როგორ იქმნებოდა გამარჯვების სიმღერა - გზაპრესი

როგორ იქმნებოდა გამარჯვების სიმღერა

წელს ჩვენი ქვეყანა 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ წარადგინა და გვასახელა. ამჯერადაც, სიმღერის ავტორი კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე გახლავთ, რომლის ნიჭის, შრომისმოყვარეობის და უნიკალური ხედვის წყალობით, ქართველი კონკურსანტები შერჩეულ სიმღერებს ორგანულად ასრულებენ და წარმატებასაც აღწევენ. გიგას ვთხოვეთ, წარმატების ფორმულა მკითხველებისთვის გაეზიარებინა და იმ ეპიზოდების შესახებაც მოეყოლა, რაც საზოგადოებამ არ იცის...

- ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ანდრიამ სიმღერის მაყურებლამდე "მიტანა" 100%-იანი ხარისხით შეძლო! ჩემთვის ეს ყოველთვის ყველაზე მთავარია. სანამ კონკურსზე კარგ ადგილს დავიკავებთ თუ გავიმარჯვებთ, ყოველთვის ვნერვიულობ, როგორ იმღერებს კონკურსანტი, რადგან როცა ადამიანი სცენაზე გადის, ღელავს - არ იცი, რა დაემართება. მაშინ დავწყნარდი, როცა ანდრიამ სიმღერის მაქსიმალურად კარგი ხარისხით შესრულება შეძლო. შემდეგ კი მართლა სასწაული მოხდა: დიდი ხნის წინ, საბავშვო "ევროვიზიის" ისტორიაში, საქართველო რეკორდსმენი გახდა - 3-ჯერ გაიმარჯვა. რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს ტიტული მყარად შენარჩუნებული გვქონდა. მერე საფრანგეთი გაგვიტოლდა, ახლა კი რეკორდი ისევ დავიბრუნეთ - ამდენი წლის განმავლობაში, 4-ჯერ არც ერთ ქვეყანას არ გაუმარჯვია! ნამდვილად ღმერთის საჩუქარია ეს საქართველოსა და იმ ბავშვებისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანას ასეთი წარმატება მოუტანა! დიდი სიხარულია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ წარმატებულ ნომრებზე მუშაობდნენ, მათ შორის ვარ მეც, რადგან ოთხივე პროექტზე ვიმუშავე და ოთხივე გამარჯვება ჩემთვის 4 შვილივითაა.

- რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

- ამ კითხვას თითქოს ზედაპირულად ვპასუხობ ხოლმე, რადგან - არ ვიცი. მგონია, რომ ღმერთი საშუალებას მაძლევს, ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო და სიმღერა ყოველთვის მნიშვნელოვანი გამომივიდეს. თუ სიმღერა ამ წარმატებისთვის ღირსეულად შექმნილი არ არის, ვერც მომღერალი შეასრულებს კარგად და ვერც სცენა იქნება სათანადოდ ლამაზი... სწორად შერჩეული და "გაკეთებული" სიმღერაა უმთავრესი, რადგან "ევროვიზია" სიმღერის კონკურსია. მთავარი ძალა სიმღერა და შემსრულებელია. წარმატების მთავარი "რეცეპტი" ის არის, რომ ყოველთვის არანორმალურად მონდომებული ვარ. ეს პროექტი სიგიჟემდე მიყვარს! წლიდან წლამდე, ამ პროცესს ველოდები, რადგან ჩემთვის დიდი გამოწვევაა. რა ვიცი, ღმერთი ძალას მაძლევს, რომ ეს საქმე გამომივიდეს და სადამდეც შევძლებ, გამოვადგები ახალ თაობას, ჩემს ქვეყანას და იმ ხალხს, ვისაც ძალიან ვუყვარვარ. დღეს ინტერნეტში სასწაული ხდება: ფაქტობრივად, სულ ჩემი და ანდრიას სურათი მხვდება. ამ სიყვარულს ვერ იყიდი, თუ არ დაიმსახურე. შემოქმედი ადამიანისთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! მადლიერი ვარ ღმერთის, ჩემი ცხოვრების ყველა განვლილი ეტაპის, ოჯახის... რაღაცნაირად, ბედიღბლიანი აღმოვჩნდი და მიმართლებს. კი, ამ საქმეში ყოველთვის დიდი შრომაა "ჩადებული". შეიძლება ითქვას, ბოლო პერიოდში, ერთი კვირა სტუდიაში ვიცხოვრე. იმ 1 საათსაც ვერ დავკარავდი, რაც სახლში მისვლა-მოსვლისთვის დამჭირდებოდა. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია: როცა ვმუშაობ, არავინ და არაფერი არ უნდა მაწუხებდეს... კიდევ, იმას დავამატებ, რომ პასუხისმგებლობის არანორმალურად ძლიერი გრძნობა მაქვს. პირველი წელია, როცა არ მიმუშავია "სთეიჯინგზე", იმიჯზე (წელს მხოლოდ სიმღერაზე ვიმუშავე)... წარმოიდგინეთ, რამხელა სამუშაოები მაქვს ჩატარებული, ღამეები - ნათევი, ნერვიულობა... საშინელი გრძნობაა, როცა გეშინია, რამე შეცდომა არ დაუშვა, ის ბავშვები შეცდომაში არ შეიყვანო, რომლებიც შენს იმედად არიან, შენი ბრმად სჯერათ... როდესაც "ევროვიზიის" ღონისძიება დასრულდა, ანდრიას ჟურნალისტმა ჰკითხა, - რა გახსენდებაო? - ჩემი კომპოზიტორი გიგაო, - ანდრიამ რომ უპასუხა, ამის გაგონებისას კინაღამ მოვკვდი. ძალიან ამაღელვებელი იყო, ანდრია ჩემზე რომ ნერვიულობდა. ამ პატარა, 11 წლის ანგელოზს იმაზე ფიქრის თავი ჰქონდა, მე როგორ განვიცდიდი... ერთ ამბავს მოგიყვებით: როცა სტუდიაში ღამეებს ვათენებდი, დილით მოსული ანდრია მეკითხებოდა ხოლმე, - დღესაც გაათენე, აქ იყავიო? - კი, ანდრია, მერე რა მოხდა-მეთქი?! - მეც შენთან ერთად დავრჩები, სახლში არ წავალო!.. მერე კი, გარეთ ჩუმად გადიოდა, შოკოლადს იყიდდა, - გეხვეწები, ეს ჭამე, ენერგია მოგივაო... მუშაობის პროცესში ჩემზე ასე ზრუნავდა - ხომ ხვდებით, როგორი სასწაული ადამიანია, არა? ძალიან შემაყვარა თავი. ვიცი, მასაც ძალიან ვუყვარვარ. გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა. თან, გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც: ასეთი ფაქტი მანამდე არ მომხდარა, რომ 12 ქვეყანას 12 ქულა მოეცა! ეს ანდრიას დამსახურებაა. გასაგებია, რომ გიგამ კარგი სიმღერა "გააკეთა" - ყველა ამას ამბობს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ანდრიამ "მიიტანა" მაყურებლამდე, ჟიურიმდე, საკუთარ თავამდე და ეს ყველაფერი ზეიმად აქცია. მთელ შემოქმედებით გუნდს, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ვულოცავ, რომ ასეთი წარმატებული პროექტი აქვს, რომელმაც ქვეყანას ბევრი წარმატება მოუტანა - ამით ვამაყობთ.

