"ყველაზე რთული საკუთარ თავთან შეხვედრაა" - გზაპრესი

"ყველაზე რთული საკუთარ თავთან შეხვედრაა"

დაახლოებით ერთი თვის წინ დედა სიდონიას საოცარი ნამუშევრების, უნიკალური სამკაულების გამოფენაზე მოვხვდი. გულსაკიდები, გვირგვინები, სამაჯურები... - ამ ნამუშევრებში თითქოს, უდიდესი სიყვარული და სითბო იყო ჩაქსოვილი. გამოფენას საქველმოქმედო მისიაც ჰქონდა: შემოსული თანხით შშმ სტუდენტს დაეხმარნენ... მშრომელი, მზრუნველი და აქტიური მონაზონი თითოეულ სტუმარს ყურადღებას არ აკლებდა.

დედა სიდონია წლებია, საბერძნეთში ცხოვრობს და საქართველოში პერიოდულად ჩამოდის...

- დედაო, საოცარი სამკაულები გაქვთ. როდის გაგიჩნდათ მათი შექმნის სურვილი?

- ხელსაქმე ბავშვობიდანვე მიზიდავდა, თოჯინებს სამოსს ვუკერავდი... მამა მხატვარი იყო (ბებიაც მხატვარი ჰყავდა. - ავტ.) და როცა მუშაობდა, საათობით ვუყურებდი. მოკლედ, ფერები ჩემთვის უცხო არ იყო და ალბათ, ეს გახდა ჩემთვის ბიძგის მომცემი...

- მონაზვნობა როდის გადაწყვიტეთ?

- სამთავროს მონასტერში 1991 წელს სტუმრად მივედი. ურთულესი პერიოდი იყო, ცხოვრება ჭირდა. პური თვეობით არ გვქონდა, ჩვენი ფილტვები სიცივესა და მძიმე პირობებში ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მონასტრიდან წამოსვლა აზრადაც არ მომსვლია. იქ საოცარი სიხარული სუფევდა, ნამდვილი, წრფელი... მარხვისას დილის 4-ის ნახევარზე ვდგებოდით, ჩვეულებრივ დღეებში კი 5-ის ნახევარზე და აუცილებლად უნდა დავსწრებოდით ლოცვას, მერე მორჩილებები იწყებოდა. რაღაც პერიოდი მეტრაპეზეც ვიყავი და 30 ადამიანისთვის სადილს ვამზადებდი. ყველა დედა გალობის საოცარი უნარით იყო დაჯილდოებული. გვქონდა გობელენების, ფარდაგების სახელოსნო ანუ იმ პერიოდში სამთავროში ყველანაირი ხელსაქმე ''ყვაოდა'', მიუხედავად გასაჭირისა და მძიმე პერიოდისა, ყველანი გაღიმებული დადიოდნენ. იმდენად მდიდარი სულიერი საკვები გვქონდა, რომ მატერიალურს აღარ ვჩიოდით.

- საბერძნეთში როდის გაემგზავრეთ?

- მე-11 წელია, საბერძნეთის მონასტერს ვეკუთვნი... როდესაც იქ ხელში მძივები ჩამივარდა, ჯვრიანი სამკაულები ავაწყვე და რადგან იღუმენიას ძალიან მოეწონა, მერე უკვე ნამუშევრების დახვეწას ვცდილობდი, სხვადასხვა ფერის კომბინაციას ვაკეთებდი. ნაქარგების დამზადებისას მიღებული გამოცდილებაც გამომადგა.

- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას, როცა 18 წლის გოგომ მონასტერში წასვლა მოინდომეთ?

