ეროტიკა ქართულ კინოში - მსახიობების კომპლექსები (II ნაწილი) - გზაპრესი

ეროტიკა ქართულ კინოში - მსახიობების კომპლექსები (II ნაწილი)

დაპირებისამებრ, ეროტიკულ სცენებში მონაწილე მსახიობთა ნაამბობს გაგაცნობთ. ჩვენი არჩევანი ხათუნა იოსელიანსა (მიხო ბორაშვილის "ცარიელი სივრცე") და მიხეილ გომიაშვილზე (გიორგი შენგელაიას "სიყვარული ვენახში") შეჩერდა. საინტერესოა, რომ ქალბატონ ხათუნას სახელგანთქმული ფრანგი მსახიობის - პიერ რიშარის პარტნიორობა ხვდა წილად, ბატონ მიხეილს კი, ასევე უცხოელ შემსრულებელთან - გერმანელ ქალბატონთან მოუხდა გადაღება.

თავიდან, მიშა გომიაშვილთან ინტერვიუზე შეთანხმება გაჭირდა. ჩვენ შორის ტელეფონით, ასეთი დიალოგი გაიმართა:

- დამანებეთ თავი! რამდენჯერ უნდა მოვყვე - როდის დავიბადე, სად გავიზარდე და რამდენი ცოლი მყავდა?

- ამჯერად, სრულიად განსხვავებულ თემაზე საუბარს შემოგთავაზებთ და თქვენი ბიოგრაფიის გახსენებთ თავს არ შეგაწყენთ! - გულწრფელად დავპირდი.

- კარგი, მაშინ თემას მე შემოგთავაზებთ. მოდით, სექსზე ვისაუბროთ...

ეს სიტყვები ნიშნის მოგებით იყო ნათქვამი: როგორც ჩანს, მსახიობი დარწმუნებული იყო, რომ უარს ვეტყოდი.

- აგაშენათ ღმერთმა, სწორედ ამ თემაზე ვაპირებდი თქვენთან საუბარს-მეთქი, ვუთხარი.

- ბატონო?!. რატომ მაინცდამაინც ამ თემაზე?

- იმიტომ, რომ თქვენთვის კარგად ნაცნობმა ადამიანმა მითხრა, რომ შიშველი ქალის დანახვაზე, თურმე შიშით ცახცახებთ და ისე იბნევით, რომ არ იცით, რა მოიმოქმედოთ (ალბათ გახსოვთ, გიორგი შენგელაიას ნაამბობი, მიშა გომიაშვილის მონაწილეობით ეროტიკული სცენის გადაღების თაობაზე).

- რაო? კარგი, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ.

GzaPress

ასე დავთქვით შეხვედრა. ადგილზე მისულს კი მიშამ მითხრა:

- თქვენთან შესახვედრად რომ მოვდიოდი, მეგობარმა დამირეკა და მკითხა - წაიკითხე, "გზაში" შენზე რა წერიაო? ასე რომ, ახლა უკვე ვიცი, რატომ გინდოდათ ამ თემაზე საუბარი. მსგავსი როლი მანამდე არ მითამაშია. კოცნის სცენაც კი არ მქონია. მსახიობმა ყველანაირი როლი უნდა ითამაშოს. მე გამიმართლა, რომ ისეთი მაესტრო შემხვდა, როგორიც გიორგი შენგელაიაა, თორემ ვერაფერს მოვახერხებდი. თავიდან გამიჭირდა როლში შესვლა, მაგრამ შემდეგ მიჩვენა, რა როგორ უნდა გამეკეთებინა და გამეხსნა "მუზა". შემდეგ მოხდა ის, რაც მაყურებელმა ეკრანზე ნახა. ეს ყველაფერი კი გიორგის დამსახურებაა.