- როგორ შეარჩიეთ ანდრიასთვის სიმღერა?

- აგვისტოს დასაწყისში შევთანხმდით, რომ ანდრიასთვის სიმღერა უნდა დამეწერა... რატომღაც მინდოდა, ტემპიანი, ცეცხლოვანი სიმღერა გამოსულიყო, რომელსაც ყველა აჰყვებოდა და იცეკვებდა, მალე გაჰიტდებოდა. სექტემბერში ძალიან კარგი სიმღერა დავწერე. შემოქმედებით ჯგუფსაც მოეწონა. როცა ანდრიასთან დავიწყე მუშაობა, თანდათან მივხვდი, რომ ეს სიმღერა ამ ბავშვთან არაფერ შუაში იყო, რადგან ანდრიამ თავისი ადამიანური თვისებები გამოავლინა და მისი შინაგანი მხარე დავინახე... რაღაც წავამღერე და მივხვდი, მისი ინტელექტი შერჩეულ სიმღერაში იკარგებოდა, რადგან მოგეხსენებათ, ჩქარ სიმღერაში ისეთ რაღაცებს ვერ გამოავლენ, რაც კონკურსზე ანდრიამ გამოავლინა. არანჟირება უკვე გაკეთებული გვქონდა, ტექსტი - დაწერილი, ყველა კმაყოფილი იყო, ანდრიას ჩაწერას ვაპირებდით, მთელი არხი მელოდებოდა, კლიპის გადაღებას აპირებდნენ, მაგრამ სიმღერა აღარ მომწონდა. ერთ ღამეს დავჯექი და საკუთარ თავს დავალება მივეცი: დილამდე ისეთი სიმღერა უნდა დაწერო, ამ ბავშვს რომ მოუხდება, მისთვის ორგანული იქნება და დიდ შანსს მისცემს, ჟიური ფეხზე დააყენოს-მეთქი. იმ ღამეს ვიწვალე, არ გამომივიდა, ნერვები მომეშალა... ამასობაში, ანდრია მირეკავდა, - გიგა მასწ., მოვიდეო? - დღეს არ მოხვიდე, ანდრია, ჩემო ოქრო-მეთქი, - ვეუბნებოდი. მოკლედ, სიმღერა არ მქონდა. ერთი ამბავი ატყდა. ყველა ნერვიულობდა, - ხომ გვქონდა სიმღერა, სად წავიდაო? 3-4 დღე აღრენილ ხასიათზე ვიყავი, ბოლოს კი დავწერე სიმღერა. არანორმალური რეჟიმით მუშაობა დავიწყე, რადგან ვერ ვასწრებდი არანჟირებას, ჩაწერას... სულ პანიკაში ვიყავი, რადგან ყოველი საათი მნიშვნელოვანი იყო; "ევროვიზიაზე" სიმღერის გაგზავნა უნდა მოგვესწრო, თორემ კონკურსიდან მოვიხსნებოდით... საერთოდ არ ვნანობ და აბსოლუტურად არ მაინტერესებს, ვინ რამდენი ვინერვიულეთ - ღირდა! ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ საკუთარ თავს და ყველას ამხელა "ნერვების წყვეტა" დავმართე. ტექსტი 1 დღე-ღამეში უნდა "გაგვეკეთებინა", რადგან ამისთვის სხვა დრო აღარ იარსებებდა. მივხვდით, რომ სიმღერა დედაზე უნდა ყოფილიყო, რადგან ინსპირაცია ანდრიას ისტორია, დედამისი იყო, თუმცა ამის შესახებ ანდრიას შეგნებულად, დედისთვის არაფერი უთქვამს. როცა სიმღერა დასრულდა, სიმღერაც და მისი ტექსტიც ("ვორდის" ფაილით) ანდრიას დედას ინტერნეტით გავუგზავნე. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს დაბადების დღე ჰქონია. დამირეკა, ცხარე ცრემლით ტიროდა, - დაბადების დღეზე ეს როგორი საჩუქარი გამიკეთეთო!.. ის ემოციები არ დამავიწყდება, რაც მას "დავმართეთ" (იღიმის)... მოკლედ, ყველაფერი კარგად დაიწყო, გაგრძელდა და ძალიან კარგი შედეგითაც დასრულდა.

