ქართველი გოგონას აფრიკული ცხოვრება - გზაპრესი

ქართველი გოგონას აფრიკული ცხოვრება

თბილი კლიმატითა და გრძელი მზიანი დღეებით - ეს სამხრეთi აფრიკაა და ამ ქვეყანაზე ძალიან ბევრ საოცარ ამბავს ია მირიანაშვილი გვიამბობს. სამი წელია, რაც ია აფრიკაში, მეუღლესa და ორ ულამაზეს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს... როგორ აღმოჩნდა ქართველი გოგონა ჯერ ჩინეთში, შემდეგ სამხრეთ აფრიკაში? როგორია მისი აფრიკული ცხოვრება, ვინ არის მისი მეუღლე და რა ტრადიციებზე იზრდებიან მისი შვილები? - ამის შესახებ ია თავად გვიამბობს.

- ჩემი აფრიკელი მეუღლე საქართველოში გავიცანი. 2010 წელი იყო, მაგისტრატურას ვასრულებდი და პარალელურად მოსწავლეები მყავდა ინგლისურ ენაში. "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" პროექტის ფარგლებში საქართველოს ინგლისურენოვან მასწავლებელთა ჯგუფი ესტუმრა, ისინი მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობდნენ და საჯარო სკოლებში ასწავლიდნენ. მათ შორის იყო ჩემი მომავალი მეუღლეც. ჩვენ გახლდით მისი მასპინძელი ოჯახი კახეთში. სამწუხაროდ, ენდი დიდხანს არ დარჩენილა საქართველოში, თუმცა, მისი წასვლიდან 3 წლის განმავლობაში სოციალური ქსელით მუდმივად ვწერდით ერთმანეთს. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ ბედი ერთმანეთისთვის დაგვეკავშირებინა, რაშიც დიდი როლი ითამაშა პროფესიის სიყვარულმა და საერთო ინტერესებმა. ორივეს გვიყვარს მოგზაურობა და ჩვენი ცოდნის გაზიარება. ენდი საქართველომდე სხვა ქვეყნებშიც ასწავლიდა ინგლისურ ენას, მათ შორის - ჩინეთში. ქორწინების შემდეგ სამ სხვადასხვა კონტიტენტზე ცხოვრებისა და სწავლების გამოცდილება შევიძინეთ. ახლა, 11 წლის შემდეგ რომ მკითხოთ, უდავოდ იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი.

- როგორი იყო თქვენი მოლოდინები აფრიკაში გამგზავრებამდე და რა დაგხვდათ იქ?

- სიმართლე გითხრათ, აფრიკაზე დიდად კარგი წარმოდგენა არ მქონდა. თუმცა ვიცოდი, რომ სამხრეთi აფრიკა ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყო ამ კონტინენტზე და ასეც აღმოჩნდა. გარდა ამისა, აქ დამხვდა ძალიან თბილი და უშუალო ხალხი, მრავალფეროვანი ეთნიკური წარმომავლობის, სადაც ოფიციალურად 11 სახელმწიფო ენაა. ძირითადი მოსახლეობა ზულუს და ქოზას ტომის წარმომადგენლები არიან, ასევე ჰოლანდიიდან ჩამოსულები, რომლებიც ცალკე - აფრიკანელ რასად ჩამოყალიბდნენ. ასევე შეხვდებით პორტუგალიელებს, ბერძნებს, ინდოელებს, აფრიკის კოლონიზაციის დროს ჩამოსული ევროპელების შთამომავლებს. სამხრეთ აფრიკაში დამხვდა ულამაზესი ლანდშაფტები, თვალუწვდენელი მდელოები, ორ ოკეანეს შორის მოქცეული ქვეყანა, ტურიზმის დიდი პოტენციალით, თბილი კლიმატითა და გრძელი მზიანი დღეებით. აქ მრავალფეროვანი სამზარეულო და საინტერესო ხალხია. არ ვიცი, მეტი რა ვინატრო?

- როგორც მითხარით, თქვენი მეუღლე ჰოლანდიელია. როგორია ჰოლანდიურ-ქართული ოჯახის აფრიკული ცხოვრება?

