ქეთა ლორთქიფანიძე "შუა ქალაქში" არ დაბრუნდა
"TV 11"-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ პროდიუსერ ირაკლი კაკაბაძეს ახალ სატელევიზიო სეზონზე ვესაუბრე. თუ რა მოხდა 10 წლის შემდეგ ჩხეიძეებისა და ღლონტების ოჯახებში, ამ ყველაფერს ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან შევიტყობთ.
- ირაკლი, რატომ შეწყვიტეთ ტელეკომპანია "იმედთან" კონტაქტი?
- ამჯერად, უკვე გვაქვს ჩვენ მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია "TV 11", სადაც საკუთარ გადაცემებს ვაკეთებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ღამის შოუს" სტუდია სხვა ტელეკომპანიებისთვის გადაცემებს აღარ გააკეთებს. ამჟამადაც ერთ-ერთ არხზე ჩვენი ორი პროექტი გავა ეთერში. "იმედი" სერიალის - "შუა ქალაქში" - ძველ სერიებს ჩვენთან შეთანხმებით იმეორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ ვთანამშრომლობთ.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ძველი სერიალი - "შუა ქალაქში" უნდა განაახლოთ?
- "TV 11" სულ რამდენიმე თვის წინ შექმნილი არხია. შესაბამისად, სულ ვცდილობთ, ჩვენი გადაცემები განვაახლოთ. რასაკვირველია, რისკი არის: განახლებული სერიალი ისეთივე კარგი რომ არ გამოვიდეს, როგორიც ძველი იყო, რეიტინგი არ ექნება. თუმცა, მეორე მხრივ, მაყურებლის მხრიდან მოლოდინი დიდია და ვნახოთ, რა გამოვა. ახალ სერიალს პირობითად, "შუა ქალაქში 10 წლის შემდეგ" დავარქვით.
- ამ სერიალის ძველი მონაწილეები შინ რომ გაუშვით და იგივე სერიალი ახალი გმირებითა და სახეებით ჩაანაცვლეთ, მაყურებლის დიდ ნაწილს ამით, იმედი გაუცრუეთ...
- ამჯერად ძველი გმირები დავაბრუნეთ. თუმცა, მათთან ერთად ახალი მსახიობებიც აუცილებლად გამოჩნდებიან.
- ანუ ისევ ჩხეიძეებისა და ღლონტების სამეზობლოს ამბავი უნდა გვიამბოთ?
- არა, ისინი მეზობლები აღარ არიან. ბოლო სეზონი იმით დასრულდა, რომ მათი სახლი დაანგრიეს. შესაბამისად, იქიდან გადავიდნენ.
- ძველი გმირებიდან ვინ დააბრუნეთ?
- თითქმის ყველა. მხოლოდ ქეთა ლორთქიფანიძე არ დაბრუნდა, რადგან მას "რუსთავი 2"-თან კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ჩვენთან ვერ წამოვიდოდა. არც კი ვიცით, ვინ რა დოზით იქნება, ვინ რა ნაწილში შემოვა. შეიძლება, პირველ სერიაში ლაშა და ქეთევანი შემოვიყვანოთ და მათი ამბავი ისე საინტერესოდ განვითარდეს, რომ ვთქვათ, თამარი მხოლოდ რამდენიმე სერიის შემდეგ გამოჩნდეს.
- თქვენი არხის ფორმატის მიხედვით, ყველა გადაცემა მოკლემეტრაჟიანია. ეს სერიალი რამდენწუთიანი იქნება?
- მეტრაჟი ოდნავ შევამცირეთ და ამერიკულის სტილზე, 20-25 წუთიანი გავაკეთებთ. რაღაც გადაცემები კი, მაგალითად, "ჩაის თემა" 15 წუთამდე გავზარდეთ.
- ნოდარისა და ბაჩოს დუეტიც მოსწონს ხალხს.
- მართალია, მაგრამ მათი დუეტი წინასწარ გვაქვს ჩაწერილი და ამჟამად ახალზე აღარ ვმუშაობთ.
- მსახიობები თქვენთან დაბრუნებაზე ადვილად დაითანხმეთ?
- ყველას ერთნაირი შიში გვქონდა. მიგვაჩნდა, რომ ეს საკმაოდ დიდი რისკი იყო, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი რისკს უკავშირდება და ერთმანეთს ვუთხარით: მოდი, თუ მაგრები ვართ, ახალი ამბავი დავწეროთ და ყველას ვათქმევინოთ, რომ ძველი სერიალი, გარკვეული დროის შემდეგ, წარმატებით "გავაცოცხლეთ"! ეს თუ გამოვა, ხომ კარგი, თუ არა და, ერთი სეზონი მაინც გავა ეთერში.
- არ გამოგივიდათ "ჩვენი ამბავი", მაგრამ მაინც "გააკეთეთ" და საეთერო დროც დაუთმეთ.
- აბსოლუტურად გეთანხმები!
- კიდევ ერთი სერიალის - "ქალები" საცდელი ვერსია გადიოდა თქვენს ეთერში. არც ის გამოვიდა?
- ამ შეკითხვაზეც მაქვს პასუხი. უკვე გადაღებული გვაქვს კიდევ ერთი ახალი სერიალი - "ერთი ნაბიჯი", რომელიც დრამის ჟანრისაა. 20 სერია გადაღებულია და 4 კიდევ გადასაღები გვაქვს. დათო ჭაბაშვილი გახლავთ ამ სერიალის რეჟისორი. მასში, სხვებთან ერთად, ბაჩო ქაჯაია და თათული ედიშერაშვილი მონაწილეობენ. თავიდან ვშიშობდით, რომ ეს ორი ადამიანი ერთად, თანაც - დრამაში შეიძლებოდა, მაყურებლისთვის საინტერესო არ ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ, კარგი დუეტი გამოვიდა. არაჩვეულებრივად ითამაშეს. ეს სერიალიც პირველი ოქტომბრიდან "დაიქოქება".
