კრიმინალური პოლიციელი, ტატუები და წუწუნი - ბლიც-ინტერვიუ მიშო თაბაგართან
სახელი, გვარი: მიშო თაბაგარი.
ასაკი: 32 წლის.
პროფესია: იუმორისტი.
ამჟამინდელი საქმიანობა: "ახალი შაბათის შოუს" მსახიობი და სცენარისტი, ტატუს ოსტატი.
ჰობი: მეღვინეობა.
ცხოვრების დევიზი: სიკეთის კეთება.
- მიმაჩნია, რომ კეთილი ადამიანი ცუდი, უარყოფითი პიროვნება ვერასოდეს იქნება. ამიტომაცაა ჩემი დევიზი, რომ ცხოვრებაში სიკეთე უნდა ვაკეთო. ყველას სიკეთის კეთებას ვურჩევ.
- შენს ჰობიზე - მეღვინეობაზეც მოგვიყევი...
- საერთოდ, ღვინოსa და ყურძენთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. ღვინოს ჩემთვის ვაკეთებ, ბოთლში ვასხამ, ჩემს სტიკერს ვაკრობ... ძალიან კარგია, როცა მაგალითად, საჩუქრად შენი დამზადებული ღვინო მიგაქვს...
- ვაზი შენი სახლის ეზოში გაქვს გაშენებული?
- კი, ალადასტური მაქვს.
- რამდენი ხანია, რაც მეღვინეობით ხარ დაინტერესებული?
- ბავშვობიდან. ჭიათურაში დიდი სახლი და მარანი მაქვს, 12 ჭურით. მეღვინეობას ბაბუა ბავშვობიდან მასწავლიდა. ეს საქმე შემიყვარდა. თბილისშიც ვცდილობ, ჩემი ვაზი, ღვინო მქონდეს... ვოცნებობ სადმე მთის ფერდობზე პატარა სახლი ავიშენო, წინ კი - დიდი ვენახი იყოს გაშენებული. იმედია, ოდესმე ამიხდება...
- მიშო, შენი აზრით, შენი წუწუნა პერსონაჟი, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებულად პოპულარულია, საზოგადოებას რას ასწავლის?
- არაფერს. უბრალოდ, ირგვლივ მისი მსგავსი ბევრი ადამიანია და ამ პერსონაჟში ხალხმა ეს ადამიანები დაინახეს. ერთმა კომენტარიც დამიწერა - ზუსტად მამაჩემივით ლაპარაკობსო (იღიმის). ხალხი ამ პერსონაჟში მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს ხედავს... საერთოდ, ასეთი ფრაზა არსებობს, - ვინც წუწუნებს, მეტი აქვსო... წუწუნაც ზუსტად ასეთი პერსონაჟია.
- ახალი პერსონაჟების შესაქმნელად, შთაგონებას რა გაძლევს?
- საერთოდ, პერსონაჟების შექმნა ცოტათი რთულია. შეიძლება სადმე, მაგალითად - საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვინმე რაღაცით (მეტყველებით, გარეგნობით...) გამორჩეული ადამიანი შეგხვდეს. შემდეგ ცდილობ, მას დაემსგავსო - ხმით, გარეგნულად... რა თქმა უნდა, საინტერესო უნდა იყოს. პერსონაჟი ასე იქმნება. უბრალოდ, რომ დაჯდე და პერსონაჟი მოიფიქრო, ასე არ ხდება. ვიღაცას უნდა დაემსგავსო, ვინც რაღაცით გამორჩეული და საინტერესოა. წუწუნას პერსონაჟით ზუსტად ჩემი მეზობლის პაროდიას ვაკეთებ.
- ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თავი ამოიცნო?
- არა, ჯერ ვერ ამოიცნო, რადგან პერსონაჟს ცოტა რაღაცები თავად მივამატე, თორემ ისე, ასეთი კაცია. მაგალითად, შვილის თემა თავად მოვიგონე. რეალურად, იმ ადამიანს შვილი საერთოდ არ ჰყავს.
