"ხშირად გვაკრიტიკებენ - ბავშვზე ძალადობთო"
არამედ - შვილსაც უზიარებს: ვეგანი ფიტნესინსტრუქტორი, რომელსაც 4 წლის გოგონაც თითქმის ვეგანი ჰყავს, თავისი საქმიანობით, ყოველდღიური ცხოვრებით ამტკიცებს, რომ ვეგანიზმი და ცხოვრების აქტიური წესი სრულიად შესაძლებელია, ერთმანეთს შეერწყას. რამდენიმე წელია, გიორგი საკუთარ გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებს. ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ როგორია ვეგანიზმის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და სპორტულ შედეგზე...
- დღეს სოციალური ქსელები ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა. ამიტომაც "ჩავერთე". "ტიკტოკზე" აქტიურობა პანდემიის დასასრულს დავიწყე. ჩემი მთავარი მიზანი ხალხისთვის ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. საერთოდ, ფიტნესინსტრუქტორი იმიტომ გავხდი, რომ მინდოდა ყველა ადამიანის ცხოვრების უფრო გამარტივება, გაუმჯობესება... პირადად ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ ისე შეიცვალა, გაუმჯობესდა და გამარტივდა, რომ გადავწყვიტე, ამის შესახებ ცოდნა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეზიარებინა, რათა დადებითი ცვლილება მათაც განეცადათ.
- თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა რამ განაპირობა?
- ბავშვობიდან ვვარჯიშობდი: ჯერ ტანვარჯიშზე დავდიოდი, შემდეგ - ჩოგბურთზე, მერე - რაგბიზე. ძლიერი ვარჯიშებით ლამის თავს ვიკლავდი, მაგრამ კვების საკითხი მოწესრიგებული არასოდეს მქონია. ამის გამო, სპორტში კარგ შედეგსაც ვერ ვიღებდი. თან, "მსუქანი გენეტიკის" ბიჭი ვარ. მოკლედ, სანამ კვების რეჟიმი, რაციონი არ მოვაგვარე, მანამდე არც სპორტში მქონია შედეგი და ჩემი სხეულიც უკეთესობისკენ არ შეცვლილა. როგორც კი კვების საკითხი მოვაწესრიგე, ცხოვრებაც შემიმსუბუქდა: ბევრად იოლად ვმოძრაობდი, შედეგიანი ვიყავი, ჭარბი წონის გამო დისკომფორტიც მომეხსნა. ვიზუალური თვალსაზრისითაც, კარგი შედეგი დავინახე.ასევე, ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემაც მომიგვარდა.
- კვების რეჟიმი დამოუკიდებლად შეადგინეთ თუ პროფესიონალებთან კონსულტაცია გაიარეთ?
- თავდაპირველად, კონსულტაცია არავისთან გამივლია. ერთადერთი, რაც ვიცოდი და გავაკეთე, ის იყო, რომ ცხოვრების ჯანსაღი პრინციპი ავირჩიე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭამ, რამდენსაც გინდა, როცა გინდა, ოღონდ - იმ პირობით, რომ საჭმელი ჯანსაღი უნდა იყოს. შესწავლა დავიწყე, თუ რა არის ჯანსაღი და რა - არა. ამის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებლად მოვიძიე. მაშინ ფიტნესის აზრზეც არ ვიყავი. ასე ვთქვათ, მხოლოდ ცხოვრების ჯანსაღი პრინციპი გავითვალისწინე.
- ამ ტიპის ინფორმაციის მოძიება-შესწავლამ გადაგაწყვეტინათ, რომ ვეგანი გამხდარიყავით?
