„ერისიონი“ მორიგი საახალწლო კონცერტისთვის ემზადება
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს. წლევანდელი პროგრამა „ქართული საგანძური“ არაერთი სიახლით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით იქნება დატვირთული. მოახლოებულ კონცერტსა და ანსამბლის სხვა გეგმებთან დაკავშირებით, „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი შერმანდი ჭკუასელი გვესაუბრება.
- რამდენიმე წელია ყოველი წლის ბოლოს, „ერისიონი“ წინასაახალწლოდ კონცერტს მართავს. თუ ერთეულ გამონაკლისს არ ჩავთვლით, ასე იყო მაშინაც, როცა ბატონი ჯემალი და ბატონი რეზო ჭოხონელიძე ცოცხლები იყვნენ და შემდეგშიც. ანსამბლი მუშაობას არასოდეს წყვეტდა. არ დავიტრაბახებ და არ ვიტყვი, რომ ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში-მეთქი, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროს ამას კიდევ უფრო სისტემატური ხასიათი მიეცა და წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და საახალწლოდ თბილისში კონცერტს ვმართავთ. ვცდილობთ მაყურებელს საახალწლო საჩუქარი გავუკეთოთ და „მივართვათ“ კარგი სანახაობა. წელს ბევრი სიახლე გვაქვს, როგორც ქორეოგრაფიულ ნაწილში, ისე სიმღერის კუთხითაც - რამდენიმე ახალი სიმღერა შესრულდება. ორსაათიანი პროგრამა თითქმის ყველა კუთხის სასიმღერო და ქორეოგრაფიულ ნიმუშს მოიცავს. საერთო ჯამში, ეს იქნება საათივით აწყობილი, შთამბეჭდავი და სანახაობრივი „სპექტაკლი“.
- დღეს ანსამბლში სულ რამდენი წევრია?
- 70-მდე. გვყავს სტაჟიორებიც, ძალიან კარგი ახალგაზრდები და ისინი იმავე პროგრამას სწავლობენ, რომელსაც ძირითადი ანსამბლი გადის. მოგეხსენებათ, წლები თავისას შვრება და შემდეგ ამ ქალ-ვაჟებით ხდება ანსამბლის უკვე ახალი მოცეკვავეებით შევსება. შესაბამისად, გვყავს როგორც 20-22 წლის წევრები, ისე 46-48 წლის. ძირითად შემადგენლობაშია რამდენიმე ისეთ მომღერალიც, რომლებიც უკვე 30 წელია „ერისიონის“ წევრები არიან. ისინი სხვადასხვა გუნდში იზრდებოდნენ და შემდეგ სკოლას რომ ამთავრებდნენ, ბატონი ჯემალი მათ ანსამბლში იღებდა. ასე რომ, „ერისიონი“ სხვადასხვა ასაკის მსახიობებით არის დაკომპლექტებული.
- მამათქვენის დროს და შემდეგაც, თქვენი ინტერვიუები თუ ანსამბლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ხშირად ვრცელდება, თუმცა, როგორც ვიცი, ახლა „ერისიონის“ შესახებ დასაბეჭდად წიგნი მზადდება. რა ფორმატის და დატვირთვის მატარებელი იქნება ის?
- მოგეხსენებათ, ჩვენ ლადო აღნიაშვილისა და იოსებ რატილის მიერ შექმნილი, პირველი ქართული „ხოროს“ მემკვიდრეებად ვითვლებით და წიგნში ანსამბლის 140-წლიანი ისტორია იქნება მოთხრობილი. მასზე ქალბატონი ირმა ბერიძე მუშაობს. ზღვა მასალის თავმოყრა ერთგვარი მხატვრული ნაწარმოების სახით მოხდება და გამდიდრდება მოგონებებით, ფოტოებით. ისტორიული რომანები ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. როცა კითხვას ვიწყებდი, თავს ვერ ვანებებდი და იმედი მაქვს, ესეც ასეთივე საინტერესო წიგნი იქნება.