- როგორ ფიქრობ, როგორი რეაქცია ექნება, როცა გაიგებს, რომ მას ასახიერებ? თან, უკვე ინტერვიუშიც ამბობ, რომ მის პაროდიას აკეთებ...
- ჯიგარია, კაცო! არაფერს მეტყვის, იმედი მაქვს (იცინის). უბრალოდ, კიდევ ერთხელ წაიწუწუნებს: - რა ვქნა, აბა? მეტის საშუალება არ მაქვს, უნდა ვიწუწუნოო, - მეტყვის და ეგ იქნება, მეტი არაფერი. შეიძლება გაუხარდეს კიდეც.
- მიმდევრებიც გამოუჩნდნენ - წუწუნას პერსონაჟს სოციალურ ქსელებში ბევრი ასახიერებს...
- კი, კი, ბევრი ცნობილი ადამიანიც, მგონი... ამას პერსონაჟის "გავარდნას" ეძახიან. მაგალითად, ადრე მამედას პერსონაჟი ისე "გავარდა", რომ ქუჩაში მისი ხმით საუბრობდნენ. წუწუნას რაც შეეხება, ამას წინათ საჩხერეში ვიყავი (ჭიათურაში ვცხოვრობ, საჩხერე კი მის გვერდით მდებარე ქალაქია, მოგეხსენებათ). მითხრეს, - თითქმის ყველანი წუწუნასავით ვსაუბრობთ, სიგარეტს ჩვეულებრივი ხმით ვეღარ ვითხოვთო... მოკლედ, ეს პერსონაჟი წუწუნს ნელ-ნელა თუ არ გადავაჩვიე, ხალხი ძალიან აწუწუნდა (იცინის).
- თავად შენ რა "გიწვრილებს გულს"?
- ცოტათი სენტიმენტალური ვარ. მაგალითად, ფილმის ან თუნდაც პატარა, გულთბილი ვიდეოს ყურების დროს "მიწვრილდება გული"... სხვა მხრივ - რავი, ერთი 100 წელი ღმერთმა ნუ "გამიწვრილოს გული" (იცინის)...
- იუმორისტული ვიდეოს შექმნა თუ ტატუს გაკეთება - შენთვის უფრო მეტად საყვარელი საქმე რომელია?
- აუფ... ჩემი საყვარელი საქმე უფრო იუმორის თემაა, რა, მაგრამ ტატუს კეთებაც მიყვარს. - "ბეემვე" თუ "მერსედესიო"? - დაახლოებით ეს მკითხე ახლა...
- შენ მიერ გაკეთებული რომელი ტატუთი ამაყობ?
- ერთი ტატუ ძალიან საინტერესო დასახატი იყო - არწივი მთლიან ზურგზე. დიდი მონდომებით ვიმუშავე. ნახატიც მომწონდა. ვამაყობ და მასთან ერთად სურათები გადავიღე-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგი გამოვიდა (იცინის).
- ისეთი ტატუ თუ გაგიკეთებია, რომელსაც იუმორისტული კონტექსტი ჰქონდა?
- ძალიან სასაცილო რაღაცები დამიხატავს, მაგალითად - მულტფილმის პერსონაჟი, ხელში ღვინის ჭიქით და ყვავილით - თავად მომხმარებელს როგორც სურდა...
- ტატუს გაკეთებასთან დაკავშირებით, ყველაზე უცნაური რა უთხოვიათ?
- ერთს სიდედრის სახელის გადაკეთება უნდოდა. ჯერ იმას ვერ მივხვდი, საერთოდ, სხეულზე სიდედრის სახელს რატომ იწერდა?! ძალიან უცნაური შემთხვევა იყო... გადავაკეთეთ - კარგი გამოვიდა.
- სხვა სახელად გადააკეთეთ თუ?..