სხვათა შორის, ამ ეპიზოდის გახმოვანების პროცესიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა. გიორგიმ მარტო გადაღებისას კი არა, გახმოვანების დროსაც ზუსტად ამიხსნა, თუ რა უნდა გამეკეთებინა. ჯერ გადაღების დროს იმას მსაყვედურობდა - ძალიან ნელა მოქმედებო. ბიჭო, - ვინ ჩქარა აკეთებს ამას და ვინ - ნელა... შემდეგ, ცხოვრებაშიც, კარგა ხანს მიჭირდა: სულ მეგონა, რომ ოთახში, სადაც ქალთან ერთად ვიყავი, გიორგი იყო ჩასაფრებული და უცებ დაიძახებდა - ჩქარა, ბიჭო, ჩქარაო!.. მე ის მიკვირს, 40 წლის კაცს, რომელსაც 5 ცოლი ჰყავს გამოცვლილი, სექსი როგორ უნდა ასწავლო?!.

გახმოვანებასთან დაკავშირებით კი, ერთ ამბავს გავიხსენებ: ამ ეროტიკულ სცენას მე და ნინო კასრაძე ვახმოვანებდით. წარმოიდგინეთ სიტუაცია: ვდგავართ ორი ზრდასრული ადამიანი მიკროფონთან და ვოხრავთ და ვღმუით... ერთმანეთს შევხედეთ და უცებ, ავხარხარდით. გიორგი გვეკითხება: რატომ იცინითო?..

ამ ფილმის პეწი იმაშია, რომ ყველაფერი იუმორშია გადაწყვეტილი. როდესაც პრემიერაზე ხალხის რეაქციას ვაკვირდებოდი, ნასიამოვნები დავრჩი, რადგან ხალხი სიცილით კვდებოდა. სხვა ეროტიკული ფილმების ყურებისას, მარტო ქშენა ისმის.

- ადვილად დათახმდით ამ როლზე?

- სიმართლე რომ გითხრათ, ეს როლი ზურა ყიფშიძეს უნდა ეთამაშა, მაგრამ მიშა კალატოზიშვილთან გადაღებები არ ჰქონდა ჯერ დამთავრებული და არ ეცალა, ამიტომ გიორგიმ მე შემომთავაზა. შევხვდი, ვისაუბრეთ და მე პირობა წავუყენე - ეკრანზე შიშველი არ უნდა გამოვჩენილიყავი.

- რატომ?

- ამაზე მხოლოდ იმ მოსაზრებით ვამბობდი უარს, რომ მიმაჩნია - ეკრანზე შიშველი სხეული ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ეს ახლა ვარ ტანწერწეტა - 78 კილოს ვიწონი, მაშინ კი 104 კილო ვიყავი, დიდი ღიპიც მქონდა და ლამაზად არ გამოვჩნდებოდი...

- ე.ი. ახლა რომ შემოგთავაზონ მსგავსი როლი, დათანხმდებით?

GzaPress

- ერთ ფილმში მქონდა მიწვევა ეროტიკულ როლზე, მაგრამ ცოტა არ იყოს, შევშინდი და ულტიმატუმი წავუყენე: თუ კონსულტანტად გიორგი შენგელაია იქნება, მაშინ ვითამაშებ-მეთქი. მაგრამ მათ უკვე თავიანთი კონსულტანტი ჰყავდათ... ასეთი როლისთვის მსახიობს მომზადება სჭირდება. გიორგიმ კი ისე კარგად მოგვამზადა მე და ზაზა პაპუაშვილი, ისე კარგად და საფუძვლიანად გვასწავლა, როგორ უნდა ქალთან მოქცევა, რომ ეს ცოდნა დიდხანს გაგვყვება და თუ კიდევ შემომთავაზებენ მსგავს როლს, აუცილებლად დავთანხმდები.

- იქნებ, გადაღებების დროს მომხდარი საინტერესო ამბები გაიხსენოთ?

- ამაზე საინტერესო რა უნდა იყოს? - შუაგულ კახეთში სექსი გავაჩაღეთ... სიმართლე თუ გინდათ, ამ ფილმის გადაღებები ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, რადგან საშინელი "ზაპოი" მქონდა. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ გურჯაანის საავადმყოფოს რეანიმაციაშიც კი ამოვყავი თავი. სწორედ ამიტომ არ მახსოვს, როგორ ვცახცახებდი შიშისგან ეროტიკული სცენის გადაღების დროს... პრინციპში, ასეთივე განცდა შეიძლება მქონდეს ნებისმიერი ისეთი სცენის გადაღებისას, რომელშიც პირველად ვმონაწილეობ. მაგალითად, მე ცურვა არ ვიცი, ფილმში კი ნახევარ დროს წყალში ვატარებ. არავითარი განსხვავება არ არის, იმ და ამ გრძნობას შორის - ორივეგან ერთნაირად ვღელავდი და მორჩა...

