როგორ გადაარჩინა ნინი წიკლაურმა გოგონა დახრჩობას - გზაპრესი

როგორ გადაარჩინა ნინი წიკლაურმა გოგონა დახრჩობას

საკურორტო რომანებიც არასდროს ჰქონია, რადგან ზღვაზე ყოფნისას მსგავსი ცუღლუტობებისგან ბებია "იცავდა" და ამის უფლებას არ აძლევდა.

- წინასწარ თუ გეგმავ, როგორ უნდა გაატარო ზაფხული?

- საერთოდ, ის ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, წინასწარ მაქვს დაგეგმილი. არ მომწონს, ასე მოზომილად და დაგეგმილად რომ ვცხოვრობ, მაგრამ სხვანაირად ვერაფერს ვაკეთებ. წლევანდელი ზაფხული ზედმიწევნით აქტიური და აფორიაქებული მაქვს. ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ვმუშაობ და აქედან გამომდინარე, დასვენებას ალბათ ვერ მოვახერხებ. კულტურის სამინისტროს გარდა, ვმუშაობ სტუდია "ანა-ბანაში", ვმღერი 4 ბარში და ერთ-ერთ სტუდიაში - გამხმოვანებლად.

- დროის განაწილება არ გიჭირს ხოლმე?

- ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ის, რასაც ვაკეთებ, ძალიან მჭირდება და აქედან გამომდინარე, დროის განაწილებასაც ვახერხებ... შვებულების დღეები სამწუხაროდ, უკვე გამოვიყენე იმ დროს, როცა პროექტში - "ორ ვარსკვლავი" ვმონაწილეობდი. აქედან გამომდინარე, მომიწევს ცხელ დღეებში თბილისში ყოფნა. ისე, ზამთარი მიყვარს, ზაფხულს კი დიდად არ ვცემ პატივს.

- შაბათ-კვირასაც არ გადიხარ ქალაქგარეთ?

- დასვენების დღეებს აუცილებლად განსატვირთად გამოვიყენებ, საამისოდ ნაჩუქარი საგზურები გამომადგება. შემიძლია, ბათუმსა და ყაზბეგს ვესტუმრო. მოგეხსენებათ, ეს საგზურები "ბუდა" ბარის დირექტორმა მაჩუქა, როცა "ორ ვარსკვლავში" ვმღეროდი.

- საერთოდ, აქტიური დასვენება გიყვარს თუ მშვიდ გარემოს ანიჭებ უპირატესობას?

- ჩემი ყოველდღიური დატვირთული დღის რეჟიმიდან გამომდინარე, წყნარი და მშვიდი დასვენება მირჩევნია. არ მიყვარს ხმაური და ხალხმრავლობა. უქმე დღეებში მინდება, ყველასა და ყველაფრისგან დავისვენო. კურორტზე ყოველთვის მიმაქვს წიგნები ანუ კითხვა და მშვიდი გარემო ჩემთვის საუკეთესო რამ არის განსატვირთად.

- მთა თუ ზღვა - რომელს ანიჭებ უპირატესობას?

GzaPress- ვფიქრობ, ორივეს თავისებური ხიბლი აქვს. თუმცა, პირადად მე მთაში ყოფნისას უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ. ვწუხვარ, რომ სოფელი არ მაქვს. არადა, მთაში ყოფნისას სისხლის ყივილს ვგრძნობ (იცინის). მახსოვს, როცა ჩემი მეგობრები ზაფხულის არდადეგების დადგომისთანავე სადღაც მიიჩქაროდნენ, ყოველთვის შინაგანი პროტესტის გრძნობა მქონდა, მე რომ ვერ მივდიოდი სოფელში. როგორც კი საშუალება მექნება, აუცილებლად შევიძენ სოფლად პატარა სახლს, ლამაზი ეზოთი, რომელსაც ჩემი გემოვნებით მოვაწყობ და ამით ბავშვობის ოცნებას ავისრულებ.

- გარუჯვა გიყვარს?

- ნამზეური ძალიან მიყვარს. როცა "ზაგარი" მაქვს, სამოსსაც ადვილად ვიხდენ. თუმცა, ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა. სახლში სულ მეჩხუბებიან: უკვე ტალახის ფერი გაქვს, იმდენს ირუჯებიო. ნამზეური ისე მიყვარს, ზამთარშიც გარუჯული დავდივარ.