- არა, უბრალოდ, გადავაფერადეთ - სხვა რაღაც, აბსტრაქტული დავახატეთ... ვიფიქრე, ალბათ, ნაძლევი წააგო და სიდედრის სახელი ამიტომ დაიწერა, თორემ ამას ვინ გააკეთებდა?! მაგალითად, შეიძლება, პირობა დადო - საქართველოს ნაკრებმა თუ მოიგო, სიდედრის სახელს ტატუდ დავიწერო ან რაღაც მსგავსი მოხდა...
- შენი ცოლ-შვილი რომელი პერსონაჟის ფანia?
- ბავშვი წუწუნას ფანია - მის პაროდიებს აკეთებს, მისი ხმით საუბრობს ხოლმე, მეუღლე - უფრო მამედასი. ცოლს წუწუნაზეც ეცინება, მაგრამ მგონი, მამედა უფრო მოსწონს, რადგან ჩემი პირველი პერსონაჟია, პოპულარული ამ გმირით გავხდი.
- შვილთან როგორ ურთიერთობ - იუმორით თუ სერიოზულად?
- იუმორითაც, მაგრამ ცოტათი - სერიოზულადაც. მაგალითად, ღამით, როცა დასაძინებლად ვწვებით, ამ დროს ვესაუბრები ხოლმე, სკოლაში რა ხდება... მინდა ბევრი მელაპარაკოს. გოგოა და მაინტერესებს, თავად რას მომიყვება. თითქმის სულ სერიოზულად ვსაუბრობთ. მერე ცოტას გავიცინებთ, გავხალისდებით, შემდეგ კი იძინებს.
- რომელიმე პერსონაჟი ოჯახის წევრის შთაგონებით თუ შეგიქმნია?
- არა. ჭიათურელი ვარ და ჭიათურელის პაროდიას ვაკეთებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახის წევრს ვასახიერებ.
- შენთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ყველაზე სახალისო რა კომენტარი წაგიკითხავს?
- აი, წეღან გითხარი კიდეც, რომ ვიღაცამ წუწუნას პერსონაჟის შესახებ დაწერა - ზუსტად მამაჩემის ტიპის ადამიანს ასახიერებო. ძალიან სასაცილო იმიტომ იყო, რომ წარმოიდგინე, რამხელა იუმორის გრძნობა უნდა გქონდეს, რომ სახალხოდ დაწერო - მამაჩემია ზუსტად ასეთიო. თან, გოგომ დაწერა... კიდევ ბევრ რამეს წერენ, ვერ გავიხსენებ...
- შენთვის რომელი პერსონაჟის თამაში იყო ყველაზე რთული?
- რაც მითამაშია, ჩემთვის რთული არც ერთი არ ყოფილა, რადგან ზოგადად, როცა პერსონაჟს "აკეთებ", შენში ისეა "გამჯდარი", რომ მისი განსახიერება არ გიჭირს. მაგალითად, ჩემთვის კახელის როლის შესრულება რთულია - ძალიან გამიჭირდება, დავიტანჯები...
- გიცდია?
- ჰო, მიცდია, მაგრამ ისეთი საშინელება იყო, რომ ძალიან ბევრი ვიცინეთ, მერე კი საერთოდ აღარ ვითამაშე. როცა ისეთი რამის კეთება გიწევს, რაც არ იცი, ვერც აკეთებ. კახელს თავისებური საუბრის მანერა, კილო ახასიათებს. ვერც აჭარული კილოთი ვსაუბრობ...
- კრიმინალური პოლიციელის როლის შესრულებისას, ყველაზე მეტად რა გართობს?
