"არ დათმოთ, ქართველებო, ევროპული მომავალი, მთელი სამხრეთი კავკასია, ჩემი ხალხიც კი თქვენ შემოგყურებთ..."
აფგან მუხთარლის საქმეზე - "მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დარღვევები დაადგინა. კერძოდ, საქმე ეხება 2017 წელს თბილისიდან აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებას, მის მიმართ არასათანადო მოპყრობას და ფარულ გადაყვანას საქართველოდან აზერბაიჯანში, მის შემდგომ დაკავებას და იქ წინასწარ პატიმრობას.
აფგან მუხთარლი ამტკიცებდა, რომ ეს ქმედებები მის გაჩუმებასა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის დასჯას ისახავდა მიზნად. მან საქართველოს მისი სავარაუდო გატაცების, არასათანადო მოპყრობის, აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის გამო უჩივლა; ასევე, ედავებოდა შესაბამისი ორგანოების მიერ საქმის ეფექტურად გამოუძიებლობას.
აზერბაიჯანს კი ჟურნალისტი დაკავების, უკანონო დაპატიმრების, არასათანადო მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, გამოხატვის თავისუფლების, ეფექტიანი დაცვის უფლების, გადაადგილების თავისუფლების დარღვევის გამო უჩიოდა.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ არ გამოიძია, rom დაკავების დროს აფგან მუხთარლის მიმართ გამოიყენეს ძალა, იძულება, დამამცირებელი მოპყრობა და წამება. ასევე, სახელმწიფომ არ გამოიძია მისი დაკავებისა და აზერბაიჯანისთვის გადაცემის ფაქტი. ამჟამად იგი ოჯახთან ერთად, გერმანიაში ცხოვრობს, გამოძიება კი გრძელდება. "გზა" მას ბერლინში დაუკავშირდა.
- როგორც ცნობილია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს თქვენს სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად - 10.000 ევროს გადახდა, ასევე ხარჯების, 2.500 ევროს გადახდა დააკისრა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ევროპულმა სასამართლომ მის მიმართაც დაადგინა კონვენციის მე-5 და მე-8 მუხლების დარღვევა. რა ხდება ამ მიმართულებით, რომელიმე ქვეყნის ხელმძღვანელობიდან დაგიკავშირდნენ?
- არა, არავინ დამკავშირებია. ის ძალოვანები, რომლებმაც ხელისუფლების ბრძანება შეასრულეს, მათ შორის, პროკურორი, რომელიც ჩემს საქმეში მონაწილეობდა, ქვეყნიდან გაიქცა ევროპაში, თავშესაფარს ითხოვს... ჩემმა ადვოკატმა სცადა მათთან კომუნიკაცია, მაგრამ დღემდე ველოდები რაიმე სახის სიგნალს. ერთ-ერთს, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, პირადად ვიცნობ, დღემდე მუშაობს ძალოვან უწყებაში. ჯერ საქმე არ დასრულებულა და არ ვაპირებ, გავჩერდე.
თანხას რაც შეეხება, მისი მიღება არ არის ჩემთვის პრიორიტეტი, არც ველოდი რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებისგან, რომ გადაიხდიდნენ. ვიცი, არც გადაიხდიან, რაც არ მადარდებს, მინდა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს, როგორ მუშაობენ დაკვეთით, როგორ არაფერს ნიშნავს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებისთვის ადამიანის უფლებები და, რაც მთავარია, მორალი...
როდესაც ყველაფერი დასრულდება, იმას ვგულისხმობ, რომ "ქართულ ოცნებას" უფრო მალე მოუწევს წასვლა, ვიდრე ალიევის რეჟიმს, სულ ცოტა, ევროპულ საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს მივიღებ და თბილისში ვიცხოვრებ; ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის სამშობლოსავით ტკბილია.
მე მაქვს სამშობლო, მაგრამ დღეს იქ ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, თუ იქ ვერ დავბრუნდები, მინდა მასთან ახლოს, კავკასიის რეგიონში ვიცხოვრო. ამ მხრივ კი საქართველო საუკეთესო არჩევანია, რადგან სომხეთში ჩემი ცხოვრება, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია.
