დევი ხაჯიშვილი - კონგრესიდან ჰოლივუდამდე... - გზაპრესი

დევი ხაჯიშვილი - კონგრესიდან ჰოლივუდამდე...

ის თავისი შთამბეჭდავი მიღწევების გამო არაერთხელ მოხვდა პრესის ფურცლებზე... ამჯერად ვრცლად გვიამბობს ბათუმიდან კონგრესამდე, შემდეგ ჰოლივუდამდე განვლილი გზის შესახებ...

- ამჟამად სიმღერითაც ვარ დაკავებული, როკის და რეპის ჟანრში ვმღერი. თავად ვწერ და ვასრულებ ყველა ჩემს კომპოზიციას. მალე მეორე ალბომს გამოვუშვებ, სადაც "სამასი არაგველიც" შევა. ჩემს ქართულ წარმოშობას, ჩემი ქვეყნის ისტორიას სიმღერებში ხშირად ვახსენებ. ტეხასში მიცნობენ არა მარტო როგორც მსახიობს, არამედ როგორც მომღერალსაც დევი ქეის სახელით... მომღერლის კარიერაზე ფიქრი ჰოლივუდში ყოფნის დროს დავიწყე: ჯერ გიტარაზე ვუკრავდი, შემდეგ კომპოზიციებს ვქმნიდი... სტუდიებში ყოფნისას იმდენად ავითვისე მთელი ეს პროცესი, რომ დღეს სახლში მაქვს სტუდია, სადაც ყველა ჩემს კომპოზიციას ვწერ... სამშობლოსთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს, მსურს ჩამოვიდე და სოლო კონცერტი გავმართო... „სამასი არაგველი“ ჩემი საყვარელი კომპოზიციაა, ჩვენს მეომრულ და ძლიერ ხასიათს გადმოსცემს. ყველა ჩემს სიმღერაში მეომრულ ენერგიას შეიგრძნობთ.

- როგორც ვიცი, საქართველოს კულტურას სტუდენტობიდანვე აცნობდით ამერიკელებს...

- როდესაც ტეხასის უნივერსიტეტში ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), უნივერსიტეტში კარატეს განხრით პერსონალური ტრენერი ვიყავი და კარდიობოქსინგის ინსტრუqტორი, ორასზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა ჩემს ვარჯიშს... ტეხასის უნივერსიტეტში დავაწესე პირველი ქართველ სტუდენტთა ორგანიზაცია, რომლის მთავარი ფუნქცია იყო საქართველოს კულტურისა და ტრადიციების გაცნობა ამერიკელი საზოგადოებისთვის. ყოველწლიურად ორ უზარმაზარ ფესტივალს ვაწყობდით... არსებობს "საერთაშორისო სტუდენტთა გლობალური ორგანიზაცია", რომელიც კულინარიულ, საცეკვაო, ლიტერატურულ ფესტივალებს აორგანიზებდა... ფესტივალებზე მე ჩემს ორგანიზაციას ინდივიდუალურად წარმოვადგენდი, რადგანაც სხვა ქართველი იქ არავინ მყავდა. სამი წლის მანძილზე სამი ქართული ცეკვა დავდგი. ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა იყო, როდესაც „ვეფხისტყაოსნის“ შოუ "გავაკეთე"... ფოტოები ახლაც მაქვს, სადაც ველური გამომეტყველებით ვარ, მოკლული მგლის ტყავი მაქვს ზურგზე გადაკიდებული. გადასარევი შოუ გამოვიდა, ყველა შოკში იყო.

- ბათუმში გაიზარდეთ...

- დიახ, ასეა. ყოველთვის მქონდა მიდრეკილება უცხო ენების შესწავლის მიმართ... დღეს ვსაუბრობ ქართულად, რუსულად, ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად... დედა ეროვნებით რუსია, მამა ქართველი და ამ ფაქტმა შემიწყო ხელი... განათლება ბათუმში მივიღე. მეათე კლასამდე პირველ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი და ბოლო ორი წელი ბათუმის თურქულ ლიცეუმში. თურქულსაც ვფლობდი, მაგრამ რომ ვერ ვიყენებ, ცოტა არ იყოს დამავიწყდა... 13 წლიდან ვცდილობდი ინგლისური ენისა და ამერიკული კულტურის შესწავლას. ყოველდღე 5-6 ჰოლივუდურ ფილმს ვუყურებდი, რათა ენა და ქვეყნის კულტურა კარგად შემესწავლა. სულ ინტერესით ველოდებოდი იმ დღეს, როდესაც საზღვარგარეთ წავიდოდი სამუშაოდ, ეს ჩემი უდიდესი ოცნება იყო. რატომღაც ვერ ჩავჯექი ქართულ რეალობაში. ალბათ ყველა ახალგაზრდას აქვს თავისი "ოფოფები" და მოლოდინი ცხოვრებაში... სკოლის დამთავრების შემდეგ ქობულეთში, სასტუმროში დავიწყე მუშაობა, რათა საკუთარი ფული მქონოდა. მიხაროდა, რადგან ჩემი პირველი სამსახური იყო და დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეჩვეოდი, ფულის ფასიც გავიგე. თუმცა ბოლოს ყველა ითრგუნება, თუ არ აკეთებს იმას, რაც უყვარს... მეგონა, ჩემი ოცნებები სადღაც ჩაიხრჩობოდა. ველოდი ზაფხულის დამთავრებას და თბილისში, უნივერსიტეტში სასწავლებლად წასვლას.

