რომელ პერსონაჟზე ეჭვიანობდა ნიკა კუჭავა? - გზაპრესი

რომელ პერსონაჟზე ეჭვიანობდა ნიკა კუჭავა?

გასართობად - მხატვრულ ლიტერატურას. გამორჩეულად საყვარელი ჟანრი არა აქვს. ერთადერთი, რასაც ნაკლები ინტერესით კითხულობს, დეტექტივია.

პრეამბულის მაგიერ

- წასაკითხ ნაწარმოებებს ავტორის მიხედვით ირჩევ?

- კი, ეს ჩვევა მაქვს. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ავტორი იმდენად დაგაინტერესებს, სურვილი გიჩნდება, მის სხვა ნაწარმოებებსაც გაეცნო. ძალიან არ მომწონს ბოლო დროს გამოცემული ქართული თარგამნები. რედაქციას არ დავასახელებ, მაგრამ სამარცხვინო თარგმანი წავიკითხე. ისეთი უხეში შეცდომები იყო დაშვებული, ვთვლი რომ ეს დასჯადი უნდა იყოს. შეიძლება ტექსტში ეწეროს "ბოდიშით" თან არაერთხელ?

- ინტელექტუალური თამაშები გიყვარს?

- ძალიან მიყვარს. მსგავს სატელევიზიო გადაცემებს არასდროს ვტოვებ. მერე რა, რომ ბევრ კითხვაზე პასუხი არ ვიცი, თან ვერთობი და თან ვსწავლობ.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ძალიან ბევრთან, უიმე!!! ეს რა მითხარი, წარმოვიდგინე რა კარგი იქნებოდა, ეს პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში რომ არსებობდნენ. მერკუციოსთან ვიმეგობრებდი.

- მას პიროვნული თვისებებით ჰგავხარ?

- არაა, სად მე და სად - მერკუციო? ნებისმიერი პერსონაჟი და ადამიანი მხიბლავს, რომელსაც მხოლოდ ვიწრო ხედვა არა აქვს და გლობალური იდეისთვის იბრძვის.

- წიგნის კითხვისას უარყოფით პერსონაჟისთვის გიგულშემატკივრია?

- კი, უარყოფითი პერსონაჟი თავადაც არაერთხელ მითამაშია. ასეთი გმირიც კი უნდა შეიყვარო, კარგი მხარე მოუძებნო და ისე შეიყვარო.

- წიგნი, რომელმაც შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომელია?

- "ვეფხისტყაოსანი" ძალიან მიყვარს. შეიძლება ვინმემ ჩემი ნათქვამი ცუდად აღიქვას, მაგრამ გულწრფელად გეტყვი, რასაც ვფიქრობ. "ვეფხისტყაოსანი" ჩემთვის ბიბილიის დარი წიგნია, მასავით ძვირფასია. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა რემარკის "სამი მეგობარი". ფრაუ პატის და რობის ამბავმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მათზე ძალიან ვეჭვიანობდი. პატის გარდაცვალების შემდეგ რემარკი ძველებურად აღარ მიყვარდა, რობი მეზიზღებოდა.

- 1937 წელს, ქართველმა ერმა საუკეთესო ქართველი პოეტი და პროზაიკოსი დაასახელა, პოეტებიდან რჩეული გალაკტიონი გახდა. მწერლებიდან?

- კონსტანტინე გამსახურდია.

- ერთმა ბრიტანულმა კლუბმა გამოსცა პლაკატი, რომელზეც ეწერა: "ღმერთმა შექმნა არც ისე ბევრი სრულყოფილი თავი, ხოლო დანარჩენები მან დაფარა თმით". ვინ არიან ამ კლუბის წევრები?

- არ ვიცი.

- კარგად დაფიქრდი, არ მგონია ეს რთული კითხვა იყოს.

- აზრზე არა ვარ.

- მათ საერთო ვიზუალური...

- ...(მაწყვეტინებს) მელოტები, არა?

- გამოიცანი. ქალს კომპლიმენტს ხშირად ეუბნები?

- კი.

