"ვიცოდი, რომ დედა ჩამოდიოდა. უკვე დღეებს ვითვლიდი" - გზაპრესი

"ვიცოდი, რომ დედა ჩამოდიოდა. უკვე დღეებს ვითვლიდი"

- To my mom, რომელიც ბიჭუნამ ემიგრანტ დედას მიუძღვნა. ანდრიას შთამბეჭდავმა შესრულებამ მაღალი შეფასება დაიმსახურა ჟიურისა და მაყურებლებისგან... კონკურსის პერიოდში, ანდრიას დედამ ესპანეთში ჩააკითხა და სცენაზე მდგომ შვილს დარბაზიდან გულშემატკივრობდა. ჩვენ საქართველოში დაბრუნებულ დედა-შვილს ვესაუბრეთ...

- ანდრია, როგორია შენი ემოციები ამ დიდი წარმატების შემდეგ?

- ძალიან მიხარია, რომ საქართველოს მეოთხე გამარჯვება მოვუტანე. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნოა. დღემდე ვერ ვიჯერებ...

- როგორც ვიცი, საკონკურსო სიმღერა შენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო...

- ჩემთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან სიმღერა დედაზეა. დედას ხშირად ვერ ვნახულობ - ემიგრანტია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ სიმღერით საჩუქარი გავუკეთე.

- დედიკომ კონკურსზე ჩამოგაკითხა, ეს შენთვის მოულოდნელი იყო?

- ვიცოდი, რომ ჩამოდიოდა. ძალიან მიხაროდა. უკვე დღეებს ვითვლიდი... გამიხარდა, რომ ჩამოვიდა, დარბაზში იჯდა და მისმენდა... მანამდე დედა 6-7 თვე არ მყავდა ნანახი...

- ანდრია, "ევროვიზიისთვის" მზადებისას რა იყო შენთვის ყველაზე რთული?

- მზადება საინტერესო, სასიამოვნო პროცესი იყო. რთული არაფერი ყოფილა. ყველასთან კარგად ვიყავი, ყველა ძალიან მიყვარს...

img-2348-copy-1732518161.jpg

შორენა აბაშიძე, ანდრიას დედა:

- ძალიან გადაიღალა, განსაკუთრებით - ბოლო პერიოდში: ბევრი გადაღება, ფოტოსესია, ინტერვიუ ჰქონდა, თუმცა ეს ყველაფერი საინტერესოც იყო.

- ანდრია, როგორ ფიქრობ ეს გამარჯვება შენს ცხოვრებაზე, მუსიკალურ კარიერაზე როგორ გავლენას მოახდენს?

- გამარჯვება ძალიან მაგარი და სასიამოვნოა! ჩემი აზრით, დამეხმარება, რომ მუსიკის მიმართულებით განვვითარდე.

- რამდენად დაგეხმარა "რანინაში" მიღებული გამოცდილება "ევროვიზიაზე" გამოსვლაში?

- "რანინაში" ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, პროფესიონალებთან, ცნობილ ადამიანებთან ვიმუშავე. იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება "ევროვიზიაზე" ძალიან დამეხმარა.

- როგორი განწყობა გქონდა, როცა "ევროვიზიის" სცენაზე დადექი და სიმღერა შეასრულე?

- სანამ სცენაზე გავიდოდი, ცოტათი ვნერვიულობდი, მაგრამ ვცდილობდი, არ შემტყობოდა, როცა უკვე სცენაზე გავედი, იქ ყოფნა ძალიან მომეწონა. სასიამოვნო იყო, ამდენი ხალხი რომ მიყურებდა...

- კონკურსის განმავლობაში, რომელიმე კონკურსანტთან განსაკუთრებული ურთიერთობა თუ ჩამოგიყალიბდა?

- არა, ყველასთან ერთნაირად ვმეგობრობდი და ჩემი აზრით, ყველა კარგი მეგობარია.

- გამარჯვება როგორ იზეიმე? საქართველოში როგორ დაგხვდნენ გულშემატკივრები?

- იქ საღამოს წვეულება გაიმართა, მერე ბავშვები შევიკრიბეთ... როცა საქართველოში ჩამოვედი, აეროპორტში უამრავი ხალხი დამხვდა, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდი.

