"ამ სპორტმა ბევრი ადამიანი გამაცნო, მსოფლიო მაჩვენა" - გზაპრესი

"ამ სპორტმა ბევრი ადამიანი გამაცნო, მსოფლიო მაჩვენა"

მან ბრაზილიელი მეტოქე ჟაკლინ ფერეირა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. ლიკას ამ გამარჯვებას თბილისში უამრავი გულშემატკივარი უყურებდა და შეძახილებით ამხნევებდნენ. აღსანიშნავია, რომ პირველად ჰქონდა ქართველ გულშემატკივარს იმის საშუალება, რომ სპორტის სასახლეში რინგზე ახალგაზრდა სპორტსმენის ბრძოლისთვის ედევნებინა თვალი. ლიკა ჯოჯუა ერთადერთი ქართველი ქალია, რომელსაც UFC-ში კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. პირველი ქართველი ქალია, რომელმაც შერეული ორთაბრძოლების უმაღლეს დონეზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ის იყო MMA-ს პირველი ქართველი ქალი ჩემპიონი.

თუმცა, ტრავმის გამო დროებითი ტაიმაუტის აღება მოუხდა. ახლა კი ორი წლის შემდეგ ოქტაგონზე ისევ წარმატებით დაბრუნდა. ლიკა ჯოჯუას არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. თუმცა, ის თავისი ინტერვიუების დროს განსაკუთრებულად საუბრობს 2018 წელს მოპოვებულ გამარჯვებაზე, როცა შეძლო რინგზე დაემარცხებინა მსოფლიოს შვიდგზის, ევროპის ორგზის და რუსეთის შვიდგზის ჩემპიონი სამბოში - ჯილა მარინა მოხნატკინა. მისი ეს ბრძოლა მოწინააღმდეგესთან 25 წუთი გაგრძელდა და საბოლოოდ, ქართველი გოგონას გამარჯვებით დასრულდა. ასე მოიპოვა ლიკა ჯოჯუამ მსოფლიოს პირველი ქამარი. მას შემდეგ იყო ბევრი გამარჯვება. შეუპოვრობის გამო მეტსახელად "მგელი" შეარქვეს. ყოველი ბრძოლის წინ პირჯვარს იწერს, გამარჯვების შემდეგ კი ომახიანად შესძახებს: "საქართველოს გაუმარჯოს!"

ლიკა პროფესიით პედაგოგია. აქვს მუსიკალური განათლებაც, უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტზე, მათ შორის ფანდურზე, მღერის კარგად, განსაკუთრებით მოსწონს მეგრული სიმღერები.

- ლიკა, გილოცავ ამ გამარჯვებას, ორწლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდი და მოიპოვე გამარჯვება. რამდენად ძლიერი მეტოქე შეგხვდა?

- ვიცოდი, რომ ჩემი მეტოქე კარგი მოჭიდავე იყო, მაღალი ტანის. მისი ჩხუბები ნანახი მქონდა. ერთი თვე ვემზადებოდი ამ შეჯიბრებისთვის და ვიცოდი, როგორ ჭიდაობდა. ბუნებრივია, ისიც ემზადებოდა ჩემთან შესახვედრად. როგორც წესი, ერთმანეთის ბრძოლებს ვუყურებთ, რომ სტილი ვიცოდეთ. ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა გამარჯვება. პირველივე დარტყმა ფეხით ნოკდაუნი იყო, კარგად გამოვიყენე დრო. ვიგრძენი, რომ იმ ერთმა დარტყმამ ყველაფერი დაასრულა და საბოლოოდ, ბრძოლა ჩემი გამარჯვებით დასრულდა.

- რა ემოციაა, როცა იმარჯვებ, დგახარ კვარცხლბეკზე და ისმის საქართველოს ჰიმნი?

- სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რას ნიშნავს ეს მოგება, დიდი სიხარულია ყველა სპორტსმენისთვის, საოცარი ემოცია მოაქვს და სწორედ ამიტომ, ბევრი ვერ ანებებს თავს სპორტს. ბოლო ორი წელი არ გამოვსულვარ რინგზე. ძნელი იყო დაბრუნება, თუმცა თან ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან პირველად ვიბრძოდი საქართველოში და უამრავი ჩემი ნათესავი, მეგობარი, ახლობელი, მეზობელი დაესწრო ამ შეჯიბრებას, მგულშემატკივრობდნენ. საქართველოში გამოსვლა კიდევ უფრო სხვა გრძნობაა. ასეთი ძლიერი ემოციები პირველად მქონდა. როცა სხვა ქვეყანაში გამოდიხარ, მართალია, იქაც მოდიან ქართველი ქომაგები, მაგრამ სულ სხვაა, როცა შენს ქვეყანაში იბრძვი გამარჯვებისთვის და ხედავ, მთელი დარბაზი სავსეა, ყველა შენკენაა, ისმის შეძახილები. ამიტომ ყველაფერი უფრო მძაფრად შევიგრძენი.