461979126-1099931171702122-5367357497755058603-n-1734943027.jpg

- ჩააბარეთ?

- რასაკვირველია, ეროვნული გამოცდები ჩავაბარე. ერთ-ერთ ძალიან ძვირად ღირებულ უნივერსიტეტში მოვხვდი. ჩვენი ოჯახისთვის რთული იყო ამ გადასახადის დაფარვა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობდა. იღბლად ამერიკელი პროფესორები გავიცანი, რომლებიც ბათუმში იმყოფებოდნენ... ჩვენმა თურქულმა ლიცეუმმა მოაწყო ამ პროფესორებთან შეხვედრა და ჩემი მოვალეობა იყო, ერთი ღამით დამეტოვებინა სახლში სტუმრები, დილით კი საუზმე დაგვეხვედრებინა, დღისით ქართულ კულტურაზე გვესაუბრა... სიხარულით მივიღეთ სტუმრები და დედამ საუზმეში ფაქტობრივად, სადილიც და ვახშამიც ჩაატია. როგორც ყველა ქართველს სჩვევია, სრულიად გამოამზეურა თავისი კულინარიული ტალანტი... საუზმე 3 საათს გაგრძელდა. ოჯახში მხოლოდ მე ვსაუბრობდი ინგლისურად და ვცდილობდი, ყველაფერზე მელაპარაკა. ვერ აღგიწერთ, როგორი იყო ჩემი ემოციები, რადგან სუფრასთან პირველად ვიჯექი ამერიკელებთან ერთად. მამამ სუფრაზე ღვინოც შემოიტანა და ჭაჭის არაყიც. გადასარევი დრო გავატარეთ, ძალიან დავმეგობრდით... შემდეგ, როგორც შეთანხმებული ვიყავით, ისევ თურქულ ლიცეუმში დავაბრუნე სტუმრები და მათ თბილად დავემშვიდობე... მოხდა სასწაული და ჩემი ეს ამერიკელი მეგობრები დამიკავშირდნენ: გვინდა ჩამოხვიდე, ჩვენთან დარჩე და განათლება მიიღო ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტშიო... ალბათ წარმოგიდგენიათ, რა რეაქცია მექნებოდა ამ სიტყვებზე. მეგონა ხუმრობა იყო, ვერაფრით ვიჯერებდი... შემდეგ დავიწყე დოკუმენტების შეგროვება, ძალიან რთული გზა გავიარე. სამჯერ მომიხდა საელჩოში მისვლა. მესამე მისვლაზე მომცეს ვიზა, ჩავირიცხე ტეხასის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ამ დროს ეს მოწვევა და უნივერსიტეტში ჩარიცხვის ცნობა უნდა მეჩვენებინა კომისარიატისთვის, რადგანაც ჩემი წასვლა ლეგალური ყოფილიყო... იმ დროს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო ჯარში ბევრი ჩემი მეგობარი გაიწვიეს...

- მოახერხეთ ამერიკაში ჩასვლა...

- დიახ, ეს ოცნება ამიხდა. იქ მეგობარმა ოჯახმა შემიფარა და მე მათ სახლში რამდენიმე წელი ვცხოვრობდი... მოვეწყვე პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე. პარალელურად რუსული ენის პედაგოგად დავიწყე მუშაობა... სასწავლების დასრულების შემდეგ დიდი კონკურსი გავიარე... ყოველწლიურად ტარდება ეს კონკურსი, ათ სტუდენტს ვაშინგტონში გზავნიან კონგრესში სამუშაოდ. პირველ კონკურსზე მივაღწიე გასაუბრებამდე და მერე უარი მითხრეს. მეორედაც ასე მოხდა და გამიკვირდა, - გასაუბრებამ გადასარევად ჩაიარა და რატომ არ უნდა გამიშვან-მეთქი... მესამე გასაუბრებაზე მკითხეს, როგორია დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაო? ვუპასუხე: არანაირი სამხედრო აქტივობა არ არის-მეთქი... შემდეგ მკითხეს: ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა როგორიაო და, - გადასარევი, ჩვენ სულ იქით მივისწრაფვით, ამერიკასთან რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ-მეთქი... ძალიან კარგი, ორ დღეში პასუხს მიიღებო.

- მიიღეთ პასუხი?