- წიგნისთვის თქვენც დაწერთ რამეს?
- ალბათ, შევა ჩემი მოკლე შემოქმედებითი ბიოგრაფია და მოგონებებიც. წელს, 15 ნოემბერს 9 წელი გახდა, რაც ანსამბლს „ერისიონი“ ვხელმძღვანელობ. ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, როცა მამამ ქუთაისის ანსამბლში წამიყვანა. საერთო ჯამში, 44 წელია, ამ საქმეში ვარ, მაგრამ წლებმა თვალის დახამხამებასავით გაირბინა.
- თუ დაფიქრებულხართ, მამას რომ არ დაეყენებინეთ ამ გზაზე და ფოლკლორის სამსახურში არ ყოფილიყავით, რა იქნებოდა თქვენი პროფესია და საქმე?
- პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, გეოლოგი ვიყავი, მაგრამ გული ვერ დავუდე, მხოლოდ ერთი კურსი ვისწავლე და შემდეგ გამომრიცხეს. ჩვენი გზა იყო სიმღერა და როცა მამამ გადაწყვიტა მემღერა, ვფიქრობ, მართალი იყო. მამამ ქუთაისის ანსამბლში თავისთან რომ წამიყვანა, იქვე ჩავაბარე მუსიკალურ ტექნიკუმში. 2 წლის შემდეგ, ჩემი პედაგოგის, მაესტრო ჟორა ლომთაძის რჩევით, სწავლა ქუთაისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გავაგრძელე, იქაც ვოკალური განხრით. სწავლის პარალელურად, ანსამბლში ვმღეროდი, ხოლო 1994 წლის თებერვლიდან ვარ „ერისიონის“ წევრი და ლოტბარი. 2015 წელს კი, ასე ვთქვათ, მამამ თავის თანამდებობა გადმომაბარა, ახლა შენ მიხედე საქმესო (იღიმის). მას შემდეგ „ერისიონს“ მე და ჩემი და ვხელმძღვანელობთ: მე სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ, ეკა კი მთავარი ქორეოგრაფი.
- ისე, საოპერო მიმართულების კარიერაზე არასდროს გიფიქრიათ?
- სხვათა შორის, ვოკალურზე რომ ვსწავლობდი, ცუდი მოსწავლე არ ვიყავი, შეიძლებოდა საოპერო მიმართულებითაც წავსულიყავი, მაგრამ გულმა მაინც აქეთ გამომიწია. რასაკვირველია ოპერა შესანიშნავი ჟანრია, მაგრამ ისე ვიყავი მრავალხმიანობაში ჩაფლული, ამის გარეშე უკვე აღარ შემეძლო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
- კიდევ ერთი სიახლე გაქვთ - აუდიოდისკს ამზადებთ გამოსაცემად...
- დიახ, თავი მოვუყარეთ 80-იან წლებში ბატონი ჯემალის ხელმძღვანელობის პერიოდში ჩაწერილ 40-მდე და ასევე 50-მდე იმ სიმღერას, რა დროიდანაც ანსამბლს მე ვუდგავარ სათავეში. ალბათ დისკი მომავალ წელს მზად იქნება და პრეზენტაცია გუნდის პატარა კონცერტის თანხლებით გაიმართება.
- შეიძლება ეს უკვე თქვენს ახალ შენობაში მოხდეს?..
- ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა კარგია, რომ მკითხეთ, რადგან ამაზე საუბარი ყოველთვის მიხარია. როგორც იქნა, ამ ხნის ანსამბლს საკუთარი ჭერი აქვს, რომელიც მთავრობის, კულტურის სამინისტროს და ქალბატონი თეა წულუკიანის დამსახურებით მოხდა და ამისთვის უდიდესი მადლობა ყველას. შენობა მზადაა და მისი ავეჯით, შესაბამისი ინვენტარით მოწყობის შემდეგ, „ერისიონი“ უკვე იქ გააგრძელებს თავის შემოქმედებით ცხოვრებას. მიხარია, რომ ეს იქნება ერთი დიდი კულტურული ცენტრი, თავის ჩამწერი სტუდიით, სარეპეტიციო და მცირე საკონცერტო დარბაზით.
