დავით ქირია: "მყავს ჰოლანდიელი მეუღლე... შვილებს ვზრდი ღირსეულ ქართველებად..."
და უკვე მეოთხედ გახდა ამ ტიტულის მფლობელი. საზოგადოება დავითს კარგად იცნობს. 20 წელია კიკბოქსინგში ასპარეზობს. ბოლო მნიშვნელოვანი გამარჯვება მან ამ დღეებში თბილისში, სპორტის სასახლეში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატში მოიპოვა. 15-წლიანი პაუზის შემდეგ, კიკბოქსიორი საქართველოში, მაყურებლის წინაშე ისევ წარდგა და გულშემატკივარს ჰქონდა შესაძლებლობა, რინგზე ასე ახლოს ენახა მისი დაძაბული დაპირისპირება მეტოქესთან და ამ გზით მოპოვებული გამარჯვება. ჩემპიონატში 12 სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
- დავით, გილოცავთ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. უკვე ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი ხართ. რა ემოცია იყო, როცა თქვენს ქვეყანაში იდექით რინგზე და ამდენი ქართველი გგულშემატკივრობდათ?
- ძალიან ვემზადებოდი ქართველ გულშემატკივართან შესახვედრად. საქართველოში ბოლოს 15 წლის წინ ვიბრძოლე და ახლა ისევ ვიასპარეზე სამშობლოში. ქართველ გულშემატკივართან შეხვედრა უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ზოგადად, ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ, რომ გამარჯვება მოვიპოვო და ქართული დროშა აღვმართო. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა იყო და ბედნიერი ვარ, რომ ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარვდექი; იმ გულშემატკივრის წინაშე, რომელიც ეს წლებია, დისტანციურად მიჭერს მხარს და სულ მგულშემატკივრობს. ახლა, ამ ჩემპიონატზე მიეცათ საშუალება, რომ პირდაპირ ეყურებინათ ამ შეჯიბრებისთვის, ჩემი ბრძოლა "ლაივში" ენახათ. ეს იყო ძალიან საპასუხისმგებლო, ასევე - სასიხარულო. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და კიდევ ერთხელ გავახარე გულშემატკივარი. მეოთხედ მოვიპოვე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. რაც შეეხება ჩემს მოწინააღმდეგეს, ძალიან ძლიერი სპორტსმენი იყო, ღირსეული, 5-რაუნდიანი ბრძოლა გავმართეთ და ყველა რაუნდი იყო ძალიან საინტერესო. გულშემატკივარმაც მიიღო დიდი სიამოვნება. დიდი სტიმული იყო, რომ ეს ჩემპიონატი ჩემს ქვეყანაში ჩატარდა, სულ სხვა მუხტია, როცა ამდენი ადამიანი გგულშემტკივრობს. ეს არის ენით აღუწერელი ემოცია და ის დამატებითი ენერგია, მოტივაცია, რასაც ამ დროს გულშემატკივარი მაძლევდა.
- როგორ ემზადებოდით ამ დღისთვის?
- საერთოდ, ნებისმიერი ჩემი ბრძოლა არის პასუხისმგებლობით აღსავსე, მაგრამ დამატებითი პასუხისმგებლობა იყო, რომ ბრძოლას სამშობლოში ვმართავდი. საკუთარ დარბაზში, ჩემს მოსწავლეებთან და ჩემს გუნდთან ერთად გავიარე 8-კვირიანი მომზადება. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მაქსიმალურად ფორმაში ვყოფილიყავი. პატარ-პატარა ტრავმები მქონდა, მაგრამ 100 პროცენტით მზად გავედი და გავიმარჯვე. მნიშვნელოვანია საქართველოში ასეთი ღონისძიებების გამართვა, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სპორტის ეს სახეობა, მეტი პოპულარიზაცია მოხდეს, ამაღლდეს ცნობიერება, რომ შემდეგ ბევრი მოზარდი დაკავდეს სპორტით. თანაც, როცა შენს ქვეყანაში ტარდება ასეთი მაღალი დონის ტურნირი, ბევრი ტურისტი ჩამოდის და ეს ავითარებს ქვეყანას. ამ სპორტს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მაყურებელი ჰყავს. ეს ღონისძიება გერმანულ ორგანიზაციასთან ერთად ჩატარდა, რომელსაც ჰყავს დიდი აუდიტორია. 12 ქვეყნის სპორტსმენი იყო ჩამოსული, რომელსაც მოჰყვა თავისი გულშემატკივარი, გუნდი, მხარდამჭერები. ასე რომ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის, ქვეყნის გაცნობისთვისაც, ქართველი სპორტსმენების პერსპექტივისთვის არის უმნიშნელოვანესი და ეს დიდ შედეგს მოიტანს სპორტისთვის. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასეთ ტურნირებს, საერთაშორისო დონის ღონისძიებების მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხელს უწყობს სპორტის განვითარებას, სტიმულია სპორტსმენებისთვისაც.