- როცა დასასვენებლად მიდიხარ, მთელი გარდერობი მიგაქვს?

- არა. ასეთ დროს მიმაქვს მხოლოდ ის სამოსი, რომელსაც ვიცი, რომ აუცილებლად ჩავიცვამ. როცა ზღვაზე მივდივარ, რაც შეიძლება კომფოტულ და მსუბუქ სამოსს ვანიჭებ უპირატესობას... ადრე კი ნამდვილად, ბევრი რამ მიმქონდა და წაღებული ტანსაცმლის ნახევარსაც ვერ ვიცვამდი. მოკლედ, ბოლო დროს ჭკუა ვისწავლე.

- დასასვენებლად ყოფნისას დისკოთეკებზე, ღამის კლუბებში სიარული გიყვარს?

- არა, ეს ჩემი სტიაქია არ არის. დისკოთეკაზე წასვლას მიჯობს, სადმე ბარში დავჯდე და რომელიმე კარგ მომღერალს მოვუსმინო ან სახლში წავიდე. ძალიან მიყვარს ფიქრი და შესაბამისად, ყოველთვის ბევრს ვფიქრობ ხოლმე.

- ძირითადად, მომავალზე ფიქრობ?

- ზოგადად, ყველაფერზე ვფიქრობ: მომავალზე, წარსულსა და აწმყოზეც. მაქვს ჩემი სამყარო, სადაც თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, სადაც ყველაფერი მოზომილი და ადამიანურია.

- საკურორტო რომანი გქონია?

- სამწუხაროდ, ზღვაზე ყოველთვის ბებიას დავყავდი და სულ კუდში დამდევდა, გვერდზე გახედვის საშუალებას არ მაძლევდა. ჰოდა, მსგავსი ცუღლუტობები არასდროს ჩამიდენია (იცინის). ისედაც არ მიყვარს მოკლევადიანი ურთიერთობები. ჩემს სიყვარულს აუცილებლად, საინტერესო ამბები ექნება სარჩულად, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.

- როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ. ასეა?

- მე სულ შეყვარებული ვარ (იღიმის).

- ძალიან ზოგადი პასუხია, უფრო კონკრეტულად რისი თქმა შეგიძლია?

- (იცინის) შეყვარებული ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ.

- შენი რჩეული საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია?

- არა, თქვენ მას არ იცნობთ.

- ის მაინც მითხარი, პროფესიით ვინ არის?

- ჩემ გვერდით არის ადამიანი, რომელიც ცხოვრებას მივსებს და მილამაზებს. არ მიყვარს პირად რაღაცებზე საუბარი და თუ არ მიწყენთ, სხვას ვერაფერს გეტყვით.

- რა გაეწყობა, დასვენების თემას დავუბრუნდეთ... ცურვა იცი?

- დიახ, კარგად ვცურავ. არასოდეს არავის დახმარება არ დამჭირვებია. უფრო მეტიც, თავად დავხმარებივარ ზღვაზე სხვას და ადამიანი გადამირჩენია კიდეც დახრჩობას.

- ეს როგორ?

- ჩემთან ერთად, ზღვაში ერთი გოგო ცურავდა და უცებ ყვირილი დაიწყო, მიშველეთო. თურმე, ფეხზე ძარღვი გაეკვანძა და ვეღარ გაცურა. მე იქვე ვიყავი, ნელ-ნელა მასთან მივცურე და ნაპირზე გამოვიყვანე. აი, ასეთი გმირობაც ჩამიდენია.

- წყლის შიში არ გაქვს?

- ერთი უცნაურობა მჭირს, როცა ზღაში ვცურავ, საკმარისია, ფეხზე რაღაც შემეხოს, ისტერიკა მეწყება და შეიძლება, მთელი პლაჟი შევყარო. თევზების მეშინია. მგონია, რომ ლიფსიტებიც კი მიკბენენ, ამიტომ მირჩევნია, აუზზე ვიარო და იქ ვიცურო.

- საზღვარგარეთ თუ გიწევს ხოლმე დასასვენებლად წასვლა?

- დასასვენებლად საზღვარგარეთაც ხშირად დავდივარ. ძალიან მიყვარს უცხო გარემოში ყოფნა. თუმცა, ჩემი სახლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

სოფო ჭონიშვილი, ჟურნალი "გზა"