- მეუღლის წინაპრები ჰოლანდიიდან ჩამოვიდნენ სამხრეთ აფრიკაში. მამის მხრიდან ჰოლანდიელია, ხოლო დედა საკმაოდ ცნობილი გერმანული გვარის წარმომადგენელია. ჩვენი აფრიკული ცხოვრება თავგადასავლებით არის სავსე. ორივეს გვიყვარს მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა, მალე გვბეზრდება ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრება. ჩინეთში 7 წელი ვიყავით, საქართველოში 2 წელი და სამხრეთ აფრიკაში 3 წელია ვცხოვრობთ, მაგრამ ჯერ ვერ ამოვწურეთ ამ ქვეყნის საოცარი ადგილების მონახულება. კულტურათა სხვაობა ხანდახან იჩენს თავს, მაგრამ როცა ორი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი იწყებს ერთად ცხოვრებას და გააზრებული აქვს კულტურული თავისებურებები, მით უმეტეს, როცა ორივე ჩვენგანს ერთმანეთის ქვეყნებში ცხოვრების გამოცდილება გვაქვს, ყოველთვის ვპოულობთ გამოსავალს და ვითვალისწინებთ ერთმანეთის სურვილებს, საჭიროებებს, ეს იქნება ბავშვების აღზრდა თუ სხვა საჭირბოროტო საკითხები.

ოჯახში თანაბრად გვაქვს გადანაწილებული მოვალეობები. მეუღლე თუ სადილს გვიმზადებს, მე იმ დღეს ჭურჭლის რეცხვა მევალება და პირიქით.

- როგორი მენტალობით და ტრადიციებით ზრდით შვილებს და ზოგადად, როგორია თქვენი ოჯახური ტრადიციები? მაგალითად ურთიერთობები ოჯახის უფროს წევრებთან, დედამთილ-მამამთილთან?

- ბავშვებს ვზრდით ქრისტიანულად, არ ვკარგავ მნიშვნელოვან ქართულ ტრადიციებს. ორივე ჩვენს მშობლიურ ენებს ვასწავლით და თანაბრად ვართ ჩართული მათ განათლებასა და განვითარებაში. ბავშვებს ვუნერგავ მშობლებისა და უფროსების პატივისცემას. ხასიათზე რომც არ იყოს, ვალდებულია გაიღიმოს და უფროსს მიესალმოს, მოიკითხოს. ეს არ უნდა ხდებოდეს ნაძალადევად, ამის მაგალითს მშობლები უნდა ვაძლევდეთ. ვფიქრობ, მთავარი ბალანსის დაცვაა, ჩემს ქართულ სიმკაცრეს, მტკიცე ხასიათს მეუღლე ანეიტრალებს და ცდილობს, ბავშვებს უფრო მეტი თავისუფლება მისცეს, არჩევანის უფლება დაუტოვოს. საბოლოოდ, იმედი მაქვს, ასეთი მიდგომებით დისციპლინაც ყალიბდება და შინაგანად თავისუფალი ბავშვები იქნებიან.

- როგორია აფრიკაში ადგილობრივი აბორიგენების და შემდეგ ჩამოსული ხალხის ურთიერთობები?

- ადგილობრივი აფრიკული ტომებისა და ჩამოსული ევროპელების ურთიერთობა საკმაოდ კომპლექსურია, რაც სათავეს აპარtეიდის დროიდან იღებს. ეს იყო დისკრიმინაციის ყველაზე სასტიკი ფორმა. 1994 წლამდე, მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანაში - სამხრეთ აფრიკაში იყო აპარტეიდი - მოსახლეობის დაყოფა კანის ფერის მიხედვით. წლების შემდეგ კი მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. ნელსონ მანდელას სათავეში მოსვლის მერე ფერადკანიანებმა თავიანთი მიწები დაიბრუნეს და თეთრკანიანების შევიწროება დაიწყეს. ბოლო 17 წლის განმავლობაში რასობრივ ნიადაგზე 3 000 ბური მოკლეს, რის გამოც ისინი 22 ქვეყანაში გაიფანტნენ. მიუხედავად ამისა, მაინც ღარიბულად ცხოვრობენ და თეთრკანიანებს ისინი დასაქმებული ჰყავთ. დღეს მოსახლეობის ორივე მხარე პოზიტიურად არის განწყობილი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნაკლები კონფლიქტური სიტუაცია იყოს. ბავშვები ერთად სწავლობენ სკოლებში, ერთმანეთის აზრს ითვალისწინებენ და პატივს სცემენ... ის, რაც აერთიანებთ, არის რაგბი. მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ჰყავს. სხვათა შორის, წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. დღეს ქვეყანაში ისეთი ერთიანობა სუფევს, უკეთესს ვერ ინატრებთ.

