მეკარე, რომელსაც "დღის გმირი" უწოდეს - გზაპრესი

მეკარე, რომელსაც "დღის გმირი" უწოდეს

მერე კი ამ საქმეს მთელი სერიოზულობით მიუდგა და დღეს ამბობს, რომ ფეხბურთი მისთვის ყველაფერია. გთავაზობთ ინტერვიუს 21-წლამდელთა ნაკრების კარის მცველ ლუკა ხარატიშვილთან - მეკარესთან, რომელსაც "დღის გმირი" უწოდეს. მისი წვლილი ისტორიულ გამარჯვებაში მართლაც დიდია.

21-წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ხორვატიის ქალაქ რიეკაში, ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება, ძალიან დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა. ორი მატჩის საბოლოო ანგარიში 3:3 დაფიქსირდა. პენალტების სერიაში კი ლუკა ხარატიშვილმა ორი 11-მეტრიანის მოგერიება შეძლო და რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

- ლუკა, ამ დიდ გამარჯვებას გილოცავთ! რას განიცდიდით იმ წუთებში, ემოცია გამიზიარეთ.

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ეს საოცარი განცდა იყო. გამარჯვების უზომოდ დიდი სიხარული, რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებდა იმის გააზრება, რამდენად გავახარეთ ჩვენი ქვეყანა, გულშემატკივრები. ყველანი უზომოდ ბედნიერები ვიყავით. პატარა საქმე არ მოხდა, ამას ჩვენი შრომით, ჩვენი ერთიანობით მივაღწიეთ და საქართველოს დროშა უფრო მაღლა ავწიეთ.

- ამ მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. კარში დგომა ხომ დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასეთ დროს ალბათ, ეს განცდა გაორმაგებულია. ფსიქოლოგიური მომენტიც ძალიან დიდ როლს თამაშობს, არა?

- რა თქმა უნდა, ძალიან ემოციური მომენტი იყო. ვცდილობდი მოწინააღმდეგეზე მეც ფსიქოლოგიური ზემოქმედება მომეხდინა, მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავი და ჩვენთვის სასურველი შედეგიც მივიღეთ. ფეხბურთში ჩვენმა და წინა თაობამ თამასა მაღალ დონეზე ასწია. მაყურებელთა რეკორდული რაოდენობაც ამის დასტურია. ქომაგების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ და ეს უდიდესი მოტივაციაა. ახლაც თამაში რომ დასრულდა, იმდენი ემოციური ზარი და მესიჯი მივიღე, მარტო ამისთვის ღირდა ამ სპორტში ყოფნა.

- როდესაც შენს სახელს ათასობით ადამიანი სკანდირებს, ეს რა განცდაა?

- ამ ხმას სასწაული ემოცია მოაქვს, ხორვატიასთან თამაშზეც იყვნენ ქართველები ჩამოსულები. თითქმის ყველა გასვლით თამაშზე იმ ქვეყანაში მცხოვრები ქართველები მაინც მოდიან, ესწრებიან, გვამხნევებენ. ტრიბუნაზე შენს დროშას რომ ხედავ, შენს მშობლიურ ენაზე მოძახილი გესმის, ეს თითოეული ფეხბურთელისთვის უდიდესი ძალის მიმცემია. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც თამაშზე გვესწრებოდა, ვინც ეკრანებთან გვგულშემატკივრობდა.

- გამარჯვების შემდეგ, ვინ იყო პირველი, ვისაც საქართველოში დაურეკეთ?

- ოჯახის წევრებს დავურეკე, მათი ბედნიერი და გახარებული სახეების დანახვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა.

- ლუკა, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სპორტში?

- როგორც თავად მახსოვს და რასაც ჩემი ოჯახის წევრები მიყვებიან, ბურთი ყოველთვის ჩემი საყვარელი სათამაშო იყო. ბავშვობიდან მიზიდავდა ეს სპორტი და 6 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთზე მიმიყვანეს. ჩემი პირველი მწვრთნელი გოჩა ხიტირი გახლდათ, დიდი სიყვარულით მოვიკითხავ, ამ ადამიანმა ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა, სულ გვერდით მედგა. "ნორჩი დინამოელიდან" საბურთალოს გუნდში დავით ხიტირმა წამიყვანა, ამ ადამიანსაც დიდი სითბო და დაფასება ჩემგან. აქამდე თუ გართობას უფრო ჰგავდა ჩემი თამაში, ამ პერიოდიდან უკვე პროფესიონალურად მივუდექი, მინდოდა წარმატებებისთვის მიმეღწია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იმ მიზნამდე მივიდე, რომელიც ბავშვობიდან მქონდა.

