ცეკვიდან მიკროფონამდე - მზია ორველაშვილის ახალი წამოწყება
მაყურებლებს საკუთარი ვოკალური მონაცემებით იზიდავს. თუ რამ განაპირობა მისი ასეთი გადაწყვეტილება და რას ნიშნავს მისთვის სიმღერა, ამის შესახებ მზია თავად გვესაუბრა...
- მოგეხსენებათ, გერმანიაში ვიყავი - ერთ-ერთ სატელევიზიო პროექტში ქორეოგრაფი გახლდით. საერთოდ, საცხოვრებლად გერმანიაში გადასვლა მინდოდა, რადგან მე ჩემი ქვეყანა კი მიყვარს, მაგრამ როცა 2 შვილს მარტო ზრდი, ცოტათი რთულია. მოკლედ, ევროპაში სამუშაოდ გადასვლამ მომიწია, მაგრამ დავბრუნდი: მშობლების, მეგობრების, ჩემი ქვეყნის გარეშე ყოფნა გამიჭირდა. თითქოს დავითრგუნე, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში მამიდაჩემი და მისი ოჯახის წევრები თავს მევლებოდნენ. მათთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის... საქართველოში დაბრუნებულს, რა თქმა უნდა, ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიხდა... ერთ დღესაც, როცა ჩემი 2 მეგობარი ჩემთან, სახლში მოვიდა, რამდენიმე შეკითხვა დამისვა, რომლებზეც ვერ ვუპასუხე. შემდეგ მითხრეს, - ადექი, ჩაიცვი, მივდივართ, შენთვის სამუშაო უნდა ვიპოვოთო!..
- მათ რომელ შეკითხვებზე ვერ უპასუხე?
- თუნდაც - იმაზე, რომ მზია ორველაშვილი, რომელსაც მთელი ქვეყანა გიცნობს, ასე რატომ უნდა იყოო? კარგად იცი, რომ არასდროს თავში არაფერი ამვარდნია - ძალიან უბრალო, უშუალო ადამიანი ვარ, რადგან ასეთ ოჯახში გავიზარდე: მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში არაფერი გვაკლდა, ყოველთვის გვასწავლიდნენ, რომ უბრალოები ვყოფილიყავით და თავში არაფერი აგვარდნოდა, მიღწევების მიუხედავად (რაც დამოუკიდებლად შევძელი)... მოკლედ, მეგობრებმა "დამგრუზეს", მეჩხუბნენ, მაგრამ ამ ადამიანების მადლიერი ვარ. მითხრეს, - მზიკო, სიმღერა, ცეკვა შეგიძლია, ყველანაირად ნიჭიერი ხარ. მოდი, დაგვიჯერე, ჩაიცვი, მაკიაჟი გაიკეთე და სამსახური მოვძებნოთო. რა თქმა უნდა, ცოტათი მერიდებოდა, რომ სადმე შევსულიყავი, სამსახური მეთხოვა... ბევრი მეუბნება, - ამხელა გაქანების ადამიანი ხარ, ამდენი ნაცნობი გყავსო. გარკვეულ სიტუაციებს ვერ ვიყენებ - ადამიანების გამოყენება არ მიყვარს. დინებას მივყვები ხოლმე... როცა გერმანიიდან ჩამოვედი, სამსახურთან დაკავშირებით, რამდენიმეს მივწერე, მაგრამ "დამიუარეს". შემდეგ, ჩემი 2 მეგობრის - მარიამის და მამულიჩას დაჟინებული თხოვნით, სამსახური მოვძებნეთ. წინადღეს გადავწყვიტეთ, ხალხისთვის "ივენთების" ორგანიზება (შოუპროგრამით, დიჯეით, წამყვანით, დიზაინით...) შეგვეთავაზებინა. როგორც კი "ტიკტოკზე" და სხვა სოციალურ ქსელებშიც ეს ინფორმაცია გამოვაქვეყნე, მაშინვე გამოგვეხმაურნენ - ბევრს გაუხარდა. რამდენიმე საკმაოდ დიდი "ივენთის" შეკვეთა უკვე ავიღე. მივხვდი, თურმე ხალხს უნდა, ასეთი მზიკო ნახოს, რომელიც იმღერებს, შოუს გააკეთებს... მოკლედ, ჩემს მეგობრებს ამ სამსახურზეც დავთანხმდი. მართლა ძალიან კარგ საღამოებს ვუძღვები. თავდაპირველად, სიმღერის მართლა მერიდებოდა. ცხოვრებაში არ ვიტყვი, რომ მომღერალი ვარ, რადგან ძალიან "ხმამაღალი" ნათქვამი იქნება - ჩვენს ქვეყანაში ბევრი არაჩვეულებრივი მომღერალი გვყავს. უბრალოდ, სიმღერა გამომდის - ამისგან სიამოვნებას ვიღებ და ყოველთვის მზად ვარ, ნებისმიერი წვეულება გავულამაზო იმ ადამიანებს, ვინც მომენდობა.
