როლი, მუსიკა, ფეხბურთი და დიდი მისტიკა ერეკლე თურქაძის ცხოვრებაში - გზაპრესი

როლი, მუსიკა, ფეხბურთი და დიდი მისტიკა ერეკლე თურქაძის ცხოვრებაში

რომელიც შემოდის ჩემში, ოღონდ ყველა სცენას თავისებური მისტიკა აქვს. შენ თუ შენში ამ მისტიკას შემოუშვებ, უკვე გამარჯვებული ხარ", - ამბობს მსახიობი ერეკლე თურქაძე და გვესაუბრება პროფესიაში ასრულებულ ბავშვობის ოცნებაზე, სერიალზე "ბოლო სეზონი", ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავებთან ურთიერთობაზე, მუსიკასა და დიდ სიყვარულზე, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია.

- ერეკლე, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, როგორც მუსიკოსი, ისე გაგიცნო. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა კი მიამბეთ, სერიალში "ბოლო სეზონი" როგორ აღმოჩნდით?

- თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობ. ერთ დღეს მითხრეს, მეორე სართულზე კასტინგი ტარდება და ჩადიო. იქ მისულს მსახიობები გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) და ია ვახანია დამხვდნენ, ერთი კამერა ჰქონდათ. ფოტოები გადამიღეს, გამესაუბრნენ, მცირე ვიდეო ჩაწერეს. ამ ვიდეოში ჩემი პატარა გულისტკივილის შესახებ ვთქვი. ვუამბე, პირველ კურსზე ვიყავი, რეჟისორმა ლევან აკიმმა ფილმში მთავარ როლზე დამამტკიცა. შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო, სცენარში რაღაცები შეიცვალა და ისე მოხდა, რომ ამ როლიდან მომხსნეს. არადა, ერთ კვირაში გადაღებები იწყებოდა, ვემზადებოდი. შემდეგ მკითხეს, ფეხბურთს თამაშობო? - ამ სპორტით ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი, აქტიურად ვთამაშობდი, ესეც გულწრფელად ვუთხარი. კასტინგიდან 1 კვირაში დამირეკეს და მითხრეს, რომ რეჟისორმა როლზე დამამტკიცა. ძალიან გამიხარდა. დათქმულ დროს მათთან გამოვცხადდი. მე და მსახიობი გოდვინ თუდები ერთად ვიყავით. ჩვენი როლების შესახებ დაგველაპარაკნენ. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც კი მათთან შევედი, პირველივე წუთებიდან თავი ძალიან ოჯახურ გარემოში ვიგრძენი. ზაფხულში გადასაღებად ფოთში წავედით.

- სხვა ფილმში, სერიალში თამაშის გამოცდილება გქონდათ?

- ეპიზოდურ როლებსა და რეკლამებში ვიყავი გადაღებული. ასეთი მასშტაბური როლი არ მითამაშია, ეს პირველია.

- ვინ არის თქვენი პერსონაჟი ლუკა ვადაჭკორია? მასში ძალიან ბევრნაირი ემოციაა თავმოყრილი, არა?