- თავდაპირველად მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდით, მეკარე როგორ გახდით?

- კარში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, მეკარეობა "ნორჩი დინამოელიდან" დავიწყე. ის ბიჭი, ვინც კარში იდგა, ვარჯიშებზე ვერ დადიოდა, ხშირად აცდენდა და გუნდში ამ პოზიციაზე თამაში ყოველთვის პრობლემა იყო. სიმაღლე ხელს მიწყობდა და ინიციატივა გამოვიჩინე, გოჩა მასწავლებელს ვთხოვე, მე ჩავდგები-მეთქი. მონაცემები აღმომაჩნდა.

- პირველ წარმატებას როგორ გაიხსენებთ?

- პირველ წარმატებას შეიძლება პროფესიული სიამაყის განცდაც ეწოდოს - ეს მაშინ მქონდა, როდესაც 16-წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში გამომიძახეს და ჩემი ქვეყნის ჰიმნი ვიმღერე. ნაკრებში რომ თამაშობ, უკვე შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ და ეს სხვაგვარი განცდაა, სხვაგვარი პასუხისმგებლობა.

- პროფესიული უნარების გარდა, რა არის მთავარი ფეხბურთელისთვის, როგორი პიროვნული თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს?

- მებრძოლი ხასიათი უნდა გქონდეს. ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა. დროთა განმავლობაში, ბევრ დაბრკოლებას აწყდები, ცუდი ამბებიც შეიძლება შეგხვდეს, როგორც ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. ასეთ დაბრკოლებებზე თუ შეფერხდი და შენს თავთან ფიქრებში მაინც გატყდი, ეს იმას ნიშნავს, რომ დამარცხდი, ასე ვერაფერს მიაღწევ. ყველა პატარა დაბრკოლებას დიდი გამარჯვება მოჰყვება, ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. თუნდაც ახლო წარსული რომ გავიხსენო, ჩემს კარიერაში ყველაფერი დიდად სახარბიელოდ არ მიდიოდა. როცა ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებ და თამაშების ნაკლებობა აქვს, ძალიან ცუდია. რთულია, მაგრამ შენს თავში უნდა იპოვო ძალა, ეს ყველაფერი გადალახო. მე ასე მესმის, ასე მწამს, არ უნდა შეუშინდე, ბევრი რაღაც უნდა მოიკლო, მერე რა თუ ყველას დაბადების დღეზე ვერ წახვალ, დროზე უნდა დაიძინო, ბევრი იშრომო, რეჟიმი არ დაარღვიო.

- თქვენს შემთხვევაში, ეს რთული ეტაპი რით იყო განპირობებული?

- ვერ ვიტყვი, რომ ვარჯიშს ვაკლებდი, საკუთარ თავზე არ ვმუშაობდი. არიან ადამიანები, რომლის ხედვაშიც ვერ ჯდები. პატარ-პატარა დეტალისგან შედგებოდა ჩემი უთამაშებლობა, მაგრამ კარგია, რომ ეს პერიოდი წარსულში დარჩა და დიდი იმედი მაქვს, აღარც განმეორდება.

- ასეთი რთული პერიოდების გადალახვაში ყველაზე მეტად რა ან ვინ გეხმარებათ?

- საბედნიეროდ გვერდით ისეთი ადამიანები მყავს, რომლებიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მიბიძგებენ, მხარში მიდგანან გაბრაზებულ გულზე რაღაცას არასწორად თუ შევხედავ, მეხმარებიან, რომ სწორად ვიფიქრო. საკითხს, ამბავს მეორე მხრიდან შემახედონ. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ოჯახის წევრებს ვგულისხმობ. მათგან არ ვასხვავებ მეკარეების მწვრთნელს, წარსულში ჩემი მწვრთნელიც იყო, ალექსი აბრამიშვილს, რომელიც სულ ჩემ გვერდით არის. მან ჩემი ფსიქოლოგია, ხასიათი იცის. რაღაც ცუდი თუ ხდება, ჩემთან ჩნდება და ვიწყებთ ლაპარაკს. ხშირად 2-3 საათიც კი გვილაპარაკია.

- ოჯახი რამდენჯერმე ახსენეთ, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები?

- დედა, და, ჩემი შეყვარებული. სამწუხაროდ, მამა გარდაცვლილი მყავს. ბიძებთან, ბებია-ბაბუებთან, ნათესავებთან - ყველასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს.

- საკუთარ თავს რამდენიმე სიტყვით როგორ დაახასიათებთ?

