კობა ხაბაზი: "ჩვენ მიერ სტრუქტურიზებული ძალოვანი უწყებები გვცემენ და გვიჭერენ"
ვისაც შავ ფორმებში ჩაცმული ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბიზნესცენტრში, სადაც პარტიის ოფისია განთავსებული, 50-მდე ადამიანი ორ კაცს დაესხა თავს. "როდესაც ჩავდიოდი, უეცრად ამოვარდნენ, დაიწყეს გინება, ცემა. თავში ჩამარტყეს რაღაც და დავეცი, შემდეგ წიხლებს მირტყამდნენ...", - ჰყვება კობა ხაბაზი. შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შავებში ჩაცმული ნიღბიანების მიერ ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და ზოგადად, აქციის მონაწილეებზე ჩასაფრებით თავდასხმებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. როგორც წესი, რამდენიმე ათეული "შავრაზმელი" ერთ ან მინიმუმ, სამ ადამიანს დაიმარტოხელებენ და ისე ესხმიან თავს.
კობა ხაბაზი:
- ბევრი ვიფიქრე იმის შესახებ, თუ რატომ გვესხმიან თავს, ორ-სამ კაცს ბნელ ქუჩებში ან ცარიელ შენობებში რატომ ხვდებიან. ზოგადად, ძნელია, პარანოიკი ადამიანის მოქმედებებს ახსნა მოუძებნო. როდესაც ლიფტიდან გამოვედი და ეს ამდენი შავებში ჩაცმული ხალხი დავინახე, მეგონა, ოფისის გასაჩხრეკად იყვნენ მოსულები. ის იყო ვკითხე, ჩხრეკაზე მოხვედით-მეთქი? - და თავში რაღაც ჩამარტყეს.
- თქვენ რის საფუძველზე გადაწყვიტეთ, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ?
- ერთნაირ ფორმებში იყვნენ ჩაცმულები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი მანერებით მოქმედებდნენ. ე.ი. ამ ხალხმა რომ დამინახა, მათ შორის ერთ-ერთმა დაიძახა, - აგერო, და წამოვიდნენ ჩემკენ. მე არ ვიცი, რა იგულისხმებოდა სიტყვაში - "აგერ", კონკრეტულად მე მეძებდნენ თუ ზოგადად, ვინმე ცნობილ ადამიანს. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ჩემი ვერსია ასეთია, ცნობილებს სცემენ სხვების დასაშინებლად. ალბათ, მათი ლოგიკით, ხალხი ჩვენ რომ გვნახავს ნაცემებს და ძვალ-რბილგაერთიანებულს, იფიქრებენ, ამათ რა უქნეს და ჩვენ რაღას გვიზამენო? თუ ეს არის მათი მიზანი, უნდა იცოდნენ, რომ ტყუილად ირჯებიან. ამ ახალგაზრდებს რომ ცემა-ტყეპის ეშინოდეთ, ქუჩაში არ იდგებოდნენ. მე კიდევ ერთი ვერსია მაქვს იმის შესახებ, თუ რატომ მცემეს: ე.ი. საჩვენებლად გვცემეს მე, დავით ქაცარავა, ალეკო ელისაშვილი. ეს სამი კაცი არა მხოლოდ ვმონაწილეობდით უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, არამედ მოსკოვის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული ჩვენ წინააღმდეგ. დამრჩა განცდა, ნაცემი რომ ვეგდე, ფოტო გადამიღეს და ვიღაცას გადაუგზავნეს. ე.ი. ჩვენი ცემით ვიღაცას პატაკი ჩააბარეს. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ პუტინის შურისძიების ფარგლებში მოვყევით. არასდროს დამავიწყდება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი - კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე ბიჭებზე განხორციელებული ანგარიშსწორება: 30 კაციდან ზოგი დაღუპულია (სხვადასხვა მიზეზით), ზოგიც ციხეშია. შეუძლებელია ეს დამთხვევა იყოს. ძნელია განსაზღვრო, რა შეიძლება ედოს თავში ისეთი გონების ადამიანს, როგორიც ივანიშვილია.
