„რთულია, როცა შენი ქვეყანა მხარს არ გიჭერს“ - გზაპრესი

„რთულია, როცა შენი ქვეყანა მხარს არ გიჭერს“

რომელიც ნახევრად ჩინელი, ნახევრად სამხრეთაფრიკელია. მე ამჯერად ტოპათეულს დავჯერდი. თუმცა რეიტინგით ხუთეულში შევედი და საქველმოქმედო გარბენზე მიმიწვიეს, რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართება...“ - ამბობს მოდელი მაკუნა ამაშუკელი...

- პანდემიის შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე ვმუშაობდი, როგორც არტდირექტორი და რეჟისორი, ასევე პანდემიამდე მიღებული ტიტულებიდან გამომდინარე, მიწვეული ვიყავი სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე დასასწრებად...

ასევე „მისს უნივერსალი“ გაიმართა დუბაიში, ასევე თურქეთში, საქართველოში...

პარალელურად მიმდინარეობდა საბავშვო ფესტივალიც და აქ უკვე როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ისე გახლდით ჩართული. ფესტივალები მიმდინარეობდა 5-7 დღე, საკმაოდ დატვირთული გრაფიკით.…ყოველდღიურად ეწყობოდა სხვადასხვა ღონისძიება: მაგ. ეთნოფართი, სადაც მონაწილეები და მოწვეული სტუმრები წარმოდგენილნი იყვნენ ნაციონალური კოსტიუმებით, ტრადიციული კერძებით, ასევე სუვენირებით... მონაწილეებს უტარდებოდათ მასტერკლასები: პოდიუმზე სიარული, პოზირება, სელფმაკიაჟი,…რეპეტიციები, ექსკურსიები, ყოველ საღამოს შეკრებები, რათა შეჯამებულიყო დღე და ყველა მონაწილეს დაეფიქსირებინა აზრი, თუ რა მოეწონა ან რისი გაუმჯობესება უნდოდა.

- საერთაშორისო კონკურსებზე გასვლა დიდი პასუხისმგებლობაა.

- თუ გინდა, საერთაშორისო კონკურსზე ქვეყანა სათანადოდ წარადგინო, უნდა ივარჯიშო, სწორად იკვებო, ისაუბრო როგორც ორატორმა, ჩაიცვა როგორც პირველმა ლედიმ... უნდა გაუძლო უძილობას, სიცხეს, სიცივეს და მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდე. აუცილებელია იცოდე ქვეყნის ისტორია და უცხო ენა. ძალიან საინტერესოა კულისები, რადგან ყველას თავისი რიტუალი აქვს კონკურსამდე ან შოუმდე.

- გვიამბეთ ჩინეთში გამართულ კონკურსზე, სადაც გარკვეული წარმატება გხვდათ წილად...

- კონკურსი (ფასჰიონ ევენტ) კულტურული ღონისძიების ფორმატში ჩატარდა და ამიტომ, ერთი ქვეყნიდან რამდენიმე წარმომადგენელი იყო. სულ 47 ქვეყანა მონაწილეობდა. ქალაქ სიანსა და CJanieSi აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.…ყოველდღიურად შუქდებოდა ტელევიზიებისა და პრესის მიერ.…დასკვნითი ღონისძიება პირდაპირ ეთერში…გადაიცა. ღონისძიება მიმდინარეობდა 10 დღე, საკმაოდ დატვირთული გრაფიკით. დილის 4-5 საათიდან გვიწევდა სხვადასხვა ქალაქში ჩასვლა, გვქონდა გამოსვლები ნაციონალურ კოსტiუმში, ადგილობრივი დიზაინერების სამოსში, გადაღებები უდაბნოში, მთებში, უძველეს მუზეუმებში... ჩვენი მენტორი ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი იყო და საკმაოდ საინტერესო მასტერკლასები ჩაგვიტარა. შერჩევა 2 თვის განმავლობაში მიმდინარებდა.