- სანამ სცენარს წავიკითხავდი, რომ ამიხსნეს, როგორი პერსონაჟი უნდა მეთამაშა, მასთან საერთოს პოვნა არ გამჭირვებია. ბავშვობაში ჩემი მეზობელი "ფეხბურთის გიჟს" მეძახდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მუსიკოსი ვარ, ფეხბურთი ისე მიყვარდა, ჩემთვის მართლა ყველაფერი იყო. დედა მუსიკოსია, მღერის და მას უნდოდა ფორტეპიანოზე მევლო, ფეხბურთზე სიარულს მიკრძალავდა. სერიალში არის ერთი კადრი, როდესაც გაბრაზებული ჩანთას ვაგდებ. ეს სცენა ძალიან ჩემი იყო. ბევრჯერ გავპარულვარ ფეხბურთზე, როდესაც მუსიკაზე უნდა წავსულიყავი. ჩემი პერსონაჟივით გადამიგდია ჩანთა და ვარჯიშზე წავსულვარ. რომ წამოვიზარდე, ისე მოხდა, რომ ჩემი გზა სამსახიობოსკენ და მუსიკისკენ წავიდა, ფეხბურთი დარჩა დიდ სიყვარულად. ბავშვობაში "ბარსელონას" ფანი ვიყავი და მათ თამაშს თუ ვერ ვნახავდი, ვტიროდი. როდესაც ამ როლზე მუშაობა დავიწყე, მინდოდა, ჩემი პერსონაჟის მთავარი სათქმელი ყველა ადამიანისთვის გასაგები ყოფილიყო. როდესაც ცხოვრებაში გულით გინდა რამე გამოგივიდეს, შეუძლებელია, ვინმემ ან რამემ ხელი შეგიშალოს. ლუკა ვადაჭკორიას მთავარი სათქმელია, - მიჰყევი შენს ოცნებებს!

- ბავშვობაში დედის დაჟინებული თხოვნა რომ არა, შეიძლებოდა, ფეხბურთელი გამოსულიყავი? დედამ გავლენა მოახდინა?

- მე რომ მუსიკალური ნიჭი არ მქონოდა, დედას როგორც უნდა მოენდომებინა, გავლენას ვერ მოახდენდა. როგორი ნიჭიც მუსიკაში აღმომაჩნდა, ფეხბურთში ისეთი კარგი ვერ ვიყავი, თუმცა ცუდადაც არ ვთამაშობდი. რომ გავიზარდე, იყო რაღაც ფაქტორები, რამაც მუსიკა მეტად შემაყვარა, ხელოვნებისკენ გადავიხარე. საქართველოში ცოტათი რთულია ფეხბურთში რეალიზდე. ის გამოცდილება, რომელიც ფეხბურთში მქონდა, როლზე მუშაობაში ძალიან დამეხმარა. ვამბობდი, ბავშვობაში რა ოცნებაც ვერ ავიხდინე, დიდ სტადიონზე მეთამაშა და ხალხის თვალწინ გოლები გამეტანა, ფეხბურთის ვარსკვლავი ვყოფილიყავი, აი, ჩემს პროფესიაში გამომივიდა-მეთქი.

- მგონი, მსახიობის პროფესია იმითაცაა საინტერესო, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი შეიძლება გახდე.

- გეთანხმებით, ამ როლში გატარებული თითოეული წუთით ვიღებდი უდიდეს სიამოვნებას.

- თქვენი პერსონაჟის ოჯახი გაყოფილია, დედა ემიგრაციაშია წასული. ეს პრობლემა საქართველოში ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი და მტკივნეულია...

- ეს საკითხი ჩემს ოჯახშიც აქტუალურია: მამა, მამიდა, ბებია ემიგრანტები არიან; კიდევ ბევრი ნათესავი და ახლობელი მყავს ემიგრაციაში. პერსონაჟის ეს ტკივილი ჩემთვისაც ნაცნობი განცდაა. ამ სერიალში ეს პრობლემაც წამოწეულია. შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან ნიჭიერი, მაგრამ იმის გამო, რომ მშობლებს უწევთ თავიანთი შვილების დატოვება, კარიერაში ეს ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

- გაიხსენეთ ამბები გადასაღები მოედნიდან...

- ძალიან ბევრი რამ, საოცარი წუთები იყო, ვეღარც კი ვხვდები, რომელი ერთი გავიხსენო.

- სერიალში ქართული კინოს და თეატრის ბევრი ვარსკვლავი თამაშობს, თავად ყველაზე ხშირად ურთიერთობა დავით დვალიშვილთან გიწევთ, რას გაიხსენებთ?