- ყოველთვის გულწრფელი ხარ?

- უმეტესად გულწრფელი ვარ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა კომპლიმენტი ზრდილობის გამო მითქვამს.

- სახელმწიფო ტოგოში თუ მამაკაცი ქალს კომპლიმენტს ეტყვის, ვალდებულია...

- არ ვიცი.

- ვალდებულია, ცოლად მოიყვანოს.

- მართლა? ეს რა უცნაური წესი ჰქონიათ.

- ურალში არის ტიპური პროექტით აშენებული თეატრი. ეს თეატრი თავისი მდებარეობით უნიკალურია, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. თეატრში დგას მემორიალური სვეტი, რომელიც მიანიშნებს იმ განსხვავებაზე, რომელიც სცენასა და მაყურებელთა დარბაზს შორის არის. რა განსხვავებაზეა ლაპარაკი?

- ვერ გიპასუხებ.

- მის მდებარეობას მიაქციე ყურადღება.

- მდებარეობას? არ ვიცი, რა გიპასუხო.

- სცენა ევროპაში მდებარეობს, მაყურებელთა დარბაზი - აზიაში. რა ერქვა მარიამ ღვთისმშობლის მშობლებს?

- ვერ ვიხსენებ.

- იოაკიმე და ანა. "უცხოელები "გენაცვალეს" და "შენი ჭირიმეს" იმიტომ ვერ თარგმნიან, რომ ამ გამოთქმის შესატყვისი განცდა არ გააჩნიათ, თორემ მათი ენა ქართულზე ღარიბი როდია". ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- მომეწონა, მაგრამ ავტორს ვერ დაგისახელებ.

- მიხეილ ქვლივიძე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს დღესასწაულები, შეხვედრები, ყინვა, ქორწილი, ნადირობა, შეიძლება ეს უმიზეზოდაც გააკეთო. რაზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს) ღვინის დალევაზე ხომ არა?

- გამოიცანი. ნადირობა გიყვარს?

- მიყვარს, ამ საქმით გატაცებული ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდოსტატი ვარ. ჩემს მეგობარ როლანდ ოქროპირიძესთან ერთად ხშირად დავდივარ სანადიროდ. მართალია, ჯერ ბევრი რამ არ ვიცი, სუსტ მონადირედ ვითვლები, მაგრამ მიზანში სროლაში ნებისმიერს შევეჯიბრები.

- თუ ბერძენ მონადირეებს დავუჯერებთ, ბოლო დროს ფრინველები ძალიან გაეშმაკდნენ, საშემოდგომო გადაფრენის დროს ისინი ცდილობენ, საბერძნეთს ორშაბათობით გადაუფრინონ. ბერძნების აზრით, რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ეს დღე?

- რაღაც აკრძალვასთან არის დაკავშირებული? ზუსტად არ ვიცი.

- დიახ, ამ დღეს საბერძნეთში ნადირობა აკრძალულია. რა ჰქვია მონეტის წინა მხარეს?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებ, უკანა მხარეს რევერსი ჰქვია.

- წინას - ავერსი.

- ეს კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა და 1991 წლის 26 დეკემბერს დაიშალა. რომელ კავშირზეა ლაპარაკი?

- სსრკ-ზე.

- ეს მწერალი 1828 წლის 28 აგვისტოს, იასნაია პოლიანაში დაიბადა. თბილისში 1851 წელს ჩამოვიდა და აქ 2 თვეზე მეტხანს დაჰყო. "არ ვიცი, არის თუ არა კავკასია შთაგონების ქვეყანა, მაგრამ იგი უეჭველად სიყვარულის ქვეყანაა". აღნიშნავდა ერთ-ერთ წერილში. დაასახელე ეს მწერალი.

- ლევ ტოლსტოი.

- ფეხბურთი გიყვარს?

- ნაკლებად მიზიდავს.