შორენა:

- ჩვეულებრივი ბავშვი წავიდა და პოპულარული ჩამოვიდა (იღიმის).

- ანდრია, ფავორიტი მომღერალი თუ გყავს "ევროვიზიის" ისტორიიდან?

- გამორჩეული არავინ მყავს, მაგრამ საერთოდ, ქართველი კონკურსანტები მომწონდა...

- კონკურსამდე შენი ყოველდღიურობა როგორი იყო?

შორენა:

- ყოველდღე სკოლაში მიდიოდა, სკოლის მერე გაკვეთილებს ამზადებდა, მერე კი - მუსიკალურ სტუდიაში (ბათუმში) დადიოდა. ახლა ისე გამოვიდა, რომ სკოლაში სიარულს ნაკლებად ახერხებს. ამ ეტაპზე, მთელ დღეს მუსიკას და სიმღერას უთმობს.

- როგორ გამოავლინა მუსიკალური ნიჭი? ოჯახში კიდევ თუ არის ვინმე ამ ნიჭით დაჯილდოებული?

- ოჯახში არავინ მღერის, თუმცა ბავშვს მუსიკალური სმენა რომ ჰქონდა, ეს მე შევნიშნე და შევაფასე. ჯერ ვერც ლაპარაკობდა - პატარა იყო, მელოდიებს აჰყვებოდა ხოლმე, ღიღინებდა... საერთოდ, როგორც კი სიმღერის, მუსიკის ხმას გაიგონებდა, მაშინვე ჩუმდებოდა და უსმენდა. შემდეგ, თამაშში გართული ისე წაიღიღინებდა მელოდიას, რომელიც შეიძლებოდა, მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მოსმენილი, რომ ვგიჟდებოდი!.. 6 წლიდან მუსიკალურ სასწავლებლებში დადის.

- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით? ანდრიას დედმამიშვილები თუ ჰყავს? ემიგრაციაში თქვენი წასვლა რატომ გახდა საჭირო?

- ანდრიას დედმამიშვილები არ ჰყავს. 3 წლისაც არ იყო, რაც მე და მამამისმა ცალ-ცალკე დავიწყეთ ცხოვრება. მე და ანდრია, ასე ვთქვათ, ერთად ვიზრდებით. ზოგადი პირობების გამო, ემიგრაციაში წასვლამ მომიწია, თუნდაც - ზუსტად იმიტომ, რომ ანდრიასთვის კარგი პირობები, კარგი მომავალი შემექმნა და ყველაფერში ხელი შემეწყო... 3 წელია, ემიგრაციაში ვარ. ეს პერიოდი, ანდრია ჩემს მშობლებთან იზრდება. ასევე, ანდრიას არაჩვეულებრივი ბიძა ჰყავს... მთელი ოჯახი ჩართული ვართ მის განვითარებაში, სწავლაში...

- ანდრიასთან აქტიურ კონტაქტს, მასზე ონლაინ მზრუნველობას ახერხებთ?

img-2346-copy-1732518176.jpg

ანდრია:

- კი, 24 საათი ჩემთან ერთადაა და ჩემზე უკეთ იცის, რა გავაკეთე და რა უნდა გავაკეთო (იღიმის).

შორენა:

- როგორც ამბობს, - თვალები ყველგან მაქვს (იცინის). უკვირს, - ეს საიდან იცი, ეს როგორ გაიგეო?!. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის დროში დიდი სხვაობაა, მაინც 24-საათიან რეჟიმში "ჩართული" ვარ: ვიცი, სად უნდა წავიდეს, რა უნდა ეცვას, რას უნდა აკეთებდეს, სად რა ღონისძიებაა დაგეგმილი...

- თქვენი 24-საათიანი მეთვალყურეობის მიუხედავად, ანდრიამ მაინც მოახერხა, რომ სიმღერის შინაარსი თქვენთვის სიურპრიზად დაეტოვებინა...

