სვეტა კვარაცხელია: "თურმე მათთვის სპეციალურად ახმოვანებენ ჩემს რომანებს და ასმენინებენ"
ჟურნალისტობაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ კომუნისტების დროს ისეთი ძნელი გახლდათ ამ ფაკულტეტზე მოხვედრა, "ტომარა ფული" ვერ გიშველიდა. ამასთან, ჟურნალისტად მუშაობის ორწლიანი სტაჟი უნდა გქონოდა. ამიტომ, უცხო ენები ვარჩიე. თუმცა, ვერც ამ პროფესიით შევძელი "გაქაჩვა", ხელის წამკრავიც არავინ მყავდა", - გვიყვება ჟურნალისტი და არაერთი რომანის ავტორი, რომელმაც ჩვენს ჟურნალს ბევრი ერთგული მკითხველი შემატა. სვეტა კვარაცხელიას - "სიყვარულის დედოფალს" ამჯერად განსხვავებულ ამპლუაში გაგაცნობთ.
- სწავლის დამთავრების შემდეგ კვლევით ინსტიტუტში მდივნად ვმუშაობდი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მინიატეესის დისპეტჩერადაც. მერე ჟურნალისტმა და ახლა უკვე მწერალმა, შორენა ლებანიძემ გაზეთ "7 დღეში" დამაწყებინა მუშაობა ოპერატორად და კარგა ხანს ვაკაკუნებდი კლავიატურაზე. შეიძლება ვთქვა, რომ იღბლიანიც ვიყავი, რადგან ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც "შემამჩნიეს" და ჯერ იუმორის გვერდი ჩამაბარეს, მერე საბავშვო, მერე თარგმანები და ასე, ნელ-ნელა 4-6 გვერდის რედაქტორი გავხდი. პარალელურად, ვადგენდი კროსვორდებს. იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესოს, "ქარაგმული სკანვორდი" ერქვა და ძირითადად, ანდაზებზე იყო აგებული... გაზეთის დახურვის შემდეგ ჟურნალისტმა ზვიად ჩაკვეტაძემ გამიკვალა გზა, მიმიყვანა "კვირის პალიტრის" რედაქტორთან, გოგა თევდორაშვილთან და "ჩააბარა" ჩემი თავი. გოგამ "ბომონდში" "გადამამისამართა".
შემდეგ ასპარეზზე ჟურნალი "ულტრა" გამოჩნდა და მისი რედაქტორობა შემომთავაზეს. ცოტა შიშით კი დავთანხმდი, მაგრამ ისეთი გუნდი მყავდა, ისეთი გოგო-ბიჭები, 2000-იანების დასაწყისში ჟურნალი მალევე გახდა პოპულარული. სამწუხაროდ, რამდენიმე წელიწადში ისიც დაიხურა და გოგამ ისევ "ბომონდში" დაბრუნება შემომთავაზა, ამჯერად - რედაქტორად. მას მერე შევაბერდი "ბომონდს" აგერ, უკვე მეოცე წელია.
- გვიამბე შენს ჟურნალისტურ გამოცდილებაზე და დაუვიწყარ შეხვედრაზე საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანთან...
- ყველაზე ამაღელვებელი ჩემთვის იყო შეხვედრა ზურა ყიფშიძესთან, რომელიც ინტერვიუსთვის რედაქციაში გვეწვია. აბა, რომელი ჩემი ტოლის კერპი არ ყოფილა ზურა! თანაც, თავისი ფეხით რომ მოვიდა! თავმდაბლობაცაა და თავმდაბლობაც! მახსოვს, იმ დღეს ყავა მოვუდუღე და მერე წლების განმავლობაში დიდი სიამაყით ვიხსენებდი ამას. კიდევ ერთი ადამიანი, რომლის გაცნობა და ვისთან დამეგობრებაც ჩემთვის დიდი პატივი იყო, გახლავთ ზაზა შენგელია. მაშინ "პირველი არხის" შეფი გახლდათ. პირველივე შეხვედრაზე ისე გავუგეთ ერთმანეთს, რომ დავმეგობრდით და იმ პერიოდში ინტერვიუზე არავის რომ არ თანხმდებოდა, მე უარი არ მითხრა. ამწუთას ეს ორი პიროვნება მახსენდება, თორემ სხვა ბევრიც ყოფილა.
