"პატრიოტული სულისკვეთებით გავიზარდე..." - გზაპრესი

"პატრიოტული სულისკვეთებით გავიზარდე..."

სანდრო ქინქლაძისა და მისი დედის, ნატო სალაყაიას შეხვედრის ემოციური კადრები საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა. 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ დედა-შვილი პირველად შეხვდა ერთმანეთს. დედა შვილთან შესახვედრად მაშინ მივიდა, როცა სანდრო პირდაპირ ეთერში დაკავების დეტალებზე საუბრობდა. ეს გულისამაყუჩებელი, ემოციური კადრები უამრავმა ადამიანმა გადააზიარა.

აქტივისტი სანდრო ქინქლაძე 8 დეკემბერს ღამით, ვარკეთილში, მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ დააკავეს. 18 წლის ბიჭს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მოსამართლე ნინო ენუქიძემ ეს საქმე განიხილა და დაკავებულ ახალგაზრდას ადმინისტრაციული სახდელის მაქსიმალური ვადა, 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

"სამწუხაროდ, მოსამართლემ სახდელის სახედ და ზომად გამოიყენა ყველაზე მკაცრი სახდელი, 12 დღით პატიმრობა. მიუხედავად იმისა, რომ სანდრო არ არის არასრულწლოვანი - 18 წლისაა, მასზე ნაწილობრივ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ჩვენმა მოწმემ, რომელმაც პირდაპირ დაინახა დაკავების ფაქტი, დარბაზშივე მიუთითა, რომ აღნიშნული პირი, ვინც სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, როგორც თვითონ ახსოვს, ადგილზე არ ყოფილა", - განაცხადა მაშინ მისმა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.

სანდროს დაკავებას სტატუსი მიუძღვნა ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემაც. "ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!!! გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას, ვისაც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც)... პატარა გოგო-ბიჭებს... ჟურნალისტებს, ოპერატორებს... ქვეყანა ამათია. შვილებისაა... ვიღაცები "ბანდერლოგებს" უწოდებენ.. აი, ამათ... ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას... თავისუფლებაში დაბადებულებს. ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს, შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ, გაბედეთ და დაელაპარაკეთ, ნებისმიერს! თუმცა, რაზე უნდა დაელაპარაკოთ... ბავშვები, შვილები, ახალი თაობა - ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი... ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს", - დაწერა დუტა სხირტლაძემ და ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ტელეკომპანია "იმედი" დატოვა.

პატიმრობიდან გათავისუფლებული სანდრო ისევ აქციებზე დადის იმავე მოთხოვნით. ამბობს, რომ სანამ ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება, ხალხის გვერდით იქნება.

- სანდრო, გილოცავ გათავისუფლებას. პირველ რიგში, შენზე გვიამბე.

- პირველად აქციაზე 2017 წელს დავდექი, მაშინ, როდესაც "ბავშვთა სამყარო" დაიწვა. იქ მუშაობდა დედაჩემი. ის პედაგოგია, მაგრამ მისი მეორე სამსახური იქ იყო. იმ უამრავ დაზარალებულს შორის, რომელსაც ყველაფერი დაეწვა, დედაც გახლდათ. ითხოვდნენ სახელმწიფოს გვერდში დგომას, 11 წლის ვიყავი და მაშინ პირველად ჩავხედე თვალებში უსამართლობას. არაფერი გააკეთა სახელმწიფომ ამ მშრომელი ადამიანებისთვის. მერე იყო გავრილოვის ღამე, იმ აქციაზე მარტო ვიდექი, სხვებთან ერთად მეც ვაპროტესტებდი. ამას მოჰყვა მარტის მოვლენები, მერე ეკოლოგიური საკითხების გამო ვიყავი ქუჩაში და ასე გავხდი სამოქალაქო აქტივისტი. ახლა ხედავთ, რა რეალობაა ქვეყანაში და დღე და ღამე ამ მოვლენებზე მაქვს აწყობილი. საზოგადოებამ ასე გამიცნო, საუბედუროდ, რადგან 18 წლის ბავშვს მიწევს პოლიტიკაში ჩარევა და ეს ცუდია. ქვეყანა რომ სწორი გზით მიდიოდეს, წესით, მე და ჩემი თანატოლები ახლა უნდა ვისხდეთ უნივერსიტეტებში და ვსწავლობდეთ, წიგნებს ვკითხულობდეთ. მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა, აუცილებელია ყველა ერთად დავდგეთ და გავაპროტესტოთ ის, რასაც აკეთებს არალეგიტიმური ხელისუფლება.