- როგორც ვიცი, იშვითად თანხმდებით კონკურსებში მონაწილეობას. ამჯერად ეს როგორ მოხერხდა?

- დიახ, კონკურსში მონაწილეობაზე ახლაც უარი ვთქვი, სხვა გოგონებს შევთავაზე წასულიყვნენ, მაგრამ ვერავინ წავიდა და დრომაც გადაიწია. შემდეგ დავთანხმდი, მალაიზიური მენეჯმენტის მეშვეობით წავედი.

კონკურსი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული, ძალიან სასიამოვნო გახლდათ მათთან მუშაობა. გოგონებიც გამოცდილები იყვნენ. ზოგს 10-15 საერთაშორისო კონკურსის ცვ ჰქონდა. ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით და დროც საკმაოდ მხიარულად გაგვყავდა. როგორც ვთქვი, კონკურსში მონაწილეობას აღარ ვგეგმავდი. თუმცა რადგან ეს ღონისძიება მიეძღვნა აბრეშუმის გზას და ჩვენი ქვეყანაც ამ გზის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ დავთანხმდი...

კონკურსი მოიგო სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელმა, რომელიც ნახევრად ჩინელი, ნახევრად სამხრეთ აფრიკელია. ძალიან საყვარელი და ლამაზი გოგონა, პირველი ვიცე ბრაზილიის წარმომადგენელი გახდა, მეორე ადგილი კი მაკაოს წარმომადგენელმა დაიკავა. მე ამჯერად ტოპათეულს დავჯერდი. თუმცა რეიტინგით ხუთეულში შევედი და საქველმოქმედო გარბენზე მიმიწვიეს, რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართება...

მონაწილეები შეგვაფასეს სხვადასხვა სისტემით: 20% სხეულის პარამეტრები, 20% ფოტო-ვიდეოპოზირება, 5% სოციალური მედიის აქტიურობა, 5% ქვეყნის ჩართულობა, 20% ყოველდღიური შეფასება გუნდის მიერ, 30% სცენა და საერთაშორისო ჟიური...

- ასეთი კონკურსები ბევრი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, არა?

- კულტურული ტურიზმის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ მონაწილეობის შანსი მომეცა. ჩემთვის ასევე ყოველთვის საინტერესოა ქვეყნის კულტურის გაცნობა, მოგზაურობა...

ქალაქი სიანი, სადაც ვიყავით, ძალიან ძველი და ისტორიული მნიშვნელობისაა. ასევე აქ არის უძველესი თიხის არმიის მუზეუმი. ერთ დროს სიანი იყო ჩინეთის დედაქალაქი. მდიდარია ისტორიული ძეგლებით, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის კედელი და ჯარისკაცის ქანდაკებებია. ქალაქი თანამედროვე და ძველი ჩინეთის სტილის შერწყმაა. თუმცა, მაინც ძველი სტილის შენობები ჭარბობს. სამზარეულო საკმაოდ გემრიელია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ გადიოდა სავაჭრო (აბრეშუმის) გზა, რომელიც აკავშირებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს.

ჩჟანიეში შეხვდებით ულამაზეს ფერად მთებს, ასევე უძველეს ბუდისტურ ტაძრებსა და უდაბნოს. ასევე უძველესი ქალაქია, შედარებით მკაცრი კლიმატით. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ულამაზესი. განსაკუთრებით მომეწონა ფერადი მთები. ძირითადად ამ ადგილებში გვქონდა გადაღებები. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ციოდა, დიდი სიამოვნება იყო იქ მუშაობა. ხალხი საკმაოდ თბილია. ზოგადად, ჩინეთში ძალიან უყვართ მსგავსი ფესტივალები. ყველა გვიღიმოდა, სურათებს იღებდნენ ჩვენთან ერთად, გვგულშემატკივრობდნენ...…

