ვინ ეხმარება ანუკი ცქვიტინიძეს რთული პერიოდების დაძლევაში
უარყოფით საქმეშიც დადებითს ვეძებ და ეს მაბედნიერებს. ასე უარყოფით ენერგიას ნაკლებად ვიღებ", - ამბობს მუსიკოსი, მომღერალი ანუკი ცქვიტინიძე. რას არიგებდნენ ბავშვობაში, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ვერ გაბედა დღემდე და რომელია ის ერთი სიტყვა, რომლითაც საკუთარ თავს ახასიათებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1982 წლის 11 თებერვალი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი და მომღერალი. პატარა ასაკიდანვე გამორჩეულად მიყვარდა თეატრი, კინო. ძალიან მინდოდა, რომელიმე პერსონაჟი ვყოფილიყავი, მეთამაშა. პარალელურად, სულ მქონდა სიმღერის სურვილი. ყველა ასაკში ჩემი ოცნება მაინც სცენაზე დგომა იყო.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად მესმის "საყვარელი წყვილია", მე და გელას უკვე ერთად მოგვიხსენიებენ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ალბათ რადიკალურს არაფერს შევცვლიდი, იმავე გზას გავივლიდი.
- პირველი წარმატება...
- ...ძალიან პატარა ასაკში განვიცადე. 7 წლის ვიყავი, 1989 წლის 9 აპრილი რომ მოხდა, ჯანსუღ ჩარკვიანმა მომცა მის მიერ დაწერილი ლექსი "რექვიემი", რომელიც ამ დღეს დაღუპულ გოგონებს მიუძღვნა. ლექსზე მუსიკა დავწერე და ამ სიმღერას შემდეგ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ძალიან პოპულარული მომღერლები ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, 7 წლის ბავშვისთვის ეს დიდი წარმატება იყო.
- დღევანდელი გადასახედიდან, ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...დედას. ის პროფესიით მუსიკოსი, პიანისტია. არანაირ რესურს არ იშურებდა, ჩემ გვერდით იყო ყველა გაკვეთილზე, ყველა რეპეტიციაზე, ჩაწერაზე, სიმღერის დაწერის დროს... სიმღერებს 6 წლიდან ვწერ. იმ უშუქობის, უგაზობისa და სიცივის პერიოდში, დედა სანთლით ხელში მეჯდა ფორტეპიანოსთან და მე ვწერდი მუსიკას.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...გვერდით მყავს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები: შვილები, მეუღლე, მშობლები, დები, მეგობრები... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მსმენელისგან ვიღებ დიდ სიყვარულს, ეს მაბედნიერებს.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...სიმღერა.
- საავტორო სიმღერებიდან რომელიმეს გამორჩევა შეგიძლიათ?
- სიყვარულით ყველა მიყვარს, მაგრამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა "მე ისეთი გოგო მიყვარს".
- ძალიან მომწონს, განსაკუთრებით - გელას შესრულებით.
- დიდი მადლობა.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვიმღერო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...მაქსიმალურად ვცდილობ, ყველასა და ყველაფერში დავინახო მეტი დადებითი, ვიდრე უარყოფითი. უარყოფით საქმეშიც დადებითს ვეძებ და ეს მაბედნიერებს. ასე უარყოფით ენერგიას ნაკლებად ვიღებ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...რაღაც პერიოდი სიზარმაცე მაწუხებდა. დღეს რომ ვუფიქრდები, შეიძლებოდა, ჩემი თავისთვის უფრო მომეთხოვა. აქვე გეტყვი, ძალიან მიმნდობი ვარ.
- ეს გაწუხებთ?
- რომ შევცდე, მაინც არ მაწუხებს. რატომღაც მირჩევნია, ადამიანების მიმართ ნდობა მქონდეს, ვიდრე - უნდობლობა. არ მინდა ვინმეს დისკომფორტი შევუქმნა. მირჩევნია, შეხვედრაზე მე მივიდე ადრე, ვიდრე სხვა ვალოდინო. სხვისი შეწუხება ყველაზე მეტად არ მსიამოვნებს.