- საღამოების ორგანიზების და შოუპროგრამაში მონაწილეობის გარდა, როგორც ვიცი, ერთ-ერთ რესტორანთან თანამშრომლობ და ყოველ საღამოს იქ მღერი...
- კი, კონკრეტულ რესტორანთან ვთანამშრომლობ - საღამოს 8 საათიდან 12-მდე ვმუშაობ. ისეთ კარგ გუნდთან ვთანამშრომლობ, რომ მისვლა მიხარია. ხომ არის სიტუაცია, როცა ადამიანს ყოველდღე სამსახურში მისვლა არ გინდა, გეზარება. ჩემს შემთხვევაში, ასე არ არის, რადგან ძალიან კარგი "სტაფი" მუშაობს. ყოველდღე გულთბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ.
- რესტორანში სიმღერისას როგორი ატმოსფეროა, სცენაზე ცეკვისგან განსხვავებით?
- მგონია, რომ ჩვეულებრივად, შეჯიბრებაზე გავდივარ, რადგან სცენაზე ვდგავარ, ხალხისთვის ვმღერი, რათა ისიამოვნონ და მეგობრებთან ერთად, ლამაზი საღამო გაატარონ. ძალიან მსიამოვნებს, რომ ხალხს მოსწონს, რასაც ვაკეთებ... ასეთმა აზრებმა გაიჟღერა: - შენ, მზიამ, რესტორანში როგორ უნდა იმღეროო? რატომ არ უნდა ვიმღერო, როცა 2 შვილის დედა ვარ? რომ დამჭირდეს, ქუჩაში გავალ და ხელსაც გავიწვდი, რათა შვილებს სახლში საჭმელი მივუტანო...
- რეალურად, ბევრი ცნობილი მომღერალი რესტორანში მღერის - ეს მათი შემოსავლის წყაროა. პირიქით, საინტერესო ისაა, მაღალი კონკურენციის ფონზე, ამ სფეროში დასაქმება როგორ მოახერხე?
- როდესაც მეგობრებმა სამსახურის საძებნელად წამიყვანეს, ჯერ ერთ რესტორანში შევედით, სადაც გვითხრეს, - ვაიმე, მომღერალი გვყავს, მაგრამ მოდი, მენეჯერს გავესაუბრებით, თქვენნაირი გოგო როგორ უნდა გავუშვათო? რაკი მომღერალი უკვე ჰყავდათ, უარი ვუთხარი, - ეს უკვე კოლეგიალურობის, სხვისი შრომის პატივისცემის თემა იყო - ადამიანი მთელი ღამე მუშაობს, რომ ოჯახში რამე მიიტანოს... მეორე რესტორანში როგორც კი შევედით, მენეჯერი გულთბილად შეგვხვდა. მითხრა, - ძალიან ნაცნობი სახე გაქვთო. ჩემმა მეგობარმა მაშინვე წამოიყვირა, - ეს ის არის, რომ ცეკვავს, ჩვენი სიამაყე. გვინდა, შემოგთავაზოთ წამყვანის ან თუნდაც, მომღერლის ამპლუაშიო! - კი, ვიცით, რომ უმაგრესად ცეკვავ, მაგრამ მღერიო?! - მკითხა გაკვირვებულმა მენეჯერმა. - ახლავე სცენაზე ავა და იმღერებსო, - უპასუხა ჩემმა დაქალმა. მაშინვე სცენაზე ამიშვეს, მიკროფონი ხელში ავიღე და ჩემი საყვარელი სიმღერა - "იები" შევასრულე. სიმღერის დასრულების შემდეგ მითხრეს, - ამ რესტორნის მეორე ფილიალში გელოდებიან. შეგიძლია, მიხვიდე და მუშაობა დაიწყოო. ასევე, იქ არაჩვეულებრივი გოგონა - თამუნა არის, ვისთან ერთადაც ვმღერი. ორივე ერთად ვცდილობთ, სტუმრებს ლამაზი საღამოები მოვუწყოთ.