- დიახ, დავით დვალიშვილი როგორიც არის სერიალში, ისეთია ცხოვრებაში, ძალიან თბილი და მზრუნველი. მართლა იმდენი ვარსკვლავი თამაშობს, ვერც კი წარმოვიდგენდი, მათ გვერდით თუ მომიწევდა მუშაობა. გადაღებების პერიოდს დაემთხვა ჩემი დაბადების დღე. რეზო ჩხიკვიშვილი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ გაცნობის შემდეგ, ეს გრძნობა გამიასმაგდა. ჩემს დაბადების დღეს ფორტეპიანო მოიტანეს. როგორც კი 12 საათი შესრულდა, ბატონი რეზო მივიდა და დაიწყო დაკვრა, დაბადების დღის სიმღერა მიმღერა, ასე მომილოცა, ვუყურებდი ამ ყველაფერს და ჩემი თავი სიზმარში მეგონა. ბატონი რეზო მღეროდა ჩემთვის და დაბადების დღეს მილოცავდა. უკარგესი პიროვნებაა. ეს წუთები არასდროს დამავიწყდება.

- უფროსებისგან პროფესიული რჩევებს თუ იღებდით?

- რა თქმა უნდა. კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, რეჟისორისგან, მსახიობებისგან ისეთი გონივრული წინადადებები მოვისმინე, თამამად შემიძლია ვთქვა, ამ სერიალზე მუშაობისას, უდიდესი სკოლა გავიარე და დავაგროვე გამოცდილება, რომელიც იქ მოხვედრამდე ნაკლებად მქონდა. იქ ყველა ჩემკენ იყო, ყველა ჩემი ადამიანი გახლდათ. არავინ გსაყვედურობდა, პირიქით – გიხსნიდნენ. ვუყურებდი, როგორ იქცეოდნენ დიდი მსახიობები გადაღებების დროს, სულ ვცდილობდი, მათი სცენების გადაღებებს დავსწრებოდი, რომ რაღაც მესწავლა. ეს ჩვეულებრივი მასტერკლასი იყო. სერიალში მამაჩემის როლს დუტა სხირტლაძე ასრულებს. 15 წლის ვიყავი, როდესაც დუტა გავიცანი. თელავში მის ბანაკში ვიყავი და ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. გავიზარდე, თეატრალურში ჩავაბარე და უეცრად მამა-შვილის როლებში აღმოვჩნდით. რომ დამინახა, ძალიან გაუხარდა. ბუნებრივია, მეც გავიხარე. ჩვენი ერთობლივი მუშაობა წყალივით წავიდა, პროფესიული ნირვანა იყო.

- ერეკლე, ფინალურ სცენაში თქვენს პერსონაჟს გოლი გააქვს; გოლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მისთვის, ისე გუნდისთვის. როდესაც 11-მეტრიანი დარტყმა უნდა შეგესრულებინათ, ემოციით, გამოხედვით, მანერით ძალიან ჰგავდით ჩვენი ნაკრების ფეხბურთელ ნიკა კვეკვესკირს - იმ მომენტში, როდესაც მასაც გამარჯვების გოლი უნდა გაეტანა. ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ...

- სხვათა შორის, გადაღებული კადრი რომ ვნახე, ეს მეც ვიფიქრე. იქ ამაზე არ მიფიქრია, უბრალოდ, გულწრფელად ვითამაშე, ძალიან გულწრფელად, მთელი ემოციით. სტადიონზე რომ შევდიოდი, ეს ადგილი ჩემთვის იმდენად ორგანული იყო, აღარ მჭირდებოდა იმაზე ფიქრი, რომ სხვა სამყარო გახლდათ. იქ ყოფნა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა.

- "ბოლო სეზონის" შემდეგი სეზონი იქნება თუ არა? ამაზე რამე ინფორმაცია გაქვთ?

- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ხალხის რეაქციიდან და სერიალის რეიტინგიდან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, იქნება.