- ლიკა, რა ასაკში დაიწყე ვარჯიში და რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა?

- სკოლის მოსწავლე ვიყავი, ჯინა კარანოს ჩხუბებს რომ ვუყურებდი, ის არის შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა აწ უკვე ყოფილი მებრძოლი, ერთი შეხედვით ნაზი ქალია, ამავე დროს ძალიან ძლიერი. ამერიკელია. ამჟამად მსახიობია ჰოლივუდში და ფილმებში მონაწილეობს. არის ტელესერიალშიც. ვუყურებდი მის ბრძოლებს და იმდენად მომწონდა, მშობლებს ვთხოვდი, სპორტზე შევეყვანე, მაგრამ ოჯახი წინააღმდეგი იყო, განსაკუთრებით - მამაჩემი, რომელიც სულ ამბობდა, ეს არ არის ქალის საქმეო. უსამართლობას ვერ ვიტანდი და თუ ვინმეს აწყენინებდნენ, დამცველად გამოვდიოდი. სკოლაში ჩემს ამხანაგს რაღაც არასასიამოვნო უთხრეს, მე გამოვესარჩლე და კამათის დროს საჭიდაო ილეთის გამოყენებით ძირს დავაგდე. ამის გამო განცხადება დაწერეს პოლიციაში და მშობლების მიყვანა მომთხოვეს სკოლაში. დავილაპარაკეთ, ისეთი სერიოზული არაფერი იყო. ჩემს მშობლებს უთხრეს, - თქვენს შვილს რადგან ასე უნდა სპორტზე სიარული და აქაც ჩხუბობს, ჯობია მიიყვანოთ, ენერგიასაც იქ დახარჯავს, თავის საქმესაც იპოვისო. მოუსმინეს და ოცნებაც ამიხდა. 17 წლის ვიყავი მაშინ და ოჯახი მოსკოვში ვცხოვრობდით. მაშინ გოგონები არ იყვნენ ამ სპორტით გატაცებულები, პოპულარული იყო ძირითადად ევროპასა და ამერიკაში. მე და ჩემი დაქალი მივედით სავარჯიშოდ. იყო პერიოდი, როცა არ მყავდა მოწინააღმდეგე, რომელთანაც შემეძლო მევარჯიშა, ამიტომ ყოფილა შემთხვევები, როცა ბიჭებს ვეჯიბრებოდი. სიმართლე გითხრათ, დღემდე წინააღმდეგია ჩემი ოჯახი, რომ ამ სპორტში ვარ და ერთი სული აქვთ, როდის დავამთავრებ სპორტულ კარიერას. დედაჩემი ძალიან ნერვიულობს ჩემი ყველა შეჯიბრების წინ. ახლა თბილისში რომ ვიბრძოდი, შეჯიბრების მერე დედაჩემმა მითხრა, - ლამის ინფარქტმა დამარტყა, ისე განვიცადეო. მართალია არ უნდათ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ამაყობენ ჩემით; ამაყობენ იმით, რასაც მივაღწიე. იციან როგორ ვწვალობ, როგორ ვშრომობ, როგორ ვვარჯიშობ ამ შედეგისთვის. ბევრჯერ უნახავთ ჩემს სხეულზე ჩალურჯებები, ბევრჯერ მივსულვარ შეჯიბრებიდან სახლში დალურჯებული, ცხვირგატეხილი და ამას რომ ხედავენ, არ მოსწონთ. სულ მეუბნებიან, როდის დაანებებ თავსო?

liana5-1734942605.jpg

- როგორც ვიცით, ბოლო წლები ვერ გამოდიოდი შეჯიბრებაზე სწორედ ტრავმის გამო. ყველაზე მძიმე ტრავმა რა მიგიღია?