- რომანისტობის დასაწყისსა და იმ გამოხმაურებებზეც მიამბე, რომლითაც მკითხველი ხშირად განებივრებს...
- ერთხელ ირაკლი ბერიაშვილმა, ცნობილმა და ნიჭიერმა ჟურნალისტმა, რომელმაც თაობები გამოზარდა, "7 დღეში" კონსულტანტად რომ ჰყავდათ მოწვეული, საუბარი მსოფლიო პრესაზე ჩამოაგდო და მოგვიყვა, როგორ გაიქაჩა ერთი ცნობილი გაზეთი ამერიკაში. რომელიღაც ჟურნალისტმა მთელი სერია დაწერა თურმე გამოგონილ მათხოვარ ბიჭუნაზე, რამაც გაზეთის ტირაჟი გაასamმაგა. ეგრე ხომ მეც შემიძლია-მეთქი, ჩავილაპარაკე და... ეგრევე შემაგულიანა, სცადეო. მეც ვცადე და სერიებად დავწერე "ზურიკოს თავგადასავალი" (ახლა "მოუხელთებელი" ჰქვია). მართლაც ისეთი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს, ყველას ეგონა, ნამდვილ ბიჭუნაზე ვწერდი და რეკავდნენ რედაქციაში, წერილებს გვწერდნენ, ზურიკოს დახმარებას სთავაზობდნენ (იღიმის). მერე რომანების წერა "ბომონდში" გავაგრძელე და ასე ჩამოვყალიბდი რომანისტად. "ბომონდიდან" ჟურნალმა "გზამ" "გადამიბირა" და 19 თუ 20 წელია, თქვენთან ვარ... ერთხელ "პალიტრა მედიამ" წიგნი "ქარის საიდუმლო" დამიბეჭდა და იქ დამთავრდა ჩემი წიგნის გამოცემა კარგა ხნით. არასდროს მქონია იმდენი საშუალება, რომ წიგნი გამომეცა, თან დიდად არც ვცდილობდი. არასდროს მითქვამს, რომ მწერალი ვარ. ეს ძალიან ხმამაღალი განაცხადი იქნება ჩემი მხრიდან. თუმცა ახლა გამოიკვეთა ის ჟანრი, რომელშიც ვწერ და პოეტმა დათო ბარბაქაძემ წამაქეზა, შენნაირი მწერლები უცხოეთში მილიონებს შოულობენ, ცოტა გააქტიურდიო. მაინც ვერ ვცადე... მკითხველები მეხვეწებოდნენ, წიგნად გამოეციო, მე კი თავს ვიმართლებდი, - ძვირი ჯდება ბეჭდვა და ვერ შევწვდები-მეთქი. ზოგიერთმა ისიც შემომთავაზა, ჩვენ შეგიგროვებთ ფულს და გამოეციო, რაზეც სასტიკი უარი განვაცხადე, ასეთი პერსპექტივა არ მხიბლავდა.
ბოლოს მკითხველებმა მაინც "მაცდუნეს". განსაკუთრებით ნოველისტმა ნინა ტერიკომ. მან გამაცნო სტამბის დირექტორი, რომელიც ყველანაირად გვერდში დამიდგა და გამოვეცი ჩემი მეორე რომანი "ბოშა". მანამდე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დაკვეთით 9 ჩემი წიგნი დაიბეჭდა, ოღონდ ავტობიოგრაფიულები ცნობილ პიროვნებებზე: კოკო შანელზე, დედა ტერეზაზე, მარკო პოლოზე, უოლტ დისნეიზე და ა.შ.