- დავით, გვიამბეთ თქვენზე. რა ასაკში დაიწყეთ ვარჯიში?
- ზუგდიდელი ვარ, სოფელ ინგირში გავიზარდე. 9 წლის ასაკიდან დავიწყე ვარჯიში ჩემს მეზობელთან, ბაჩო ფარცვანიასთან. მას ჰქონდა კარატეს სკოლა. რამდენიმე წელი კარატეში ვვარჯიშობდი, შემდეგ, 17 წლის ასაკში კიკბოქსინგით დავინტერესდი. 80-ზე მეტი ბრძოლა მაქვს ჩატარებული და აქედან უმეტესობა გამარჯვებით დამთავრდა. კარატე ერთ-ერთი უძლიერესი საბრძოლო ხელოვნებაა, მაგრამ კიკბოქსინგს მეტი კომერციული დატვირთვა აქვს და ამიტომ გადმოვერთე აქეთ. ჩემი სპორტული კარიერა საქართველოში დაიწყო, არაერთი გამარჯვება მქონდა, როცა 2007 წელს სინჯებზე გავემგზავრე ჰოლანდიაში, უდიდეს კლუბში, "გოლდენ გლორიში" და ამსტერდამში მქონდა პირველი ბრძოლა, რამაც მთელი ჩემი კარიერა განაპირობა. ეს იყო პირველი სატესტო შეჯიბრება, რასაც მენეჯერი უყურებდა. საკმაოდ დამაჯერებლად გავიმარჯვე, გამოცდილ სპორტსმენს მოვუგე. მაშინ 19 წლის ვიყავი და ალბათ ჩემში პერსპექტივა ნახეს, ამ ბრძოლის შემდეგ კი კონტრაქტი გამიფორმეს თავიანთ გუნდთან. ასე დაიწყო ჩემი კარიერა უცხო ქვეყანაში. ეს ბრძოლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო... 2007 წლის შემდეგ, მთელი 12 წელი დავდიოდი ჰოლანდიაში, ამ პერიოდის უმეტესი ნაწილი იქ გავატარე და ჩემი კარიერული წინსვლა მოხდა ევროპაში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ყველა შეჯიბრებაზე გამოვდიოდი როგორც ქართველი, არასოდეს გავსულვარ საქართველოს დროშის გარეშე, ყოველთვის ხაზს ვუსვამდი ჩემს ქართველობას და მომავალშიც ასე იქნება.
- პირველი დიდი გამარჯვება გაიხსენეთ...
- პირველი დიდი გამარჯვება 2014 წლის 8 მარტს იყო, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული, საპრომოუტერო კომპანია "გლორის" მიერ ორგანიზებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ვიბრძოლე და გავიმარჯვე. ეს არის ძალიან დიდი ორგანიზაცია და ეს შეჯიბრება შეიძლება შევადაროთ ოლიმპიადას. სატიტულო ბრძოლა 5 რაუნდში ჩატარდა და მე ვებრძოდი ჩემპიონს, ძალიან რთულ ბრძოლაში დავამარცხე და ასე გავხდი ჩემპიონი. მაშინ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან პირველი სპორსტმენი ვიყავი, ვინც ეს ტიტული მოიპოვა და ამ გამარჯვებამ ჩემს ავტორიტეტზე, ჩემს სახელზე ძალიან იმოქმედა. მსოფლიოს რეიტინგში დავიკავე პირველი ნომერი და საკმაოდ ღირსეული ადგილი. მრავალი წელი მქონდა იქ ღირსეული ადგილი და ეს გამარჯვება ისტორიაშია შესული. პირველი ჩემპიონობა იყო 2014 წელს, მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი 2017 წელს, პარიზში და დავეუფლე მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს, მესამედ იყო 2019 წელს, ჩინეთში, შანხაიში ჩატარებული ჩემპიონატი და მესამედ მოპოვებული ჩემპიონობა, ხოლო 7 დეკემბერს მეოთხედ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. ეს გერმანია-საქართველოს ერთობლივი ღონისძიება იყო. მახარებს, რომ 15 წლის შემდეგ პირველად გამოვედი ჩემი ქართველების წინაშე. ემოციურადაც სხვა არის ეს გამარჯვება ჩემთვის!
