სვანეთიდან ზღვისპირეთში, სოხუმიდან რუსთავში - ლეო ფილფანის შემოქმედებითი გზა და თავმდაბალი ხასიათი
თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ სტუდენტი „ცისკარასა“ და „ჩვენ ეზოში“ გადაიღეს. „მოძღვარი“ (ონისე), „ბახტრიონი“ (ქადაგი), „რომეო და ჯულიეტა“ (მერკუციო), „მე ვხედავ მზეს“ (ბეჟანა), „ოიდიპოს მეფე“ (ოიდიპოსი), „მარიამ ტიუდორი“ (სიმონ რენარი), „მამა, დააგდე თოფი“ - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სპექტაკლებისა, რომელშიც ლეო ფილფანი 1958 წლიდან მოყოლებული, სოხუმის დრამატულ თეატრში მონაწილეობდა. პარალელურად აქტიურად იღებდნენ კინოში: 40 წლის განმავლობაში, 60-მდე ეკრანული სახე შექმნა. 1973 წლიდან კი ლეო ფილფანი თავის მეუღლესთან, ასევე სოხუმის თეატრის მსახიობ ვენერა ნეფარიძესთან ერთად სამუშაოდ რუსთავის თეატრში გადავიდა და გარდაცვალებამდე იქვე მოღვაწეობდა.
2024 წელს, თეატრისა და კინოს მსახიობ ლეო ფილფანს 90 წელი შეუსრულდა და მისი შვილიშვილის ინიციატივით, ეს თარიღი სვანეთში მასშტაბურად აღინიშნა.
პირველად, ნინო ფილფანმა ბაბუამისის დაბადების დღის, 12 ივლისის აღნიშვნას 3 წლის წინ ჩაუყარა საფუძველი. იდეა სვანეთში შეკრებასა და მსახიობის ხსოვნის სახელზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარებას გულისხმობდა. 2 წლის განმავლობაში ჩანაფიქრის განხორციელებაში უამრავი ადამიანი იყო ჩართული და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. გვერდში დგომისა და სხვადასხვა პროექტის სისრულეში მოყვანისთვის, ნინო თითოეულის მადლიერია. წელს მსახიობის 90 წლის იუბილეს პომპეზურად აღნიშვნა უზრუნველყო საქართველოს კულტურის სამინისტრომ, ეროვნულმა კინოცენტრმა, მესტიის მუნიციპალიტეტმა და მესტიის კულტურის ცენტრმა, საიუბილეო კვირეულის პარტნიორი კი კინომსახიობთა თეატრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. გაიმართა იმ ფილმების ჩვენება, რომელშიც ლეო ფილფანი მონაწილეობდა. თეატრებმა წარმოადგინეს სპექტაკლები, ხოლო დასკვნით საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა ლეო ფილფანი გაიხსენეს და ისაუბრეს მის როლზე ქართულ თეატრსა თუ კინოში.
ამავდროულად, გამოიცა ბუკლეტი, სადაც არაერთი ხელოვანი აფხაზეთის დამსახურებული არტისტის, საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტის - ლეო ფილფანის პიროვნულ თვისებებსა თუ შემოქმედებითი საქმიანობის გარშემო „საუბრობს“.
ნინო ფილფანი:
- 2025 წელს 30 წელი სრულდება ბაბუას გარდაცვალებიდან. ამ ხნის განმავლობაში ხალხს მისადმი სიყვარული და მონატრება არ განელებია. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ლეო ფილფანის მშობლიურ სვანეთში, მისი სახელობის დღე დამეწესებინა და ყოველწლიურად აღმენიშნა, სვანეთიდან და სხვადასხვა კუთხიდან მომეწვია სტუმრები და ბაბუას ხსოვნისადმი პატივი ერთად მიგვეგო... მიხეილ თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, იოანე (ვანო) ხუციშვილის ინიციატივით და საქართველოს თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელის, გიორგი გეგეჭკორის მხარდაჭერით, ლეო ფილფანის ყოველწლიური ჯილდო დაწესდა, რომელიც წელს გეგი ფალიანს გადაეცა.