- მაგრამ ალბათ, რაღაც მაინც არის თქვენთვის მიუღებელი.

- ჩემთვის მიუღებელია და პროტესტს იწვევს ფერადკანიანთა კულტურაში არსებული რამდენიმე სტიგმა. მაგალითად, აიფონი თუ არ გაქვს და ბრენდულ სამოსში არ ხარ გამოწყობილი, ოქროს სამკაულები თუ არ გიკეთია, არაფერს წარმოადგენ. ვალით იყიდიან ძვირად ღირებულ ნივთებს, ზოგმა მათი გამოყენებაც კი არ იცის, მთავარია სხვას არ ჩამორჩეს. სხვათა შორის, ეს დამოკიდებულება საქართველოშიც მაღიზიანებდა. ბევრი საერთო ვიპოვე ქართველებსა და სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ ფერადკანიანთა შორის. მაგალითად, ფერადკანიანებს არასოდეს არსად ეჩქარებათ, ჩართავენ ე.წ. აფრიკულ დროს და უნდა ელოდო მოთმინებით. ჩემთვის გამაღიზიანებელია, როცა არც საკუთარ და არც სხვის დროს არ აფასებენ, გამეფებულ კორუფციაზე რომ არაფერი ვთქვა... ძალიან მომწონს სადა და უბრალო ჰოლანდიელები, რომლებიც სხვის მოსაჩვენებლად არაფერს აკეთებენ. ისინი ქმნიან თავისუფალ და კომფორტულ გარემოს ურთიერთობისთვის. სამხრეთ აფრიკაში ჩამოსულმა ჰოლანდიელებმა, იmaვე ბურებმა რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა განვლეს, სანამ საკუთარ დასახლებებს შექმნიდნენ და ცალკე აფრიკანელ რასად ჩამოყალიბდებოდნენ. მათ უწევდათ როგორც ადგილობრივ ტომებთან, ასევე ბრიტანეთის უზარმაზარ იმპერიასთან გამკლავება. ეს დაპირისპირება ისტორიაში შესულია ანგლო-ბურების ომით. ბრიტანეთის კოლონიის ქვეშ ცხოვრების სირთულეებზე არ დავიწყებ საუბარს, ახლანდელ ყოფაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სამხრეთ აფრიკის სათავეში ფერადკანიანთა მმართველობაა და თეთრკანიანები დიდი უფლებებით არ სარგებლობენ, მათ განავითარეს ძალიან ძლიერი კერძო სექტორი. სახელმწიფოს გარეშე აგრძელებენ ცხოვრებას და თვითონ აგვარებენ ყველა პრობლემას. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში ელექტროენერგია გრაფიკით მოგვეწოდება. ბურებმა ყველა სახლის სახურავზე მზის ენერგიის პანელები დააყენეს და არ ელოდებიან სახელმწიფო როდის მიაწვდით ელექტროენერგიას, უფრო მეტიც, მათ იმხელა მზის ენერგიის ჰაბი შექმნეს, რომ სახელმწიფომ მათგან დაიწყო ელექტროენერგიის ყიდვა საკუთარი მოსახლეობისთვის. ბურები დაზიანებული გზების მშენებლობასაც საკუთარი სახსრებით ახერხებენ. განათლების სისტემას რაც შეეხება, საჯარო სკოლები უფასოა, თუმცა სკოლის საბჭოს ინიციატივით ვიხდით მინიმალურ გადასახადს, რათა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა შეიქმნას სკოლაში. მშობლების ფონდის დახმარებით ბავშვებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ძალებით იქმნიდე პირობებს ქვეყანაში და სახელმწიფო რას გაგიკეთებს არ ელოდებოდე. ვფიქრობ გასათვალისწინებელი პრაქტიკაა ჩვენი ქვეყნისთვის.