"ბოშას" მალევე მეორე წიგნი მოჰყვა ორი რომანით, მერე მესამე და ახლა სტამბიდან უკვე მეოთხეს ველოდები. ახლა უკვე ორ-ორი რომანია ერთ წიგნში. უამრავი მკითხველი მყავს. ბევრი მათგანი პირადად გავიცანი და დავმეგობრდით კიდეც. ყველაზე ამაღელვებელი ისაა, როცა მათთან შესახვედრად მივდივარ, საჩუქრებით მხვდებიან. ბევრი ემიგრანტია და მათ ვუგზავნი წიგნებს იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში... სულ მწერენ ან მესენჯერით მირეკავენ და ძალიან ბევრს ვსაუბრობთ...
- როგორ არჩევ თემებს, აქტუალურობის მიხედვით თუ... ინსპირაცია საიდანაც მოდის?
- თემებს რაც შეეხება... ჩემმა მკითხველებმა "სიყვარულის დედოფალი" შემარქვეს. ზოგი ამბობს, - "ჩვენი ლუმინალი" ხარო, ზოგი - "ჩვენი ნარკოდილერიო", ამას საჯაროდ ამბობენ და სხვები კვერს უკრავენ. სიყვარული საცერში გაქვს გატარებულიო... თავიდან ძირითადად სასიყვარულო თემებზე ვწერდი, მელოდრამულს, ასე ვთქვათ. მერე სხვა ჟანრიც მოვსინჯე - დეტექტივი, დრამა, ტრაგედიაც კი. ვცდილობ, ყველა რომანი ქართულ რეალობას და სხვადასხვა წელს მოვარგო. მკითხველები იმასაც მწერენ, როგორ ახერხებ, ისე ლამაზად წერო, რომ შენი უარყოფითი გმირებიც კი შეგვაყვარო ყველასო. რა ვიცი, ვახერხებ. ბავშვობიდან ვწერდი მოთხრობებს. ახლაც შენახული მაქვს ზოგიერთი. ხელნაწერ ჟურნალს ვუშვებდით სკოლაში და იქ ვაქვეყნებდი. გამომდიოდა წერა, გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვიყავი უკვე გარდატეხის ასაკიდან.
- ბოლო დროს, როგორც მწერალს, ხშირად გიწვევენ მკითხველთან შესახვედრად. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა მოეწყო უსინათლოთა კავშირში...
- 13 ნოემბერს უსინათლოთა კავშირში ვიყავი მიწვეული. ადრე ამ ადამიანებთან კონტაქტი არ მქონია. ერთადერთი, ერთ-ერთი ჯგუფის ადმინისტრატორს ვიცნობ, არაჩვეულებრივ პიროვნებას, ზვიად ხუბულურს, რომლის ჯგუფში სულ იდებოდა ჩემი რომანები და ბოლოს მეც დავიწყე იქ გამოქვეყნება. სწორედ ზვიადმა მითხრა, ამ დღეებში დაგირეკავენ და მიგიწვევენო. ცისმარი მუმლაძემ დამირეკა, ისიც უსინათლოა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მაგრამ ძალიან დაბნეული და დაძაბული ვიყავი. არ ვიცოდი, რა უნდა მელაპარაკა. რას წარმოვიდგენდი, ამდენი უსინათლო ადამიანის საყვარელი ავტორი თუ ვიყავი. თურმე მათთვის სპეციალურად ახმოვანებენ ჩემს რომანებს და ასმენინებენ. ჩემთან ერთად არაჩვეულებრივი მწერალი, ქეთი გაბინაშვილი იყო მიწვეული. საოცრად თბილი შეხვედრა მოგვიწყვეს. ძალზე ფაქიზი ადამიანები არიან. ისეთ სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა შეხვედრამ, შთაბეჭდილებები კიდევ დიდხანს გამყვება.