ლეო ფილფანს დაბადების მოწმობაში შეცდომით ეწერა 6 ივნისი, ამიტომ წელიწადში ორჯერ იღებდა მილოცვებს, 6 ივნისსა და 12 ივლისს, პეტრე-პავლობას - როცა ის ნამდვილად მოევლინა ამ ქვეყანას. 6 ივნისს მეგობრები ურეკავდნენ და ულოცავდნენ, თვითონ და ჩვენ, მისი ოჯახი დაბადების დღეს 12 ივლისს აღვნიშნავდით.
- სვანეთში დაიბადა და გაიზარდა...
- დიახ... ბავშვობიდან დღემდე ჩემთვის მნიშვნელოვან მოვლენას, გონებაში „ფოტოს ვუღებ“ და სწორედ ასეთი ფოტოკადრებით არის სავსე ჩემი მოგონებები. ბავშვობიდან მახსოვს, ბაბუას ურთიერთობა Tavის მშობლებთან და ასევე უფროს ძმaსTan, სადაც ყოველთვის იგრძნობოდა მოწიწება, პატივისცემა და დიდი სიყვარული. ლეოს ძმა შამილი გამოჩენილი ქირურგი იყო, რომელიც ოჩამჩირეში მოღვაწეობდა და უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. სანიმუშო და სამაგალითო ძმობა ჰქონდათ. მისი მშობლები გალაქტიონი და მინდილი ბოლომდე სვანეთში ცხოვრობდნენ. ვინაიდან იქ მკაცრი ზამთარი იცის, ლეოს ისინი გარკვეული პერიოდი თბილისში ჩამოჰყავდა და მერე ისევ ლენჯერში ბრუნდებოდნენ.
- თუ იცით, რის ან ვის გამო გაუჩნდა სურვილი მსახიობი გამხდარიყო?
- როგორც ვიცი, ამის სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა. თუმცა, ჯერ მესტიის პედაგოგიური ტექნიკუმი დაამთავრა, შემდეგ კი საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შეიტანა. თეატრი იმდენად უყვარდა და ისე უნდოდა ამ სფეროსთან მუდმივი კონტაქტი ჰქონოდა, „თეატრალურში“ სანამ ჩააბარებდა, რუსთაველის თეატრში სცენის მუშად მოეწყო. ბაბუა აქვსენტი (ასიკო) გამსახურდიას ჯგუფში სწავლობდა. შემდეგში მასთან ჩვენი გვარის არაერთი წარმომადგენელი მოვხვდით. სხვადასხვა წელს ასიკოს ჯგუფში ვსწავლობდით: ჯოყოლა ფილფანი, ლილე ფილფანი, მე, ჩემი ძმა და ჩვენი ნათესავი რამაზ ფილფანი.
- იმ დროს, „თეატრალურში“ სწავლას როცა ამთავრებდნენ, ახალგაზრდა მსახიობები სხვადასხვა თეატრში სამუშაოდ ოფიციალური განაწილებით ხვდებოდნენ. ალბათ, ასე აღმოჩნდა 24 წლის ლეო ფილფანი სოხუმის თეატრში...
- ვფიქრობ ასე იყო, რადგან მაშინ თეატრს საკუთარი სურვილით ვერ აირჩევდი. ვიცი, რომ შედგა თუ არა ბაბუამ სოხუმის თეატრში ფეხი, კიბეზე დაინახა ბებია - ვენერა ნეფარიძე. ბებიამ საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტის წოდებები ჯერ კიდევ სოხუმში მოღვაწეობისას მოიპოვა. ბაბუა სოხუმში რომ ჩავიდა, მაშინ ვენერა უკვე სოხუმის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. ვისაც ის პერიოდი ახსოვს, ყველა აღნიშნავს, რომ როგორც მსახიობს, მრავალფეროვანი პალიტრა ჰქონდა, უბრალოდ კინოში არ გაუმართლა და ამაზე გული სწყდებოდა. მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდური როლი აქვს შესრულებული, მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი კი ფილმში „სამანიშვილის დედინაცვალი“, ხოლო ბაბუა პირველად სტუდენტობის წლებში გადაიღეს სერგო ჭელიძის „ცისკარაში“, შემდეგ რეზო ჩხეიძემ filmSi „ჩვენi ეზო“ მიიწვია.
