუტანელი გახდა, უკვე პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან, მერე პოსტებს დებენ, ზოგს ნაგავს ეძახიან, ზოგს - ერის გამყიდველს. მოღალატეს ისე მარტივად უწოდებენ ადამიანს, რომ ამ სიტყვის სიმძიმეზე არც ფიქრობენ.

- შემდეგი წინადადება, რომელიც უნდა დაგესრულებინათ, იწყება სიტყვით "მეზარება", მაგრამ ეს სიტყვა იმდენჯერ ახსენეთ, აღარ ვიცი, ღირს კი?

- (იცინის) აი, ნახეთ, რაოდენ ურთიერთგამომრიცხავ რამეს გეტყვით, 2 წუთის წინ, ბუნებასთან სიახლოვის თერაპიაზე ხომ ვლაპარაკობდი, მაგრამ ხანდახან ეგეც მეზარება. ახლა თქვენს თვალში ალბათ ისეთი ადამიანი გამოვედი, რომელსაც დედამიწის ზურგზე ყველაფერი ეზარება.

- ეგ არ მიფიქრია. მგონია, რომ ხასიათის ადამიანი ხართ. არ ვიცი, მკითხველი რას იფიქრებს.

- კი, ხასიათის ადამიანი უდავოდ ვარ, ხელის შემშლელი პირობები არსებობს, რის გამოც შეიძლება აგარაკზე ასვლა დამეზაროს, მაგალითად, მანქანის გაუმართაობა. თორემ იქ ყოფნას არაფერი მირჩევნია.

- სიყვარული ეს...

- ...არის ნიჭი, რომელსაც სწავლა უნდა. ხომ არსებობენ ცუდი და კარგი მოწაფეები, ზარმაცები და ბეჯითები. ნორმალური მოწაფე მაინც თუ იქნები, სიყვარულს ისწავლი. ჩემი ღრმა რწმენით, ის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ ცხოველს, ფრინველს, ცოცხალ არსებას აწამებს, სცემს, იმას არასდროს არაფრის სიყვარული არ ეცოდინება.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ძალიან ბევრჯერ მიყვარდა.

- "ძალიან ბევრი" რამდენია?

- ზოგს 2-ჯერ ან 3-ჯერ თუ ჰყვარებია, მე 8-ჯერ, 9-ჯერ. მთელი ბავშვობა შეყვარებული ვიყავი. ყველა ქალში შეიძლება იპოვო ის ღირსება, რითაც შეიძლება შეგიყვარდეს.

- შეყვარებულს სიგიჟეები ჩაგიდენიათ?

- რა თქმა უნდა. უბნელი გოგო მიყვარდა, მაშინ 14-15 წლის ვიქნებოდი. მეგობრები შევკრიბე, ალბათ 20 ბიჭი მაინც იქნებოდა, ჩემს სამზარეულოში შემომავალი ბუნებრივი გაზის მილი ჩავხსენი, ბევრი ბუშტი მქონდა ნაყიდი, სადარბაზოში ბიჭები ჩამწკრივებულები იდგნენ, მე ამ გადახსნილ მილთან ვიდექი, ბუშტს გაზით ვავსებდი, მეგობარს ვაწოდებდი, ის ძაფს უჭერდა და ასე უამრავი ბუშტი გავბერე. მერე ერთად შევკარი, საჩუქარი მოვაბი და ავაფრინე, მივიდა იმ გოგოს ფანჯარასთან, ის გამოვიდა, აიღო ეს ბუშტები და სახლში შეიტანა. მისი დედა და ჩემი ძმაკაცის დედა მეგობრობდნენ. 2 დღის შემდეგ, იმ ქალბატონმა ჩემი მეგობრის დედას შესჩივლა, 2 დღეა მთელ ოჯახს თავი გვტკივაო. ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა ან როგორ უნდა მიმხვდარიყვნენ? ჩემი ბუშტები ნელ-ნელა დაიფუშა და ოჯახს მსუბუქი ინტოქსიკაცია დაემართა.

- ეგ მართლა სიგიჟეა.

- საშინელი რამ ჩავიდინე, მაგრამ ეს ისე გავაკეთე, ვერც გავაცნობიერე.

- თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- სოციალურ ქსელში მაქვს გვერდი "კითხულობს გიორგი კაჭახიძე". ვცდილობ, ყურადღებიანი ვიყო ყველა მსმენელის მიმართ. ერთ დღეს თვალში მომხვდა ერთი გოგონას მოწონება. მერე თავად მივწერე, მანაც მომწერა, მერე როგორც ქალებს სჩვევიათ, ცოტა თავი დაიფასა, ბოლოს შევხვდით და იმ დღის მერე ერთად ვართ. პოეზიის როლი ჩვენი ოჯახის შექმნაში დიდია. დღეს შედარებით ნაკლებად არის ჩვენს ცხოვრებაში პოეზია, ყოველდღიურ საქმეებში ვართ ჩაფლულები, 2 შვილს ვზრდით.

2-copy-1731917358.jpg

- მაკვირვებს...

- ...მსოფლიო მოვლენებიდან გამომდინარე, ხალხი დღემდე ვერ ხვდება, რომ არ შეიძლება, სხვა ადამიანს ცუდი გაუკეთო.

- ყოველთვის შეუძლიათ, კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...შვილებმა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მიმნდობი ვარ. წლების წინ ისეთი მიმნდობი ვიყავი, თავდაცვის არანაირი მექანიზმი არ გამაჩნდა. დროთა განმავლობაში გული იმდენჯერ მეტკინა, თავდაცვის უნარი გამომიმუშავდა, თითქოს გულმა აბჯარი მოისხა და ცოტათი გაქვავდა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მრცხვენია და მინდა სადღაც გავიქცე.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ უყურადღებო ვარ. შეიძლება ვიღაც ჩემიანთან ვერ დავრეკო, დროულად ვერ მოვიკითხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მახსოვს ან არ მიყვარს ის ადამიანი.

- თავისუფლება...

- ...ხშირად არასწორად აღიქმება. მას აქვს ჩარჩო, არ შეიძლება ის გახდეს ამორალური. არავის განვიკითხავ, მაგრამ თავისუფლება არ არის 9 აპრილის მემორიალზე დადგომა და ცეკვა.

- მენატრება...

- ...ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ჩემ გვერდით აღარ არის.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს ბუნებაში გასვლა, მუსიკა, ოჯახი მშველის.

- არაერთ რესპონდენტს უთქვამს, რომ საკუთარ პრობლემებზე არასდროს ლაპარაკობენ, ახლობელ ადამიანებთანაც კი არ ამხელენ. თქვენ?

- ვარჩევ სხვისი პრობლემები მოვისმინო, ვიდრე საკუთარი განვიხილო.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...წლების წინ მამამ მითხრა, - იცოდე, ნაბიჯს წინ რომ გადადგამ, ისე უნდა გადადგა, მერე უკან მოხედვის არ შეგეშინდესო. მაქსიმალურად ვცდილობ, ასე ვიცხოვრო, შვილებს არ ვავნო ჩემი წარსულით.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...გიყვარდეთ თქვენი ოჯახი, ერთმანეთისთვის სიტყვის "მიყვარხარ" თქმა არ დაიზაროთ! ამ სიტყვით ადამიანის განკურნებაც კი შეიძლება.

თამუნა კვინიკაძე