თვის ბოლოს კი ხობში, ნოჯიხევის საშუალო სკოლაში ვარ მიწვეული. ეს ის სკოლაა, რომელიც მე დავამთავრე და ჩემი მასწავლებლები მიწყობენ შეხვედრას. არ ვიცი, ამაზე დიდი პატივი რა უნდა იყოს. ჩემს დამრიგებელთან და რამდენიმე მასწავლებელთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. გული მეკუმშება, როცა ჩემი დამრიგებელი, იზოლდა ცხადაია, რომელიც ასევე, ქართულ ენასა და ლიტერატურას მასწავლიდა, ყოველი დარეკვისას მეუბნება: "სვეტა, შვილო, მერიდება ხშირად დარეკვა, მეშინია, არ მოგაცდინო". აბა, როგორ უნდა მომაცდინოს, როცა მისმა ნასწავლმა ქართულმა დამაყენა გზაზე? მისი ღვაწლი ხომ ფასდაუდებელია ჩემთვის! უმაგრესი ადამიანები მასწავლიდნენ ქართულს: გივი რუსია, მზევინარ რუსია, იზოლდა ცხადაია... მათი დამსახურებაა ჩემი დღევანდელი წარმატება. დასტობით მატანდნენ სახლში წიგნებს წასაკითხად და მერე ანალიზს მთხოვდნენ - რა მომეწონა და რა გავიგე ამა თუ იმ ნაწარმოებიდან. ამიტომ, დიდი მადლობა მათ!
- დაბოლოს, ახლა "გზაში" იბეჭდება "ღამურა". რთულ თემას შეეჭიდე, რომელსაც უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურება...
- ახლა არ ვიტყვი, მაგრამ გამოჩნდება, ეს სათაური რატომაც შევურჩიე. დასაწყისშივე დავწერე განმარტება შესავლის სახით, თუ რატომ შევეჭიდე ამ თემას. ახლა უფრო გარკვევით ვიტყვი: სექსუალურ უმცირესობაზე წერის სურვილი არასდროს გამჩენია, თუმცა ბევრ ასეთ ადამიანს ვიცნობ და ძალიან კარგი ურთიერთობაც მქონია ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ბოლოს და ბოლოს, პრესტიჟული ჟურნალის რედაქტორი მქვია! მაგრამ აი, ბოლოს, მაინც გავრისკე და დავიწყე წერა. ისე შემძრა კესარია აბრამიძის მკვლელობამ, რომ ღამეები არ მეძინა. მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ბევრი წამიკითხავს და გადაცემებშიც მიხილავს. ჩემი რომანი კესარიას ისტორია არ არის. ის გამოგონილი პიროვნებაა, თუმცა ტრანსგენდერებს, ფაქტობრივად, ცხოვრების ერთი გზა აქვთ, ყველას თითქმის ერთნაირი ხვედრი არგუნა ბედისწერამ. მე სრულიად განსხვავებული ტრანსგენდერი გამოვძერწე, შეიძლება არსებობენ ასეთები ან არ არსებობენ... ევროპასა და ამერიკაში მათზე რომანებსაც წერენ და ფილმებსაც იღებენ. მათ იქ სრულფასოვან ადამიანებად მიიჩნევენ. იმედია, თანდათან ჩვენთანაც დალაგდება ეს თემა. ასე მგონია, კესარიას ამბავმა რაღაცნაირად მოალბო ჩვენი გულები. არ ვიცი, მკითხველი როგორ შეხვდება ამ რომანს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მძაფრ რეაქციას არ გამოიწვევს. უბრალოდ მინდა უკეთ დაინახონ ამ ადამიანების ნამდვილი სახე - რას ფიქრობენ, რა აწუხებთ, რატომ უჭირთ საზოგადოებაში ადაპტირება...
არ ვიცი, ალბათ მოვახერხებ. ამას რომანის გამოხმაურებები გვიჩვენებს...
ლიკა ქაჯაია