- რატომ გადაწყვიტეთ დრამის გადაღება?
- ჩვენ არ ვართ კომედიური არხი. გვაქვს "ჩაის თემა", გადაცემა - წიგნებზე, ასევე, "მოდა ონლაინ", რომლებიც იუმორისტული სულაც არ არის. ახლა გასართობი გადაცემებიც დაგვემატება, მაგრამ არა - იუმორისტული. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენი მიზანია, გავაკეთოთ საათნახევრიანი ან ერთსაათიანი "ზოლი". აქამდე მაყურებელი გამოთქვამდა პრეტენზიას: გადაცემები რატომ მეორდებაო? გადავწყვიტეთ, გარკვეულ საათებში, ყოველდღე ახალი გადაცემა გავუშვათ და მაყურებელს ეცოდინება, როდის შეძლებს ახალი რაღაცების ნახვას.
- როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა, თქვენი არხი თავიდანვე საინტერესო რომ გახდა მაყურებლისთვის?
- პირველ რიგში, ეს იმის დამსახურებაა, რომ გვინდოდა, განსხვავებულები ვყოფილიყავით: ფორმატითაც, სტილითაც, ხარისხითაც. ნებისმიერი არხი, რომელიც მაუწყებლობას იწყებს, აუცილებალად გადმოსცემს საინფორმაციო გამოშვებას, აუცილებლად აქვს ტოქშოუ, სადაც ყველამ ერთად უნდა ვიტიროთ. ჩვენი ტელევიზიები თითქოს დაშტამპულია, ერთმანეთისგან მხოლოდ ბიუჯეტითა და ხარისხით განსხვავდება.
- თუმცა, თქვენი არხის ეთერში გასვლისას უკვე "კომედი არხიც" არსებობდა.
- მართალი ხარ. მათი არხი თავიდან მართლაც, საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ მერე იმდენჯერ გაიმეორეს ერთი და იგივე ძველი ჩანაწერი, რომ ხალხს მოჰბეზრდა. ახალიც განსაკუთრებული არაფერი ჰქონდათ და მერე, სხვა ტელევიზიების მსგავსად, რაღაც სერიალი გაუშვეს, ოღონდ თურქულის ნაცვლად - ინდური. მათი პრობლემა სწორედ ეს არის, თორემ თავიდან ბევრი მაყურებელი ჰყავდათ. ჩვენ კი ყოველ ჯერზე სულ ახალ-ახალ რაღაცებს ვდებთ და ყველაფერს განსხვავებულ ფორმატში ვაკეთებთ. მეუბნებიან: ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც არ მღლის. ჩავრთავ, გავიხედავ გვერდზე და რომ მოვბრუნდები, უკვე სხვა რაღაც არის დაწყებულიო.
- ეს ამერიკული ფორმატია?
- არა, ჩვენი მოფიქრებულია. რადიო "105"-ში რომ გადიოდა, მსგავს რაღაცებს ვაკეთებთ.
- თქვენს არხზე თურქული ან ინდური სერიალის ყურება არ "გვემუქრება"?
- არავითარ შემთხვევაში! თუ რაიმე უცხოურ სერიალს გავუშვებთ ეთერში, აუცილებლად გემოვნებიანი იქნება. თურქული სერიალის ხარჯზე რეიტინგს არ ავწევთ.
- ფილმზეც ხომ არ მუშაობ? შენ მიერ გადაღებული "სიყვარულის ბალადა" საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
- სიმართლე გითხრათ, ფილმის გადაღებაზე ნამდვილად ვფიქრობთ. ამჟამად ორი სცენარი გვაქვს, თუმცა, ორივე მუშაობის პროცესშია. იმედია, ნოემბერში მოვახერხებთ ერთ-ერთის გადაღებას და თებერვალში ეკრანზეც გამოვა.
- რატომ გადაწყვიტე, რომ რეჟისურაშიც მოგესინჯა ძალები? როგორც ვიცი, ამ სფეროში არანაირი განათლება არ გაქვს...
- შესაძლოა, ძალზე ამბიციური ვარ და იმიტომ. ერთი ვახო გვყავს, რომელიც მემონტაჟეა და ამ ფილმებში ჩემი ასისტენტი გახლდათ. ერთ დღეს მასთან მივედი და პირდაპირ ვუთხარი: კინო ხომ არ გადავიღოთ-მეთქი? გაოცებულმა შემომხედა. ჩემი ნათქვამი დავასაბუთე: ბოლოს და ბოლოს, შვილიშვილებს ვეტყვით, რომ კინო გვაქვს გადაღებული-მეთქი. - კარგიო. ჰოდა, მერე გადავიღეთ "სიყვარულის ბალადა" და "კაცების შოუ". თან გავერთეთ, თან - საქმე გავაკეთეთ და ცოტა ფულიც ვიშოვეთ.
- "კაცების შოუზე" გამახსენდა, ეს გადაცემა არც ერთმა არხმა აღარ შეისყიდა?
- ეს შოუ ჩვენს არხზე გავა. ყველა ამბობდა, პრესის მიმოხილვა ყველაზე საინტერესო რუბრიკა იყოო, ამიტომ ამ რუბრიკას დავაბრუნებთ და ცოტა შეცვლილი სტილით გავალთ ეთერში.
ნათია ჟივიძე, ჟურნალი "გზა"