მსახიობის პროფესიის მთავარი ხიბლი და პერსონაჟის განცდების "კარდიოგრამა"
ამის მოცემა მხოლოდ თეატრს შეუძლია, ის იმდენად მრავალფეროვანი და ცოცხალია", - ამბობს მსახიობი სანდრო კახეთელიძე. მას პოპულარობა სერიალში "მარჯვენა სანაპირო" შესრულებულმა ლუკას როლმა მოუტანა.
- სანდრო, ვინ არის ლუკა, თქვენ ამ პერსონაჟს როგორ აღიქვამთ?
- მგონია, რომ საახლობლოსა და სანათესავოში ერთი ლუკა ყველა ქართველს ჰყავს. ეს არის პერსონაჟი, რომელიც ბოლომდე დალაგებული არ არის... თუმცა ლუკას მიზანი ამოძრავებს, ცდილობს, ყველაფერი დაალაგოს. მას სიყვარული ამოძრავებს; სიყვარული იმ ადამიანის მიმართ, ვინც ყოველთვის უყვარდა, ვერ დაივიწყა და ისევ ანის მიუბრუნდა. სწორედ ანი არის ის ადამიანი, რომელიც ლუკას ანგელოზის სახით ევლინება და მოუწოდებს ცხოვრება დაალაგოს, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოს, იმედია ლუკა ამას შეძლებს. როდესაც პერსონაჟი იქმნება, სცენარისტსა და მსახიობს შორის აზრთა გაცვლა მნიშვნელოვანია. ლუკა როგორიც წარმოვიდგინე, სცენარისტს ის მიგნებები მივაწოდე, მანაც თავის საქმე გააკეთა. ვფიქრობ, ლუკას ცხოვრება კარდიოგრამას ჰგავს, მრავალფეროვნება შეიძინა.
- სულ განცდებშია და ამითაცაა მაყურებლისთვის საინტერესო.
- დიახ, პერსონაჟის განცდები, ემოციები მაყურებელს ითრევს, უჩენს ინტერესს - მერე რა მოხდება?
- როგორ მიიღო ლუკა მაყურებელმა, რას გეუბნებიან?
- გამოხმაურებაზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი. ორი სახის კომენტარები მხვდება. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ლუკა მიუღებელია, მათი მესმის. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მათ ეცოდებათ. ერთი მაყურებელი წერდა: ტიპი ისეთ შარშია, რომ გინდოდეს, ვერ დაეხმარებიო.
- სურვილი, გამხდარიყავით მსახიობი, რა ასაკში გაგიჩნდათ?
- ალბათ ღრმა ბავშვობაში, ეს სფერო ოჯახმა შემაყვარა. 6-7 წლის ასაკიდან გამიჩნდა სურვილი, ის ამბები და თავგადასავლები გადამხდენოდა, რომლებიც ეკრანზე ნანახ პერსონაჟებს ჰქონდათ. მახსოვს, ის მსახიობები ჩემში როგორ განცდებს აჩენდნენ. სურვილი მაქვს, თავადაც იგივე განცდები გამოვიწვიო ჩემს მაყურებელში.
- როდესაც სწავლა დაიწყეთ, ეს პროფესია ისეთივე მომხიბვლელი აღმოჩნდა, როგორiც წარმოგედგინათ თუ სხვა რეალობას შეეჯახეთ?
- იყო რაღაცები, რასაც მოველოდი და ასრულდა, მოხდა პირიქითაც. ვიცოდი, სცენაზე რომ დავდგებოდი, ამა თუ იმ პერსონაჟის როლში, საკუთარი თავი მესიამოვნებოდა. ეს მოლოდინი ნამდვილად გამართლდა. მეორე მხარე სხვაგვარია, როდესაც შენ ირჩევ პროფესიას და შედიხარ ამ ინდუსტრიაში, გაქვს მოლოდინი, როგორც დაიხარჯები, იმის სანაცვლოდ კომპენსირებას მიიღებ. რაღაც ეტაპზე არსებობს მეორე განცდაც, - მთავარია მე ჩემი საქმე გავაკეთო, მაყურებელი თუ კმაყოფილია, ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს...
საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ. პასუხისმგებლობის გრძნობას მოაქვს მღელვარება და ჩემში ეს მღელვარება ძალიან ძლიერია. როდესაც სპექტაკლისთვის ემზადები, წინ გაქვს 2-3 თვე სამუშაოდ, ეს პერიოდი იმდენად ემოციურია, როდესაც ეს არ გიფასდება ისე, როგორც საჭიროა, მერე სულში გიძვრება ფიქრი, რომელიც გღრღნის და რაღაცებზე გაფიქრებს, ცოტათი ტვინსაც გიწამლავს. ამიტომ გადავწყვიტე, კინოში თამაში უფრო არის ის, რასაც შეუძლია ის მომიტანოს, რასაც ჩემი პროფესიისგან ველოდი. თეატრი კი არის ის სკოლა, რომელიც ყველა მსახიობმა აუცილებლად უნდა გაიაროს. ის გაძლევს ყველა იმ ინსტრუმენტს, რაც მსახიობისთვის საჭიროა. სულ ვამბობ, მსახიობი რუბიკის კუბიკივით უნდა იყოს, მრავალფეროვანი, ქაოsური, სურვილისამებრ შეეძლოს ერთ ფერში ყოფნა. ამის მოცემა მხოლოდ თეატრს შეუძლია. ის იმდენად მრავალფეროვანი და ცოცხალია, ამის არდაფასება შეუძლებელია.
სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს კინოს სასწავლებლები, ეს უკვე მეორე მხარეა. თეატრალურში ეს არ ხდება, მსახიობებს უწევთ დიდი სტრესის გავლა, როდესაც პირველად დგებიან კამერის წინ. თავადაც გავლილი მაქვს ეს ეტაპი. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მსახიობს უფრო მრავალფეროვანი განათლება მიეცეს, მხოლოდ თეატრი არ არის საკმარისი. ბევრი მსახიობი მინახავს იმის გამო "დაბრაკული", რომ კამერის წინ "თეატრს თამაშობდა". რეჟისორებს კი არ უნდათ "თეატრი ეკრანზე".
- პირველი როლი, რომელიც გამორჩეულად გახსოვთ, რომელია?
- ადიკო შალვა დადიანის პიესაში "გუშინდელნი", რომელიც ჩვენი საკურსო სპექტაკლი იყო. ილიას თეატრალური ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, თიკო კორძაძე და ვანო ხუციშვილი იყვნენ ჩვენი ხელმძღვანელები. ადიკო არის ძალიან საინტერესო პერსონაჟი. მოგეხსენებათ, პიესა 1917 წელსაა დაწერილი. საზღვარგარეთ განათლება მიღებული ადიკო დაბრუნდა თავის მივიწყებულ სოფელში, იქ დიდი ორომტრიალია, პრეზიდენტის დონის ფიგურა მოდის. ადიკო და ფაცია (ფაციას როლს ჩემი საცოლე ქეთი ხუციშვილი თამაშობდა) არიან ამ წუთისოფლის მომავალი. "გუშინდელნი" კარგად ასახავს პროცესს, თუ როგორ სპობს უფროსი თაობა ახალგაზრდების მომავალს. ამ როლზე მუშაობისას ბევრი რამ ვისწავლე. მრავალფეროვანი სამუშაო იყო.
- 2-3-თვიან როლზე მუშაობის მღელვარება ახსენეთ. ეს რა პროცესია, როლთან მუდმივი ემოციური კავშირს როგორ ახსნით?