- სტუმრები გცნობენ?
- ზოგი - კი, ზოგი - არა. ზოგი ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს და არ იცის, "ცეკვავენ ვარსკვლავები" რა არის. სადღაც გაუგონიათ, მაგრამ საერთოდ არ იციან, პროექტში ვინ ცეკვავს. ასეთი შემთხვევა მქონდა: ერთმა სტუმარმა მითხრა, - ძალიან ნაცნობი სახე გაქვს, საიდან გიცნობო? მერე, როცა გაარკვია, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" ვეცნობოდი, გაუკვირდა, - ვაიმე, იქ როგორი სხვანაირი ხარ, აქ კი ბავშვს ჰგავხარო. პროექტში მონაწილეობისას მძიმე მაკიაჟი მქონდა, ყოველდღიურად კი მაკიაჟს არ ვიყენებ. როგორც ამბობენ, ტელეეკრანზე სხვანაირი ვარ. წლების წინ, ასეთი შემთხვევაც მქონდა: მაღაზიაში შესულს ვიღაც ქალი მომაშტერდა, - ვაიმე, მზიას როგორ ჰგავხარ! ჩემი საყვარელი მოცეკვავეა. ძალიან მიყვარს. მისი შვილი ხომ არ ხარო? - ქალბატონო, რა შვილი, მზია ვარ-მეთქი, - ვუთხარი. ჩხუბი დამიწყო, - რას ჰქვია, მზია ხარ? ამხელა ქალია, შენ კი 19 წლის გოგოს ჰგავხარო!.. მოკლედ, სანამ საბუთები არ ვაჩვენე, რომ ნამდვილად მე ვიყავი, არ დაიჯერა - მზია ორველაშვილის შვილი ვეგონე (იცინის)...
- ახლობლებს როგორი დამოკიდებულება აქვთ შენი ახალი წამოწყების მიმართ?
- ბევრს უხარია. მოდიან და მისმენენ, ჩემთან ერთად ერთობიან კიდეც. ყოველ საღამოს, ჩემი 2-3 მეგობარი მაინც ჩემთან ერთად არის... ვერ დავაკონკრეტებ, ვინ, რა, როგორ მითხრა, მაგრამ თავად ასე ვამბობ ხოლმე, - ვისაც ჩემი წამოწყება არ ესიამოვნება, მაშინ თავად მარჩინოს. იცი, ჩვენს ქვეყანაში ცუდი რა არის? პანდემიის დროს, როცა სტუდია დავხურე და უცებ ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი - ამაზე ინტერვიუც ჩავწერეთ, სხვა სამსახურებს აქტიურად ვეძებდი. ისიც ვთქვი, - მიმტანადაც ვიმუშავებ-მეთქი. - რას ჰქვია, მიმტანად ან საწარმოში იმუშავებო? - ზოგმა შეიცხადა. რატომ არ უნდა ვიმუშაო, ვისზე მეტი ვარ? მერე რა, რომ ტელევიზიაში ვიმუშავე, პროექტის გამარჯვებული, საქართველოს და კავკასიის (და არა მხოლოდ) ჩემპიონი ვარ ჩემს სფეროში? სამსახური არ "ტეხავს". პირიქით, უნდა იმუშაო, "ბირჟაზე" კი არ უნდა დადგე!
