თამთა შედანია - საქართველოში, სამოდელო სფეროს სისტემის ხარვეზებსა და ახალ წამოწყებაზე - გზაპრესი

თამთა შედანია - საქართველოში, სამოდელო სფეროს სისტემის ხარვეზებსა და ახალ წამოწყებაზე

წარმატებულმა მოდელმა დიდი გზა გაიარა, ახლა კი მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას: საკუთარი სამოდელო სააგენტო და აკადემია დააფუძნა. რა იყო ამ საქმის წამოწყების მოტივაცია და ჩვენს ქვეყანაში, სამოდელო სფეროში რა ხარვეზებს ხედავს, ამის შესახებ გამოცდილი მოდელი გულახდილად გვესაუბრა...

- დიდი ხანია, ჩემი სააგენტოს და აკადემიის შექმნაზე ვფიქრობდი. გეგმის მიხედვით, ყველაფერს ეტაპობრივად ვახორციელებდი. მინდოდა, ჩემი ცოდნისთვის, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებისთვის თავი მომეყარა და ერთი მიმართულებით გამეშვა - დამწყები მოდელებისთვის შანსი მიმეცა, საქართველოდან საზღვარგარეთ, იმ ცნობილ სააგენტოებში წასულიყვნენ, სადაც თავად ვმუშაობდი და მსოფლიოს მასშტაბით, წარმატებული მოდელი ვიყავი. სააგენტოსთან ერთად, აკადემიაც იმიტომ შევქმენი, რომ მინდა გოგონებს საშუალება მივცე, შეცვალონ ფოტოპოზირება, სიარულის მანერა, თუნდაც სამოდელო სფეროს მიმართულებით ინტერესი არ ჰქონდეთ. საკუთარ თავში ცვლილებების განხორციელება ბევრს სურს, მაგრამ ის ფაქტი აბრკოლებთ, რომ სამოდელო პარამეტრები არ აქვთ - სააგენტოში ვერ მივლენ. ჩემი აკადემიით შანსს ყველას ვაძლევ, რომ ცოდნა გავუზიარო და საშუალება მივცე, დაამუშაონ საკუთარი "მინუსები", ისწავლონ, განვითარდნენ... მსურდა, სიღრმისეული, საგანმანათლებლო აკადემია შემექმნა, რომელიც მოსწავლეებს პიროვნული ზრდის მიმართულებით ტრანსფორმირების საშუალებას მისცემდა. ამიტომ 4 ტიპის ლექცია გავაერთიანე, რომელიც ერთმანეთთან ძალიან პროპორციულად "ჯდება" და ზუსტად იმ "პროდუქტს" ვიღებთ, რაც ადამიანის ტრანსფორმირებას სჭირდება: პიროვნული ზრდა, ფოტოპოზირების ტექნიკა, სიარულის მანერა-დეფილე და იოგა მაგალითად, ფოტოპოზირების ტექნიკის ლექციაზე ნახევარი საათი თეორიული მასალის სწავლება მიმდინარეობს, ნახევარი - პრაქტიკული, ანუ ადამიანს შეუძლია, ლექციაზე მიღებული ინფორმაცია ადგილზევე დაამუშაოს, პროფესიონალ ფოტოგრაფთან მუშაობითა თუ ჩვენებებში მონაწილეობით. სწავლების პროცესში, ვინც პროგრესს განიცდის და ვნახავ, რომ გარეგნობაც ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ჩემივე სააგენტოში მოდელად ავიყვან. რაკი საერთაშორისო ბაზარზე თუ საქართველოში არსებულ სააგენტოებთან მუშაობის გამოცდილება მაქვს, საუკეთესო "ფორმულა გამოვიყვანე", რომელიც მოდელის დასაქმებაზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს... ძირითადად, ეს სისტემა ასე მუშაობს: ქუჩიდან მოსული გოგონა სააგენტოში მიდის, მას კონტრაქტს უფორმებენ. გოგონა აზრზე არ არის, საერთოდ, ამ სფეროში ყოფნა უნდა თუ არა - გაურკვევლობაშია, ამ დროს კი უკვე კონტრაქტის დაქვემდებარებაშია, რაც ერთგვარად, მარწუხებია მისთვის... ასე რომ, სააგენტოში ისეთი გოგონები მეყოლება, რომლებიც მეცოდინება, რომ თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, დამკვეთთან კარგად იმუშავებენ. ჩემს სააგენტოში მოსახვედრად, აკადემიის გავლა აუცილებელია.