რა თქმა უნდა, ყველა კონკურსს თავისი სპეციფიკა აქვს. მაგალითად, ზოგჯერ უბრალოდ ითხოვენ, ყველას ერთნაირი ვარცხნილობა ჰქონდეს. თუმცა ისეთ დიდ კონკურსებზე, როგორიც არის „მის სამყარო", "მის მსოფლიო", ეს უფრო თეატრალური წარმოდგენაა. და ასევე, ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა ქალებისa და ქვეყნისთვის, რათა საკუთარი შეხედულებები დააფიქსირონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს ათკაციანი ჯგუფიც კი ჩამოჰყავს, რომელიც სტილისტებით, ტრენერებითა და დიზაინერებით არის დაკომპლექტებული. ქართველი გოგონები გარეგნულად ძალიან ლამაზები არიან, თუმცა მხოლოდ თუნდაც ულამაზესი გოგონას მონაცემები და მისი მენეჯერის მონდომება ასე მომზადებულ მონაწილეებს კონკურენციას ვერ გაუწევს. საჭიროა როგორც ქვეყნის, ისე ამ ხალხის უშუალო ჩართულობა.

ჩვენ უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ. ამ მხრივ არჩევანი ძალიან დიდია, თუნდაც სამოსის მხრივ ბევრი რამ გვაქვს, რაც შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ. ჩემი აზრით, არ გვჭირდება სხვა ქვეყნების მიბაძვით რაღაცის გათანამედროვება. ვგულისხმობ, ზედმეტად ღია და მოშიშვლებულ სამოსს. სილამაზის კონკურსი არ არის მხოლოდ სხეულის პარამეტრები, ეს არის შენი ქვეყნის წარდგენა მთელი სილამაზით, საერთაშორისო ასპარეზზე!

244c040a-4b4c-4f61-b1cf-f18b597f701e-1733661581.jpg

რთულია, როცა შენი ქვეყანა მხარს არ გიჭერს. ყოფილა შემთხვევა, როცა კონკურსს იგებ (მაგ კამბოჯა), თუმცა პირველი ვიცე ხდები, რადგანაც ჰონ-კონგის წარმომადგენლები მხარდაჭერას უცხადებენ თავიანთ მონაწილეს, რათა შემდეგ წელს კონკურსი მათთან ჩატარდეს. ზოგადად, მომხრე არ ვარ ფანატიკური დამოკიდებულებების სპორტსმენებისა თუ მოდელების მიმართ, თუმცა ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენი ქვეყანა, სხვა თუ არაფერი, გგულშემატკივრობს მაინც. ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვისაც კარგია, მსგავსი კონკურსები და ფესტივალების გამართვა, რადგან ეს ყველაფერი ძირითადად, ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს... ძალიან კარგი თაობა მოდის და მათ ვინმე სწორ მიმართულებას თუ მისცემს, აუცილებლად ბევრ წარმატებას მივაღწევთ ამ სფეროშიც.

- გარდა იმის, რომ კონკურსებში არაერთხელ მიაღწიეთ წარმატებას, გარკვეული საორგანიზაციო გამოცდილება, უნარიც გაქვთ... ამ მიმართულებით უკვე ხართ დაკავებული?

- ამ მიმართულებით ვიყავი დაკავებული 2015 წლიდან, როგორც რეჟისორი და მენეჯერი, ასევე დამდგმელი ქორეოგრაფი, შემდეგ უკვე - ვიცე-პრეზიდენტი. წელს უარი ვთქვი ამ ყველაფერზე, ცოტა ხანs შესვენება მექნება (იღიმის)... ვფიქრობ, მომავალში ბიზნესის მიმართულებით "წავალ", რადგან ეს არის ჩემი პროფესია. თუმცა აუცილებლად ხელოვნებაც იქნება ჩემს ცხოვრებაში, რადგან სადაც სილამაზე და კრეატიულობა არ არის, იქ არც ჩემი ადგილია... დაბოლოს, თუ საქართველოში ვინმე დაინტერესდება იმით, რომ ჩატარდეს მაღალი დონის კულტურული ღონისძიებები და ჩემი დახმარება დასჭირდება, რა თქმა უნდა, ამაში სიამოვნებით ჩავერთვები.

მანანა გაბრიჭიძე