- ვიდრე დაგაკავებდნენ, ხომ არ გითვალთვალებდნენ, საფრთხეს გრძნობდი?

- საფრთხეს ვგრძნობდი პირველივე დღიდან, რადგან ტელეეთერების კამერებში ხშირად ვჩანდი და აქტიურად ვაწუხებდი "ქართულ ოცნებას". სოციალური ქსელითაც ვაქტიურობდი, უკანონო ქმედებებზე ვაწვდიდი მედიას მასალებს და ამიტომ მქონდა დაკავების მოლოდინი. მე და დედა მარტო ვცხოვრობთ. მას ვამზადებდი კიდეც ამისთვის. ვეუბნებოდი, შეიძლება დამაკავონ, შეიძლება გამთენიას ვინმე შემოგვივარდეს სახლში და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად-მეთქი. ვხედავდით რამდენიმე აქტივისტი როგორ დააკავეს, ვხედავდით სასტიკად ნაცემ ადამიანებს და მეც ვფიქრობდი, ჩემამდეც მოვიდოდნენ. იმ დღეს მეგობართან ვიყავი სახლში, რადგან არ მინდოდა მარტო მევლო აქციებზე. დამაკავეს ჩემი მეგობრის სახლთან, იმ დროს თურმე ჩემს სახლთან და სხვა ჩემი მეგობრის სახლებთანაც პოლიცია იყო მობილიზებული, მელოდებოდნენ, სად ვიქნებოდი. კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო.

- როგორ გექცეოდნენ, რას გეუბნებოდნენ?

- იმ ხალხს ამოვიცნობ სახეზე, ვინც დამაკავა, თუმცა მათი სახელი და გვარი არ ვიცი. მეგობრის სახლიდან მოვდიოდი, როცა მანქანიდან გადმომიხტნენ შავფორმიანები და მკითხეს, თორნიკე ხარო? - არა-მეთქი და გზა გავაგრძელე. იცით, ტიტუშკები რას აკეთებენ და მეგონა ისინი იყვნენ. ჩემი მეგობარი ჩემს ზურგს უკან იდგა, უცებ მომკიდეს ხელი, წამიყვანეს და მანქანაში ჩამსვეს. არ ვიცოდი, თავიდან ვინ გამიტაცა, პოლიციელები იყვნენ თუ ტიტუშკები, 4 კაცს მივყავდი და ჩამსვეს მანქანაში. მერე ცენტრალური კრიმინალურ პოლიციაში, ორთაჭალაში რომ მიმიყვანეს, ტელეფონს და ლაზერს მარტყამდნენ თავში, მაგრამ სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით, წამებას გადავურჩი. ეს იმის დამსახურებაა, რომ დაკავებიდან 10 წუთში უკვე გახმაურდა ფაქტი და მედია მეძებდა. ჩემმა მეგობარმა ატეხა ხმაური, მერე ყველა ჩაერთო, სახალხო დამცველს აცნობეს, ყველა ყველგან მეძებდა და ხელი შეეშალათ. ჩემი აღნაგობა ხომ ნახეთ, 45 კილო ვარ და შეიძლება ჩავკდომოდი კიდეც ხელებში. ისე, იყო აგრესიული საუბრები, ტელეფონს მოხსენი ბიჭო პაროლი, დაგაპატიმრებთ და ფსიქოლოგიური ზეწოლა. მეკითხებოდნენ, ორგანიზაცია "კმარას" და "თეთრი ხმაურის" წევრი ხარო? ისეთი ორგანიზაციები დამისახელეს, ყველა ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე რომ გაქრა. ასე რატომ გეზიზღებით პოლიციელები, ომონს რატომ გვეძახიო? იქვე ვუპასუხე, - ტელეფონს ჰპარავთ დაკავებულებს, სახეებს უზიანებთ ხალხს-მეთქი. მერე მოვიდა არასრულწლოვანთა დეპარტამენტიდან გიორგი ქამხაძე და აბშილავა, ცრუჩვენება მისცეს, თითქოს მე მათ ვაგინებდი, რაც აბსურდია. მათ არ დავუკავებივარ. იქიდან სამტრედიაში წამიყვანეს, ალბათ იმიტომ, რომ მარტო ვყოფილიყავი და მაქსიმალურად მომხდარიყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. სამტრედიის დროებითი დაკავების საკანში მარტო მე და ბადრაგი ვიყავით, სხვა არავინ. ჩემმა ოჯახმა მეორე დღეს გაიგო, სად ვიყავი.