- არა. უკვე 3 წელი "ჯანსაღ პრინციპულ კვებაზე" ვიყავი: კვების რაციონში ცხოველური ცხიმი საერთოდ გამორიცხული მქონდა. ხორცს თუ მივირთმევდი, მხოლოდ - უცხიმოდ, ბოსტნეულთან ერთად. უბრალოდ, ნელ-ნელა იმასაც ვაკვირდებოდი, რომ საზოგადოებაში ეს მიმართულება - ცხოველური ნაწარმის გარეშე ცხოვრება არსებობს. ძალიან დავინტერესდი, მცენარეული კვების შემთხვევაში, სპორტული შედეგი თუ მექნებოდა. ეს საკითხიც შევისწავლე, წავიკითხე... მაშინ უკვე სერტიფიცირებული ფიტნესინსტრუქტორი გახლდით. მოკლედ, მცენარეული კვება შევისწავლე, საკუთარ თავზე გამოვცადე და სპორტული შედეგი იგივე მივიღე, რაც ცხოველური ნაწარმით კვებისას მქონდა. მითია, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის ხორცის ჭამა აუცილებელია. გემოს ფაქტორიც შევისწავლე: შეიძლება გემრიელი საკვები მცენარეულიც მოამზადო და ცხოველურიც. რეალურად, გემო მცენარეულ ინგრედიენტებზეა დამოკიდებული: მარილი, სუნელი, ხახვი, ნიორი... ამის შესახებ ხშირად ვამბობ: ხინკალი, რომელიც ყველას უყვარს, მწვანილის, სუნელების, ხახვის, ნივრის, ანუ მცენარეული ინგრედიენტების გარეშე უგემური იქნებოდა. გამოდის, რომ საჭმელს ინგრედიენტები აგემრიელებს და არა ის ფაქტი, რომ კერძი ხორციანია. ამიტომაც, "გემოს გადალახვა" ჩემთვის ძალიან მარტივი იყო. პლუს, შემდეგ მთელი ფილოსოფია ავითვისე, რომ ცოცხალი არსების უმიზეზოდ მოკვლა და ექსპლუატაცია არ შეიძლება. "უმიზეზოდ" იმას ნიშნავს, რომ არ გვჭირდება, მაგრამ მაინც ვხოცავთ. მუცლის ამოვსება მიზეზი არ არის... უკვე 9 წელია, რაც ვეგანი ვარ - ცხოველურ ნაწარმს არ მივირთმევ.
- არავეგან მომხმარებლებს ფიტნესინსტრუქტორი კვების როგორ რეჟიმს სთავაზობთ?
- ხშირად ჩემთან არავეგანები მოდიან. სამყაროში დაძალებით არასდროს არაფერი იცვლება. როცა არავეგანებისთვის კვების პროგრამას ვადგენ, ჩვეულებრივ, რაციონში ხორცს და რძის ნაწარმსაც ვწერ. ვისაც ვეგანობა ან ვეგეტარიანელობა სურს, ან აინტერესებს, ძალიან მიხარია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პიროვნების პირადი არჩევანია.
- ოჯახის წევრები თქვენი ცხოვრების ახალ სტილს როგორ შეხვდნენ? თავადაც ვეგანები ხომ არ არიან?
- სამწუხაროდ, მშობლებს კვების ცუდი რეჟიმი აქვთ. რა თქმა უნდა, არ მისმენენ (იცინის). ჩემი ვეგანობა ჩვეულებრივად, მარტივად მიიღეს, რადგან შედეგი ცხადია: გარეგნობაზეც მეტყობა, ძალასა და ენერგიაზეც. ასეთ შემთხვევაში, ცოტათი რთულია, ადამიანი გააკრიტიკო... ჩემ მიმართ გარკვეული ხუმრობები სამეგობროშიც იყო, მაგრამ ეს ყველგან ხდება.
- ვეგანებს ხშირად ეკამათებიან, თითქოს ორგანიზმისთვის ცხოველური პროდუქტების მიღება აუცილებელია. ყველაზე სასაცილო, უცნაური რა "არგუმენტი" მოგისმენიათ?
- ვაიმე, ასეთი კამათისას თითქოს ტვინის უჯრედები აკლდებათ ხოლმე (იცინის). ლოგიკას მოწყვეტილი, ძალიან ცუდი "არგუმენტები" აქვთ. ამბობენ, - ჩვენი წინაპრები მუდამ ხორცს ჭამდნენ! ხორცი თუ არ ჭამე, ცილა როგორ უნდა მიიღო?! მცენარეებსაც ხომ სტკივათ, მათ რატომ ჭამ? გეი ხომ არ ხარ, ხორცს რომ არ ჭამო?!
- მათ რას ეტყვით, ვინც საკითხში გაცნობიერებული არ არის და დღემდე ფიქრობს, რომ ორგანიზმის "შენებისთვის" ხორცი, ცხოველური პროდუქტი აუცილებელია?