ასე რომ, მჯერა, ქართველი ხალხი გაანგრევს ყველა იმ ბარიერს, რომელსაც ახლა ბიძინა ივანიშვილი და მისი მომხრეები უწესებენ. ჩვენთვის, აზერბაიჯანელებისა და ასევე, სომხებისთვის, ქართველები ევროპული ერია. შორიდან ეს უფრო მკაფიოდ ჩანს. თქვენ ევროპის, მისი კულტურის ნაწილი ხართ. ამიტომ მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს სომხებისთვისაც მნიშვნელოვანია. მათაც სურთ რუსეთისგან თავის დაღწევა, ამისთვის ფაშინიანი ყველაფერს აკეთებს და ამის არდანახვა შეუძლებელია. ამიტომ, მათთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ხალხს ძალიან უნდა, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. 2003 წლის პოლიტიკური ცვლილებების დროს, ჩვენ პატარა საქართველოს ვგულშემატკივრობდით. თქვენ უკეთესი სამყაროს არსებობაში დაგვაჯერეთ, ახლა კი უკან დახევა არ შეიძლება. თქვენს აქტიურობაზე რეგიონის ბედიც არის დამოკიდებული.
- როგორც ვხვდები, საქართველოში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებთ თვალს.
- დიახ, ასეა. ძალზე უხერხულია, ამ პარლამენტს არათუ დემოკრატიული, ზოგადად, პარლამენტი უწოდო. საბჭოთა საქართველოს დროსაც ასე იყო - ერთპარტიული პარლამენტი და უმაღლესი საბჭო, რომელიც ყველაფერს წყვეტდა. ამიტომ ვამბობ, რომ ვერ იქნება ლეგიტიმური პარლამენტი, შესაბამისად, ვერ იქნება ლეგიტიმური ხელმძღვანელობა, რომელსაც არათუ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ დიპლომატები, ევროპარლამენტი და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებენ.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტმა მათ წინააღმდეგ მისცა ხმა, მათ არ სურთ ეს ხელმძღვანელობა, მაგრამ ამას არაფრად დაგიდევენ. დიქტატურა სხვა არაფერია - გაჩუმდი, მე ასე მსურს, მე უნდა გმართო, მე ასე მინდა... ეს ყველაფერი ჩემთვის ნაცნობია. თუმცა, ჩემს ქვეყანასა და საქართველოს შორის უდიდესი განსხვავებაა და მაინც, საწყენია, რომ ქართველ ხალხს ართმევენ არჩევანის უფლებას.
ოლიგარქი ივანიშვილი და მისი გუნდი ებრძვის ქართველ, მართლაც თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელიც რეგიონში დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ლიდერი იყო. თქვენs ხალხს არასდროს, არსებობiს არც ერთ ეტაპზე, დიდ იმპერიებთან თუ მცირე ერებთან ბრძოლაში არ დაუთმია ყველაზე მთავარი ღირებულება, დამოუკიდებლობა. საბჭოთა კავშირის დროს, რეგიონში პირველი ცეცხლი თბილისში დაინთო. მახსოვს, როგორი ანთებული ვადევნებდით თვალყურს იქ მიმდინარე ამბებს და ჩვენთვისაც ეს უდიდესი იმედისმომცემი იყო. ახლაც ასეა... ვფიქრობ, ბრძოლისუნარიანი ქართველი ხალხი შეძლებს რთული სიტუაციიდან გამოსვლას. ეს თქვენ გენში გაქვთ. არ დათმოთ, ქართველებო, მთელი სამხრეთ კავკასია თქვენ შემოგყურებთ, ჩემი ხალხიც კი, რომელიც ახლა ალიევების ავტოკრატიით არის გაბრუებული... აქ არ არის საუბარი ვინმეს მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე ან იმაზე, რომ ვიღაცას პრემიერმინისტრობა თუ სხვა თანამდებობა უნდა, ქართველ საზოგადოებას გაცნობიერებული აქვს, თუ რა გზას გადის - ახლა ქვეყნის მომავლის ბედი წყდება. საქართველოს გზა ევროპულია. ქართველმა ხალხმა ახლა უნდა გადაწყვიტოს, წავა ევროპისკენ თუ აზიისკენ.
- ან რუსეთისკენ...
- რუსეთი არ არის ევროპა, აზიაა. ეს ქვეყანა მენტალურად, ცხოვრების წესით, ქვეყნის მართვის სტილით, ავტოკრატიით, კანონების შინაარსით, არც არასდროს ყოფილა ევროპა. ყოველთვის აზიური სახელმწიფო იყო. საბჭოთა კავშირის დროს უამრავი რესპუბლიკა გახდა მისი ნაწილი, შეისისხლხორცეს, საქართველო კი მაშინაც სხვა კულტურის, სხვა მენტალობის, სხვა ფასეულობების ქვეყანა იყო. იმდენად, რომ გარდამტეხ მომენტებში ყოველთვის ახერხებდა, თუნდაც სისხლის ფასად, წინ ერთი დიდი ნაბიჯი გადაედგა. მაშინ სისტემაზე გამარჯვება შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს ნაბიჯები გამარჯვების ტოლფასი გახლდათ... ჩვენგან ასე ჩანდა...