- ბებია-ბაბუა შეხვედრის ამბავს როგორ ჰყვებოდა?
- ბაბუა ამბობდა, პირველად თეატრში კიბეზე ჩამომავალი რომ დავინახე, მაშინვე გავიფიქრე, ეს ქალი ჩემი უნდა გახდესო. ბებია ბაბუაზე 10 წლით იყო უფროსი. ბებია ამბობდა, ურთიერთობას არ ვაპირებდი, მაგრამ თავი არ დამანებაო.
- სამწუხაროდ, წყვილს შორის ასეთ ასაკობრივ სხვაობას ბევრი დღესაც ვერ იღებს და მაშინ ეს ორივესთვის რამხელა წინაღობა და პრობლემა იქნებოდა, წარმომიდგენია...
- იმ პერიოდში ეს ორივეს მხრიდან სერიოზული განაცხადი იყო, მაგრამ ისეთი შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ და მათ შორის ისეთი დიდი სიყვარული იყო, ასაკობრივ სხვაობას ვერც შენიშნავდი ან ეს როგორ უნდა გეგრძნო?! ერთი შვილი შეეძინათ, ლევანი. სოხუმში ბოტანიკურ ბაღთან ცხოვრობდნენ. იქიდან 1973 წელს წამოვიდნენ, როცა მამაჩემი უკვე სკოლაში სწავლობდა. მამა კულისებში იზრდებოდა, კინორეჟისორობა უნდოდა, მაგრამ ბებიამ და ბაბუამ ამაზე კატეგორიული უარი განუცხადეს. ალბათ ამას ნანობდნენ, რადგან ჩემს შემთხვევაში თავიდან კი მითხრეს, რომ იქნებ, კარგად დავფიქრებულიყავი და სხვა პროფესია ამერჩია, მაგრამ შემდეგ წინააღმდეგობა ვეღარ გამიწიეს.
- სოხუმიდან წამოსულმა ცოლ-ქმარმა მუშაობა რუსთავის თეატრში დაიწყო...
- დიახ, ეს ის პერიოდია, როცა მარჯანიშვილის თეატრიდან გიგა ლორთქიფანიძე, მსახიობთა დასი წამოვიდა და რუსთავის თეატრი დააარსეს. გიგამ ბაბუა-ბებიას იქ მუშაობა შესთავაზა, რაზეც დათანხმდნენ. მოგვიანებით, როცა ეს ადამიანები მარჯანიშვილის თეატრში დაბრუნდნენ, მხოლოდ ბაბუას სთხოვეს იქ გადასვლა, მაგრამ ლეომ უარი უთხრა. არჩია, მეუღლესთან ერთად რუსთავში დარჩენილიყო. როგორც სცენაზე, ისე ცხოვრებაში ბოლომდე ერთად იყვნენ და ერთმანეთს ზურგს უმაგრებდნენ.
- საკმაოდ დიდხანს იცხოვრეს სოხუმში. როცა აფხაზეთის ომი დაიწყო და შემდეგ ქალაქი დაეცა, მისი რეაქცია თუ გახსოვთ?