- ახალგაზრდების შემართება გასაგებია, მაგრამ თუ ხართ მზად, რომ ასეთი თავდასხმის შემდეგ ისევ გააგრძელოთ ბრძოლა?
- ამ თავდასხმის შემდეგ ორმა საკითხმა შემაწუხა: ერთი იყო იმის შიში, რომ აქციის მონაწილეებს საქმეში არ ჩამოვრჩენოდი, მეორე იმაზე ფიქრია, ვინმემ არ წარმოიდგინოს, თითქოს ჩემზე თავდასხმის გამო გაბრაზებული ვარ და ამიტომ ვაგრძელებ ბრძოლას. მე დღემდე არ ამომდის თვალებიდან განსასჯელის სკამზე მყოფი ზვიად ცეცხლაძისა და მისი მეგობრების ღიმილიანი სახეები. მე მათ "ღიმილის ბიჭები" დავარქვი. ერთხელ მერაბ კოსტავასთან ერთად მომიწია ბათუმიდან თბილისში გამომგზავრებამ. ბატონი მერაბი მატარებლის კუპეს მუშტებს ურტყამდა, ლამის დალეწა იქაურობა: მე იმისთვის არ გამიტარებია წლები ციმბირის გულაგებში, რომ ახალგაზრდა პატრიოტი ქართველები ციხეებში გამოამწყვდიონ ამ ნაძირალებმაო. მაშინ ბოლომდე ვერ მივხვდი ბატონი მერაბის წუხილს, მაგრამ ახლა ძალიან კარგად ვხვდები - რაც ამ დრომდე გამიკეთებია საქართველოში თუ უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყველაფერი იქნება ფუჭი, თუ ამ ბიჭებს ვერ დავეხმარები. რისთვის მიბრძოლია აქამდე, თუ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს - ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ძვლებში დაამტვრევენ და თავ-პირს გაუერთიანებენ ცემაში? ეს ხომ ერის გენოციდია. მთელი ჩემი ძალებით გავაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ნიჭიერი, ლამაზი, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდები ციხეებში არ გამოკეტონ ან ბნელ ქუჩებში თავს არ დაესხან.
- მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ ჟურნალისტებსა და ზოგადად, აქციის მონაწილეებზე თავდასხმის უკან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დგანან. მათი მიზანი ხალხის გაბრაზება და სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვაა.
- ეს ხომ აბსურდია! როგორ შეიძლება ამის დაჯერება?
- შეიძლება, მაგრამ საზოგადოების ნაწილს ამისი სჯერა...
- ასეთი ადამიანებისთვის ძალიან მარტივ კითხვას დავსვამ, რატომ არ რეაგირებენ პოლიციის, საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები, როდესაც მათ თვალწინ შავ ფორმებში ჩაცმული ნიღბიანები უიარაღო, მშვიდობიან ადამიანებს სცემენ? ჩემი ცემის ფაქტზე მე დამიბარეს მოწმის სახით. ამით ილუზიის შექმნა უნდათ, თითქოს მართლა იძიებენ რამეს. რა საჭიროა ჩემი დაკითხვა, დაიბარონ და დაკითხონ პატრულის თანამშრომლები, რომლებმაც ოფისის შენობაში 50 ნიღბიანი კაცი შემოუშვეს. ჰკითხონ ამ პატრულის თანამშრომლებს, ვინ მისცა მათ ბრძანება, რომ არ ჩარეულიყვნენ საქმეში, როდესაც 50 კაცი 2-ს სცემდა. ძალიან მარტივი ამბავია, მე ხომ არ დავავალებდი იმ ნიღბიანებს, ჩემი თავის ცემას? თუ ჩემიანებმა გამწირეს და მომიწყვეს ეს ამბავი, პატრული რატომ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან? მასაც ოპოზიცია აკონტროლებს? აქციის მონაწილეებსაც ჩვენ ვასხამთ წყალს, ჩვენ ვგუდავთ გაზით? მაშინ ჩვენ ვყოფილვართ ხელისუფლებაში და ვერ გაგვიგია.
- ე.ი. თქვენზე თავდასხმის დროს პატრულის თანამშრომლები ადგილზე იყვნენ?
