ივა პაპიძე: „პირველი დიზაინერი ვარ, ვინც მამაკაცს კორსეტი ჩააცვა"
სტანდარტი დავარღვიე. ყველგან, სადაც მივდივარ, ყველა აღფრთოვანებას გამოთქვამს, რადგან რაც ჩამოვთვალე, ეს ხელოვნებაა და არ ვამბობ, რომ ვინმემ სამსახურში ასე იაროს. მაგალითად, კოლექციაში მაქვს სრულიად გამჭვირვალე მამაკაცის ლუქი. ეს შეიძლება დაჯილდოების ცერემონიალზე ჩაიცვან...“ - ამბობს მოდის სახლი "ივას" და მისი სასწავლო ცენტრის დამფუძნებელი, კონსტრუქტორ-დიზაინერი ივა პაპიძე. იგი სულ ახლახან შვედეთში, შვიდ ქვეყანას შორის პირველი ადგილით დაჯილდოვდა...
- თქვენი კოლექციით მოდის კვირეულზე ხართ მიწვეული...
- საქართველოში ჩემი კოლექციის ჩვენება მეოთხედ მოეწყობა, თინათინ მაღალაშვილთან მეორედ მიწევს თანამშრომლობა... ოთხი ცოტა უცნაურად ჟღერს, რადგან როგორ წესი, დიზაინერს წელიწადში ორჯერ აქვს ჩვენება, გაზაფხული-ზაფხულის, შემოდგომა-ზამთრის კოლექციები. რამდენიმე სხვადასხვა კომპანიასა და ორგანიზაციასთან ვითანამშრომლეთ და ამიტომ, ოთხჯერ მოგვიწია შოუს ჩვენებამ... რაც შეეხება თინათინ მაღალაშვილის მიერ გამართულ მოდის კვირეულს, აქ არის მაღალი ხარისხი, საოცრად ორგანიზებული, საინტერესო, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მიმართულებით, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების დაინტერესების თვალსაზრისით. მსურს მადლობა ვუთხრა თინათინ მაღალაშვილს, მის შვილს - ციცის, კარგად იციან თავიანთი საქმე...
- ახლახან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეთ...
- დიახ, ოთხი შოუ ვახსენე და მათ შორის ერთ-ერთი ახლახან შვედეთში იყო, საიდანაც გამარჯვებული დავბრუნდით. შვიდ მონაწილე ქვეყანას შორის პირველი ადგილი ავიღეთ. ეს ჩემთვის მეტად სასიხარულო იყო, რადგან საინტერესო დიზაინერები იყვნენ, რომელთა შემოქმედება მართლაც შედევრია.
- ელოდით გამარჯვებას?
- გულის კუნჭულში ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა გამარჯვებულ დიზაინერად დავსახელებულიყავი და ასეც მოხდა. ვასახელეთ ქვეყანაც, ჩემი ბრენდიც... ყველაზე სერიოზული კონკურენტი უკრაინა იყო. საოცარი კაბებით წარდგნენ, გრანდიოზული შოუ წარმოადგინეს... ასეთი მნიშვნელოვანი ამბები უყურადღებოდ არ უნდა რჩებოდეს. საქართველოში მოდის სფეროს არ აქვს სათანადო საინფორმაციო მხარდაჭერა... იმდენად დიდი წარმატება იყო, შვედეთში კიდევ ვართ მიწვეულები და შვედეთის შემდეგ კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოწვევა გვაქვს. ესენია: ბელგია, თურქეთი, აზერბაიჯანი, აSS...
- თქვენს ბავშვობაზე მიამბეთ...
- დავიბადე თბილისში, 1996 წელს, 9 მარტს... ჩემი დაბადების დღის თარიღს იმიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის დაბადების დღე განსაკუთრებულია. ბავშვობიდან იმდენად დიდი ემოციით ვხვდები, არ ვაჭარბებ, ორი თვით ადრე ვიწყებ მზადებას... ჩემი დაბადებიდან მალევე, ოჯახს დროებით სამცხე-ჯავახეთში გადასვლა მოგვიხდა. სამ წლამდე იქ ვიზრდებოდი და შემდეგ ისევ თბილისში დავბრუნდით. ყოველთვის ვამბობ, რომ სამცხე-ჯავახეთი ჩემთვის ყველაფრის ინსპირაციაა. ყოველ ზაფხულს მიწევს ჩასვლა, ჩემი ბებია-ბაბუა დღემდე იქ ცხოვრობენ. სასწაული, ფანტასტიკური გარემოა, სადაც განსხვავებული ხალხია, თავისი კულტურით, დამოკიდებულებებით, ადამიანობით... რეალური ბავშვობა იქ მქონდა. იქაურ სივრცეს რომ მოვწყდი და დედაქალაქში ჩამოვედი, არ მომეწონა, ვერ მივიღე.
- როდის გადაწყვიტეთ, დიზაინერი გამხდარიყავით?