- სკოლაში "ხუთოსანი" ვიყავი, კომკავშირის კომიტეტის მდივანი გახლდით, გაზეთშიც ვწერდი რაღაცებს და ჟურნალისტობა მინდოდა. მოკლედ, აქტიური ბავშვი გახლდით, მაგრამ თან, სიმყუდროვე მიყვარდა, განმარტოება მსიამოვნებდა, ჩანახატებს ვაკეთებდი. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ და დირექციის სურვილით, ცეკვაზე დავდიოდი - მაშინ ასე იყო საჭირო (იღიმის)... მერე ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვაბარებდი და ქულები დამაკლდა. მონასტერში მისულმა, გავაცნობიერე, რომ უკეთეს ადგილას ვეღარსად წავიდოდი. ოჯახის წევრებმა რა აღარ გააკეთეს, რომ მონასტრიდან წამოვსულიყავი და უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მაგრამ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა. საერო ცხოვრებაში "შეთქვეფის" სურვილი არ მქონდა. ჩემი ოჯახი ეკლესიური იყო, ტაძარში პირველი მე არ მივსულვარ. უბრალოდ, ეკლესიაში დედა არ დადიოდა... მამას ვეიმედებოდი და დიდ განცდებში იყო, როდესაც ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო...

საბერძნეთში რომ წავედი, იქ უნივერსიტეტში სწავლა შემომთავაზეს და სამ თვეში ბერძნული ენა შევისწავლე. ინტერნაციონალური მონასტერია, ბევრი უცხოელი მსახურობს. ყოფილი პროტესტანტი, კათოლიკე, მუსლიმანები გვყავს, რომლებიც მართლმადიდებლებად მოინათლნენ. ბევრი მათგანი მონაზონი და ბერიც გახდა. მონასტერი ხელს უწყობს ადამიანებს, რომ საღვთისმეტყველო განათლება მიიღონ. არ მჭირდებოდა, მაგრამ თეოლოგია-საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე ჩამაბარებინეს. ჩემი განხრა ისტორია, არქეოლოგია, სოციოლოგია, ანთროპოლოგიაა.

- ბერძნულად სწავლობდით, არა?

- კი და ძალიან რთული აღმოჩნდა ეს პროცესი, მაგრამ საინტერესო. თან, მძიმედ ვიყავი ავად: საბერძნეთში წასვლამდე არაჰოჩკინის ლიმფომა მქონდა, ქიმიოთერაპია დამჭირდა და სასწაულებრივად გადავრჩი...

- როგორ განიკურნეთ?

- ქიმიოთერაპია დამეხმარა. "ქიმიის" კურსი ახალი დამთავრებული მქონდა, როცა საბერძნეთში წავედი. არადა, იმ პერიოდში განსაკუთრებული ხელშეწყობა და პირობები მჭირდებოდა საბოლოოდ განსაკურნებლად. თან, არც ვიცოდი, სად მივდიოდი, დედაც ახალი გარდაცვლილი იყო. მოკლედ, ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს. ღმერთს ვევედრებოდი, ისეთ მონასტერში მომახვედრე, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას სწორად მოვახდენ-მეთქი... მახსოვს, საპატრიარქოში უწმინდესს უნდა შევხვედროდი, როცა კიბეზე საბერძნეთის მონასტრიდან ჩამოსულ მონაზონს - დედა ანასტასიას შემთხვევით შევხვდი. გავისაუბრეთ. ამის შემდეგ საბერძნეთის მონასტერში მიმიწვიეს...

- ახლა როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარება?

- როგორც გითხარით, ქიმიოთერაპიის კურსი ჩამიტარეს. დაავადება რემისიაშია. ისე, რამდენიმე ოპერაცია გადავიტანე და ე.წ. ღრმა იმუნოდეფიციტი მაქვს. ასევე, რკინადეფიციტური ანემია... მოკლედ, ჩემი არსებობისთვის განსაკუთრებული პირობები იყო საჭირო, მაგრამ საბერძნეთში მაინც წავედი. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერ ხორციელზე მაღლა სულიერებაა. სულიერად თუ არ ხარ ძლიერი და მშვიდი, ვერანაირი წამალი ვერ გიშველის.

- ქალის ქრისტიანულ სამშვენისებს: გვირგვინებს, ჯვრიან სამაჯურებს, გულსაკიდებს საკუთარი ხელით ამზადებთ. ეს ნამუშევრები მნახველში გაოცებას იწვევს. რა მასალას იყენებთ?