- იქ არ იყვნენ, სადაც მცემეს, მაგრამ შენობასთან ახლოს იდგნენ და მივარდნენ ვიღაცები ყვირილით, ნიღბიანები ორ კაცს სცემენო. ნაცვლად იმისა, სამართალდამცველები შენობაში შემოსულიყვნენ, მანქანა დაქოქეს და წავიდნენ. ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ერთი - პოლიციის დაგეგმილი თავდასხმა იყო და მორიგე პატრულის ეკიპაჟს დავალება ჰქონდა მიცემული, საქმეში არ ჩარეულიყო ან მეორე - უბრალოდ, პატრულის თანამშრომლებს ეშინიათ ამ შავფორმიანების, რადგან ისინი კრიმინალები არიან. პოლიცია რომ თავის მოვალეობას არ ასრულებს, ეს განსჯადი საკითხია, აქ კიდევ შეიძლება რამეზე დავა, მაგრამ პოლიციას რომ ბანდფორმირების ეშინია, ეს უკვე კატასტროფის ტოლფასია. მინახავს ასეთი რამ და ვიცი, რასაც ვამბობ.
- დიახ, თქვენ სამოქალაქო ომის მოწმე ხართ. რამდენად შესაძლებელია თბილისის ომის წინა პერიოდსა და დღევანდელ ვითარებას შორის პარალელების გავლება?
- შეუძლებელია, ღმერთმა დაგვიფაროს, ეს რომ ასე იყოს. თვისობრივად არ შეიძლება ამ ორი მოცემულობის შედარება. მაშინდელი ბანდფორმირებების თარეში გამოწვეული იყო ხელისუფლების უნიათობით. დღეს ყველა პროცესს მართავს ხელისუფლება. ერთი რამ უნდა გითხრათ ხუმრობით, - ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყავით, ბევრი კარგიც გაკეთდა და ცუდიც. კარგიც წინ დაგვხვდა და ცუდიც. დღეს სწორედ ჩვენ მიერ სტრუქტურიზებული ძალოვანი უწყებები გვარბევენ, გვცემენ და გვიჭერენ. კი, პოლიციაც და ჯარიც ხელისუფლებას უნდა ემორჩილებოდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლება არ სცდებოდეს კონსტიტუციის ფარგლებს, თავად ხელისუფლება არ გასცემდეს უკანონო ბრძანებებს. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მიერ სტრუქტურიზებულ პოლიციას დღეს ძალიან ბინძურ დავალებებს აძლევენ.
- როგორ გგონიათ, რა მოხდება, თუ არც საპროტესტო აქციის მონაწილეები დაიხევენ უკან და არც ხელისუფლება?
- დარწმუნებული ვარ, ბევრი უკვე ხვდება და ხვალ, ზეგ კიდევ უფრო მეტი მიხვდება, თუ რა ბნელი ძალაა საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებული. მალე ეს იმდენად შეუქცევადი პროცესი გახდება, რომ მთელ ქვეყანას მოიცავს. ნახეთ, თეატრალური სამყარო უკვე გაიფიცა; დიპლომატების, თავდაცვის, იუსტიციისა და სხვა უწყებების თანამშრომლები ნელ-ნელა ტოვებენ თანამდებობას. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ციდან ჩამოცვენილი ხალხი ხომ არ არის? საქართველო პატარა ქვეყანაა, მალე "ქართული ოცნების" ბნელი ძალა, ყველა მათგანის ოჯახს, სანათესავოს, სამეგობროს, შვილებს შეეხება. ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებიან, ევროპაში აქციის მონაწილეებს უფრო სასტიკი მეთოდებით არბევენო. დასავლურ ქვეყნებში და საქართველოში გამართული საპროტესტო აქციები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან შინაარსითაც და ფორმითაც, იქ ბენზინის გაძვირებას ან სხვა სოციალურ თუ საყოფაცხოვრებო საკითხებს აპროტესტებენ, ჩვენ კი სამშობლოს დასაცავად ვართ ქუჩაში გამოსულები. დასავლეთის ქვეყნების ქუჩებში დემონსტრანტები ყველაფერს წვავენ და ანადგურებენ, რაც კი გზად შეხვდებათ, ჩვენ პირიქით, ყველაფერს ვუფრთხილდებით. შესაბამისად, საქართველოს ქუჩებში გამოსული ახალგაზრდები საფრთხეს არ შეიცავენ. მერწმუნეთ, საპროტესტო აქცია კიდევ უფრო გაიზრდება და გაიშლება, რომელიც საბოლოოდ აუცილებლად დაასრულებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს.