- ეროტიკული სცენის ბოლოს, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ხომ არ დაგრჩათ?

- იმისათვის, რომ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გამიჩნდეს, საჭიროა მქონდეს დაკმაყოფილების სურვილი, გადაღების დროს კი, ასეთი სურვილი არ გამჩენია. ვფიქრობ, რომ მუშაობის დროს მაინც უნდა დავისვენო ამ სურვილისგან (იცინის).

- როგორ ფიქრობთ, - ეს სცენა რომ არ ყოფილიყო, თქვენი გასამრჯელო ნაკლები იქნებოდა?

- ჩვენთან ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ საცოდავი არტისტები ვართ. გეტყვიან - ამდენს გადაგიხდითო, - და მერე, ან "კრიშაზე" აგსვამენ, ან წყალში ჩაგაგდებენ... ჩემი სექსუალური სცენა ამ ფილმში თურმე თავიდან, სცენარში არ ყოფილა. ამას მივხვდი გადაღების დროს, როცა ჩემმა პარტნიორმა - გერმანელმა ქალმა ხელის მოძრაობით შეაჩერა გადაღება, ადგა, გიორგისთან მივიდა და ჰკითხა: ეს სცენარში არ წერია და რატომ მაკეთებინებთო? გადაღება კარგა ხნით გაჩერდა, მიდიოდა მოლაპარაკებები და რამდენადაც ვიცი, ამ ქალს იმხელა ჰონორარი გადაუხადეს, რამხელასაც მე ალბათ 30 ფილმისთვის მომცემდნენ... ისე, ჩემთვის ე.წ. "ტრიუკავოი" უნდა გადაეხადათ: ვაიდა, ამ სცენის გადაღებისას, რამე მომსვლოდა? მერე რა უნდა მექნა?..

GzaPress

ხათუნა იოსელიანი თავიდანვე უპრობლემოდ დამთანხმდა ინტერვიუზე და ჩემთვის საინტერესო ყველა კითხვასაც ვრცელი პასუხი გასცა. მიშას მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ მსახიობმა ნებისმიერი როლი უნდა შეასრულოს - სხვაგვარად, პროფესიონალიზმზე საუბარიც ზედმეტია...

- ხათუნა, ქართველ მსახიობ ქალებს შორის, მგონი, ერთ-ერთი პირველი ხართ, ვისაც ეკრანზე გაშიშვლება მოუხდა?

- მართალია, პირველმა მე გავიხადე ქართულ კინოში - ფილმებში "ანემია" და "გზა ჩალაურისაკენ", ბოლოს კი, მიხო ბორაშვილის "ცარიელ სივრცეში", ტრაგიკული ბედის მქონე ქალის როლი შევასრულე და იქაც მომიხდა გაშიშვლება.

- ეს ადვილი იყო თქვენთვის თუ რაღაც შინაგანი ბარიერის გადალახვა მოგიხდათ?

- სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე სირთულეს წარმოადგენს. არანაირი კომპლექსი და ბარიერი არ გამაჩნია. თუ ეს როლიდან გამომდინარეობს რეჟისორს სჭირდება და საქმეს, მე ვალდებული ვარ, გავაკეთო. არც იმის შიში მქონია ოდესმე, თუ საზოგადოება როგორ შეხვდებოდა ამას, რადგან საზოგადოება ყოველთვის გრძნობს ადამიანის აურას, იცის, ვინ ვინ არის. ჩემთვის მიუღებელია სტერეოტიპი, რო¬მელიც ზოგს ათქმევინებს: "არ გავიხდი! რატომ არ გაიხდი?" სახლში არ ვი¬ხდით? ჩინ-მედლებს ჩამოგართმევენ? ველასკესი და რემბრანდტი, ტიციანი და მონე - სულ შიშველ ქალებს ხატავდნენ. იმას თუ უყურებს ხალხი და მოსწონს, ეს - რეჟისორის შემოქმედებაა. ქუჩაში ხომ არ ვიხდი გიჟივით, რეჟისორმა ჩემში დაინახა იმ ქალის სახე, რომელიც სჭირდება, ალბათ ასეთი ვჭირდები. იმასაც გეტყვით, რომ არც პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ ოდესმე იმისთვის, რომ უკეთესი გამოვჩნდე ეკრანზე. რაც ვარ, ეს ვარ. ჩვეულებრივი ქალი ვარ, მაგრამ არაჩვეულებრივი ვარ მაშინ, როდესაც სცენაზე გამოვდივარ. ორი გრან-პრი ავიღე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის "ცარიელ სივრცეში", მაგრამ არ გავყვირი - ვარსკვლავი ვარ-მეთქი.

"ცარიელი სივრცე", ეს არის ტრაგედია - მე ვთამაშობ იმ ქალის როლს, რომელიც გაუბედურებულია, ელოდება ქმრის დაბრუნებას. ის, ღმერთმა იცის, ვინ არის - ძველი ბიჭია, "შავია" თუ "წინწკლებიანი". ეს ქალი უვლის მამამთილს, მიატოვეს შვილებმა, დაენგრა ოჯახი... ფილმს პირველად ვუყურე ანაპაში, ფესტივალზე და ეს ქალი იმდენად შემეცოდა, რომ ტკივილისგან სკამიდან ჩამოვცურდი, ღვარად მდიოდა ცრემლი, თან აქეთ-იქით ვიხედები - იმ გიჟივით ხომ არ მომდის, ყველაფერი თავისი რომ მოსწონს-მეთქი?.. მიხოს გადავხედე - ტირის, გარშემო ყველა ტიროდა. ასე რომ, ჩემი შიშველი მკერდი იქ არავის ახსოვდა, მთელი ყურადღება იქითკენ იყო მიმართული, თუ რა გააკეთა ამ ქალმა თავისი არანორმალური ქმრისთვის... რაც შეეხება გადაღების პროცესს - მე იმ წუთში არც მიგრძნია, რომ ოთახში ვინმე იყო. მე იმ წუთში ვიყავი მარტო. ვემზადები ქმართან შესახვედრად, რომელიც რამდენიმე წელი არ მინახავს, ვჯდები სარკესთან და ვათვალიერებ ჩემს თავს, მინდა, რომ მასში სიყვარულის ნაპერწკალი ავანთო...

- ერთ-ერთი გრან-პრი სწორედ ანაპაში მიიღეთ?

- დიახ. 2010 წელს. ფილმს დიდი წარმატება ხვდა, ერთადერთი შავ-თეთრი ფილმი იყო ფესტივალზე და საკმაოდ დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა. მეორე გრან-პრი იმავე როლისთვის მოსკოვში ავიღე, მაგრამ მე იმ დროს ბაქოში გახლდით გასტროლებზე.

- "ცარიელ სივრცეში" პარტნიორობას შოთა ქრისტესაშვილი გიწევთ. რამდენად თამამი იყო გადაღებისას?

- მე და შოთა ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით, ჯგუფელები ვიყავით, და-ძმასავით ვართ. როდესაც პირველად მიხოსთან მივედი ამ ფილმზე სასაუბროდ, შოთაც იქ დამხვდა. ხატულია (ასე მეძახდა ბებია და შემდეგ, ჩემი მეგობრებიც), სცენარი ზუსტად შენზეა ზედგამოჭრილიო. - მაგრამ როდესაც ეროტიკულ სცენაზე მიდგა საქმე, მეუბნება: გოგო, როგორ უნდა "იმას ვქნა", კაცო? - შენ ხომ ჩემი და ხარო. მე ვუთხარი: შოთიკო, შენ ოღონდ გამხადე, იქამდე მიდი და მერე მე თვითონ "იმას გიზამ"-მეთქი, - თუმცა, "საიმასქნელი" ფილმში არც არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ მკოცნიდა, და მაშინაც, საჯდომი სასაცილოდ ჰქონდა გაბზეკილი, რომ არ ჩამხუტებოდა...