- წელს საზღვარგარეთ რამდენიმე კონცერტი გქონდათ, რომელსაც ქართველი ემიგრანტები და ადგილობრივი მაყურებელი ესწრებოდა. თუ გამოარჩევთ, თქვენთვის ყველაზე ემოციური რომელ ქვეყანაში სტუმრობა იყო?
- წელს ევროპის 4 ქვეყანაში ვიყავით. ესენია: შვეიცარია, გერმანია, იტალია და ფინეთი. ურიგო არსად იყო და „ერისიონს“ ყველგან დიდი ოვაციებით ხვდებიან, მაგრამ მე მაინც გენუაში გამართულ კონცერტსა და მხურვალე აპლოდისმენტებს გამოვარჩევ. ადგილობრივ და ბევრ ქართველ მაყურებელს შორის, კონცერტს ჩვენი სახელოვანი კალათბურთელი თორნიკე შენგელიაც ესწრებოდა.
- დაბოლოს, 2025 წელი ახლოვდება და მინდა გაიხსენოთ ის დრო, როცა თქვენს დიდ ოჯახში ახალ წელს ყველა ერთად ხვდებოდით...
- დედa da მამა ცოცხლები რომ იყვნენ, ვცდილობდით, ახალ წელს ყველა ერთად შევხვედროდით. ახალი წლის ღამეს ხშირად გვაქვს ხოლმე კონცერტიც. მაგალითად, შარშანაც ქალბატონი ნინო ლაცაბიძის მიწვევით, ახალ წელს რუსთავში, სცენაზე შევხვდით. რას ვიზამთ?! პროფესია გვაქვს ასეთი, კონცერტის გამო ხშირად ჭირსაც დავკლებივართ და ლხინსაც. რაც შეეხება მეკვლეობას, ჩვენი მეკვლე ყოველთვის ჩვენი ოჯახის ყველზე პატარა წევრი იყო ხოლმე და ასეა ახლაც.
ანსამბლის შექმნის იდეა ცნობილ საზოგადო მოღვაწესა და პედაგოგ ლადო აღნიაშვილს ეკუთვნის. როგორც ილია წერდა, ლადო მასწავლებლობით ნაშოვნ შემოსავალს, ანსამბლის ჩამოყალიბებას ახმარდა. მართალია, მას მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ კარგად იცოდა ქართული სიმღერის ფასი და 1885 წელს აღნიაშვილმა ანსამბლის ჩამოყალიბებაც შეძლო. იმხანად საქართველოში ჩეხი კომპოზიტორი ნავრატილოვი იმყოფებდა, რომელსაც ქართული ხალხური სიმღერა ძალიან უყვარდა. აღნიაშვილმა ანსამბლის ლოტბარობა სწორედ მას შესთავაზა. ნავრატილოვი (რატილი) დათანხმდა, მეტიც, იმდენად შეიყვარა საქართველო, რომ აქედან აღარც წასულა... მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული სიმღერისა და კულტურის განვითარების საქმეში. ამ ორთა ძალისხმევით არსებულმა ანსამბლმა პირველი კონცერტი, 1886 წელს დღევანდელ გრიბოედოვის თეატრში გამართა. 1889 წელს, რატილის იდეით ანსამბლს მოცეკვავეებიც შეუერთდნენ და ეს შემადგენლობა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლად იქცა. 1885 წელს შექმნილი ანსამბლის წევრები წლებთან ერთად იცვლებოდნენ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „ერისიონი“ 1999 წელს ეწოდა. 1986 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი გახლდათ, ხოლო 2015 წლიდან მას შერმანდი ჭკუასელი ხელმძღვანელობს.
ანა კალანდაძე