- ბაბუა პატრიოტი იყო, განსაკუთრებით უყვარდა სამშობლო. სოხუმიც გამორჩეულად. ენით ვერ აღვწერ, როგორ განიცდიდა. კადრებად მახსოვს, ერთ ადგილას რომ ვერ ჩერდებოდა ოთახში, ბოლთას სცემდა. ლეოს შესახებ გამოცემულ ბუკლეტში, სოხუმის თეატრის ერთ-ერთი მსახიობი იხსენებს: ლტოლვილები რომ გავხდით, ლეო თავისი ჰონორარებიდან ფინანსურად გვეხმარებოდაო. მისი კოლეგებისა და მეგობრების მონათხრობიდან ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი და ბაბუას პიროვნების შესახებ ჩემი თვალსაწიერი კიდევ უფრო შეივსო. მაგალითად, ივერი ჭელიძის მოგონებიდან გავიგე, რომ ძმებს შამილ და ლევან ფილფანებს სვანეთში პირველებს ჰყოლიათ მოტოციკლი და ბაბუა თხილამურებზეც კარგად მდგარა.
- ძალიან ბევრ ფილმშია გადაღებული და კინოკარიერას თეატრს ისე uთავსებდა, არც ერთი ar დაზარალებულა. ჰყვებოდა გადაღებებზე? და თუ გამოარჩევდა რომელიმეს?
- მახსოვს ბაბუა დიდ ოთახში განმარტოვდებოდა და სამუშაო რვეულში როლზე რაღაცებს იწერდა. არასოდეს უთქვამს, თეატრში ან კინოში რომელი როლი უყვარდა გამორჩეულად, რადგან ალბათ, ყველა მნიშვნელოვანი იყო. ჩვენს პროფესიას ახლავს გულისტკენა და ამის გარეშე ლეოც ვერ იქნებოდა, მაგრამ ის ყოველთვის იმ ტკივილსა და წყენაზე მაღლა დგებოდა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიყვარული იყო და მისი ასეთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია თქმა, რომ ბაბუამ რაც მასწავლა, უპირველესად, ეს ადამიანთა სიყვარულია.
- ამბობენ ხოლმე, რომ „მთის კაცებს“ რთული ხასიათი აქვთ, უყვართ მკაცრი ტონით საუბარი, ფიცხებიც არიან და მრისხანეც. თქვენი მონაყოლიდან ასეთი შთაბეჭდილება არ მრჩება. შინ როგორი იყო?
- პატარა რომ ვიყავი, მაშინ ვფიქრობდი, რომ ბაბუა მკაცრი იყო. ერთ დღეს ბაბუასა და ბებიასთან ინტერვიუს ასაღებად ჟურნალისტი გვესტუმრა. სამი დედმამიშვილი ვართ, მყავს ძმა და და. მაშინ ჩემი და ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. მე და ჩემი ძმა ოთახში დავრბოდით, როცა ჟურნალისტმა ინტერვიუში ჩვენი ჩართვაც მოინდომა და მკითხა, ბაბუა როგორიაო? მკაცრი! - მოკლედ ვუპასუხე. სტუმარი რომ წავიდა, ნაწყენმა დამიძახა, ასე რატომ თქვიო? ჩემი წამოსროლილი სიტყვის გამო შემრცხვა და მივხვდი, გული ვატკინე. რომ შეხედავდი, მკაცრი და ჯმუხი გეგონებოდა, მაგრამ ძალიან გულჩვილი იყო, სათუთი ბუნება ჰქონდა.
- რომელ წლამდე იდგა სცენაზე?
- ბოლომდე, რუსთავის თეატრში 1995 წლამდე იდგა სცენაზე და მისი ბოლო ფილმიც „წითელი პატეფონი“ ამ წლით თარიღდება. სიმსივნე ჰქონდა და ბოლო წლებში ისე ენერგიული ვეღარ იყო, როგორც მანამდე. თავისი დიაგნოზი იცოდა. პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ ხვდებოდა. თავიდან თბილისში ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და შემდეგ ისინი ცალკე გადავიდნენ. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვე მათთან ვიყავი. მახსოვს, ბებიას ჩემზე დაუბარა, ამ გოგოს მიმიხედეო. ჩემს აუხდენელ ოცნებად დარჩა და ეს გულისწყვეტა ცხოვრების ბოლომდე გამყვება, რომ ბებიასა და ბაბუასთან ერთად ვერც სცენაზე დგომა მომიხერხდა და ვერც გადასაღებ მოედანზე. მგონია, მათთან პარტნიორობა კიდევ უფრო მეტს მასწავლიდა.
