სადღესასწაულოდ შექმნილი ნივთები
რომლებიც დღესდღეობით სადღესასწაულო დღეებში იმდენად მრავალფეროვანია, არჩევანის გაკეთება ჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე საკმაოდ დიდი არჩევანია, მათ შორის ისეთი გამორჩეული, თვალში საცემი, ექსკლუზიური ხელნაკეთი ნივთებიცაა, რომელთა განთავსება ინტერიერსა და ექსტერიერში საზეიმო განწყობას ერთიორად ამაღლებს. თაკო ჭედიას საახალწლო თემაზე შექმნილი დეკორაციებიც სწორედ ასეთი დატვირთვის მატარებელია და ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებული, რომ ორ იდენტურ ნივთს ვერ აღმოაჩენთ.
თაკო ჭედია:
- ვცხოვრობ თბილისში. მყავს ოჯახი და 2 შვილი: ანა-მარია და ნინი. მართალია, ჯერ მხოლოდ 12 და 10 წლის არიან, მაგრამ საკმაოდ კარგად ხატავენ და უფროსი თავის პერსონალურ ანიმეზეც მუშაობს. სამხატვრო ლიცეუმი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემი ძირითადი უნარები დამოუკიდებლად შევიძინე და მეტწილად თვითნასწავლი ხელოვანი ვარ. ხელნაკეთი ნივთების შექმნა, პირველად დაახლოებით 12 წლის წინ დავიწყე. თავიდანვე ეს საახალწლო თემაზე შექმნილი დეკორაციები და საახალწლო სათამაშოები იყო, რომელსაც სხვადასხვა მასალისგან ვქმნიდი, ვღებავდი და ვაფორმებდი. ჩემი ნამუშევრები ოჯახში ძალიან მოსწონდათ, ასევე ახლობლებსაც, რომლებისთვისაც ყოველწლიურად ვამზადებდი ხელნაკეთ ნივთებს და ვჩუქნიდი. ბოლო რამდენიმე წელია კომერციული ხაზი განვავითარე და სარეალიზაციოდ საახალწლო მორთულობებს ვქმნი. თუმცა, უახლოეს მომავალში გეგმაში მაქვს სადღესასწაულოსთან ერთად, სხვადასხვა თემატიკის დეკორაციები, ანუ ისეთი ნივთები შევქმნა, რომელიც წლის ყველა სეზონზე იქნება აქტუალური.
ჩემს ნივთებში გამოყენებულია სხვადასხვა ფიგურა, რომელსაც ვყიდულობ: თოვლის ბაბუები, ირმები და ა.შ. სახლების შესაქმნელად თაბაშირ-მუყაოს ვირჩევ, გირლანდებს პენოპლასტის ბაზაზე ვაწყობ და ქსოვილებით ვაფორმებ, ზოგიერთი დეკორაციისთვის განათებას და სხვა დეტალებს ჩემით ვამზადებ და ა.შ. ხარისხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზერელედ არასდროს ვმუშაობ, ყველა ნივთი ძალიან მიყვარს, თითოეულში მთელ სულს ვდებ და შესაბამისად, მნახველებიც აღფრთოვანებულები არიან. ვინაიდან ერთსა და იმავე ნივთს მეორედ არ ვამზადებ, შეკვეთებს არ ვიღებ, მირჩევნია საზოგადოებას დეკორაციები უკვე მზა სახით წარვუდგინო.
- ვფიქრობ, ვინც სხვადასხვა საახალწლო ნივთს ქმნის, მათ გამორჩეულად უყვართ ეს დღესასწაული...
- ასეა, ჩემს ოჯახშიც ახალი წლის დღესასწაულს განსაკუთრებით ველოდებით, ერთი სული გვაქვს როდის დადგება. ნაძვის ხეს თითქმის ყველა ჩემი ხელით შექმნილი სათამაშოებით ვრთავთ, ასევეა ჩემს ახლობლებთანაც - მათაც ვჩუქნი. მართალია სხვადასხვა სადღესასწაულო დეკორაციას ვაკეთებ, მაგრამ გირლანდა ჩემთვის გამორჩეულია. ის მარადიულობას, სიცოცხლის განახლებას, იმედისა და უკეთესი მომავლის მოლოდინს განასახიერებს; არა მხოლოდ დეკორაციაა, არამედ დადებითი ემოციების მატარებელი, სიღრმისეული სიმბოლური ნივთი. მაქვს ისეთი დეკორაციებიც, რომელიც გამორჩეულად მიყვარს და არ ვყიდი. საახალწლოდ სახლის კედლები სულ ჩემი შექმნილი ნივთებით მაქვს გაფორმებული...
ანა კალანდაძე