- ღრმა ბავშვობიდან ვიცოდი, დიზაინერობა რომ მსურდა.. მაშინ ისეთი სოციუმი იყო, მათთვის უცნაური იყო, სამი-ოთხი წლის ბიჭი რომ ჩანახატებს აკეთებდა...
- და ბულინგი იყო?
- იყო და სიმართლე გითხრათ, დღემდე ასეა. პროცესია, რომელიც მუდმივად თავს გატყდება... ხუთი წლიდან მინდოდა დედას ის ეყიდა, რაც მე მომწონდა. ეუბნებოდნენ, ბიჭისთვის რატომ ყიდულობთ იასამნისფერ სპორტულ შარვალსო?.. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო და მაშინაც კი არ ვთვლიდი, რომ ფერს სქესი ჰქონდა... საქართველოში ჩემს შემოქმედებას ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად უყურებენ და ამის გამო ძალიან ბევრი ტალახი მხვდება. როცა სოციალურ ქსელში შევდივარ, კრიტიკის მთელი კორიანტელია.
- რამ შთაგაგონათ მამაკაცის კორსეტი შეგექმნათ?
- მომინდა წითელი ხაზები დამერღვია. არ უნდა ეთქვათ, რომ კორსეტი არის მხოლოდ ქალისთვის. ეს ვინ დააკანონა?
- სად შეუძლიათ ჩაიცვან?
- აბსოლუტურად ყველგან: დაჯილდოების საღამოზე, წვეულებაზე... ჩემს ყველა მოდელს აცვია კორსეტი, ასევე ტოპი, შლეიფიანი მოსაცმელი და ა.შ. სტანდარტი დავარღვიე. ეს ხელოვნებაა და არ ვამბობ, რომ ვინმემ სამსახურში ასე იაროს. მკაცრი შეფასებები მხოლოდ ქართველებისგან მოდის, ყველა სხვა დანარჩენი ქვეყანა უპრობლემოდ იღებს.
- საქართველოში უჭირთ სიახლის მიღება?
- დიახ და ძალიან მიკვირს, რადგან ადრე 70-იან წლებში მამაკაცებს ძალიან თამამი სამოსი ეცვათ. ახლა პირიქით მოხდა. მინახავს დემნა გვასალიას მისამართით რა ხდება, ჩემთვის დემნას შემოქმედება ძალიან მაღალი დონეა და არ მომწონს ქართველების დამოკიდებულება მის მიმართ. ის არის შოუმენი და ზუსტად იცის, რა როგორ გააკეთოს. ყველამ თავისi საქმე უნდა აკეთოს ისე, როგორც შეუძლია და გვაცალონ ბატონო, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ! ბევრი ცუდი რამ შემიძლია ვთქვა ამ სფეროში მოღვაწე ქართველ დიზაინერებზე, როგორ არაკეთილსინდისიერად იქცევიან. თუმცა შვედეთში ჟურნალისტმა რომ მკითხა, საქართველოში როგორი განწყობით არიან თქვენ მიმართ, რადგან ეს ყველაფერი ჩვენთვისაც კი ცოტა უცხო და ახალიაო? სიმართლე არ ვუთხარი. მე ჩვენი ქვეყნის პატრიოტი ვარ და სადაც უნდა წავიდე, ყველგან საქართველოს სახელით წავალ, ამით ძალიან ვიამაყებ!
- როგორც ვიცი, თვითნასწავლი დიზაინერი ხართ...
- ჩემს მშობლებს საწარმო ჰქონდათ, ამ წიაღში ვიზრდებოდი და აქედან მიყვარს ეს ყველაფერი... ამრიგად, ძალიან ბევრი ვიცოდი და სადაც მივედი, ვერსად აღმოვაჩინე ის, რაც მე მჭირდებოდა. როდესაც სადმე მივდიოდი, მენეჯერს ვთხოვდი, პედაგოგთან გამასაუბრეთ, კონკრეტული მიმართულებები მჭირდება-მეთქი. პედაგოგებთან გასაუბრების შემდეგ ბოდიშს მიხდიდნენ და მეუბნებოდნენ, ვერ მიგიღებთ, რადგან ის ხარ, ვინც ჯგუფს გადაყლაპავსო. ამას პირდაპირ ამბობდნენ და ცხადია, ვერ დავასახელებ მათ ვინაობას, რადგან ეს სასწავლო ცენტრები დღემდე ბაზარზეა. ამის შემდეგ იმდენი შევძელი, რომ თვითნასწავლმა პირველივე შეკვეთა ავიღე. საკმაოდ რთული ამოცანა იყო, ძალიან დიდ სირთულეებს შევეჭიდე. ყველაფერი რისკებთან იყო დაკავშირებული: ან შედგებოდა, ან ვერა. დღევანდელი ივა იმ შეკვეთებს არ აიღებდა, მაშინდელმა ივამ კი ეს შეძლო და ამ რისკმა დღევანდელობამდე მომიყვანა.