- უპირველეს ყოვლისა, მთავარია, რომ ადამიანმა ხორცი მიიღოს. თუ რეალურ ხორცს არ იღებს, მცენარეული "ხორცის" ვარიანტი მაინც უნდა მიირთვას, რაც არის პარკოსნები: ოსპი, სოიa, ლობიო, მუხუდო, ბარდა... პრიორიტეტული ეს საკვები უნდა იყოს, რომ ადამიანის ორგანიზმმა საკმარისი ცილა მიიღოს. ასევე, ადამიანმა ესეც უნდა გაითვალისწინოს, რომ მოხარშვისას, მაგალითად, 100 გრამი ლობიო ან ოსპი წყალს იწოვს და 300-350 გრამი ხდება, ანუ ბევრდება, თორემ შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ ბევრს ჭამს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყოს... მოკლედ, მცენარეული ცილების მიღება პრიორიტეტული უნდა იყოს. თუ ადამიანს ჭარბი წონის პრობლემა არ აქვს, შეუძლია, დღეში 2-ჯერ ბურღულეულიც კი მიირთვას: წიწიბურა, ბრინჯი, შვრია... ეს საკვები უკვე ნახშირწყლების კატეგორიას მიეკუთვნება. ბოსტნეულს რაც შეეხება, ცილებს და ნახშირწყლებს მიაყოლოს - რამდენიც უნდა, იმდენი მიირთვას. ასევე, აუცილებელია ჯანსაღი ცხიმების მიღება ავოკადოსგან, თხილეულისგან (ჩიის, სელის, გოგრის თესლი, ნიგოზი, ნუში...) ან ცივი დაწურვის მეთოდით დამზადებული ზეითუნის ზეთისგან.
- ნეგატიურ კომენტარებზე როგორ რეაგირებთ?
- ოოო (იღიმის)... 2018 წელს სპორტდარბაზში მუშაობა დავიწყე. შევიძინე 2600-ლარიანი ტელეფონი, მიკროფონი, შტატივი... სოციალურ ქსელებში აქტიურობისთვის ვემზადებოდი, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა. ცოტათი სხვანაირი ვიყავი. გაუბედაობის მიზეზი კრიტიკა იყო: ბევრი ადამიანი ძალიან ბინძური ენის პატრონია. განსაკუთრებით, სოციალურ ქსელში ისეთ ცუდ რაღაცებს წერენ, თმა ყალყზე დაგიდგება... მოკლედ, 2020 წლისთვის "კანი ისე გავისქელე", რომ სოციალურ ქსელში აქტიურობა დავიწყე. მხოლოდ აზრიან კომენტარებს ვეხმაურები - უაზროებისთვის უკვე აღარც მცალია და ჩემზე ზეგავლენასაც ვეღარ ახდენს.
- საინტერესოა, როცა დღესასწაულებს ოჯახურ, მეგობრულ გარემოში აღნიშნავთ, დისკომფორტი არ გექმნებათ? მოგეხსენებათ, ქართული, ტრადიციული სუფრის შემადგენელი ნაწილი ხორციანი კერძებიცაა...
- ჩემი მეუღლე მგრძნობიარეა - ხორცის დანახვასაც ვერ იტანს, მაგრამ პირადად ჩემთვის, პრობლემას არ წარმოადგენს. მაგალითად, როცა კახეთში, ჩემს სოფელში ჩავდივარ, შეიძლება, მეგობრებთან ერთად, სუფრასთან დავჯდე. ისინი ხორციან კერძებს მიირთმევენ, მე ბოსტნეულს. მთავარია, ისეთი გარემო იყოს, როგორიც მომწონს და მცირე წასახემსებელი, დასალევი... ჩემს ცხოვრებაში მთავარი საჭმელი კი არა, გარემოა.
- მაგალითად, შემწვარი გოჭი ვეგანს უსიამოვნო ემოციებს არ აღგიძრავთ?
- არა, არანაირად. უხეშად რომ ვთქვათ, შეიძლება, "გატრუხებული" მქონდეს. ბავშვობიდან საშინელებათა ჟანრის ფილმებს ვუყურებ. საშინელების დანახვა ჩემში შიშს ან ზიზღს არ იწვევს. ასეთი შეგრძნებები "ატროფირებული" მაქვს.
- თუმცა, როგორც მივხვდი, ვეგანობა მხოლოდ ჯანსაღად კვების გამო არ აგირჩევიათ, რადგან ცხოველების ექსპლუატაცია ახსენეთ...