- საკუთარ თავს ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებთ? თქვენს პიროვნებას ყველაზე ზუსტად რომელი სიტყვა "გამოხატავს"?
- "ერთგული". აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მეგობრულიც ვარ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რაღაცები ვისწავლე, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, ბევრი შეცდომა არ დავუშვა. სანამ ნაბიჯს გადავდგამ, ბევრს ვფიქრობ. მირჩევნია, თავად მივიღო გადაწყვეტილება და იყოს მცდარი, ვიდრე სხვისი ნათქვამი გავიზიარო და მერე გული დამწყდეს, მე სხვაგვარად მინდოდა და მას რატომ დავუჯერე-მეთქი. ამიტომ ჩემი შეცდომა ჩემთვის მისაღებია, მთავარია გამოსწორება შევძლო.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...სინანული გულწრფელია, თუ ის ადამიანი აცნობიერებს და განიცდის, რომ შეეშალა, დააშავა.
- თავად პატიების თხოვნა გიჭირთ?
- არა. მთავარია გავაცნობიერო. დამნაშავე თუ ვარ, აუცილებლად ვითხოვ პატიებას.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...მინდა ჩემი და გელას შემოქმედებითი წარმატება კიდევ უფრო წინ იყოს წასული, მეტი ადამიანის გული გვქონდეს გამთბარი. რა თქმა უნდა, ჩემი შვილების წარმატებული მომავალი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.
- ვიბნევი...
- ...ადამიანებთან, რომლებიც არიან ძალიან მიმწოლები, ზოგჯერ უსამართლოები და როცა რაღაც არასწორზე მეკამათებიან, ჩემი პოზიციის დაცვა მიჭირს.
- ვნანობ...
- ...მიუხედავად იმისა რომ კარგი სტუდენტური ცხოვრება მქონდა, კონსერვატორიის შემდეგ, მაგისტრატურა საფრანგეთში დავამთავრე, მაინც მგონია, ჩემი შესაძლებლობების მეტად გამოყენება შემეძლო.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...პარიზში გელასთან ერთად, ეს ქალაქი გამორჩეულად მიყვარს.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...მხოლოდ ოჯახის წევრებს, მაგრამ ეს იშვიათად შეიძლება მოხდეს, ჩემი თავი ამ მდგომარეობაში არ მომწონს. მაგალითად, წონასწორობა შეუძლიათ დამაკარგვინონ შვილებმა, თუ არ იმეცადინებენ.
- მეზარება...
- ...დილით ძალიან ადრე ადგომა.
- სიყვარული ეს...
- ...მთავარი გრძნობაა, რითიც ვცოცხლობ, ვცხოვრობ. სიყვარული ჩემი საქმისადმი, ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისადმი, მეგობრებისადმი, ქვეყნისადმი... ეს უმთავრესია. წარმოუდგენელია სიყვარულის გარეშე რამე ვაკეთო.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ნამდვილი და ძალიან, ძალიან ძლიერი პირველი სიყვარული გელას უკავშირდება. რა თქმა უნდა, მანამდე პატარა გატაცებები მქონდა, მაგრამ სიყვარული მხოლოდ გელასთან მაკავშირებს და იმედია, ეს სიყვარული არა მხოლოდ პირველი, უკანასკნელიც იქნება.
- მაკვირვებს...
- ...ადამიანებს რატომ აქვთ ერთმანეთის მიმართ აგრესია, ბოროტების ჩადენის სურვილი, რატომ აბულინგებენ ერთმანეთს ასე დაუნდობლად. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროს აგრესია მომძლავრდა. იმედს გამოვთქვამ, მალე ყველაფერი დალაგდება.
- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...მუსიკას.
- ვრისკავ...
- ...იშვიათად. შეიძლება ეს ცოტათი უარყოფითიც იყოს.
- თამამად იმიტომ ვერ რისკავთ, რომ შეცდომების დაშვების გეშინიათ?
