რატომ გახდა Spice T თეონა წიწაკიშვილი?
თუმცა აღმოჩნდა, რომ სიმღერაც არანაკლებ უყვარს და გამოსდის კიდეც - ბოლო დროს, სოციალურ ქსელში მის მიერ შესრულებულმა რეპმა ხალხის მოწონება დაიმსახურა. როგორც მოცეკვავემ გვითხრა, ცეკვისა და სიმღერის ერთდროულად განვითარება მისთვის რთული აღმოჩნდა. ახლა, როცა უკვე ცეკვაში წარმატებული კარიერა აქვს, მან ოცნების ახდენა გადაწყვიტა და რეპის მიმართულებით, პირველი სიმღერა - "მან კარგად იცოდა, ზუსტად რაც უნდოდა" ჩაწერა და საზოგადოებას სასცენო ფსევდონიმით - Spice T წარუდგა...
- გამიხარდა და დღემდე არ მჯერა, რომ სიმღერა თავად დავწერე და ჩავწერეთ. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში სიმღერა სულ იყო. უბრალოდ, იმ დოზით არა, როგორითაც - ცეკვა... ეს ამბავი არასოდეს მომიყოლია: დაახლოებiთ 11 წლის გახლდით. ახალი წლის დღესასწაულების პერიოდი იყო. ერთად შეკრებილი მეგობრები, ოჯახის წევრები წრეზე ვიდექით. ჩემი და ფერიის როლში იყო. ფერიას წრეზე უნდა ჩამოევლო და მისთვის ყველა ჩვენგანს თავისი სურვილი ეთქვა, თუ ვინ სურდა, რომ მომავალში გამხდარიყო, ფერია კი თავზე ჯოხს დაადებდა და ვითომ სურვილს უეჭველად აუხდენდა. ჩემი ჯერიც დადგა. "ფერიამ" მკითხა, - თეო, შენ ვინ გინდა, რომ გამოხვიდეო? - მოცეკვავე-მეთქი, - ვუპასუხე. უკვე ჯადოსნური ჯოხი ჩემთვის უნდა დაედო, როცა ვთქვი, - არა, არა! მოცეკვავე კი არა, მომღერალი-მეთქი!.. შემდეგ პასუხი ისევ შევცვალე, - არა, მოცეკვავე-მეთქი!.. ზუსტად არ მახსოვს, პასუხი რამდენჯერ შევცვალე - პროფესიასთან დაკავშირებულ 2 სურვილს შორის "ვთამაშობდი"... საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ პირველად რა სურვილიც ვთქვი, ჩემს ცხოვრებაში ის პროფესია გაჩნდა - ცეკვის მიმართულებით "წავედი", მაგრამ ჰობის დონეზე, სიმღერა სულ თან "დამყვებოდა". ალბათ, როგორც ყველა ქართველი, სახლში მეც სულ ვღიღინებდი. ჩემმა დამ კონსერვატორია დაამთავრა, მომღერალი და პედაგოგია. როცა სცენაზე გამოდიოდა, 1-2-ჯერ მეც ვიმღერე. თან, ბავშვობაში ეკლესიაში დავდიოდი და იქაც ვმღეროდი... ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში სიმღერა ხან იყო, ხან - არა, რადგან ცეკვას, ამ მიმართულებით განვითარებას ბევრი დრო სჭირდება. მთელი ცხოვრება ცეკვას მივუძღვენი და ამ სფეროში წარმატებული ამიტომაც ვარ. იყო პერიოდები, როცა მსურდა, სიმღერითაც დავკავებულიყავი, მაგრამ ამ სფეროს სათანადო დროს ვერ დავუთმობდი, რადგან მერე ცეკვა არ გამომდიოდა კარგად... ერთ დღეს ავდექი და ძალიან რთული, ინგლისურენოვანი ტექსტი, რომელიც სწრაფად უნდა გამერეპა, 2 დღეში ვისწავლე. თან, რაღაც "ბიტებს" (მუსიკას) "ვიღებდი" და იმაზე ვრეპავდი ხოლმე. მოკლედ, 2-3 ასეთი ტექსტი ვისწავლე, მეგობრების წრეში ვრეპავდი ხოლმე.