- ახლა, როცა შენი რეჟიმი შეიცვალა, რესტორანში მღერი, ალბათ, გვიან ვახშმობის ცდუნებაც გაქვს ხოლმე. სხეულის ფორმაში ყოფნაზე როგორ ზრუნავ?
- ყოველთვის დატვირთული სამუშაო რეჟიმი მქონდა, ამას შეჩვეული ვარ. ისევ აქტიურ რეჟიმში ყოფნა არ გამჭირვებია. მამიდაჩემთან, გერმანიაში რომ ვიყავი, იქიდან საქართველოში დაბრუნებული 76 კილოს ვიწონიდი. მას მერე 2 თვე გავიდა და ახლა 58 კილო ვარ, რადგან აქ კვლავ საკუთარი თავის კონტროლი დავიწყე. ამჟამად, ისევ მოცეკვავის ფორმაში ვარ და მიხარია, რადგან თავის ხელში აყვანა შემიძლია. კი, გვიანაც მივახშმია, მაგრამ დამიჯერე, დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამას ვასწრებ, მეტი აღარც მინდა. ვხუმრობ ხოლმე, - კუჭი დამიპატარავდა-მეთქი...
- ცეკვას თუ უთმობ დროს?
- რა თქმა უნდა. შაბათ-კვირას ჩვეულებრივად ვმუშაობ: დღის პირველ ნახევარში, სამოყვარულო ჯგუფებს ვასწავლი, მაგრამ იანვრიდან ბავშვების ჯგუფების აყვანასაც ვაპირებ, რადგან დრო ამის საშუალებას მაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, საინტერესო რაღაცები იგეგმება, რასაც ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ - მინდა ხალხისთვისაც სიურპრიზი იყოს... ცეკვის სტუდიას მაინც ავამოქმედებ ისე, როგორც ადრე იყო, სანამ პანდემია დაიწყებოდა. პანდემიას ხშირად ვახსენებ, რადგან ჩემსავით ბევრი ხალხი გაამწარა (იღიმის)... თავადაც ვცდილობ, ვივარჯიშო, რომ კალაპოტიდან არ ამოვვარდე. ნოემბრის ბოლოსაც კარგი პროექტი იგეგმება, სადაც უნდა ვიცეკვო...
- ამ ეტაპზე, შემოსავლის თვალსაზრისით, ცეკვაზე მეტად სტაბილური რესტორანში სიმღერაა, არა?
- კი, ასე გამოდის, სამწუხაროდ.
- შეიძლება, სიმღერა შენს ძირითად პროფესიად იქცეს? მახსოვს, სიმღერასთან დაკავშირებული გეგმები კრიზისულ პერიოდამდეც გქონდა...
- სხვათა შორის, ერთი სიმღერა უკვე ჩაწერილი მაქვს: ჩემმა მეგობარმა - მარიამ ლიკლიკაძემ დამიწერა. მუსიკის ავტორი ირაკლი ჯოხაძე გახლავთ. ძალიან ლამაზი სიმღერაა. აუცილებლად კლიპის გადაღებასაც ვაპირებ... სიმღერა მიყვარს და ვფიქრობ, ვოკალში მეცადინეობა პროფესიულ დონეზე დავიწყო, რადგან ეს მართლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან მომწონს, როცა მომღერლები ცეკვავენ კიდეც - უფრო საინტერესო შოუ გამოდის. რა თქმა უნდა, ცეკვას არ დავკარგავ: ცეკვაში ჯანმრთელობა, ფიზიკური შრომა და ბევრი ენერგია მაქვს ჩაქსოვილი. თუკი ჩემს ცხოვრებაში სიმღერა იქნება, მასთან ერთად იქნება ცეკვაც, რა თქმა უნდა!..
ეთო ყორღანაშვილი