- დიახ და ლამის ცაში ავფრინდი სიხარულით. კონგრესში მივდიოდი სამუშაოდ, მქონდა ასპროცენტიანი დაფინანსება, საკუთარი ბინა და კარგი პირობები... ხუთი თვით გამგზავნეს კონგრესში. ვიმუშავე ქალაქ ელპასოს წარმომადგენელთან ვაშინგტონში. მან რომ გაიგო, რამდენ ენას ვფლობდი, დამაწინაურა და როდესაც მასთან მოდიოდნენ საერთაშორისო დელეგაციები ან თვითონ იყო დაბარებული საერთაშორისო საკითხების განხილვაზე, შეხვედრებზე მე მგზავნიდა. ამ თანამდებობამ საშუალება მომცა შევხვედროდი ჩვენს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე შევხვდი შალვა ნათელაშვილს, არჩილ გეგეშიძეს – ჩვენს ყოფილ ადგილობრივ ელჩს ამერიკაში. დიდი პატივი იყო ჩემთვის მისი სიტყვები: დევი, მოდი ჩემთან საელჩოში, იქ შევხვდეთო...

შემდეგ მაგისტრატურაში ჩავაბარე, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. ვინაიდან მქონდა სამუშაო გამოცდილება, ენებს ვფლობდი, პოლიტიკური მეცნიერების პროფესორის დამხმარედ დამნიშნეს. მას ვეხმარებოდი გაკვეთილების ჩატარებაში, დავალებების შემოწმებასა და სტუნტებთან შეხვედრებში...

466127264-1126597635702142-5055711270012294909-n-1734943015.jpg

- მსახიობობით როდის დაინტერესდი?

- როდესაც მაგისტრატურას ვამთავრებდი, სამოდელო-სამსახიობო საქმის ინტერესი გამიჩნდა. ჯერ ვიფიქრე ადგილობრივ თეატრში გამევლო კასტინგი და მივედი კიდეც... როლი მქონდა, ფრანგი შეფი ვიყავი. ფრანგული კარგად ვიცოდი, რადგან ბაკალავრიატში სწავლის დროს ორწლიანი კურსი გავიარე. თან ჩემი ყოფილი შეყვარებულიც ფრანგი იყო და ხშირად მიწევდა საუბარი ამ ენაზე. საფრანგეთშიც ვიყავი სამოგზაუროდ... მიმიღეს თეატრში, ყველა გავაგიჟე, რადგან არ ეგონათ, ქართველი თუ ფრანგულად ასე ვითამაშებდი. შემდეგ ფოტოგრაფები დამიკავშირდნენ, ვიმუშავეთ და ჩემი ფოტოები რომ გამოქვეყნდა, ამის მერე ლოს-ანჯელესიდან დამიკავშირდა ყველაზე პოპულარული ფოტოგრაფი და მან გადაიხადა ჩემი მოგზაურობის ფული, ტეხასიდან რომ ჩავსულიყავი... დღეში 8 საათი ვმუშაობდით. მას მერე, რაც ეს ნამუშევრები გამოქვეყნდა, ძალიან ბევრი გზა გაიხსნა ჩემთვის...ზაფხულისთვის ფული დავაგროვე და იმის ნაცვლად, ბათუმში წავსულიყავი, ისევ ლოს-ანჯელესში ჩავედი. აქ კასტინგებზე გავედი, ფილმებში გადამიღეს, საქმეები კარგად წავიდა... შემდეგ ისევ დავბრუნდი უნივერსიტეტში და მაგისტრატურაში ვსწავლობდი, ზაფხულში კი სამი თვით ლოს-ანჯელესში ჩამოვდიოდი... მერე გადავწყვიტე სამსახიობო საქმით დავკავებულიყავი... როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, მამაც იყო ჩამოსული ცერემონიაზე და ლოს-ანჯელესში მასთან ერთად გავემგზავრე, რადგან მამასაც ენახა, მისი შვილი სად აპირებდა ყოფნას... მას ვერაფრით წარმოედგინა ამდენი სწავლის და კონგრესში მუშაობის შემდეგ, მსახიობობით თუ დავკავდებოდი... თავდაუზოგავი შრომის შემდეგ ჰოლივუდის რამდენიმე ფილმში გადამიღეს... იტალიური წიგნის ყდაზე ჩემი ფოტოა დაბეჭდილი. იტალიური ტანსაცმელების მაღაზიას რეკლამა გავუკეთე და ამ კომპანიის ჟურნალშიც ვარ გამოქვეყნებული.

- ალბათ ჰოლივუდის ვარსკვლავებთანაც გიწევდათ შეხვედრა...

- მსახიობები იმდენად განდეგილებივით ცხოვრობენ, ძალიან რთულია მათი ნახვა. თუმცა, რამდენიმე მათგანი გავიცანი. მაგალითად რიჩარდ რაილი. წარმოიდგინეთ, ბათუმში, ბავშვობაში მის ფილმებს ვუყურებდი და შემდეგ მთავარ როლში აღმოვჩნდი ამ მსახიობთან ერთად. როცა კასტინგზე მითხრეს, რომ ფილმში რიჩარდ რაილთან ერთად ვითამაშებდი, აღარაფერი მესმოდა, ცრემლების ზღვა ჩამომდიოდა ბედნიერებისგან...

მანანა გაბრიჭიძე