- კიკბოქსინგი ძალიან წარმატებული სპორტია, გოგონებიც აქტიურად ვარჯიშობენ. როგორც ვიცი, დააარსეთ კიდეც თქვენი სახელობის აკადემია. გვიამბეთ ამის შესახებ.
- ყოველთვის მინდოდა, ჩემი სპორტული ცენტრი მქონოდა იმ პერიოდში, როცა ვიქნებოდი აქტიურ სპორტში და საბედნიეროდ, ეს მოვახერხე კიდეც. 2024 წლის იანვარში გავხსენი ქირიას საბრძოლო ხელოვნების აკადემია, სადაც ფუნქციონირებს კიკბოქსინგის ჯგუფი, MMA ჯგუფი, კარატე, რომელიც არის აღმოსავლური სახეობა და გვასწავლის დისციპლინას, ბრძოლისუნარიანობას, არის გრეპლინგის ვარჯიშები და კიდევ სპორტის რამდენიმე სახეობის დამატებას ვაპირებთ. რაც მთავარია, აკადემიაში კვალიფიციური და ძალიან წარმატებული მწვრთნელები მუშაობენ. ბევრი სპორტსმენი გვყავს და ვავითარებთ ჩვენს აკადემიას. მაქსიმალურად ვცდილობთ, ბევრი მოზარდი ჩავრთოთ სპორტის ამ სახეობებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას ბევრ ჩემპიონს გავუზრდით და ის გამოცდილება, კავშირები, რაც გამაჩნია, აუცილებლად უნდა მოვახმაროთ ახალ თაობას. რა თქმა უნდა, პირადად ვარ ჩართული აკადემიის განვითარებაში. დილის 8 საათიდან გვაქვს ყოველდღიურად ვარჯიშები. ჩვენი დღე იწყება დილის 8 საათზე და სრულდება საღამოს 10-ზე.
- რა არის მთავარი მიზნის მისაღწევად?
- ძალიან ბევრი შრომაა საჭირო და მოტივაცია, ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს. ყველას ვურჩევ იშრომონ საკუთარი ოცნებებისთვის და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებებს. როცა შრომობ, ხარ მოტივირებული, უნდა გწამდეს, რომ ეს აუცილებლად დაგიფასდება. როცა საქართველოდან მივდიოდი, ვხედავდი შესაძლებლობებს და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შესაძლებლობებს 100 პროცენტით თუ გამოვიყენებდი, წარმატებას მივაღწევდი. როცა ბევრს შრომობ და შენი თავის გჯერა, იმედები არ გაგიცრუვდება. გეტყვით იმასაც, რომ უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება არ იყო მარტივი, ეს ერთი დიდი პროცესია. ყოველდღე გიწევს იმის დამტკიცება, რომ ხარ საუკეთესო. როცა მიზანს შენი შრომით აღწევ, ამას სხვებიც ხედავენ და გიფასდება. თუმცა ამას სჭირდება სულიერი და ფიზიკური სიძლიერეც... ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, ამას გარდა, 43 გამარჯვება მაქვს სხვადასხვა შეჯიბრებაზე. სანამ ჩემპიონობამდე მიხვალ, მანამდე ბევრი გამარჯვება უნდა მოიპოვო, მაგრამ შედეგიც მივიღე - 12 წელიწადია მსოფლიოს რეიტინგის ტოპათეულში ვარ. ჩემპიონობა შეიძლება უფრო მარტივი იყოს, ვიდრე მისი შენარჩუნება. ახალგაზრდებს უნდა ახსოვდეთ, რომ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი. კიკბოქსინგი საკმაოდ პოპულარული სპორტია და მსოფლიოს მასშტაბით არის ძლიერი ორგანიზაციები, რომლებიც საერთაშორისო ღონისძიებებს ატარებენ. კომერციული თვალსაზრისითაც საინტერესოა. ამიტომ ახალგაზრდებს ვურჩევ, დაკავდნენ კიკბოქსინგით.
- თქვენს პირად ცხოვრებაზეც გვიამბეთ.
- დაოჯახებული ვარ, მყავს ჰოლანდიელი მეუღლე და ორი ქალიშვილი, 6 და 4 წლისები არიან. 2017 წლიდან ვცხოვრობთ საქართველოში. ჩემი შვილები სწავლობენ ქართულ სკოლაში და მათ ვზრდი ღირსეულ ქართველებად...
თეა ხურცილავა