- თავიდან ჩვეულებრივ ბიჟუტერიას ვაწყობდი, მაგრამ მერე, ახლობლების თხოვნით, ვერცხლს ვიყენებ, სამშვენისებს ძვირფასი ქვებით ვამკობ. ტიხრულ მინანქარსაც ვიყენებთ... გამოფენის მოწყობაში ბევრი ადამიანი დამეხმარა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ლაშა დევდარიანი დარბაზის ინტერიერის მოწყობაში დამეხმარა, ვანო ჭელიძეც მხარში მედგა; ეკა ხოფერია მონდომებული იყო, რომ კიდევ ერთი გამოფენა მომეწყო... ამ გამოფენის წყალობით შშმ სტუდენტი ბიჭი, გოდერძი გიგიტიშვილი (მხედველობის პრობლემა აქვს) გავახარეთ და მას კომპიუტერი გადავეცით. მინდოდა, მისთვის სპეციალური პროგრამა ჩაგვეტვირთა და როცა ეს გაიგო, ლუპა მაჩვენა, - ამით ვკითხულობო. მონდომებული ადამიანია და წარმატებებს ვუსურვებ!

GzaPress

- ორი წლის წინ, 17 მაისის ცნობილი მოვლენების დროს ჩვენში წარმოქმნილი აგრესია დაგმეთ...

- ერთ-ერთი სასწავლებლის სტუდენტებმა მთხოვეს, მათთან მესაუბრა. ვიფიქრე, 100 სტუდენტი თუ მომისმენს-მეთქი და მათ წინადადებას დავთანხმდი. მაგრამ მერე ამ შეხვედრის ამსახველი მასალა ინტერნეტსივრცეში განათავსეს და ყველა საინფორმაციომ მაშინვე აიტაცა. სტუდენტებთან ჩემი საუბრის ამსახველ ვიდეოს 30 ათასი ''ნახვა'' ჰქონდა და შემეშინდა, ასე უეცრად საზოგადოებასთან შესახვედრად მზად არ ვიყავი. ჩემმა სიტყვებმა, რომ ბარბაროსობა, ძალადობა გაუმართლებელია, გაოცებული დატოვა საზოგადოება. არადა, ვიცით, მაცხოვარი ნებისმიერ მანკიერებაზე როგორ რეაგირებდა. თუ მისი მიმდევრები ვართ, კარგად უნდა დავაკვირდეთ, საკუთარი ცხოვრებით რა მაგალითებს იძლეოდა. ჩვენთვის განკაცდა, რათა მოეცა სახე, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი და მისი მიმდევარი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ის, რაც 2 წლის წინ საქართველოში მოხდა, არასწორი საქციელი იყო, მაგრამ ჩემი პოზიცია საზოგადოებამ ისე გაიგო, თითქოს ჰომოსექსუალიზმს ვიცავდი - ამან საერთოდ გამაოცა, გამაოგნა...

- სინამდვილეში ამბობდით, რომ მანკიერი საქციელი უნდა დაიგმოს, მაგრამ არა აგრესიით, არა?

- დიახ, ასე იყო. ნებისმიერი ადამიანი ღვთის ხატია. პროტესტიც საჭიროა, მაგრამ როცა რაღაც არ გვინდა, ამისგან აგრესიით კი არა, სხვა გზით უნდა დავაღწიოთ თავი. ქართველებს არ მოსწონთ, როცა საზღვარგარეთ წასული ადამიანები კრიტიკას ''ისვრიან''. არადა, ჯობს, მტკივნეული კრიტიკა თამამად მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ, ვიდრე გვეწყინოს. საბოლოოდ, მართლა რაღაც უშნოდ ჩამოყალიბდა ქართველების მენტალობა, რაც ჩემთვის სტერეოტიპულ აზროვნებას გულისხმობს, რომელიც ხშირად, მართლმადიდებლობას არის ამოფარებული. ეკლესიაში მისულებმა, იმის ნაცვლად, რომ შეისწავლონ, რა გზას შეუდგნენ და რისი წევრები უნდა გახდნენ, თვითონ როგორც ესმით, ისე ამოეფარებიან ხოლმე ქრისტიანობას.

- კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

- განსაკუთრებით, მრევლს. მამებს ხშირად ვადანაშაულებთ იმაში, რომ ამბიონიდან უკეთესად უნდა იქადაგონ, გაანათლონ ერი, მაგრამ მინახავს მოძღვრები, რომლებიც არაჩვეულებრივად ქადაგებენ, წიგნირებისკენ მოუწოდებენ მრევლს, მათ ყველაფერს კონკრეტული მაგალითებით უხსნიან, ლიბერალიზმისკენ მოუწოდებენ, მაგრამ... ლიბერალიზმი არასწორად ესმით: ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცოდვა უნდა გაამართლო.

- როდესაც სასულიერო პირს აკრიტიკებენ, ამ დროს რას გრძნობთ?

- გული მწყდება, რადგან ხშირად ეს გადაჭარბებულია და ადამიანის ნათქვამში ღვარძლი იგრძნობა. მართლის თვისებაა არ დაეცეს, უღირსების განცდას არ შეეგუოს, ღირსების შეგრძნებას მისცეს ძალა, წამოდგეს, წელში გაიმართოს და გააგრძელოს ცხოვრება! დღეს მართლა "კარგ ტონად" ითვლება სასულიერო პირის გაკრიტიკება და ადამიანები ერიდებიან მათზე კარგის თქმას იმიტომ, რომ ეს არ არის მოდური - აი, ერის კიდევ ერთი დეგრადაციის ნიშანი. საწყენია, რომ ჩვენი პოზიციების დაცვა გვიჭირს, მით უმეტეს, რომ მოძღვრების უმრავლესობა, ვისაც ვიცნობ, ნამდვილად განათებული, მოწყალე, კეთილსინდისიერია. არიან სასულიერო პირები, რომლებიც დიდ დაფარულ ღვაწლში არიან სიტყვითა და საქმით...

ასე იყო ყოველთვის: როდესაც ერს უჭირდა, ბერმონაზვნები აქტიურობდნენ. დაყუდებული მამები გამოსულან ერის გასაძლიერებლად, მეფეს შეხვედრიან. არ ვამბობ, რომ მე ეს ფუნქცია მაქვს. უბრალოდ, ვპასუხობ იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს.

- ბევრი მონაზონი არ დაგვთანხმდებოდა თუნდაც, ინტერვიუზე. არ არიან თქვენნაირი კონტაქტურები...

- ხანგრძლივი პერიოდი საბერძნეთში, როგორც აკონტაქტურ ადამიანს, ისე მიცნობდნენ. უფალი ამა თუ იმ წუთისთვის რა მინიშნებასაც მაძლევს, იმას ვაკეთებ. როცა ვხვდები, რომ აქტიურობაა საჭირო, უნდა ვიაქტიურო, მაგრამ არის პერიოდები, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე ვმუშაობ. სიმართლე გითხრათ, თავს კარგად მაშინ ვგრძნობ, როცა მარტო ვარ. ამ გამოფენის მოწყობაზე რომ ვმუშაობდი, მივხვდი, ეს არ იყო ჩემი გამოფენა და ვიდრე ყველაფერი ჩაივლიდა, სიძლიერე უნდა გამომეჩინა. ვფიქრობ, საკუთარი სულის გაზრდა-განვითარებაა ყველაზე დიდი შემოქმედება. თუ ლოცვა დამაკლდა, შინაგანად რაღაც დავაკელი საკუთარ თავს, როგორი ლამაზი ნამუშევარიც უნდა შევქმნა, ეს ვერ დამაკმაყოფილებს.

დაბოლოს, გეტყვით: საზოგადოებაში პრობლემები იმიტომ ჩნდება, რომ საკუთარ თავთან არ ვართ მართლები. დიახ, ყველაზე რთული საკუთარ თავთან შეხვედრაა. ვფიქრობ, დათრგუნვილი ადამიანი ვერ განვითარდება. მინდა, ჩვენი საზოგადოება გახდეს უფრო მეტად გამბედავი, ვიდრე დღეს არის.

ლალი ფაცია