დათა ჩაჩუა "აზიური ოსკარის" მფლობელი გახდა
ის აზია-წყნარი ოკეანის ეკრანის აკადემიამ (APSA), Jewel Private Residences-თან ერთად, გიორგი სიხარულიძის ფილმში - Panopticon შესრულებული როლისთვის "აზიური ოსკარით" დააჯილდოვა, ნომინაციაში "საუკეთესო ახალი შემსრულებელი". ფილმი საქართველო, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივი ნამუშევარია. მთავარ როლებს დათასთან ერთად ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე ასრულებენ.
ფილმში მოქმედება 2018 წლის საქართველოში ხდება.
- დათა, გილოცავ ამ დიდ წარმატებას. როგორი განწყობა გაქვს, ემოცია გამიზიარე.
- დიდი მადლობა. სანამ უშუალოდ ამ პრიზის შესახებ გავიგებდი, ამ ფილმით ბევრ ფესტივალზე ვიყავით, ბევრი წარმატებაც გვქონდა და ყოველ ჯერზე დაჯილდოებისას ენერგიითა და შემართებით ვივსებოდი, საოცარი მოტივაცია იყო. რაც შეეხება ჩემს "აზიური ოსკარით" დაჯილდოებას, გავამხელ, რომ ეს ამბავი ოფიციალურ დასახელებამდე 3 დღით ადრე გავიგე. რა ემოცია მქონდა? განა შევძლებ ეგ ემოცია სრულად გადმოვცე. ეს იყო სიამაყე, ეს იყო დიდი სიხარული, იმის დადასტურება, რომ თავდაუზოგავი შრომა დაფასდა. ეს იყო დიდი სიამოვნება, ამაზე მაგარი არაფერია.
- თან ასეთ პატარა ასაკში.
- კი, ესეც მნიშვნელოვანი მომენტია.
- ფილმის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა, მასთან შეხვედრის პირველი დღეები გაიხსენე. როგორი იყო ამ როლზე მუშაობის სამზადისი?
- კასტინგი გამოცხადდა, მომივიდა შეტყობინება, რომ დაბარებული ვიყავი. იქვე პროექტის მოკლე შინაარსი იყო გადმოცემული. გიორგის პირველად კასტინგზე შევხვდი. ის, როგორც პიროვნება, ძალიან მომეწონა. რაღაც სცენებს გავდიოდით ხან ერთად, ხან სხვა პერსონაჟებთან ერთად, როლზე დადასტურების დასკვნამდე რომ მივსულიყავით. ყველაფერი კარგად აეწყო. მალე დამირეკა და ერთმანეთს შევხვდით. გიორგიმ გაიხსენა, შენ ერთხელ თქვი, რომ მსახიობის პროფესიაში ნებისმიერი რამის გაკეთება შემიძლიაო. მეც მახსოვდა, ეს რა დროს ვუთხარი. ამიხსნა, რომ თამამი სცენებიც მექნებოდა. ყველა დეტალზე შევთანხმდით და ამის შემდეგ დაიწყო მოსამზადებელი პერიოდი. ფილმი ზაფხულში, სულ რაღაც 28 დღეში გადავიღეთ, მაგრამ ამ 28 დღემდე იყო შემოქმედებითი პროცესით დატვირთული 5 ძალიან ბედნიერი თვე. გიორგისთან სახლში ვიკრიბებოდით. მე და გიორგიმ სცენარი 3-ჯერ წავიკითხეთ, ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარი აღქმა გვქონდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მე და გიორგის არ გვქონია ოფიციალური შეხვედრები, ჩვენ დავმეგობრდით, საკუთარი ამბები, ტკივილები და სიხარულები ვუამბეთ და ეს ურთიერთობა იყო ძალიან კომფორტული. ერთად ვუყურებდით ფილმებს, ვმსჯელობდით და ა.შ.
- ვინ არის სანდრო? ამ პერსონაჟის გაცნობისას რა განცდა დაგეუფლა?
- სანდრო არის დაკარგული, დაბნეული 18 წლის ბიჭი. მას გარდამტეხ მომენტამდე ცხოვრებაში არ გაუკეთებია ისეთი რამ, რაც თავად უნდოდა. ფეხბურთზე იმიტომ დადის, რომ მამამისს უყვარს, "იუვენტუსის" ფანია. სანდროს არ აქვს გაცნობიერებული, რომ ის სრულყოფილი ადამიანია, რომ აქვს უფლება, ისე იცხოვროს, საკუთარი სურვილები არ დათრგუნოს. დედა ამერიკაში ჰყავს, მამა მასთან არასდროს არის, მაგრამ მამა მაინც უყვარს, შეუძლია ყველაფერი იმისთვის გააკეთოს, რომ მას მოეწონოს. მამაც ისე ზრდის, რომ ყველაფერზე შეუძლია უთხრას: ღმერთს ვერ დაემალები, ის ყოველთვის გხედავს. რომ ბიჭმა სექსუალური ჰორმონები უნდა დათრგუნოს. სანდროც ასე ცხოვრობს, მაგრამ ეს ჰორმონები ხომ თავისას შვრება და ის უამრავ სისულელეს აფიქრებინებს.
