"ერთი წელი ციხეშიც ვიჯექი..." - გიორგი ბოჭორიშვილის გულახდილი ინტერვიუ - გზაპრესი

"ერთი წელი ციხეშიც ვიჯექი..." - გიორგი ბოჭორიშვილის გულახდილი ინტერვიუ

თუ როგორ ახერხებს კონკურენტ კომპანიებთან თანამშრომლობას, ამაზე გიორგი გულახდილად გვესაუბრა.

- ეკა მჟავანაძეს დიდი ხანია, ვიცნობ. "ჩემი ცოლის დაქალებში" კასტინგის წინ, სწორედ მან დამირეკა (კასტინგის მენეჯერი გახლავთ). თავიდან ვიცოდი, რომ "ერთჯერადი" როლი უნდა შემესრულებინა - ჩემი გმირი მთავარი პერსონაჟების კარის მეზობელია, მაგრამ ახლა გადაღებებზე სისტემატურად მიწევს სიარული... რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ ეკამ დამირეკა და მითხრა: "ღვინის გზაში" პატრულის თანამშრომელი უნდა ითამაშოო. - სიამოვნებით-მეთქი, - ვუპასუხე. მერე სერიალიდანაც - "გოგონა გარეუბნიდან" დამიკავშირდნენ. მათ შემოთავაზებასაც დავთანხმდი.

- ვიდრე 3 სერიალში ერთდროულად გამოჩნდებოდით, რას საქმიანობდით?

- ადრე სერიალში - "შუა ქალაქში" ეპიზოდური როლი შევასრულე და "დეტექტივების" 2 სერიაშიც ვმონაწილეობდი.

- კონკურენტ არხებზე მუშაობას ერთმანეთს როგორ უთავსებთ?

- ჯერჯერობით, ამის გამო პრობლემა არ შემქმნია; სერიალის წარმომადგენლებს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ. მათთან კონტრაქტის გარეშე ვმუშაობ.

- როგორ ფიქრობ, ტელემაყურებელს რომელი როლით დაამახსოვრდით?

- არ ვიცი, ყველა სერიალს თავისი მაყურებელი ჰყავს... პირადად მე, ზოგადად სერიალების მოყვარული არ ვარ. მხატვრული ფილმების ყურება მიყვარს.

- პროფესიით მსახიობი ხართ?

- დიახ, სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე. გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში ვსწავლობდი. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე მეგობარი ლალი კეკელიძესთან ვთანამშრომლობდით. ქალბატონი ლალი თუმანიშვილის თეატრის მსახიობი იყო და რამდენიმე სპექტაკლში სწორედ კინომსახიობთა თეატრის სცენაზე ვითამაშეთ. რაღაც გეგმები გვქონდა, მაგრამ მოგეხსენებათ, ქალბატონი ლალი გარდაიცვალა...

- მას შემდეგ თეატრში მუშაობა არ გაგიგრძელებიათ?

- ამჟამად, სპექტაკლზე ვმუშაობთ. იმედია, კარგი გამოვა და პრემიერაც მალე შედგება.

- თეატრში მუშაობა უფრო კომფორტულია თქვენთვის, თუ - კამერის წინ?

- ჩემთვის თეატრი უფრო ძვირფასია. ძალიან მინდა, ჩემი სამსახიობო წარმატება თეატრთან იყოს დაკავშირებული... გამოცდილების მიღების თვალსაზრისით, მსახიობისთვის სერიალებში თამაშიც კარგია. საკუთარი საქმით კმაყოფილი ვარ.

- სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" თქვენმა გმირმა, საყვარელი ქალის გამო, თავისი არასახარბიელო ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალა. რეალურ ცხოვრებაში მსგავს სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ?

- მსგავსი პრობლემა არ მქონია. 1 წელი ციხეში კი ვიჯექი - სამი მეგობარი ჩხუბის გამო დაგვაკავეს, მაგრამ ჩემი გმირისგან განსხვავებით, კრიმინალი არასოდეს ვყოფილვარ... ცუდი რაღაცებისგან თავის არიდება დროულად შევძელი. ცხოვრება ისეთი მარტივი არაა, როგორიც სერიალში ჩანს.

- ბავშვობაში ქუჩა, "შავი სამყარო" გიზიდავდათ?

- ძალიან მიზიდავდა! სკოლაში სწავლის პერიოდში ცელქიც ვიყავი და ბევრ რაღაცასაც ვაფუჭებდი. წყალბურთსა და რაგბიზეც დავდიოდი. როცა ინსტიტუტში ჩავაბარე, სწავლისთვის მზად არ ვიყავი: ჩემს მომავალ პროფესიას სერიოზულად ვერ მივუდექი, ფიქრებით სხვაგან ვიყავი... ქვეყანაში როგორი სოციალური ფონი და მენტალიტეტიც იყო, ინსტიტუტშიც ანალოგიური სიტუაცია სუფევდა: ძირითადად, სმა და უსაქმურობა "მიდიოდა". ძლიერი პიროვნება უნდა ყოფილიყავი, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ გამოგეყენებინა. არსებულ ვითარებაში სწორ გზაზე სიარული ძალიან რთული იყო. ჰოდა, აბსოლუტურ გაუგებრობაში აღმოვჩნდი. ისეთ რაღაცებთან მომიხდა "დაჯახება", რამაც დამაფიქრა, შემაწუხა... ინსტიტუტში სწავლისას საკუთარი თავის რეალიზება მიჭირდა.