- გიგა, წლების განმავლობაში, კონკურსანტებთან მუშაობისას თქვენი მიდგომები თუ იცვლებოდა?

- კი, როგორ არა? ზოგჯერ ძალიან მკაცრი და შეიძლება ითქვას, - ჯაჯღანაც ვიყავი, ზოგჯერ კი - გულთბილი. ბავშვს გააჩნია, თუმცა ყველა ბავშვს დღემდე ძალიან ვუყვარვარ, განსაკუთრებით - მათ, ვისაც ჩემგან ბევრი ჩხუბი და წივილ-კივილი აუტანია. მეც სიგიჟემდე მიყვარს ისინი.

- გამარჯვების მერე, ბავშვების წარმატების მართვას თუ ახერხებთ, მათი კარიერის განვითარებისთვის?

- წლების წინ ამასაც ვახერხებდი: "ბზიკებს" რამდენიმე წელი "გიგა ფროდაქშენი" ყველაფერს უკეთებდა, რაც შეგვეძლო. ბავშვებს უამრავი კონცერტი, სიმღერა, კლიპი ჰქონდათ. მერე ეს ყველაფერი აღარ გამოვიდა, რადგან ხელშეწყობა, ფინანსური სახსრები, სპონსორები სჭირდება... ამას მარტო ვეღარ ვახერხებ. რამდენ სპონსორთან მივსულვართ და მხარში დგომა გვითხოვია, მაგრამ უარი უთქვამთ. ბავშვები ნაკლებად აინტერესებთ - უხეშად რომ ვთქვათ, მათთვის არაკომერციულია, სამწუხაროდ... ასეთი წარმატებული ბავშვები თითქმის ვერ ვითარდებიან, რადგან ხელშეწყობა არა აქვთ. გაზრდის პროცესში, სანამ სრულწლოვანები გახდებიან, ბევრი რამ სჭირდებათ, მეტად პოპულარულები რომ გახდნენ, ქვეყნის ფარგლებს რომ გასცდნენ, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ გარკვეული აუდიტორია ჰყავთ... მაგრამ კონკურსზე გამარჯვების მერე ყველაფერი ჩერდება...

აქვე, ადამიანებს ერთ რამეს ვთხოვ: გასაგებია, რომ შეიძლება ჩვენ, უფროსები ვიღაცებს არ მოვწონდეთ - ეს არ მაინტერესებს, მაგრამ როცა ბავშვი კონკურსზე მიდის და ცუდ კომენტარებს უწერენ, ამას პატარები კითხულობენ, შემდეგ კი მათი დამშვიდება, რაღაცების ახსნა გვიწევს... წელს ანდრიამაც ბევრი გულისტკენა მიიღო. თითქმის ყველა ბავშვის თავზე, ვინც "ევროვიზიაზე" მიდის, საშინელი რაღაცები ხდება. ადამიანები ასე ნუ გაბოროტდებიან. თუ სიმღერა არ მოსწონთ, უბრალოდ, ამას ბავშვს ნუ გააგონებენ, თორემ ყველას სიმღერა მეც არ მომწონს, ჩემიც ყველას რატომ უნდა მოსწონდეს?! ეს პრობლემა აბსოლუტურად არ არის, მაგრამ როცა ბავშვი კონკურსისთვის ემზადება და კითხულობს, უამრავი ადამიანი მის ნაშრომს როგორი აგრესიით ლანძღავს, დამიჯერეთ, მისი ფსიქიკა საფრთხის წინაშეა... უბრალოდ, ბავშვები შეიბრალონ, ჩვენ - ავიტანთ, არ არის პრობლემა, მეტი არაფერი მინდა...

ეთო ყორღანაშვილი