- ალბათ ასეა, მეტი ფიქრი მირჩევნია.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ძვირფასი ადამიანების დაკარგვა, ეს არის ჩემი შიშიც და სისუსტეც. ყველა მათგანს ძალიან ვუფრთხილდები.
- ბოლოს ვიტირე...
- ...ანდრია ფუტკარაძე ევროვიზიის გამარჯვებული რომ გახდა. ვტირი, როდესაც ჩვენი სპორტსმენები, მუსიკოსები დიდ წარმატებებს აღწევენ.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ძალიან მსიამოვნებს და გაწითლებაც ვიცი.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...უფრო მეტი სიმღერა დავწერო, უფრო მეტი სიახლე უნდა მქონდეს. მსაყვედურობენ, რატომ არ ვაკეთებ ჩემს შემოქმედებით საღამოს. სამწუხაროდ, აქამდე არ მქონია.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ...ცეკვა. მგონია, რომ არ გამომდის.
- თქვენს ქორწილშიც არ გიცეკვიათ?
- ნელი ვალსი ვიცეკვე მეუღლესთან ერთად. მე უფრო აქტიურ და პროფესიულ ცეკვას ვგულისხმობ, მარტივი მოძრაობები არ ითვლება.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...წონას. ზუსტად პანდემიიდან, რაღაც სტრესიდან დავიწყე მატება, მერე მეგობრული შეკრებები გვქონდა მახოსa და ანოსთან, მთელმა ოჯახმა დავიწყეთ მომატება, რომელსაც ჯერ ვერ მოვერიეთ და განცდებში ვართ.
- თავისუფლება არის...
- ...ცოდნა და პროფესიონალიზმი, რომელიც ნამდვილად განიჭებს ამ განცდას. როცა მცოდნე ხარ, როცა იცი, რა გინდა, რას აკეთებ, მენტალური სიჯანსაღე და საკუთარ თავში დავდაჯერებულობა განიჭებს უდიდეს თავისუფლებას.
- როცა მარტო ვარ...
- ...ეს იშვიათად ხდება, ამ დროს მიყვარს საინტერესო ფილმს ვუყურო ან წიგნი წავიკითხო.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...აუცილებლად მოვახმარდი ქველმოქმედებას, პირველ რიგში, ბავშვებს და მოხუცებს დავეხმარებოდი. ძალიან ბევრს ვიმოგზაურებდი.
- მენატრება...
- ...აფხაზეთი, სოხუმი, სადაც ჩემს ბებიას და ბაბუას ჰქონდა ძალიან ლამაზი და დიდი სახლი. სულ მტკივა დროებითი დაკარგვის ამბავი და მაქვს განცდა, რომ დავბრუნდებით. ეს განცდა განსაკუთრებით მაშინ მიმძაფრდება, როდესაც იქ გადაღებულ ფოტოებს ვათვალიერებ. ბაბუა მთავარი ინჟინერი იყო, იქ ცხოვრობდა და მუშაობდა, ზაფხულობით ხშირად ჩავდიოდით.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...გელას მხარზე თავს დავადებ და რომ მომეფერება, უკვე ყველანაირი დაძაბულობა, შიში, ღელვა მეხსნება. გელა ჩემი დიდი იმედი, ძალა და საყრდენია ამ ცხოვრებაში.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...კონკრეტული ფრაზა არ მახსენდება, მაგრამ მშობლები, ბებია-ბაბუები ბავშვობაში სულ მარიგებდნენ, რომ სიკეთისკენ მომართული ვყოფილიყავი, ტყუილები არ მეთქვა, ადამიანისთვის ცუდი არ გამეკეთებინა. მეუბნებოდნენ, რაც უფრო სიკეთით ვიცხოვრებდი, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. სამყაროდან ის ენერგია გვიბრუნდება, რომელსაც გავუშვებთ.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. ჩემთვის მსმენელი, მკითხველი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. გპირდებით, პერიოდულად ახალ სიმღერებს და ახალ დუეტებს შემოგთავაზებთ. მიყვარხართ!
თამუნა კვინიკაძე