- საკმაოდ ხანგრძლივი და ინტიმური პროცესია. არსებობს ტექნიკები, რომელიც უნდა გამოიყენო როლზე მუშაობისას. უნდა შეადგინო კითხვარი, პორტფოლიო, შეიძლება ის დეტალიც კი დაგეხმაროს, რა უდევს შენს პერსონაჟს ჯიბეში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური კავშირი. ყოველთვის ვამბობ, მსახიობი შენს პერსონაჟს ადვოკატად უნდა დაუდგე. ბოროტმოქმედს რომ თამაშობ, მის ქცევას გამართლება უნდა მოუძებნო. ეს შენ, როგორც მსახიობს, გეხმარება ამოცანის დასახვაში, მოქმედებაში, როგორი მანერა აქვს, როგორი წარსული... როცა გონებაში ასეთი პროცესი გაქვს, მერე შენს პერსონაჟს ძმაკაცად აღიქვამ, რომელსაც თითქოს დიდი ხანია იცნობ და რომელიც სულ თან დაგყვება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ მგზავრობ, ყველა ადამიანს აკვირდები, ყველაში მას ეძებ. ხელის მოძრაობა, მიმიკა - ყველაფერი რაღაცაზე მეტყველებს.
- არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც საკუთარი ცხოვრების წესით, ინტერესებით, ღირებულებებით შეიძლება ახლოს იყოს თქვენს პიროვნებასთან და არსებობენ პერსონაჟები, რომლებთანაც შეიძლება საერთოდ არაფერი გაკავშირებდეთ. რომელი უფრო საინტერესო სათამაშოა?
- ყველა პერსონაჟი თავისებურად საინტერესოა, მაგრამ ისინი ალბათ მეტ ინტერესს აღძრავენ, რომლებიც შენგან შორს დგანან.
- რატომ?
- მდიდარი საკვლევი მასალა გაქვს, უფრო გამოცდი შენს თავს სამსახიობო ოსტატობის რამდენად მდიდარი პალიტრა გაქვს. შენს თავში ჩაიკარგები და შეიძლება ისეთი რამეებიც აღმოაჩინო, რაც აქამდე არ გქონდა აღმოჩენილი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ასეთი პერსონაჟია ლუკა, ის ჩემგან განსხვავებული ბიჭია. როდესაც სცენარისტი მაძლევდა მითითებებს, თითქოს მქონდა პროტესტის გრძნობა, ლუკასგან ტყუილები იმდენად მოულოდნელი იყო, ვფიქრობდი, ეს ამას გააკეთებს? პროცესში მივხვდი, რომ მისი მსგავსი ადამიანები არსებობენ, უარესებიც არსებობენ, უფრო ცუდის მკადრებლები. პერსონაჟს შენი გადასახედიდან არ უნდა შეხედო.
- სცენების დიდი ნაწილი ნუცა თოფურიასთან გაქვთ. როგორი პარტნიორია?
- ძალიან კარგი პარტნიორია. პირველად ამ სერიალის შესახებ რომ დამელაპარაკნენ და მონახაზი მითხრეს, აღმოვაჩინე, რომ მასში არაერთი ისეთი ადამიანი თამაშობდა, რომელიც პროფესიით მსახიობი არაა. ისიც კი გავიფიქრე, არის კი აქ ჩემი ადგილი? როდესაც გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდი, ყველაფერი სხვა თვალით დავინახე. ყველაზე ხშირად მუშაობა ნუცასთან მიწევს. მისი ნიჭიერებით და მონდომები გაოცებული დავრჩი. ის საკუთარ პერსონაჟს აქტიურად განიხილავს, სულ ფიქრობს, - ანი ამას იტყოდა, ასე მოიქცეოდა? ის მუშაობს, როგორც პროფესიონალი მსახიობი.
- სპექტაკლი "გუშინდელნი" ახსენე, სადაც თქვენ და თქვენი საცოლე პარტნიორები იყავით. თქვენი სიყვარულის ამბავი აქედან დაიწყო?