sandro-ded-mamastan-ertad-1735381860.jpg

- ის 12 დღე სულ მარტო იყავი საკანში?

- დიახ, სანამ გამიშვებდნენ, აბსოლუტურად მარტო ვიყავი, ამ 12 დღის განმავლობაში 4 ზარის უფლება მქონდა და რამდენიმედღიანი ინტერვალით დედას ვურეკავდი.

- სასამართლო პროცესზე რა ხდებოდა?

- მოსამართლე ნინო ენუქიძე რომ დავინახე, მაშინვე გავიფიქრე, ეს არ გამიშვებს დარბაზიდან, 7-დღიანს მომისჯიან-მეთქი. არ მქონდა მოლოდინი, რადგან ვიცოდი მისი მიღებული სხვა გადაწყვეტილებები. პროცესზე რომ დამეცვა ჩემი თავი, ამის შესაძლებლობა არ მქონდა. მომისაჯა მაქსიმუმი, 12 დღე. ეს დრო გავატარე დროებითი მოთავსების იზოლატორში, კითხვაში, ფიქრში. ძნელია ოჯახის წევრების გარეშე, მაგრამ გული მქონდა მშვიდად, რადგან ვიცოდი, გარეთ ხალხი არ გაჩერდებოდა და პროტესტი ქუჩაში გრძელდებოდა. ამ ამბავს მაინც ვიგებდი, რომ ხალხი ქუჩაში იყო.

- ვისგან იღებდი ინფორმაციას?

- დუტა სხირტლაძეს დაუწერია სტატუსი ჩემზე და მას შემდეგ დაუტოვებია ტელევიზია. დუტამ ტელევიზია რომ დატოვა, ეს ექიმისგან გავიგე. ტიროდა და იკითხა, აქ ვინ ზის ამისთანა, რომ მის გამო დუტამ ტელევიზია დატოვაო? მადლობა მას, გვერდში რომ დამიდგა. ნაძვის ხე რომ ვერ აანთეს, ეს ბადრაგისგან გავიგე. დედასთან პირველად ზარის უფლება 12 დეკემბერს მომცეს, ჯამურად 4 ზარი გამოვიდა. ვცდილობდი, 2-3 დღის გამოტოვებით დამერეკა. პირველად რომ დავურეკე, ისიც არ იცოდა, სამტრედიაში თუ ვიყავი. მითხრა, - შემოგიგზავნი რაღაცებსო. - როგორ შემომიგზავნი, სამტრედიაში ვარ-მეთქი. თბილისში, დროებითი მოთავსების იზოლატორთან იდგა პარკით ხელში, იქ ვეგონე და ისიც არ უთხრეს, რომ სხვაგან ვიყავი. დედა იქ ვერ ჩამოვიდოდა და მოვასწარი მისთვის მეთქვა, ჯგუფ "დაიტოვეში" დაწერე, რომ სამტრედიაში ვარ-მეთქი. ერთი გოგონა, თამარი ყოველდღე მიგზავნიდა საჭმელს, სიგარეტს. სულ ვგრძნობდი, მარტო არ ვიყავი. თამარს გამოსვლის შემდეგ შევხვდი და პირადადაც გადავუხადე მადლობა. დედასთან საუბრისას ვიგებდი, რა ხდებოდა გარეთ. ხალხის სიყვარულს იმით ვგრძნობდი, რომ ჩემზე ზრუნავდნენ. გარეთ დარჩენილებზე უფრო ვნერვიულობდი. ყველა ჩემი მეგობრის გვერდში დგომით, ერთმანეთის დახმარებამ და რაც მთავარია, ატეხილმა ხმაურმა ცემისგან გადამარჩინა. ბადრაგმა გაიგო, რომ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას მედავებოდნენ. შოკი ჰქონდათ, გაკვირვებულები მეკითხებოდნენ, - შენ როგორ ვერ დაგიმორჩილეს, 55 კილოც არ ხარო. აქვე გეტყვით, სამტრედიაში რომ მიმიყვანეს, შვილოთი მომმართავდა ვინც იქ იყო და ცდილობდა არ მეგრძნო სად ვიყავი. წაძინებას რომ ვაპირებდი, განათებას ჩაუწევდნენ ხოლმე. წიგნი შემოჰქონდა ერთს და მეუბნებოდა, - ეს წაიკითხეო. დღეები და საათები არ დამითვლია; ვიცოდი, ეს გამაგიჟებდა. ერთადერთი, ოჯახის მერე მზე მინდოდა მენახა, რადგან რომ დამაკავეს, ღამე იყო.