- ქართველები თუ არიან აფრიკაში და აფრიკელებმა რა იციან საქართველოს შესახებ? ასევე საინტერესოა თქვენი მეუღლე რას ფიქრობს ჩვენზე და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაზე?

- სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში, პრეტორიაში არის სამხრეთ აფრიკის საელჩო, სადაც ხშირად ვხვდებით ქართველები ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრნი არ ვართ. აქ ძირითადად 90-იან წლებში არიან ქართველები ჩამოსული, აქვთ საკუთარი სახლები და წარმატებული ბიზნესები, უმრავლესობა წარმატებული ექიმია. ჩემი მეუღლე რას ფიქრობს ჩვენზე? ზოგადად, საქართველო ძალიან უყვარს, ჩვენი ტრადიციებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე. ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს. ჯვრისწერამდე მოინათლა და არც იმის წინააღმდეგია, რომ ბავშვები ქართული სულისკვეთებით გავზარდოთ.

- აფრიკაში ქართულ სამზარეულოზე თუ აქვთ წარმოდგენა?

- დიახ, ძალიან უყვართ ხაჭაპური, ტოლმა, ჩაქაფული, ოსტრი და განსაკუთრებით ღომი, რადგან ეს პროდუქტი მათ კულტურაშიც მიღებულია. ხშირად მგონია, რომ აფრიკაში კი არა, სამეგრელოში გავთხოვდი. მამამთილი კი გიჟდება ნამცხვრებზე - იდეალზე, ნაპოლეონზე, შარლოტაზე... გამორჩეულად უყვართ ჩემi გამომცხვარი ჟოლოს ტორტი, ოღონდ, ცოცხალი ხილის გარეშე.

- ოჯახში ძირითადად რომელი ქვეყნისთვის დამახასიათებელ კერძებს ამზადებთ?

- ამ მხრივ დიდი მრავალფეროვნება გვაქვს, მე ქართულ და ჩინურ კერძებს ვამზადებ, რადგან ბავშვებს ენატრებათ ხოლმე ჩინური კერძები. გოგონა, რომელიც ახლა 8 წლის არის, 4 წლამდე ჩინეთში იზრდებოდა და ჩინელი ძიძა ჰყავდა. ხშირად ვუმზადებ წვნიანს და ბრინჯთან ერთად მიირთმევს. ხინკალზე მეტად, ჩინური პილმენი უყვარს. სახლში მომყავს ბოსტნეული, პომიდორი, კიტრი, სიმინდი და მწვანილები, ამ მხრივ განებივრებულები არიან. მეუღლე ხშირად მწვადს ამზადებს, ასევე აცხობს პურს და ამზადებს აქაურ ტრადიციულ კერძებს - ძირითადად საქონლისა და ბატკნის ხორცით, ათვისებული აქვს გერმანული სამზარეულოც.

- საქართველოში დასახლებაზე თუ გიფიქრიათ?

- საქართველოში პანდემიის დროს ვიცხოვრეთ 2 წელი, სახლიც შევიძინეთ ბათუმში. მეორე შვილი საქართველოშია დაბადებული. მიზეზი, რატომაც დავბრუნდით სამხრეთ აფრიკაში, არის ის, რომ ჩემი მეუღლე წასული იყო თავის ქვეყნიდან 10 წლის განმავლობაში და ძალიან ენატრებოდა... მე რომ ვიგრძნობ ჩემი ქვეყნის გაუსაძლის მონატრებას, აუცილებლად გაითვალისწინებს ჩემი მეუღლე და დავბრუნდებით. ერთმანეთის გათვალისწინება პრიორიტეტულია ჩვენს პატარა მულტიკულტურულ ოჯახში.

ხათუნა ბახტურიძე