- ცხვირი ბევრჯერ მაქვს გატეხილი - იმდენჯერ, რომ უკვე ვეღარც ვითვლი. ბოლო ორი წელი იმიტომ არ ვჩხუბობდი, რომ ბრძოლის დროს თვალის არეში ტრავმა მივიღე და ოპერაცია დამჭირდა. ექიმმა კატეგორიულად მითხრა, სპორტს უნდა დაანებო თავიო. მისი ეს ნათქვამი არ მომეწონა და ამიტომ, სხვა ექიმებთანაც წავედი, მათი აზრიც რომ მომესმინა. მათ მირჩიეს, ოპერაციის შემდეგ ცოტა პაუზა გამეკეთებინა და ამის მერე ნელ-ნელა დამეწყო ვარჯიში. ეს ორი წელი პაუზა სწორედ ამიტომ მქონდა, ვმკურნალობდი.

- ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება რომელი იყო?

- იმდენი მედალი მაქვს, არც გადამითვლია. თავდაპირველად მოყვარულებში გამოვდიოდი და მაშინ მოვიგე პირველად მსოფლიო მოყვარულებში. სხვადასხვა სტილში გამოვდიოდი და მაქვს მედლები ევროპის ჩემპიონატის, მსოფლიოს ჩემპიონატის. 2020 წელს იყო UFC-ში პირველი გამარჯვება. რაც შეეხება ყველაზე დასამახსოვრებელ ჩხუბს, ეს იყო მსოფლიოს ქამარზე ბრძოლა, შვიდგზის ჩემპიონი გახლდათ სამბოში რუსი მარინა მოხნატკინა. ეს იყო ყველაზე მაგარი მოგება ჩემს კარიერაში. არავის ჰქონდა იმედი, რომ მოვიგებდი, ეს ბრძოლა 25 წუთი გაგრძელდა. მასთან ჩხუბი გამიჭირდა, ისეთი ძლიერი იყო. მეგონა, კაცთან ვჩხუბობდი, მაგრამ კარგად მომზადებული ვიყავი. ფიქრობდა, რომ პირველივე რაუნდში მომიგებდა, სხვებსაც არ ეგონათ პირველ რაუნდს თუ გავუძლებდი, მაგრამ გავიდა პირველი, მეორე, მესამე რაუნდი, მეოთხე და საბოლოოდ, გავიმარჯვე. მახსოვს, ჩემი სახელი რომ გავიგონე, ავტირდი. ძალიან ემოციური იყო ეს შეხვედრა, ჩემი გამარჯვება. მაშინ ცხვირი გამიტყდა და ქამარი მოვიგე, გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი.

- როგორია შენი ერთი დღე?

- მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია სწორი კვება, ძილი და ვარჯიში. დღეში 2-3-ჯერ უნდა ვივარჯიშო, დილით და საღამოს აუცილებლად, შეიძლება შუადღესაც. სულ წონას ვიკლებ შეჯიბრებამდე, მინიმუმ 10 კილოს. ყველაზე მეტად დიეტაზე ყოფნა მიჭირს, რადგან ძალიან მიყვარს ქართული კერძები, მაგრამ ეს აუცილებელია.

- როგორი კულინარი ხარ? საჭმელებს თვითონ ამზადებ?

- დიდი კულინარი არ ვარ, მაგრამ დედა სულ ქართულ კერძებს ამზადებს და ამიტომ, როცა დიეტაზე ვარ, ჩემთვის საჭმელს ყოველთვის მე ვაკეთებ. რამდენი გრამი რა უნდა ვჭამო, ეს მე ვიცი, ვაბალანსებ კვებას.

- რა მოგცა ამ სპორტმა?

- ბევრი რამ მომცა. რაც ყველაზე მთავარია, მანახა, რა შემიძლია. როცა რამეს ვაკეთებ, ყველას ჰგონია, ეს არის ჩემი მაქსიმუმი, მაგრამ ამ სპორტმა მაჩვენა, რომ უფრო მეტი შემიძლია. ზოგადად, მაქსიმალისტი ვარ, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ამ სპორტმა მაჩვენა და დამანახვა ჩემი ხასიათი. ვარ მიზანსწრაფული, მახასიათებს გამძლეობა, დისციპლინა. ამ სპორტმა ბევრი ადამიანი გამაცნო, მსოფლიო მაჩვენა. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ბევრი მეგობარი შევიძინე და ძალიან მიყვარს ეს სპორტი. მშობლები რომ მეჩხუბებიან, დაანებე თავიო, ვიცი, რომც დავანებო, მაინც სულ ვივარჯიშებ. ზოგადად, სპორტულად ცხოვრება მიყვარს. როცა ვარჯიში დავიწყე, ეს სპორტი არ იყო ასეთი პოპულარული გოგონებში, დღეს კი ბევრია ამით დაკავებული, რაც მახარებს. ბევრს სტიმული მისცა ჩემმა შედეგებმა. მათ სულ მხარს ვუჭერ და ვეუბნები, თუ გინდა ამ სპორტს მიჰყვე, ბევრი უნდა იშრომო. ზოგადად, ეს სპორტი არის თავის დაცვა. ვთვლი, რომ ყველას უნდა შეეძლოს თავდაცვა, ვარჯიში და ფორმაში ყოფნა.