sandro-dedastan-1735381848.jpg

- სანდრო, ძალიან ემოციური იყო დედასთან შეხვედრა. გვიამბე თქვენს ურთიერთობაზე.

- დედაჩემი როგორი მებრძოლი ქალია, ყველამ ნახეთ. ყოველთვის მოზომილი და სხვა ხასიათის ადამიანია. ბევრი უსამართლობა და ტკივილი უნახავს დედას ცხოვრებაში. აფხაზეთიდან დევნილია, მისი დები დახოცეს აფხაზეთში. ერთი ბაგრამიანის ბატალიონის ქალებმა მოკლეს ომის დროს, მეორეს შვილი მოუკლეს და შემდეგ სიმსივნით გარდაიცვალა. დედამ და ჩემმა დეიდამ ენგურის ხიდზე გადააცილეს, რადგან შვილთან უნდოდა დასაფლავება. ასე გამოიტირეს ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანი, რადგან იცოდნენ, ვეღარასოდეს ნახავდნენ. დედა პედაგოგია, ქართულის მასწავლებელი იყო გალის რაიონში. ახლა აბიტურიენტებს ამზადებს. ძალიან სამართლიანი ადამიანია და მისგან ვისწავლე, რა არის უსამართლობასთან ბრძოლა. მთელი ეს წლები სხვადასხვა პოლიტიკურ აზრზე ვიყავით, გავრილოვის ღამიდან დაწყებული, სულ იყო სახლში კამათი. ტელეკომპანია "იმედის" მაყურებელი გახლდათ. მე, ადამიანს, რომელიც სულ ქუჩაში ვდგავარ და ვაპროტესტებ ამდენი ხანია იმას, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ დედაჩემისთვის მეჩვენებინა ჩემი სიმართლე. ასე წამლავს პროპაგანდისტური ტელევიზია ადამიანებს.