- დიახ, მე და ქეთის მანამდე ნათამაშები გვქონდა რომეო და ჯულიეტას როლები, სცენაზე პარტნიორები არაერთხელ ვყოფილვართ, მაგრამ ადიკოს და ფაციას როლებმა ერთმანეთი თითქოს სხვაგვარად დაგვანახvა. ადიკოს აქვს დაუოკებელი სურვილი, ფაციასგან რაღაც მიიღოს. თითქოს ფაციაც ეკეკლუცება, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ხდება მათი დაახლოება. ალბათ ეს გახდა საწინდარი, რომ მე და ქეთი ერთმანეთთან იმდენად დავახლოვდით, რომ სიყვარული რეალურ ცხოვრებაში გადმოვიდა.
- პრემიერის შემდეგ, ვინ არის ის ადამიანი, ვის შეფასებასაც ყველაზე დიდი ინტერესით ელოდებით?
- ამაზე ბევრი არ მიფიქრია. პირველ რიგში, ალბათ ჩემი თავი უნდა დავასახელო. ყველაზე კრიტიკული მე ვარ. მნიშვნელოვანია ჩემი პედაგოგების: ვანო ხუციშვილის და თიკო კორძაძის აზრი, მნიშვნელოვანია ქეთი და ჩემი ოჯახის წევრები რას მეტყვიან.
- საკუთარ თავს ეკრანზე უყურებთ?
- ყოველთვის. უნდა გაიაზრო და გაანალიზო, რა მომენტში როგორ ითამაშე. ეს განვითარებაში გეხმარება. შეიძლება ერთი ისეთი ღიმილი დაიჭირო, რომელიც პერსონაჟს კი არა, შენ გეკუთვნის.
- სანდრო, დღეს არც ერთ თეატრთან აღარ თანამშრომლობთ?
- არა. აქტიურად ვმუშაობ გახმოვანებაზე. გახმოვანება და ფილმების დუბლირება არის ის, რამაც ჩამინაცვლა თეატრი. დუბლირების დროს ბოლომდე იხარჯები, არ გაქვს მოდუნების საშუალება. როგორც კი ინტონაციას ან ხასიათს რამეს მოაკლებ, ეგრევე შესამჩნევი ხდება.
- ცნობილია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა კინოკომპანიამ "დისნეი" ქართულ ენაზე დუბლირებული ანიმაციური ფილმის "ენკანტო" სიმღერების ქართულენოვანი ვერსიები საკუთარ ოფიციალურ გვერდებზე ატვირთა. ამაში თქვენი წვლილიც არის.
- დიახ, ისეთ პროექტებზე ვმუშაობთ, წინ კიდევ ბევრი წარმატება იქნება.
- დაბოლოს, რა არის მსახიობის პროფესიის მთავარი ხიბლი?
- ამ ჭიანჭველებივით მშრომელი ადამიანების სამყაროში, არის დიდი საჭიროება იმისა, რომ ადამიანებმა იპოვონ რაღაც, გარდა თავიანთი საქმისა. მოახდინონ საკუთარ თავში რაღაცების აღმოჩენა, დაფიქრება, ურთიერთობების სწორად წარმართვა. ამ შემთხვევაში დრამატურგია საუკეთესო იარაღია. ამბავს მსახიობზე უკეთესად ვერავინ მოგიყვება. ადამიანებს ხომ საკუთარი თვალით დანახულის გარდა, თითქმის არაფრის გვჯერა. მსახიობის პროფესია არის ერთ-ერთი აუცილებელი ამ სამყაროში, რიგ საკითხებზე რომ დავფიქრდეთ, მიდგომები შევცვალოთ. იაპონურმა ანიმემ იაპონიის მიმართ ხომ წარმოუდგენლად დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ ხერხით მოახდინეს ადამიანების დაინტერესება. შესაბამისად, ეს ძალიან ძლიერი იარაღია თუნდაც პროპაგანდისთვის. მსახიობს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს; უნდა იცოდე, რას ეუბნები მაყურებელს. მსახიობობა არის ერთ-ერთი ურთულესი პროფესია ისევე, როგორ ექიმობა, იურისტობა. სიფრთხილე და სიღრმე სჭირდება, აქ დილეტანტიზმი ისეთივე საშიშია, როგორც - მედიცინაში.
თამუნა კვინიკაძე