- ალბათ დამეთანხმები, რომ აგრესიული სპორტია და ადვილი არ არის ქალისთვის იმ ვარჯიშების შესრულება, რასაც ასრულებ...

- თუ გინდა პროფესიონალი გახდე, ისეთი ჯიუტი უნდა იყო, რომ სანამ მიზანს არ მიაღწევ, თავი არ დაანებო, მაგრამ თუ თავდაცვა უნდა და კარგ ტანზე დადგომა, უნდა ივარჯიშოს. რომ ვაკვირდები, ბევრს აინტერესებს სპორტი. მაგალითად, როცა გაქვს პრობლემა, ხარ ჭიდილში, შეგიძლია მოხვიდე დარბაზში, ივარჯიშო, ურტყა ბოქსის ტომარას მუშტები და ასე დაიცალო აგრესიისგან. მოდიან, ვარჯიშობენ და დაწყნარებულები მიდიან სახლში.

- როგორია რინგს მიღმა ლიკა ჯოჯუა. გამარჯვების შემდეგ ჩატარებული ფოტოსესიიდანაც ჩანს, რომ გაპრანჭვა გიყვარს.

- დიახ, მიყვარს გაპრანჭვა. დედისერთა ვარ და სანამ ამ სპორტზე მივიდოდი, ბიჭივით გოგო ვიყავი, კაბას არ ვიცვამდი, სულ შარვლით დავდიოდი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, 20 წლის მერე მომეწონა კაბების ჩაცმა, ქუსლიანებით სიარულიც, მაკიაჟიც. მინდა სულ კარგად გამოვიყურებოდე და ვიპრანჭები.

- რინგიდან გასვლის შემდეგ, მაღალქუსლიანებით და კაბით პოზიორობდი...

- დიახ, წამოვიღე მაღალქუსლიანებიც და თან ვფიქრობდი, ჩამეცვა თუ არა, მაგრამ რომ დავინახე, ჩემს მეტოქეს ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, მეც ჩავიცვი კაბა და ქუსლებზეც შევდექი (იღიმის)... ეს ორი წელი ძირითადად, ჩემს ჯანმრთელობას ვუფრთხილდებოდი. არ ვიყავი აქტიური, თუმცა სულ ვაპირებდი სპორტში დაბრუნებას და მიხარია, რომ ეს შევძელი. როცა სპორტული კარიერის დასრულებას დავაპირებ, მინდა გავხსნა ჩემი დარბაზი და ვავარჯიშო ამ სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდა გოგონები. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მაქსიმალისტი ვარ, ამიტომ სპორტული კარიერის პარალელურად, ვერ შევძლებ ჩემი დარბაზი მქონდეს, ამას დიდი დრო უნდა დაუთმო.

9-1734942572.jpg

- რა არის ახლა შენი მიზანი?

- ძალიან მინდა UFC-ში დაბრუნება, ბრძოლების გამართვა. ახლა ამისთვის ვმუშაობ. სპორტული კარიერიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყანაში მიწევს ცხოვრება. ახლა თბილისში ვარ, ჯერჯერობით თავისუფალი აგენტი გახლავართ.

- როგორც ვიცი, დაოჯახებული არ ხარ. მამაკაცებს შენი სიძლიერე ხომ არ აშინებთ?

- არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ არც ის მგონია, აშინებდეთ. იმის გამო, რომ ეს სპორტი პოპულარულია, ბევრი მამაკაცი გულშემატკივარი მყავს.

- წარმოშობით მარტვილიდან ხარ?

- დიახ, მარტვილიდან არის ჩემი გვარი, მაგრამ ბაბუა და ბებია გაგრაში ცხოვრობდნენ. ჩვენი ოჯახი იქ იყო, ჩვენ - თბილისში გახლდით, როცა ომის დროს ჩემი ბიძა, ბაბუა და ბებია იქ დაიღუპნენ.

თეა ხურცილავა