სწრაფად გარეპვა მომწონდა - ჩემთვის გამოწვევასავით იყო. მეუღლემ მითხრა, - სხვისი ტექსტები რატომ უნდა ისწავლო, როცა შენც შეგიძლია, საკუთარი დაწეროო?!. - ცხოვრებაში რითმა არ "გადამიბამს", ლექსი არ დამიწერია. სიმღერა როგორ უნდა დავწერო-მეთქი?! - გამიკვირდა. ჩემთვის ეს ისეთივე წარმოუდგენელი იყო, როგორც ის, რომ მაგალითად, ვინმემ მითხრას, - 2 კვირაში ჩინურ ენას ისწავლიო, მაგრამ მეუღლემ იმდენჯერ მითხრა, შეგიძლიაო, რომ დამაჯერა... ერთ დილას ავდექი და სიმღერის წერა დავიწყე. ვერ ვიტყვი, მუზა მოვიდა და ყველაფერი 5 წუთში დავწერე-მეთქი. უბრალოდ, ჩემი ცხოვრება "ავიღე", ქვეპუნქტებად დავყავი და ჩემი ცხოვრების ეტაპები "გავშალე". პირველი სიმღერა ჩემს ბავშვობაზე, ცხოვრებაზეა... მოკლედ, მუზა არ მოსულა, მაგრამ თავად მოვიყვანე (იცინის). პირველი სიმღერის დაწერა ცოტათი გამიჭირდა, თუმცა საბოლოოდ, ისეთი ტექსტი გამომივიდა, რომ ამ სფეროში გამოცდილ ადამიანებს და მეგობრებს რომ ვაჩვენებდი, მოსწონდათ. ბანალური, ზედაპირული არაა, პირიქით - მრავლისმთქმელია რჩევებით და ა.შ. საზოგადოება მალე მოისმენს. მეუღლეს ტექსტი რომ წავუკითხე, მუსიკა დამიწერა. ასე შევქმენით "პროდუქტი", რომელიც მერე დავამუშავეთ, "დავამუღამეთ" და სიმღერა სახლში ჩავწერეთ - მეუღლეს შინ ყველაფერი აქვს, რაც სიმღერის ჩაწერისთვისაა საჭირო. უბრალოდ, რაკი ეს საქმე ორივესთვის პირველი იყო, გვინდოდა, უფრო ხარისხიანი ყოფილიყო, პროფესიულად გაგვეკეთებინა. ამიტომ "სანო სტუდიაში" ჩავწერეთ. დემო ვერსია გვქონდა, მაგრამ რაღაცები დასაბალანსებელი იყო. სტუდიაში ყველაფერს თავი მოვუყარეთ. ერთი სული მაქვს, როდის გამოვაქვეყნებთ... სანამ ეს სიმღერა ჩავწერე, ამასობაში, კიდევ 2 სიმღერა დავწერე (იცინის).
- ინგლისურენოვანია?
- პირველი - ქართულია, მეორე ისე გავაკეთე, რომ ტექსტის 90% ქართულია, მაგრამ ინგლისური სიტყვები ურევია, ოღონდ - ყველასთვის გასაგები, მარტივი... მესამე სიმღერაც ქართულია. მინდა ძირითადად ქართული სიმღერები "ვაკეთო".
- როგორ ფიქრობ, შენი მუსიკალური კარიერა ცეკვისას შეავსებს და ორივეს თანაბარ ყურადღებას დაუთმობ?
- ცეკვას მაინც ვერ მოვწყდები, რადგან სტუდია მაქვს, ყოველდღე გაკვეთილებს ვატარებ, ახალ პროდუქტს ვქმნი - ცეკვას ვდგამ, სულ გადაღებები მაქვს... ეს 2 საქმე - ცეკვა და სიმღერა ერთმანეთს ხელს არ უშლის, რადგან მაგალითად, დღის განმავლობაში, პირველი ნახევარი ყოველთვის თავისუფალი მაქვს, საღამოს კი ცეკვის გაკვეთილებს ვატარებ. ამიტომ დღისით სიმღერაში ვვარჯიშობ. ეს 2 სფერო ერთმანეთს ავსებს.
- შენი პირველი სიმღერის ინსპირაცია შენივე ცხოვრებაა, არა?
- კი. ძირითადად, სიმღერა ცეკვის შესახებაა: ბავშვობიდანვე რომ მინდოდა და მივიღე, თუმცა - რთულად. არ ვნებდებოდი... ასე რომ, სიმღერა და ცეკვა გავაერთიანე.
- მთავარი გზავნილი რა არის, რაც გსურს, რომ შენი სიმღერით მსმენელს გადასცე?
- 2 მთავარი, მკვეთრად გამოხატული "მესიჯია": ადამიანმა სხვისი ცხოვრებით არ უნდა იცხოვროს; ჭორაობით, ბულინგით არ დაკავდეს და თავის ცხოვრებას მიხედოს; როცა რაღაც უნდა, მიზნის მისაღწევად იბრძოლოს, არ დანებდეს.
- ოჯახის და შემოქმედების ბალანსირებას როგორ ახერხებ?
- მაგალითად, დემიმ (ჩემმა შვილმა) ჩემი სიმღერის ტექსტი უკვე ზეპირად იცის (იცინის), რადგან სახლში ისმენდა, როცა ტექსტს ვამუშავებდი... სხვათა შორის, ტექსტი მასაც დაუწერია, უფრო მეტიც - მან ეს ჩემზე ადრე მოახერხა, დამასწრო. ძირითადად, სკოლაშია ხოლმე. შინ საღამოს 7 საათზე, დაღლილი ბრუნდება. ამიტომ მუსიკას ბევრ დროს ვერ უთმობს (სპორტით აქტიურადაა დაკავებული). იდეალური მუსიკალური სმენა აქვს. რაც თავად ზრდასრულობაში ვისწავლე, დემიმ 2 წლისამ იცოდა: რითმებს ხმით მუსიკალურად ისე "ჩეხავდა", რომ შოკში ვიყავით... შინ ძალიან მუსიკალური აურა გვაქვს ხოლმე. მეუღლეც და შვილიც აქტიურად მგულშემატკივრობენ.