- როგორი იყო მისი ცხოვრების ბოლო დღეები, შინ გარდაიცვალა თუ საავადმყოფოში?
- 8 აგვისტოს 16 წლის გავხდი, 2 კვირაში კი ბაბუა გარდაიცვალა. მაშინ პირველად გავაცნობიერე, რა არის საყვარელი ადამიანის დაკარგვა და ეს იყო ძალიან მტკივნეული. ის ჩემთვის ბაბუაც იყო, მამაც, მეგობარიც და იმ ქვეყნად რომ „გაფრინდა“, დიდი ტკივილი დამიტოვა. ბოლო პერიოდში საშინელი ტკივილები ჰქონდა. გარდაცვალების დღეს შინ დედაჩემი, მე და ჩემი უმცროსი და ვიყავით. ბებია, მამა და მისი უფროსი ძმა წასულები იყვნენ. თითქოს ყველას დაელოდა სახლში მოსულიყვნენ, მერე ჩემს ხელებში დალია სული...
- 30 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან, როცა ადამიანები იგებენ, რომ ლეო ფილფანის შვილიშვილი ხართ, რომელი ემოცია ჭარბობს თქვენში: სევდა, სიამაყე თუ?..
- მისი გარდაცვალებიდან მალევე, საფლავზე მორიგi გასვლის დღეს, ერთ-ერთი რეჟისორის მეუღლემ მითხრა, - ლეო ფილფანის შვილიშვილი რომ ვიყო, ამას ხმამაღლა ვიყვირებდი და მთელ ქვეყანას გავაგებინებდიო. ვიფიქრე, ლეოს შვილიშვილი რომ იყო, მაგას ვერ იზამდი-მეთქი. ბაბუას თავმდაბლობა ჩვენზე ავტომატურად გადმოვიდა... ერთხელ, ბაბუაზე საუბრისას მეგობარმა მითხრა, როცა ლეოს სახელს ახსენებ და ამბობ, ვისი შვილიშვილი ხარ, ადამიანებში მის სახელს აცოცხლებო. იმ დღემდე ამაზე არასდროს მიფიქრია და როცა გავაანალიზე, მივხვდი, მართალი იყო. მას შემდეგ სადაც მივდივარ, ყველგან ხმამაღლა ვაფიქსირებ, მე ლეო ფილფანის შვილიშვილი ვარ-მეთქი და ამით ყოველ ჯერზე ვაცოცხლებ მის სახელს.
- ერთი სიტყვით რომ შეგეძლოთ ბაბუას პიროვნულ თვისებებზე საუბარი, პირველი რა იქნება - თავმდაბლობა?
- თავმდაბლობა და სიყვარული... ბაბუა იყო, ვინც მე და ჩემს ძმას ბუნება შეგვაყვარა, სოკოს საკრეფად ტყეში დავდიოდით, მამასთან ერთად მან გვასწავლა თევზაობა, რაც დღემდე კარგად გამომდის. და რაც მთავარია, მისგან პროფესიის და ადამიანების სიყვარული ვისწავლე. ერთ ზაფხულს, ბაბუას გადაღებებისგან თავისუფალი 10-დღიანი შუალედი ჰქონდა, მე და ჩემი ძმა სვანეთში წაგვიყვანა. თუ მანამდე ჩვენი მშობლები რაღაცების უფლებას არ გვაძლევდნენ, ბაბუამ სრული თავისუფლება მოგვცა. მის გვერდით თავი დამოუკიდებელ პიროვნებად ვიგრძენი. ის ზაფხული ჩემთვის განსხვავებული და განსაკუთრებული გამოდგა...
ანა კალანდაძე