- თამთა, საქართველოში თავად პოპულარული "მის საქართველოდან" გახდი. მანამდე სამოდელო სფეროში რა გამოცდილება გქონდა?

- აკადემიის შექმნის გადაწყვეტილებაზე იმ ფაქტმა მოახდინა მნიშვნელოვანი ზეგავლენა, რომ 2007 წელს, "ელიტ მოდელ ლუქის" ფრანგმა წარმომადგენელმა ამირჩია და გამარჯვებული გავხდი, მაშინ სრულიად გამოუცდელი, 14 წლის გოგონა საფრანგეთში გავემგზავრე. ამ სფეროში საბაზისო ინფორმაციაც კი არ მქონია. არ ვიცოდი, რა იყო პოლაროიდის ფოტოები, ფოტოგადაღება, სააგენტო, მოდელობა... მთელი ბავშვობა "ფეშენ ტივის" ვუყურებდი. 90-იან წლებში სხვა საშუალება არ იყო, რომ მოდის სფეროზე მეტი ინფორმაცია მიმეღო. ამიტომ გაურკვევლობაში აღმოვჩნდი. ჩემს მერე, კიდევ დიდხანს, გოგონებს იმ განათლებას არ აძლევდნენ, რაც მათ საზღვარგარეთ, სააგენტოებთან მუშაობისას სჭირდებოდათ. აქედან გამოუცდელები მიდიოდნენ. ასეთ დროს ბევრ სირთულეს აწყდები. როცა ადამიანმა იცი, რა გელოდება, ნაკლებად შფოთავ, ნაკლებად დაძაბული ხარ და ზოგადად, ყველაფერს უფრო მარტივად აღიქვამ, რაც შენს თავს ხდება. თავად ყველაფერი "გზადაგზა" ვისწავლე სააგენტოებთან მუშაობით... ამ ყველაფერმა "გამზარდა". ამ სფეროში გარკვეული ცოდნა თავიდანვე რომ მქონოდა, რა თქმა უნდა, მუშაობა გამიიოლდებოდა, პროფესიულად ხელს შემიწყობდა. დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია, ბევრად მაღალ მწვერვალზე ვიქნებოდი. ვფიქრობ, ჩემი მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი, რამაც "ტოპმწვერვალზე" ვერ ამიყვანა, ეს იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ თავის დროზე, როცა ვმოდელობდი, საკმარისად ბევრს მივაღწიე, საქართველოსა თუ საზღვარგარეთac. დამწყები მოდელისთვის ჯობია, ინფორმირებული იყოს, თბილისში პრაქტიკა გაიაროს, გაეცნოს, რა ხდება ამ სფეროში, შემდეგ კი დასაქმდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ უკვე მხოლოდ კვალიფიკაციის ასამაღლებლად წავა... კონკურსებს რაც შეეხება, როცა "მის საქართველოში" ვმონაწილეობდი, უკვე შემდგარი მოდელი გახლდით. ვიცოდი სცენაზე თავდაჭერა, ფოტოპოზირება რა იყო, ანუ შემდგარი პიროვნება ვიყავი. იმ სიტუაციაში, ჩემი კანდიდატურა იდეალურ ვარიანტად განიხილებოდა, ვინც საქართველოს წარადგენდა, მაგრამ სილამაზის კონკურსებზე მონაწილეთა ბედი მხოლოდ სილამაზით არ წყდება - ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორია. ამ თემაზე ბევრ ინტერვიუში ვისაუბრე... ერთადერთი, რაც სილამაზის კონკურსმა მომიტანა, ტიტული და ხალხის სიყვარულია. ხალხს დღემდე ვუყვარვარ. ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესია. სასიამოვნოა, როცა შენი ქვეყნის ყველაზე ლამაზ ქალად გაღიარებენ. ეს ისეთი ტიტულია, რომ რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ყოველთვის თან დაგყვება - უვადოა (იღიმის).