- რას იტყვით პიერ რიშარზე, რომელიც ასევე თქვენი საეკრანო პარტნიორია ეროტიკულ სცენაში?

- დიახ, ეს არის ნანა ჯორჯაძის ფილმი "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი", რომელიც "ოსკარზე" იყო წარდგენილი... ერთი პერიოდი, საკმაოდ დეპრესიულ მდგომარეობაში ვიყავი. ძალიან ბევრი სტრესი გადავიტანე. ერთხელ მაკამ (ჩემმა ქალიშვილმა) მითხრა: დედა, ნანა ჯორჯაძე ფილმის გადაღებას აპირებს იქნებ, ბედი გეცადა, დაელაპარაკეო.

რამდენიმე დღე ვიფიქრე, შემდეგ გადავწყვიტე, შვილისთვის დამეჯერებინა: დავიბანე, ჩავიცვი, დავიხურე და სახლიდან რომ უნდა გავიდე, ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ახალგაზრდა რეჟისორი მანანა ონეზაშვილი რეკავდა. ნანა ჯორჯაძე ფილმში გიწვევთ, პიერ რიშართან ერთად სათამაშოდო, - მითხრა. კინაღამ ჩავიკეცე... მივედი, ირაკლი კვირიკაძე (ნანა ჯორჯაძის ქმარი და ფილმის პროდიუსერი. - ავტ.) მეუბნება: მადამ კოლონტაი უნდა ითამაშოთო, - თან რაღაცნაირად იჭმუხნება, სათქმელს ბოლომდე ვერ ამბობს. იქვე იყო "ანემიის" ოპერატორი, ის მეუბნება: იცით, რა აინტერესებთ? ფილმში ტანზე მოგიწევთ გახდა, როგორ ფორმაში ხართო?.. - კი, გენაცვალე-მეთქი, - ვუთხარი და იქვე დავიწყე გახდა. - კარგიო, მითხრეს, - შენ ისეთი გადარეული ხარ, მართლა გაიხდიო... ჩემი გმირი კი, იცით, როგორი ქალი იყო? ერთხელ ლენინს აქვს მისთვის ასეთი დეპეშა გაგზავნილი: F[ ნს^ ,კზლმ! Yფ ხნჯ ნჰფნბიმ გფჰნბქყსტ ლტყმუბ. აი, ასეთი ქალი უნდა განმესახიერებინა. მერე, ციურიხში ელჩად რომ მუშაობდა, 200-მდე ქალი და კაცი შეუკრიბავს და შიშვლებს, თავისუფალი სექსის გაკვეთილებს უტარებდა. მე თქვენ გიჩვენებთ სეირს-მეთქი, - ვთქვი...

პირველივე გადაღება პიერ რიშართან ლოგინის სცენით დაიწყო. ჯერ გამარჯობაც არ მქონდა ნათქვამი, უკვე მასთან ლოგინში აღმოვჩნდი. ამ სცენას მწერალთა კავშირის შენობაში ვიღებდით. წინასწარ მოვემზადე: ბაზრობაზე წავედი და ახალი საცვლები ვიყიდე. 20 ლარი მივეცი! იმ ოც ლარს დღემდე მივტირი... ბებიაჩემის ნაჩუქარი შიფონის შარვალი მაცვია, დედაჩემის ნაჩუქარი კრეპსატინის ბლუზა, დიდი მარგალიტის მძივი მიკეთია და მხრებზეც ბებიის ნაჩუქარი "ჩორნაბურკა" მაქვს მოსხმული - ერთი სიტყვით, საბჭოთა ვარსკვლავივით მაცვია.