მშობლების საწარმოში მეთოდისტი გვყავდა, მთავარი კონსტრუქტორი, რომელმაც თავისი საქმე ძალიან მაღალ დონეზე იცოდა. იგი ჩვენთან მუშაობდა, მაგრამ მისგან გადამწყვეტ დროს უარი მივიღე... ავიღე თუ არა პირველი შეკვეთა, უკვე დროში ძალიან შეზღუდული ვიყავი, თავი ვეღარ გავართვი და ვთხოვე, იქნებ დამეხმაროთ-მეთქი. მითხრა, არ მაინტერესებს, რას აკეთებ, ვერ დაგეხმარებიო, ერთ კითხვაზეც არ მიპასუხა... ძალიან ბევრი ვიწვალე, თარგზეც, ქსოვილზეც, ნახაზზეც თვითონ ვიმუშავე, შემდეგ თავზე დავადექი მკერავს და შევაკერvინე. ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად დიდი გამოწვევა, გამოცდილება იყო, ფსიქოლოგიურად იმდენად რთული, რომ ამის შემდეგ ვთქვი, რა მოდელი უნდა შემხვდეს, რამეს თავი ვერ გავართვა-მეთქი... შემდეგ წლები ვითანამშრომლეთ, ბევრჯერ გამჭირვებია, მაგრამ მისთვის კითხვა აღარასოდეს დამისვამს. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც თითზე ჩამოსათვლელ დიზაინერთა შორის არის, იმდენად დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს. რამდენიმე წლის შემდეგ სადღესასწაულო სუფრაზე თქვა, მიხარია, რომ ზუსტად იქ ხარ, სადაც უნდა იყო და შენი ადგილი იპოვეო... ამ ქალს არა თუ კომპლიმენტი, დადებითიც კი არავისზე უთქვამს... ის დღე გარდამტეხი იყო და შემდეგ მოვიდა წარმატებები. თავდაუზოგავ შრომას, მწველ სურვილს აუცილებლად მოაქვს შედეგი. თუ ადამიანს რამის გაკეთება გსურს, არავის დახმარება არ არის საჭირო, უნდა იწვალო, გააკეთო, განვითარდე, ბევრი მარცხი განიცადო, ნერვიულობაც...
- როგორ შეიქმნა მოდის სახლი „ივა“?
- ყველაფერი რვა წლის წინ, ოცი წლისამ დავიწყე. თავიდან მხოლოდ ბავშვის კაბების მიმართულებით ფუნქციონირებდა, დღეს ყველასთვის არის... ბევრი რამ შეიცვალა ამ სფეროში. მოდის სამყარო სულ ვითარდება, ყოველთვის სიახლეა. ისიც შეცდომა მგონია, როცა განვითარების რაღაც ეტაპზე მიხვალ და ჩათვლი, რომ მეტი აღარ უნდა ისწავლო. ჩვენს სფეროში, დიზაინში ყველაფერი ყოველდღე იცვლება. ბევრი სტანდარტი დარღვეულია, ადამიანის სხეულიც კი ფორმირდა. ამიტომ განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება მუდმივად საჭიროა. სულ ვამბობ, რომ დღემდე ძალიან ბევრს ვსწავლობ და ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდება.
მადლობას ვეტყვი სასწავლო ცენტრებს, რომელთაც არ მიმიღეს. ასევე, ჩვენს ყოფილ კონსტრუქტორს, რომელსაც დღესაც ძალიან დიდ პატივს ვცემ!..
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვერსად მივიღე ის ცოდნა, რაც მჭირდებოდა, ამიტომ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე, მაგრამ ხატვა არ ვიცოდი. როცა ხატვაზე შევედი, იქ მივხვდი, რომ ეს საქმე არ მიყვარდა. რაც არ მიყვარდა, იმას ვერ ვისწავლიდი. ამრიგად, გადავწყვიტე, გამეკეთებინა სივრცე, სასწავლო ცენტრი, სადაც ზუსტად იმას გავაკეთებდი, რაც მაკლდა; იმ მეთოდებს დავნერგავდი, რა მეთოდებიც მე მჭირდებოდა, მე რომ მიმეღო შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, შემდეგ კი თუნდაც საკუთარი ბრენდი შემექმნა. ყველაფერი ჩავდე სასწავლო ცენტრში, სადაც დღეს ასზე მეტი სტუდენტია. სწავლობენ დიზაინ-კონსტრუირებას, კერვის ტექნოლოგიას და იმ მიმართულებებს, რომლებიც საქართველოში ამ ეტაპზეც კი არ არსებობს. ყველა ჩემი სტუდენტის წარმატება ჩემი წარმატებაა. ეს გრძელვადიანი პროექტია, მსურს ბევრი კვალიფიციური კადრი აღვზარდო და ამ კუთხით მივიღო მონაწილეობა ჩემი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში.
მანანა გაბრიჭიძე