- სილამაზის კონკურსებში შენი სააგენტოს მოდელების მონაწილეობის საკითხი შენთვის რამდენად საინტერესოა?

- ჩვენი სააგენტო უფრო მოდის მიმართულებითაა დაინტერესებული და არა - სილამაზის კონკურსებით, მაგრამ სამომავლოდ, არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება. ამ ეტაპზე, რეგიონული, მასშტაბური მასტერკლასებით ვარ დაკავებული. ასეთი მასტერკლასი თბილისში უკვე მეშვიდედ ჩავატარე. ახლა გორში ვგეგმავ. მინდა, ახალ თაობას მოდის სფეროში თავის გამოვლენის საშუალება მივცე. უკვე ბევრი კმაყოფილი გოგონა მყავს, რომლებიც მეუბნებიან, რომ მათში ცვლილება მოხდა, სიარულის მანერა შეცვალეს, ფოტოპოზირების ტექნიკა დახვეწეს, ბევრად თავდაჯერებულები გახდნენ... გორის მერე მასტერკლასების ჩატარებას ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში ვფიქრობ. მინდა ახალი სახეები სწორედ რეგიონებიდან ავიყვანო და მივცე საშუალება, მოდის ინდუსტრიაში წარმატებას მიაღწიონ.

- შენი გამოცდილებით გვითხარი, მოდის სამყაროს ტენდენციები როგორ იცვლებოდა? დღეს მოდელები რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ?

- დიდი ხანია, სტანდარტული კრიტერიუმები და პარამეტრები დაირღვა. ბოლო დროს ყურადღებას აქცევენ ინდივიდუალიზმს, შინაგან შარმს, ქარიზმას, ხასიათს... აუცილებელი არაა, პარამეტრებში იდეალურად "ჯდებოდე". აუცილებელია, რაღაც შენი სახასიათო გქონდეს, რაც სხვებისგან გამოგარჩევს. სწორედ მატილდას შემთხვევა მინდა, აღვნიშნო - ზუსტად ისეთი ტიპაჟია, რომელმაც ამხელა აუდიტორიის გული მოიგო. Victoria’s Secret-ს კასტინგზე ბევრი ლამაზი, სრულყოფილი გოგონა მონაწილეობდა - ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ შინაგანი ქარიზმა, ინდივიდუალიზმი, თუ როგორ გამოხატავ საკუთარ თავს, დღეს ყველაზე მეტად ღირებულია და პარამეტრებზე "ზემოთ დგას".

- თავად როდის გააცნობიერე, რომ უკვე საკუთარ თავს ფლობდი, საკმარისად თავდაჯერებული იყავი?

- არ არსებობს ადამიანი, რომელსაც კომპლექსები არ აქვს და სრულყოფილად თავდაჯერებულია, მაგრამ მთელი ცხოვრება საკუთარ თავზე ვმუშაობთ, ვვითარდებით... ვერ ვიტყვი, რომ დიდი კომპლექსები მქონდა და თავდაჯერებული არ ვიყავი: ბავშვობიდან დამოუკიდებელი, მებრძოლი გახლდით. ვიცოდი, რა მინდოდა, მიზანზე ორიენტირებული ვიყავი. ნებისმიერი მიმართულებით, ცხოვრებაში ჩემთვის წარმატების მომტანი ჩემი მიზანდასახულობა და მისთვის ბრძოლა იყო საკუთარი თავის გამოწვრთნის უნარი გამომიმუშავდა. ასეთ დროს ადამიანს თავდაჯერებულობაც გიმაღლდება. ყოველდღე იმისთვის ვცხოვრობ, რომ საკუთარი თავი განვავითარო და დავუმტკიცო, რომ დღეს გუშინდელზე უკეთესია.