- 1966 წელს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისში არგენტინისა და ინგლისის ნაკრები გუნდების შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა. გერმანელმა მსაჯმა ერთ-ერთ ფეხბურთელს მოსთხოვა, მოედანი დაეტოვებინა. ფეხბურთელი მოედნიდან არ გავიდა, რადგან გერმანული ენა არ იცოდა და მსაჯის ნათქვამი ვერ გაიგო. ამის შემდეგ ფეხბურთში ახალი წესები გაჩნდა. რა სიახლეზეა ლაპარაკი?

- ალბათ ამ დღის შემდეგ დაიწყეს წითელი და ყვითელი ბარათების გამოყენება.

- დიახ. შემდეგი კითხვა ძველბერძნული მითოლოგიიდან არის: ქალღმერთ თემიდას რომელი ქალღმერთი შეესაბამება, რომაული მითოლოგიიდან?

- არ ვიცი.

- იუსტიცია. სოციოლოგია - ეს არის მეცნიერება საზოგადოების შესახებ, ასტროლოგია - მეცნიერება ვარსკვლავების შესახებ, ზოოლოგია - მეცნიერება ცხოველების შესახებ, როგორ გამოითქმის ძველბერძნულად მეცნიერება ქალების შესახებ?

- უიმე!!! რაებს მეკითხები? შენი როგორ არ მეშინოდა... მიკარნახე, გთხოვ.

- მედიცინის ერთ-ერთი დარგია.

- გინეკოლოგია, ხომ?

- რა თქმა უნდა. სამხრეთ ინგლისის რომელ ქალაქში გაიმართა პირველად 1873 წელს თამაში ბადმინტონი?

- არ ვიცი.

- რაგბის პირველი თამაში სად ჩატარდა?

- ქალაქ რაგბიში.

- ბადმინტონიც ქალაქ ბადმინტონში ჩატარდა. მარტოხელა კაცი შინ არ ყოფნის დროს გაქურდეს. შეიტყობდა თუ არა, ამ ამბავს ცოლი აგარაკზე?

- ვერა.

- რატომ?

- მარტოხელა კაცს ცოლი არ ეყოლებოდა.

- რომელია ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის დამაკავშირებელი სრუტე?

- (ფიქრობს) გიბრალტარი.

- რომელი ფრინველი იძინებს ფეხზე მდგომი?

- წერო.

- პოეზია გიყვარს?

- რა თქმა უნდა. თანამედროვე პოეტებიდან ძალიან მიყვარს გიორგი ზანგურის ლექსები. გიორგი შალამბერიძის ლექსებიც მომწონს. ჩემთვის ქართული პოეზიის მეფე ნიკოლოზ ბარათაშვილია, მეორე ადგილზეა გალაკტიონი, ვაჟა-ფშაველა გენიალურია.

- "თქვენ ალბათ ფიქრობთ,/ კარგ ლექსს უკვე აღარავინ წერს/ და რომ წუხილის ნავსადგურში ეშვება ღუზა./ მე ასე ვფიქრობ, ლექსის კითხვის ჟამს,/ მკითხველსაც უნდა სწყალობდეს მუზა". ვინ არის ავტორი?

- ვერ გეტყვი.

- მორის ფოცხიშვილი. რომელ ქედზეა რიკოთის უღელტეხილი?

- ლიხის.

- ძველ რომში რომაელი ბატონები თავიანთი სამფლობელოების დასაცავად შავ დოგებს იყენებდნენ. სიბნელეში მათი შემჩნევა რთული იყო. ამის გამო გაჩნდა ეს გამოთქმა, რომელმაც ჩვენს დრომდეც მოაღწია. რომელ გამოთქმაზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს) მინიშნებას ვერ მეტყვი?

- სულ 3 სიტყვა უნდა თქვა. კიტა ბუაჩიძის პიესის მიხედვით, ამ სახელწოდების სპექტაკლიც იდგმებოდა.

- ა!!! ვიცი, "ეზოში ავი ძაღლია".

- დაბოლოს, დაასრულეთ ბერნარდ შოუს ცნობილი გამონათქვამი: "პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება. ოპტიმისტი კი იცინის, რათა..."

- ვერ დავასრულებ.

- "...რათა ზოგი რამ დაივიწყოს".

თამუნა კვინიკაძე