- პროფესიის შეცვლის სურვილიც ხომ არ გაგიჩნდათ?

- პირველ კურსზე სწავლისას აკადემიური ავიღე, რადგან ძალიან "დავისტრესე"; ინსტიტუტში ბავშვური ოცნებებით მისული წინ ვეღარ წავედი, თითქოს ერთ ადგილზე გავშეშდი. ლილი იოსელიანის ჯგუფში მოვხვდი. მასთან მუშაობა რთული იყო. სტუდენტებს გვეუბნებოდა, - ჯარისკაცებივით უნდა იყოთო. ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამდი. მიმაჩნია, რომ ჩემი თაობის ბავშვები პროფესიის ასარჩევად მზად არ იყვნენ... თუმცა, რაღაც მაინც არ მასვენებდა. ვხვდებოდი, რომ ჩემს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებდა. ახლა ზუსტად ვიცი, როცა სამსახიობო ფაკულტეტზე აბარებ, ქეიფზე აღარ უნდა იფიქრო...

- ინსტიტუტში რა ოცნებებით მიხვედით?

- სამსახიობო სფეროში წარმატების მიღწევაზე ვოცნებობდი. არადა, ამისთვის რთული გზაა გასავლელი, მე კი სტუდენტობის 4 წელი ისე გავატარე, რომ ვერ გავაცნობიერე, რა უნდა გამეკეთებინა... ახლა ერთ ადამიანთან ვმუშაობ, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მის ვინაობას არ დავასახელებ. ზუსტად ვიცი, საით უნდა წავიდე, რა და როგორ მინდა... მზად ვარ, ჩემი ცხოვრება მსახიობობას მივუძღვნა, განვვითარდე და წარმატებული ვიყო!

- ცოტა რამ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებაც გვითხარით.

- 4 წელია, დაოჯახებული ვარ. ჩემი მეუღლე - ეკატერინე დემეტრაძე მსახიობია. ის სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" სანდროს ყოფილი ცოლის, ნინის როლს ასრულებს. 3 წლის შვილი - თომა გვყავს. ეკატერინე ჩემი კურსელი იყო. მისი ჯგუფის საკურსო სპექტაკლში ჩემი უახლოესი მეგობარი - გიორგი კალანდარიშვილი თამაშობდა. გიორგის სანახავად მისულმა ეკატერინე გავიცანი და მის მიმართ სიმპათია მაშინვე გამიჩნდა. მოგვიანებით ერთმანეთს შევხვდით. სიყვარულში მალე გამოვუტყდი და ოჯახიც მალევე შევქმენით.

- ოჯახში ისეთი პრობლემები თუ გქონიათ, როგორიც "ჩემი ცოლის დაქალებში" თქვენს გმირს აქვს?

- არა! როცა ცოლი შევირთე, ცხოვრების მთელ სიმძიმეს ვერ აღვიქვამდი, რაღაცებს ქარაფშუტულად ვუდგებოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ყველაფერი ისეთი იოლი არ იყო, როგორიც მეგონა. როცა ოჯახს ქმნი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ცოლთან სრულყოფილი ურთიერთობა გქონდეს, რომ შვილი სრულყოფილ ადამიანად აღზარდო, მატერიალურ პრობლემებს უნდა გაუმკლავდე... მე და ჩემმა ცოლმა ერთად რთული გზა გამოვიარეთ. რეპეტიციაზე რომ წავსულიყავით, უამრავი დაბრკოლების გადალახვა გვიწევდა. მაგალითად, ხან ისეთ ადამიანს ვერ ვპოულობდით, ვინც ბავშვს დაიტოვებდა, ხან - გზის ფული არ გვქონდა... ხშირად ვსვამდი - ხომ იცი, ქართველებს საქეიფოდ მიზეზი არ დაგველევა. თან, როცა ცხოვრებისეულ სირთულეებს თვალს ვერ უსწორებ, ცდილობ, დარდი ალკოჰოლის დახმარებით გაიქარვო. მოკლედ, ასეთი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მეუღლე ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა.

- მშობლები არ გეხმარებოდნენ? წყვილმა პრობლემებთან გამკლავება დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ?

- მშობლები ყველანაირად გვეხმარებოდნენ (მამა დიდი ხნის წინ გარდამეცვალა). ჩემი ცოლის ოჯახს ჰქონდა სახლი, რომელშიც არავინ ცხოვრობდა - გასარემონტებელი იყო. მე და ჩემმა მეუღლემ იქაურობა საკუთარი ხელებით მოვაწესრიგეთ და საცხოვრებლად გადავედით. მანამდე ამერიკაში ვიყავით - ჩემი სიდედრი და ცოლისძმა იქ ცხოვრობენ. ბავშვიც ამერიკაში შეგვეძინა. საქართველოში დაბრუნებულებს, როცა დამოუკიდებლად ცხოვრება გადავწყვიტეთ, უამრავი პრობლემა შეგვხვდა: ზოგჯერ იყო შიმშილი, ვერ ვიხდიდით კომუნალურ გადასახადებს და ხან დენის ხაზს გვიჭრიდნენ, ხან - გაზს გვითიშავდნენ... მიუხედავად ამისა, ყოველთვის შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით და მადლობა უფალს, დღესაც ერთად ვართ.

ეთო ყორღანაშვილი

"გზა", 2012 წელი