- სანდროს გაგება გაგიჭირდა თუ შენთვის ახლობელი აღმოჩნდა?
- ახლობელი საერთოდ არ ყოფილა. ამ პროექტის და ამ პერსონაჟის ყველაზე დიდი ინტერესი სწორედ ის იყო ჩემთვის, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანი უნდა მეთამაშა, განსხვავებული განცდები და ემოციები იყო. ის, რაც აქამდე შეიძლება მოსმენილი და გაგებული მქონდა, მაგრამ ჩემთვის უცხო გახლდათ.
- როგორი იყო გადაღებების პროცესი? რეჟისორთან პერსონაჟის ხედვის ნაწილში, აზრთა სხვადასხვაობა გქონდა?
- გიორგისთან მუშაობა იმითაც იყო ჩემთვის დასამახსოვრებელი, რომ დიდ თავისუფლებას მაძლევდა. როდესაც დრო გვქონდა, შემეძლო თხოვნა, ერთი დუბლი ეჩუქებინა. ის მეუბნებოდა, რაც გადავიღეთ, ჩემთვის იდეალურია, მაგრამ გჩუქნი, ისე გააკეთე, როგორც გინდაო. აზრთა სხვადასხვაობა ნაკლებად იგრძნობოდა, ერთი ხედვა გვქონდა.
- სანდრო საკუთარი იდენტობისა და ფასეულობების ძიების პროცესში, განსხვავებული და ზოგჯერ რადიკალური იდეოლოგიური თუ კულტურული ნორმის გავლენას გამოცდის. რეალურ ცხოვრებაში რამდენად ნაცნობი საკითხებია ეს შენთვის? და როგორ ფიქრობ, ამ პერსონაჟის მსგავსი ადამიანები ჩვენს რეალობაში ბევრნი არიან?
- ასეთი არაერთი "ქეისი" არსებობს ამ ცხოვრებაში, თავადაც შემხვედრია, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ბევრნი არიან. სანდრო რეალობიდან ამოვარდნილი პერსონაჟი არ არის. ფილმის ბოლოს იმედია! სანდროს იმედი უჩნდება, მასში ცვლილებები ხდება. ეს იმედია იმ ადამიანებისთვის, ვინც სანდროს დღეშია, მაგრამ ეს ცვლილებაც ისე ხომ არ არის, დაიძინე და მეორე დღეს სხვაგვარმა ადამიანმა გაიღვიძე. ცვლილებას ყოველთვის ტკივილი ახლავს და სანდროც ამ გზას გადის.
- ფილმის შემოქმედებით ჯგუფზე რას იტყვი?
- რეჟისორზე უკვე ვილაპარაკე, არაჩვეულებრივი მსახიობები თამაშობენ: ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე, ვახტანგ კედელაძე, კიდევ არაერთი ახალგაზრდა მსახიობი. მალხაზ აბულაძის პერსონაჟი არის მამაჩემი. ფესტივალებზე რომ დავდიოდით, ბევრი კარგი გამოხმაურება იყო, სტატიები დაიწერა.
- გამორჩეულად რა დაგამახსოვრდა?
- ერთგან ჩემზე დაიწერა: როლი იმდენად კარგად მოირგო, ამ ტრაგიკული პერსონაჟის სახეს ბოლომდე გვანახვებსო.
- დათა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, სერიალიდან "თესეა" გაგიცნო. მას შემდეგ თვალს გადევნებ და აქტიურად ხარ ჩართული სამსახიობო საქმეში. ამჟამად რაზე მუშაობ?
- დიახ, ამ სერიალმა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ჩვენი პირველი ინტერვიუც მახსოვს. საქართველოში ერთი პროფესიით ვერ ცხოვრობ ისე, როგორც შენ გინდა. შესაბამისად, მეც არ მაქვს ერთი პროფესია. "თესეას" გადაღებები რომ დასრულდა, "ფორმულა კრეატივში" დავიწყე ოპერატორად მუშაობა. ახლა მეგობრებთან ერთად ვმუშაობ, ვიღებთ კლიპებს, რეკლამებს, პროდიუსერი ვარ. რაც შეეხება ფილმებში მონაწილეობას, მოლაპარაკებები არის, მაგრამ ჯერ ვერ გავასაჯაროებ.
30 ნოემბერს ვიქნები ავსტრალიაში, სადაც გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, იქ ამ ჯილდოს ოფიციალურად გადმომცემენ და ჩამოვიტან საქართველოში.
- მადლობა ინტერვიუსთვის!
- დიდი მადლობა!
თამუნა კვინიკაძე