- სპეცრაზმელების ან ბნელ ქუჩებში მოთარეშე, ნიღბიანი ბანდფორმირებების სისასტიკეს როგორ ახსნით, რამ გააბრაზა ეს ხალხი?
- ადამიანები ყველაფერში ერთ მიზეზს ვეძებთ. ჩემი აზრით, ეს ადამიანები სხვადასხვა მოტივით მოქმედებენ ასე აგრესიულად: ზოგი ფულის სიყვარულით აკეთებს ყველაფერს, ზოგს ტვინი აქვს გამორეცხილი რუსული პროპაგანდით და სჯერა, რომ დასავლეთიდან გარყვნილება მოდის, ზოგი მართლა გამყიდველია და რუსეთი უყვარს...
- თქვენ მე უკრაინაში მეგულებოდით. გამიკვირდა, საპროტესტო აქციაზე რომ დაგინახეთ. როდის დაბრუნდით?
- არჩევნების წინა პერიოდში დავბრუნდი. უკრაინელებისთვის წინასწარ მქონდა ნათქვამი, რომ თუ ჩემს სამშობლოს დავჭირდებოდი, აუცილებლად წავიდოდი. მე უკრაინაშიც საქართველოსთვის ვიყავი, იქ ვებრძოდი ჩემი ქვეყნის ყველაზე ვერაგ და დაუნდობელ მტერს. ახლა ვფიქრობ, რომ საქართველოში უფრო მეტის გაკეთება შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის. თუ მივიჩნევ, რომ უკრაინაში უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ, დავკრავ ფეხს და წავალ.
- "ქართულ ლეგიონზე", რომლის წარმომადგენელიც ხართ, სხვადასხვა ვერსია ვრცელდება: ზოგი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ, ზოგიერთი ვერსიით, ისინი უკვე აქ არიან.
- სინამდვილეში, "ქართული ლეგიონი" აქ არც ჩამოსულა და არც აპირებს ჩამოსვლას. ამის შესახებ ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა არაერთი განცხადება გააკეთა. ისინი უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობენ, ვერაფრით მიატოვებენ იმ საქმეს, რასაც ახლა აკეთებენ. მათმა აქ წამოსვლამ შეიძლება ფრონტის ხაზზე ცუდი მდგომარეობა შექმნას. გარდა ამისა, მამუკა მამულაშვილს და ლეგიონის სხვა ბიჭებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ არ შეიძლება საბაბი მისცე ისეთ ბინძურ ძალას, როგორიც "ქართული ოცნებაა". სწორედ ხელისუფლებას აწყობს ახლა ისეთი განწყობის შექმნა, თითქოს უკრაინაში მებრძოლ ქართველებს აქ ომისა და სისხლისღვრის დაწყება სურთ. ეს არის აბსურდი! ქართველები უკრაინაში იმიტომ იბრძვიან, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა. მოვა დრო და წიგნად გამოვცემ ან იმის ამსახველ პლაკატებს დავამზადებ, თუ როგორ ცხოვრობენ ის ბიჭები... თქვენ რომ ნახოთ იქაურობა, ტირილით მოკვდებით, ისე აგიჩუყდებათ გული. საწოლთან გაკრული აქვთ საქართველოს დროშები, ლექსები საქართველოზე... მე ხომ ვიცი, რით სუნთქავენ, რით ცხოვრობენ... საქართველოსთვის სცემს თითოეული მათგანის გული და სანამ ერთ ნაბიჯს გადადგამენ, ათჯერ დაფიქრდებიან, რაიმე ზიანი არ მიაყენონ საკუთარ სამშობლოს. ეს ბიჭები უკრაინაში ბრძოლის და საქართველოსთვის ბრძოლის ეპოპეას წერენ.
ხათუნა ბახტურიძე