- ეს მართლაც სიურპრიზი იყო. თუ ვინმემ უთხრა, ეს საიდუმლოდ შევინახოთო, არ არსებობს, საიდუმლო გათქვას. ვეხვეწებოდი, - დედაშენი ვარ, მე მაინც მითხარი, სიმღერა რაზეა, ქართულია, ინგლისურია, რა სტილისაა, რა ჟანრის-მეთქი?.. სიმღერის შინაარსის შესახებ პრემიერამდე 2 დღით ადრე გავიგე, ისიც - თავად კომპოზიტორმა გამომიგზავნა... ანდრიამ მითხრა, კომპოზიტორი მეკითხებოდა, - შენში განსაკუთრებულ ემოციას რა იწვევსო? საბოლოოდ, ანდრიასთან შეთანხმებით, მოიფიქრეს სიმღერა დედაზე, რომელიც ანდრიასთვისაც და ჩემთვისაც განსაკუთრებულად ემოციურია, რადგან ერთმანეთთან ფიზიკური კონტაქტი ხშირად არ გვიწევს... ისე დაემთხვა, რომ ჩემი დაბადების დღე იყო, როცა კომპოზიტორმა სიმღერა გამომიგზავნა, - აბა, მოისმინეო. თავადაც არ იცოდა, რომ იუბილარი ვიყავი. ტექსტს რომ დავხედე - თო მყ მომ, შემდეგ კი მოვუსმინე, ჩემთვის შოკი იყო - უბედნიერესი ვიყავი!

- თქვენ რას გრძნობდით, როცა უკვე მასშტაბურ კონკურსზე ანდრია ამ სიმღერას ასრულებდა?

- ვაიმე, ეს საოცრება იყო! მთელი სხეული მიკანკალებდა. ემოციური მდგომარეობიდან დღესაც არ გამოვსულვარ. თან, სიამაყის გრძნობა მქონდა, თან - შიშის. ანდრიას ემოციების მართვა კი შეუძლია, მაგრამ თავდაპირველად ასეთი განწყობა დამეუფლა, - რატომ დავთანხმდი, ბავშვი ამ ნერვიულობისთვის რატომ გავიმეტე-მეთქი?.. საერთოდ, ტელევიზორში, პირდაპირ ეთერში რაღაც რომ ხდება, ისე ვნერვიულობ, ყურება არ მინდა. მაგალითად, "რანინას" რამდენიმე კონცერტს ვერ დავესწარი. ჩემს ახლობლებს უფლება მისცეს, ჩემთვის დაერეკათ, კონცერტისთვის რომ პირდაპირ ეთერში მეყურებინა. ვეუბნებოდი, - არ შემიძლია, ვიდეო გადაუღეთ და მერე გამომიგზავნეთ-მეთქი, რადგან ჩემთვის ასეთი სიტუაციები მართლა ძალიან ემოციურია!

- საქართველოში თქვენი ყოფნა რამდენ ხანს გაგრძელდება?

- ამერიკაში ვმუშაობ. ბოლო პერიოდში, საქართველოში ხშირად ჩამოსვლა მომიხდა, რისთვისაც მადლობა ჩემს სამსახურს, რადგან ხელს მიწყობს. ამერიკაში დაბრუნებას 4 დეკემბერს ვაპირებ. როცა ანდრიამ "რანინაში" გაიმარჯვა, პარიზის "დისნეილენდის" საგზური გვაჩუქეს. რამდენიმე დღეში გამგზავრებას ვგეგმავთ, რადგან ემოციურად დატვირთული პერიოდის შემდეგ, მეც და ანდრიასაც დასვენება ძალიან გვჭირდება.

- ანდრია, რას ურჩევ შენს თანატოლებს, ვინც სცენაზე გამოსვლასა და წარმატების მიღწევაზე ოცნებობს?

ანდრია:

- ვურჩევ, სჯეროდეთ საკუთარი თავის და სასურველი შედეგის მისაღწევად ბევრი იშრომონ. მინდა საბავშვო "ევროვიზიის" მთელ შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადავუხადო: კომპოზიტორს, ტექსტის ავტორს, ვოკალის პედაგოგს, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" და რა თქმა უნდა, საქართველოს!..

ეთო ყორღანაშვილი