- ამ პერსონაჟს ზოგი ძალიან სერიოზულად უყურებს - კრიმინალური პოლიციელები ზუსტად ასეთები არიანო, მაგრამ ჩემი აზრით, სასაცილო გმირია. თუნდაც, მაგალითად, მისი ოჯახი ავიღოთ: პოლიციელს ნარკოდამოკიდებული ძმა ჰყავს, როცა ნარკომანებს თავად უნდა დასდევდეს. ძმაკაცები "ერთი ერთში" ჰგვანან - ყველანი ერთნაირები არიან... საერთოდ, ამ პერსონაჟთან დაკავშირებული სკეტჩების ჩაწერა ძალიან სახალისოა. ახლახანაც გავიდა ეთერში - თათიას პერსონაჟი ჩემს გმირსაც მოეწონა და ჩემი გმირის ძმასაც. ეპიზოდი რაღაცნაირად დასრულდა...
- კრიმინალურ პოლიციელებში როგორ რეაქციას იწვევ, როცა გხედავენ - თავს ხომ არ იმართლებენ?
- არა. ძალიან ჯიგრულად მხვდებიან. თან, მეუბნებიან, - თუ რამე დაგჭირდეს, ძმაო, აქ ვართო! რა უნდა დამჭირდეს?! მათი თავი ღმერთმა ნუ დამაჭირვოს, მაგრამ თუ რამეა, აქ არიან ბიჭები, არ არის პრობლემა (იცინის)...
- მეუღლე შენს იუმორისტულ კარიერას როგორ უჭერს მხარს?
- რაღაცებში ნელ-ნელა "ჩავითრიე" - პატარ-პატარა ვიდეოებს ერთად ვიღებთ. მგონი, საინტერესო გამოვიდა...
- ოჯახურ გარემოში, სასაცილო კომენტარების კეთება თუ გჩვევია?
- საერთოდ, სახლში არც ძალიან მხიარული ვარ, არც - ძალიან სერიოზული. მაგალითად, თუ სადმე სასეირნოდ მივდივართ, ბოლომდე ვიხარჯები. სახლში ცოტათი ვისვენებ.
- შენს საქმიანობაზე პოპულარობა როგორ გავლენას ახდენს?
- ჩემთვის პოპულარობა ძალიან კარგია, რადგან მაგალითად, გარეთ გასულს ბევრი ბავშვი, ახალგაზრდა მხვდება. ზოგი მოსვლას, სურათის გადაღების თხოვნას ვერ ბედავს. თავად მივდივარ ყველასთან. ვეუბნები, - მოდი, მოდი, გადავიღოთ-მეთქი... ზოგადად, პოპულარობა კარგია, ოღონდ - ცუდად არ უნდა მიუდგე: ზოგს პოპულარობა თავში აქვს ავარდნილი, ხალხს ერიდება, მე პირიქით - ხალხთან ურთიერთობა მსიამოვნებს... პოპულარობა საქმისთვისაც ძალიან კარგია, ბევრ რამეში გეხმარება: სადაც უნდა მიხვიდე, ყველა გცნობს. როგორც შეუძლიათ, პატივს გცემენ. მაგალითად, - თუ რესტორანში ხინკალი შეუკვეთე და შეკვეთა 2 საათში უნდა მოგიტანონ, 15-20 წუთში მოგიტანენ (იცინის)...
- უცნობი ადამიანები ყველაზე ხშირად შენი რომელი პერსონაჟის სახელით მოგმართავენ?
- მამედათი. წარმოიდგინე, ბევრმა დღემდე არ იცის, რა მქვია. ზოგს სომეხი ვგონივარ, ზოგს - აზერბაიჯანელი... რაც უფრო მეტ ვიდეოს ვაქვეყნებ, თანდათან უფრო ხვდებიან, რომ არც აზერბაიჯანელი ვარ, არც - სომეხი.
- მიშო, სამომავლოდ რას გეგმავ - მეტი იუმორისტული პერსონაჟი თუ მეტი ტატუ?
- აუ, ორივე კარგია, მაგრამ ალბათ, იუმორის მხრივ უფრო ვიაქტიურებ, რადგან ჩემი ძირითადი საქმე ეს არის.
ეთო ყორღანაშვილი