- დროის მართვის უნარს როგორ ფლობ, რომ პირად ცხოვრებასაც და საქმესაც ყურადღება არ მოაკლო?

- დროის მენეჯმენტის უნარი პატარა ასაკში გამომიმუშავდა, როცა საზღვარგარეთ საცხოვრებლად მარტო წავედი. დრო ზუსტად უნდა გამენაწილებინა. გვერდით ოჯახის წევრები არ მყავდა. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს ჩემს თავზე სრული პასუხისმგებლობა უნდა ამეღო. შესაბამისად, დროის მართვის უნარი ისე რეფლექსურად მაქვს გამომუშავებული, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, უამრავი საქმის მიუხედავად, ჩემს ოჯახსაც სათანადო ყურადღებას ვაქცევ და რა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც - ადამიანმა შენი თავი არ უნდა დაივიწყო. ყველაფრის ბალანსირებას ვახერხებ და ეს სიამოვნებას მანიჭებს.

- 2 შვილის დედა და საქმიანი ქალი იდეალურ ფორმაში ყოფნას როგორ ახერხებ?

- თუ მოინდომებ, ცხოვრებაში არაფრის ლიმიტი არ არსებობს. "არ შემიძლია", "არ გამომდის" - ამ ყველაფერს საკუთარ თავს თავად ვუწესებთ. თუ მოინდომებ, ყველაფრის დაბალანსებას და დროის მენეჯმენტს შეძლებ. დაკავებულობის მიუხედავად, საკუთარი თავი არავინ უნდა დაივიწყოს. უპირველეს ყოვლისა, პიროვნებად სწორედ საკუთარი თავის სიყვარული გქმნის. ყოველ დილით, პირველ რიგში, ჩემი თავისთვის ვიპრანჭები. სახლიდან სავარჯიშოდ იმიტომ გავდივარ, რომ ტონუსში ვიყო და საკუთარ თავთან ჰარმონიული დამოკიდებულება მქონდეს. შემდეგ, როცა მენტალურად, ფიზიკურად კარგად ხარ, საქმეც კარგად გამოგდის ადამიანს...

- შვილებზე ზრუნვაში ვინმე გეხმარება?

- არა. ჩემი შვილები უკვე გაიზარდნენ: ერთი სკოლაში დადის, მეორე - ბაღში (იღიმის).

image00004-1733128199.jpg

- შენს ახალ წამოწყებაში მეუღლე მხარს როგორ გიჭერს?

- მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთის საქმიანობას მხარს ძალიან ვუჭერთ. მისგან რჩევებს ყოველთვის ვიღებ.

- დაბოლოს, რას ურჩევ ქალებს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ მოდელობა მოზარდების საქმეა და ეს პროფესია ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში სრულდება?

- ასეთი არასწორი შეხედულებების ტენდენცია განათლების, ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში არსებობდა. მოდელობა სერიოზულ პროფესიად არ აღიქმებოდა, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში, ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად პროფესიად მიიჩნევა, რადგან მაგალითად, გოგონას შეუძლია, პატარა ასაკში იმხელა თანხა იშოვოს, რაც შესაძლოა, ადამიანმა მთელი ცხოვრება ვერ გამოიმუშაოს. ბოლო პერიოდში, სამოდელო სფეროს მიმართ არასწორი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაშიც შეიცვალა, პირიქით - ბევრ გონებაგახსნილ მშობელს ვიცნობ, ვინც შვილს შესაბამის მონაცემებს ბავშვობიდანვე უვითარებს და მის წარმატებაზე ზრუნავს...

ეთო ყორღანაშვილი