- (ფიქრობს) ამ შეკითხვას არ ველოდი.

- მიზანდასახული რომ ხართ, ეს ჩანს თქვენი ნაამბობიდან.

- დიახ, მიზანდასახულობა მხოლოდ ჩემს პროფესიაში კი არა, ეს თვისება ზოგადად ყველა საქმეში მაქვს. რასაც ვიტყვი, იმას აუცილებლად ვაკეთებ. როცა რაღაც არ გამომდის, ისევ ჩემს თავთან მაქვს პრეტენზია. მტკიცე, მებრძოლი ხასიათის ვარ.

- მეგობრებთან, ახლობლებთან როგორი ხართ?

- თბილი, მხიარული, მოსიყვარულე... რა ვიცი, რთულია ამაზე ლაპარაკი. ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და განტვირთვის საუკეთესო საშუალება ოჯახის წევრებsa და ახლობლებთან ურთიერთობაა. ამის ფუფუნება ხშირად არ მაქვს, ფეხბურთი დიდ დროს მოითხოვს. ახლა ბათუმში ვთამაშობ, ჩემი ოჯახის წევრები კი თბილისში ცხოვრობენ და სულ მენატრებიან, ამ მონატრების შემდეგ შეხვედრა კიდევ სხვა ემოციაა.

2-copy-1733126347.jpg

- საუბრის დროს შეყვარებული ახსენეთ, ამ თემაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- პირადზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემი რჩეული მხარში მიდგას. მაქსიმალურად ცდილობს, ცუდი თამაშის ან პერიოდის შემდეგ გამამხნევოს, ჩემს საფეხბურთო კარიერაში მაქსიმალურად ჩართულია. მეხმარება, მიგებს, ჩემს რეჟიმს ითვალისწინებს. როდესაც სადღაც ვერ მივდივართ იმიტომ, რომ ჩემი საქმე გაფუჭდება, უკმაყოფილებას არასდროს გამოთქვამს. გამიმართლა, მას ჩემი ძალიან კარგად ესმის.

- რომ არა ფეხბურთი, რა პროფესიას აირჩევდით?

- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ისევ სპორტში ვიქნებოდი: მომწონს ჩოგბურთი, კალათბურთი. ამ ბოლო დროს პადელმა გამიტაცა. ჯერ კარგად ვერ ვთამაშობ, მაგრამ მოვინდომებ და დრო რომ მექნება, საფუძვლიანად შევისწავლი.

- ქომაგებთან ურთიერთობიდან, იმ ბევრი ზარიდან და წერილიდან, გამორჩეულად რა დაგამახსოვრდათ?

- როდესაც ქომაგებთან ვლაპარაკობთ, ისინი ყოველთვის გვეუბნებიან, რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებითო. ამ სიტყვებს მაგიური ძალა აქვს, ყველასი მადლობელი ვარ. უცხო ქვეყანაში რომ ჩავდივართ და მოედანი მათი ფანებითაა გადაჭედილი, სადღაც 4-5 კაცი მაინც ზის ქართული დროშით, ეს ჩვენთვის ბედნიერებაა.

- მეკარეებს შორის ფავორიტი გყავთ?

- დიახ, მამარდა საოცრებაა, უმაღლესი დონის მეკარეა, მის თამაშს ყოველთვის სხვაგვარი თვალით ვუყურებ და მსიამოვნებს. პოზიციურად როგორი მოთამაშეა, საოცარი მოქმედებები აქვს.

- ხორვატიასთან თამაშისას, პენალტების აღების დროს, ისეთი ნახტომები გქონდათ, მამარდას ჰგავდით, არა?

- ჩვენმა მეკარე ლევან თანდილაშვილმაც მითხრა, მიგამსგავსეო, სხვებმაც მითხრეს. საერთოდ, დიდ ყურადღებას ვაქცევ, როდესაც მეკარეს ფეხით თამაში შეუძლია. მომწონს ედერსონ მორაესი, შტეგენი. მანუელ ნოიერიზე ამბობენ, - კარგი მეკარეაო. ასეც არის, მაგრამ მე მისი ფეხით თამაში რატომღაც არ მომწონს. ძალიან მომწონს ჯორდან პიკფორდი, მაგის თამაშს რომ ვუყურებ, მასა და ჩემ შორის თითქოს მსგავს მოქმედებებს ვხედავ.

- მადლობა ინტერვიუსთვის!

- დიდი მადლობა თქვენ, ეს ყურადღება ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- თქვენ გამარჯვების სიხარული არ მოგვაკლოთ და ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნებით!

თამუნა კვინიკაძე