- დიახ. ცხოველების მიმართ სიბრალულის განცდაც მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ, ცხოველების ხოცვა მუცლის ამოვსების, გემრიელად ჭამის მიზნით არასწორია, გაუმართლებელია. თავის გადასარჩენად, ხორცის ჭამის საჭიროება რომ იყოს, ამ საქციელს გავამართლებდი და მეც შევჭამდი, მაგრამ ამის საჭიროება არ არსებობს. ჰოდა, რატომ უნდა ხოცო?! არ შეიძლება, რადგან ჩვენც, ასე ვთქვათ, ცხოველური ორგანიზმი გვაქვს - ფიზიკურად, ხორციელად... ამას ბევრი არ უფიქრდება, თუმცა ასეა.
- მეუღლეც ვეგანია? ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- ჩემი მეუღლე ლატვიის მოქალაქეა, მაგრამ ბრიტანეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. "ფეისბუკზე" გავიცანი. პირველმა თავად მივწერე. მიწერ-მოწერის შემდეგ, დავიყოლიე, რომ ჩემთან სტუმრად ჩამოსულიყო... როცა საქართველოდან წავიდა, მეორედ უკვე თავად მოისურვა ჩამოსვლა. შემდეგ ყველაფერი ავტომატურად მოხდა: თავადაც ვერ მივხვდი, დაქორწინება როდის გადავწყვიტეთ - მგონი, არც გადაგვიწყვeტia, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა... მეუღლე ვეგეტარიანელი იყო. შემდეგ ვეგანობა სცადა, მაგრამ სრულიად ვეგანი არ არის: შეიძლება ძალიან იშვიათად თხის ყველი იყიდოს და მიირთვას. ხორცს, კვერცხს არ ეკარება და საერთოდ, სხვა ცხოველური ნაწარმის მიღებაზე უარს ამბობს.
- შვილზე რას გვეტყვით?
- 4 წლის გოგონა გვყავს, ისიც ვეგანია. შეიძლება იშვიათად, არავეგანური ნაყინის ჭამის უფლება მივცეთ. ჯერჯერობით, ჩვენ განვაგებთ, რას მიირთმევს. საქართველოში ვეგანური ნაყინი იშვიათია. თუმცა თავად ვამზადებ გაყინული ბანანისა და არაქისის ან ნუშის კარაქისგან. ნაყინის კონსისტენცია აქვს, თან - ჯანსაღია.
- ვეგანური კვების გამო, ბავშვს პროტესტის განცდა ხომ არ აქვს?
- არა, პროტესტი არ გამოუთქვამს, რადგან როგორც აღვნიშნე, ხანდახან ვეგანური კვების რაციონს ვარღვევინებთ, მაგრამ ძირითადად, ჯანსაღად იკვებება. უბრალოდ, ხშირად გვაკრიტიკებენ, - ვაიმე, ბავშვს კვებას უშლით? ბავშვზე ძალადობთო!.. ჩემი პოზიცია ასეთია: როცა წამოიზრდება, თავისთავად, საკუთარი ჯიბის ფული ექნება და თუ გადაწყვეტს, რომ მაგალითად, მეგობრებთან ერთად ხორციანი კერძი მიირთვას, ეს მისი პირადი არჩევანი იქნება. ჯერჯერობით, სანამ პატარაა და ბევრ რამეს კარგად ვერ აცნობიერებს, მშობლები გადავწყვეტთ, რა მიირთვას და რა - არა.
- თქვენთან ვეგანები თუ ვარჯიშობენ?
- რამდენიმე ვეგანი მოსწავლე მყავს: ერთი ბიჭი გახლავთ, რომელიც ძალიან მაგარ ფორმაშია, ასევე - რამდენიმე გოგონა.
- დასასრულ, რამის თქმა ხომ არ გინდათ?
- უბრალოდ, ხალხს ჯანსაღი ცხოვრებისკენ და იმის გააზრებისკენ მოვუწოდებ, რომ ჩვენი კარგად, ჯანმრთელად ყოფნისთვის ცხოველების დახოცვა აუცილებელი არაა. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი: თუ ცხოველის მოკვლის სანახაობა ადამიანს ზიზღს და შიშს ჰგვრის, დაფიქრდნენ, - იქნებ არასწორია? წარმოიდგინეთ, ადამიანების უმეტესობა ცხოველის მოკვლას ვერც კი გაბედავს, მაგრამ მშვენივრად მიირთმევს ლამაზად შეფუთულ ხორციან პროდუქტებს, რადგან სისასტიკეს ვერ ხედავს...
ეთო ყორღანაშვილი