- მუსიკაზე ვილაპარაკოთ. ამ სამყაროში თქვენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- თავისუფლება, უპირობო თავისუფლება. მუსიკა უდიდესი სიამოვნებაა. როცა ვუკრავ და როლს ვთამაშობ, ამ დროს ვარ ყველაზე მეტად ბედნიერი. სხვათა შორის, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, ვცდილობდი, იმავენაირად თავისუფალი ვყოფილიყავი, როგორიც მუსიკაში ვარ. ბენდი რომ უკრავს, ეს პროცესი ფეხბურთის თამაშს ძალიან ჰგავს. ბენდში ყველას თავისი მოვალეობა აქვს, მთლიანობაში ქმნიან საოცრებას. იმავენაირი რამ ხდება ფეხბურთში. მოედანზე ყველა იმავენაირად თუ ითამაშებს, როგორც მუსიკოსები უკრავენ, ყველა თამაშს მოიგებენ. ეს ერთობლიობის ძალაა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ: სცენა არის იარაღი, როკ-ენ-როლი არის ტყვია და ხალხი - სამიზნე.

- (იცინის) მართალია.

1-1733662904.jpg

- ასეთი შედარებებით და მეტაფორებით გამოირჩევით?

- კი, მიყვარს. იმ ნიჭით, რომელსაც ღმერთი გაძლევს, გაქვს საშუალება ძალიან ბევრ ადამიანში სიყვარული დათესო. ხვიჩა კვარაცხელიას ასეთი მაგრად თამაშის ნიჭი რომ მიეცა, მან ეს "იარაღი" უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ყველა ადამიანში ფეხბურთის სიყვარული "დათესოს".

- ერეკლე, სად უფრო კარგად ამბობთ საკუთარ სათქმელს?

- ყველგან კარგად იტყვი შენს სათქმელს, სადაც თავისუფლება გექნება. თავისუფლება უპირობო მოთხოვნაა. გულწრფელი უნდა იყო დაკვრისას, როლის თამაშისას, რომ მაყურებლამდე და მსმენელამდე მიხვიდე. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ, მთავარია, აკეთო თავისუფლად და გულწრფელად, თავად იღებდე სიამოვნებას და სხვასაც ანიჭებდე.

- სცენა - ეს რა ადგილია თქვენთვის, რა დატვირთვა აქვს?

- მისტიკური ადგილია. სცენას რომ ვხედავ თავის განათებებით, გაფორმებით, სხვა სამყაროში გადავდივარ. როდესაც სცენაზე ავდივარ, სხვაგვარი განწყობა მეუფლება, ეს მისტიკაა, რომელიც შემოდის შენში, ოღონდ ყველა სცენას თავისებური მისტიკა აქვს. შენ თუ შენში ამ მისტიკას შემოუშვებ, უკვე გამარჯვებული ხარ.

- ალბათ ამ დროს ხდება ხელოვანი იმ ემოციის გამტარი, რომელიც დარბაზში მყოფ ადამიანებამდე მიდის.

- რა თქმა უნდა. გამარჯვების არსიც ეგაა, რომ შენი განცდა სხვებს აგრძნობინო. სცენაზე პირველად რომ ავედი, 4-5 წლის ვიქნებოდი, ჩემი მამიდაშვილი ლაგოდეხში კულტურის სახლში კონცერტზე გამოდიოდა. სიმღერა რომ დაასრულა, ისე მინდოდა სცენაზე ასვლა, ავვარდი, მიკროფონს ხელი მოვკიდე და რაღაც ჩავილაპარაკე, ხალხმა სიცილი დაიწყო. იმ დღიდან ვარ სცენის ხიბლით შეპყრობილი. ის, რასაც დღეს თამაშის ან დაკვრის დროს ვგრძნობ, აღუწერელია. ის შეგრძნება, რომელსაც ჭეშმარიტი ხელოვნება ბადებს, მეცნიერულად ჩემთვის აუხსნელია. ღმერთის არსებობის იმიტომ მჯერა, რომ არსებობს ხელოვნება.

თამუნა კვინიკაძე