დილით მანანა ონეზაშვილმა გამომიარა თავისი მანქანით, რომელიც საკმაოდ დანჯღრეული და ყველა მხრიდან გახვრეტილია. მივჩაქჩაქებთ ამ მანქანით და გვერდით "ლინკოლნმა" ჩაგვიარა. შიგ პიერ რიშარი იჯდა. გადავირიე - რიშარი ამით უნდა დადიოდეს და იოსელიანი ურმით-მეთქი?! მანანას ვუთხარი: სანამ შენობაში არ შევა, არ გადამიშვა მანქანიდან, თორემ "პაკრიშკებს" დაგიჭამ-მეთქი...

ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, მივედი. ჩემს დანახვაზე პიერი ადგილს მოსწყდა და სადღაც გავარდა. ვიფიქრე, ნეტავ, გარღვეული ხომ არაფერი მაქვს-მეთქი? სარკეში ჩავიხედე - ყველაფერი წესრიგში მქონია. თურმე უთქვამს: მე ამ ქალთან ლოგინში არ ჩავწვები - ჩემს ქმედებაზე პასუხს ვერ ვაგებო... ამ დროს კი, გვერდით, ახალგაზრდა, მშვენიერი არაბი საყვარელი - აიშა უდგას. დაიწყო გადაღება. ოპერატორი გავაფრთხილე: რაც არ უნდა გავაკეთო, ყველაფერი გადაიღე-მეთქი. გავაღე ოთახის კარი, პიერი ლოგინზე ზის. "მადამ კალანტაი?" - მეკითხება. - "ვი", - ვპასუხობ. კარგი მოფრანგულესავით. ჩამოვუჯექი ლოგინზე, თან თვალებს ვაკურკურებ. დავიწყე გახდა, ფეხები გავშალე, მისი თავი ფეხებს შორის მოვიყოლე, ცხვირი კი ჩემს მკერდში ჩავარგვევინე. მისი საყვარელი კი, გვიყურებს და სიცილით კვდება... აი, ასეთი ნაცნობობა გვქონდა მე და პიერს. მერე სულ ფრანგულად მელაპარაკებოდა. მეც, სულ გაღიმებული ვიყავი. სწორედ იმ პერიოდში, ვიღაც აფერისტისგან 17 ათას დოლარად ნაყიდი ბინიდან მასახლებდნენ. მე ვინაბები და "უ ჟუ, სიუ იიი..." - ვეუბნები, ისინი კი მეუბნებიან: გაეთრიეთ გარეთო!.. ერთი სიტყვით, ფული ფულად დავკარგე, რიშართან ლოგინში ყოფნა კი, საინტერესო მოგონებად დამრჩა.

GzaPress

- მხოლოდ ერთი დუბლი გადაიღეთ?

- რა, კიდევ გინდოდა?

- მე რა შუაში ვარ? - პიერს თუ უნდოდა?

- არ ვიცი, პიერს რა უნდოდა, მაგრამ თურმე კითხულობდა - თავის სახლში რატომ არ მეპატიჟებაო? უპასუხეს - რემონტი აქვსო. - მაშინ ვილაზე დამპატიჟოსო. - იქაც რემონტი აქვსო. მას კიდევ უკვირდა, ორივეგან ერთდროულად რატომ მქონდა რემონტი, ვერ გაეგო.

- გიორგი შენგელაიაც და მიხო ბორაშვილიც ამტკიცებენ, რომ ეროტიკული სცენების გადაღებისას ქალები ძალზედ თამამები არიან, მამაკაცები კი კომპლექსდებიანო. თქვენ საშუალება გაქვთ, შეადაროთ ქართველი და უცხოელი მსახიობების ქცევა და განცდები. რა განსხვავებას ხედავთ?

- ვერავითარს. ქართველებს ძალიან ეშინიათ, შებოჭილები არიან, ასევე იყო პიერ რიშარიც, მიუხედავად იმისა, რომ უფრო დიდი გამოცდილება აქვს ასეთი სცენების თამაშისა. მიზეზი კი ალბათ ის არის, რომ ისინი ტვინს არ თიშავენ, ამას ისე არ უყურებენ, როგორც სამსახურს. ჩემთვის კი, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ იქნებოდა ჩემი პარტნიორი - პიერ რიშარი, მარლონ ბრანდო თუ გრეგორი პეკი...

მარი ჯაფარიძე

ჟურნალ "გზის" არქივიდან