- საინტერესოა, 9 წლის ბავშვი ტექსტებს რის შესახებ წერს?
- ინგლისურად აქვს დაწერილი - გააკეთე ის, რაც გინდა, ყველაფერი გამოგივაო... ამ ტიპის, სამოტივაციო ტექსტებს წერს. ყველანაირად ხელს შევუწყობ. ბავშვობაში რისი გაკეთებაც მსურდა, ეს თავად მოვახერხე. ამ შემთხვევაში, დემის საჭირო ხალხი - მშობლები გვერდით ვყავართ, რომ თუ რამის გაკეთება უნდა, ადრევე მოახერხოს ხარისხიანად. ოფიციალურად, თავად 19 წლიდან ვცეკვავ. უკეთესი იქნებოდა, მანამდე დამეწყო, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, რომ სტუდია კი არა, არაფერი არსებობდა. დღესდღეობით, უამრავი სტუდიაა. სხვა თუ არაფერი, "იუთუბი" არსებობს, საიდანაც შეგიძლია, ცეკვის მოძრაობები შეისწავლო... ჩემს ბავშვობაში ასე არ ყოფილა, მაგრამ რაღაცას ვახერხებდით...
- ემოციური თვალსაზრისით, ხელოვნების ამ 2 მიმართულებას - ცეკვას და სიმღერას შორის რა განსხვავებაა? როგორი ემოცია აღგიძრა პირველმა ჩაწერილმა სიმღერამ?
- რაკი ჯერ პირველი სიმღერა ჩავწერე, ჩემთვის ეს სირთულეს უკავშირდება. წარმოიდგინე, დიდი ხნის განმავლობაში ვრეპეტიციობდი, იდეალურად ვრეპავდი და ვმღეროდი, სანამ ხმის ჩამწერ სტუდიაში მივიდოდი, მაგრამ როგორც კი მიკროფონთან დავდექი, "მინუსი" ჩამირთეს და ჩაწერა დავიწყეთ, რასაც მანამდე ვაკეთებდი, უცებ ვეღარ შევძელი: სუნთქვა არ მეყო, სიტყვებს ისე კარგად ვეღარ გამოვთქვამდი... რაღაც მოხდა... მითხრეს, - ვინც სტუდიაში მოდის, პირველ ჯერზე, თითქმის ყველას ასე ემართებაო. დაბრკოლებებს ვეჯახები, რასთან გამკლავებაც გამოცდილებით "მოდის". ცეკვის სფეროშიც ბევრი დაბრკოლებაა, რაც უკვე გამოვლილი მაქვს, ახლა კი სხვებს ვასწავლი. სიმღერის სფეროში ახალი ვარ, რაღაცები არ ვიცი, არ გამომივლია. შესაბამისად, ჩემთვის რთულია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ უცხოა, პირიქით - ძალიან ორგანულია, რადგან როცა ვმღერი და ვრეპავ, "იქ ვარ", ანუ რასაც ვაკეთებ, გულიდან მოდის, ზედაპირული არ არის. ნებისმიერ სფეროში, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ტექნიკური საკითხებია, რისი სწავლაც პრაქტიკას, გამოცდილებას მოაქვს. სიმღერის ჩაწერის წინადღეს ძალიან ვნერვიულობდი. ეს ჩაწერის დროსაც შემეტყო, თუმცა საკუთარ თავს ვეუბნებოდი, - დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა. იმავეს აკეთებ, რასაც აქამდე აკეთებდი, რაშიც ვარჯიშობდი. უბრალოდ, სხვა გარემოში ხარ-მეთქი, მაგრამ მაინც რთული იყო. თუკი ახლა 3 სტროფის გარეპვა ამოსუნთქვის გარეშე შემიძლია, სტუდიაში სტროფების ნაწილ-ნაწილ ჩაწერა დამჭირდა. ამის გამო, შოკში ვიყავი - რატომ?! აქამდე ხომ უპრობლემოდ ვაკეთებდი, ახლა რა ხდება-მეთქი? როცა პირველია, ნერვიულობ... რეპში და საერთოდ, სიმღერაში მნიშვნელოვანია, ჰაერს როგორ გამოზოგავ, სუნთქვას როგორ გააკონტროლებ...
- შენი სიმღერის მოსმენის საშუალება მსმენელებს სად შეუძლიათ?
- "იუთუბზე" (ერთგვარი დოკუმენტური ვიდეოც გადავიღეთ, სანამ კლიპი გვექნება), ასევე - "ტიკტოკზე", "ინსტაგრამზე"...
- წარმატებებს გისურვებ!
ეთო ყორღანაშვილი