ამიტომაც მგონია, რომ ხალხი არც ახლა დანებდება, უარესებისთვის გაგიძლიათ. რუსეთში პროტესტს არასდროს მოუტანია შედეგი. ვინც გააპროტესტა, ყველა მოკლეს ან უვადოდ გამოკეტეს ციხეში, ან "უცხოეთის აგენტი" უწოდეს და ამ ინტერნეტის ეპოქაში, როდესაც ყველაფრის გადამოწმება, ალტერნატიული ინფორმაციის მოძიება შეიძლება, მასა დააჯერეს, რომ ისინი ყველაფერში მართლები არიან და დანარჩენი ცივილიზებული სამყარო ტყუის.
ასე იქცევა ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნებაც" - მათთან ყველა "ტყუის", მხოლოდ თავად არიან მართლები. თურმე "რუსული კანონი" სინამდვილეში ქართულია და არჩევნები არ გაყალბებულა. ვიცი, პარტიის პროპაგანდისტებმა როგორ იმუშავეს აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში. ჩართეს კომერციული კომპანიები, რომელთაც ფინანსური მხარდაჭერისთვის წარმატებით იყენებენ. ყველა მექანიზმი გამოიყენეს გასაყალბებლად, არადა, ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ოპოზიციას უჭერდა მხარს და ახლაც ასეა.
ახლა საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ დარჩა მისი ღირსეული მემკვიდრე - რუსეთი, რომელიც სარწმუნოებით ცდილობს სპეკულირებას. თუმცა, როგორ შეიძლება ერი მორწმუნე იყოს, როდესაც მისი ხელისუფლება თავს ესხმის მეზობელ სახელმწიფოს, ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს, ქალებს, ბავშვებს, იტაცებს მის ტერიტორიებს და რუსულ ჭაობში ითრევს... ეს ხომ მხოლოდ პროპაგანდაა, ამ დროს კი, ვითომ ევროპა ართმევს რწმენას, არადა, ახლოსაც არ არიან ჭეშმარიტ რწმენასთან... ადამიანებზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ, აშანტაჟებენ, თურმე ევროპას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, მაშინ, როდესაც თავად იწყებენ ომს, უმიზეზოდ. ვიღაცებს, მათ შორის აქ მყოფ ქართველებს ამის მართლა სჯერათ და გულწრფელად გპასუხობენ, - "ქართული ოცნება" არ მომწონს, მაგრამ მშვიდობა მინდაო. კარგია, რომ უმეტესობა არ არის ამ აზრზე, უმრავლესობამ ევროპული მომავალი აირჩია და ამიტომაც არის ხალხი ასე გაღიზიანებული. ეს მაძლევს იმედს, რომ ამ მუხტს ვერაფერს მოუხერხებენ.
- სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ევროპელ ლიდერად აღიქმება, ცდილობს, ყველა პლატფორმაზე ხმა მიაწვდინოს საერთაშორისო საზოგადოებას. ფიქრობთ, რომ მისი აქტიურობა შედეგს გამოიღებს?
- დიახ, რადგან ქართველი ხალხი უმაგრებს ზურგს. ამიტომაც მჯერა მისი და ქართველი ხალხის. სხვა გამოსავალი არ არსებობს. თუ მათ სტაბილური ცხოვრება და ევროპული მომავალი სურთ, უნდა იბრძოლონ, ყველა ცივილიზებული გზით დაიცვან თავიანთი არჩევანი, რათა შვილებს საბჭოთა კავშირის მსგავს, საშინელ გაერთიანებაში არ მოუწიოთ ცხოვრებამ. არ ვიცნობ ისეთ ქართველს, ვისაც საბჭოთა კავშირის, რუსული იდეოლოგიის წინააღმდეგ არ უბრძოლია. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, მასთან "სიახლოვეს" რა მოაქვს.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია და მისი თანამებრძოლები რეგიონში იყვნენ მაგალითი იმისა, რომ კომუნისტურ სისტემასთან ბრძოლასაც აქვს აზრი. ახლა სხვა რეალობაა, ახლა მსოფლიო ყველაფერს ხედავს, საქართველოს თავისი ადგილი აქვს დამკვიდრებული დემოკრატიულ სამყაროში, ის აღარ აღიქმება რუსეთის ნაწილად... ასე რომ, მჯერა, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, ეს მხოლოდ საქართველოს კი არა, რეგიონს სჭირდება.
ლალი პაპასკირი