რაც შეეხება ჩვენი შეხვედრის კადრებს. ბევრი კითხულობდა, - ტელევიზიამ როგორ დაასწრო დედას შვილის ნახვაო? დედა მოდიოდა ჩემთან, მაგრამ საცობში გაიჭედა და 15 წუთით დააგვიანდა. ამასობაში დამხვდა ტელევიზია და პირდაპირ ეთერში ჩამრთეს. მე დედის მოლოდინში ვიყავი, თუ დააკვირდებით იმ კადრებს, რაც გავიდა, შეამჩნევთ, თვალებით მას ვეძებდი. ვსაუბრობდი პირდაპირ ეთერში, როცა დედა გადმოვიდა მანქანიდან და დამინახა, მისი შეკივლება გავიგე. სანდრო გარეთ არის, დედააა... - იკივლა. ამ დროს მახსოვს ოპერატორის ხმა, - ჩუმად, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართო. სცადა დედას შეჩერება. მისი ემოციების მოთოკვა რთული იყო. 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ ოპერატორმა სცადა კიდევ რამდენიმე წუთით შეეჩერებინა დედა და არ ვენახე. ეს როგორი შეუძლებელი იყო, იცით? ვერც მე ვითმენდი, გულში გავიფიქრე, როგორმე ეს ინტერვიუ მალე დავამთავრო-მეთქი, კადრიდან ვერ გავვარდებოდი, დედამ ვერ მოითმინა და ტირილით ჩამეხუტა. ეს გულწრფელი კადრები ნახეთ. რას ჰგავხარო, - რომ იძახის, იმიტომ ამბობს, რომ ქურთუკის გარეშე დამინახა. წარმოიდგინეთ მზრუნველი მეგრელი დედაა, რომელიც სულ იმაზე ფიქრობს, შვილს არ სციოდეს და არ შიოდეს. ახლა მე ვერ ვუყურებ ამ კადრებს, რადგან ძალიან ემოციურია. ყველა დედას იდენტური რეაქცია აქვს, როცა ხედავს პატიმრობიდან გამოსულ შვილს. მინდა ის დედები გავამხნევო, ვისი შვილებიც ჯერ კიდევ რჩებიან საპატიმროებში, მალე ისინიც გამოვლენ და თქვენ მათ ჩაეხუტებით.

- აქციებზე ისევ დადიხარ?

- რა თქმა უნდა, ისევ აქციაზე ვდგავარ. ყველა სიყვარულით მხვდება და როგორ ხარო? - მეკითხებიან. მე არ მაქვს უფლება ცუდად ვიყო, სახლში დავჯდე და არ ვიბრძოლო ჩვენი მომავლისთვის.

- სანდრო, მამაზეც მიამბეთ. როგორც ვიცი, გარდაცვლილია.

- დედა სულ მუშაობდა, მამა გულის პრობლემების გამო ვერ ახერხებდა მუშაობას და მე სულ მასთან ვიყავი. მას დავყავდი სკოლაში, ის მამეცადინებდა. ძალიან პატრიოტი იყო. მეგრელი დედის და გურული მამის შვილი ვარ. მამა ზვიად გამსახურდიას დიდი მხარდამჭერი იყო, პოლიტიკური მოვლენების, 9 აპრილის აქტიური მონაწილე. მიყვებოდა, ვინ იყო მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, რა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, რა იყო კომუნიზმი, რა არის ცუდი და რა - კარგი. სულ თავისი ახალგაზრდობის ამბებს მიყვებოდა. პატრიოტული სულისკვეთებით გავიზარდე. მამა ბევრ ლიტერატურას მიკითხავდა. დედა ბავშვებს ამზადებს ქართულში და სულ იცოდა თქმა, სხვები ფულს იხდიან და შენ სახლში გყავარ, იმეცადინეო. ღამე იცოდა ლიტერატურის კითხვა, გურამ დოჩანაშვილის და სხვა მწერლების ნაწარმოებებს მიკითხავდა ხოლმე. დედა ყოველთვის მკაცრი იყო, - გევალება მეტი იცოდეო, ამის თქმა იცის. 11 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა და ეს დიდი ტკივილია ჩემთვის. ძალიან განვიცადე... დედამ ახლა აღმოაჩინა, რომ როცა ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, ამ დროს "იმედზე" სერიალი გადის... მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, ახლა აკადემიური მაქვს აღებული. ცოტა ხანი "კავკასიაში" ოპერატორად ვიმუშავე, მანამდე "ფორმულაში" ვიყავი. ეს საქმე იმდენად მიყვარს, რომ ამ მიმართულებას მინდა გავყვე. ჩემი სათქმელი საზოგადოებამდე მივიტანო, რის საშუალებასაც ტელევიზია გვაძლევს. ამჟამად რესტორანში ვმუშაობ მიმტანად, შრომა არ მეთაკილება. სწავლას გავაგრძელებ და ვაპირებ, მომავალში მედიაში ვიმუშაო.

თეა ხურცილავა