გიორგი გურგულიას "სიყვარულის ფორმულა" - გზაპრესი

გიორგი გურგულიას "სიყვარულის ფორმულა"

როგორი განცდაა ქალიშვილის მამობა, როგორია სიყვარულის მისეული განმარტება, რის გამო იღებს საყვედურებს, როდის რისკავს, რა ვერ ისწავლა დღემდე და რას გააკეთებდა, ძალზე ბევრი ფული რომ ჰქონდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1964 წლის 4 აგვისტო.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ კარგი ადამიანი ვარ. ამბობენ, რომ სისულელემდე კეთილი ვარ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ალბათ გარკვეულ ცვლილებებს შევიტანდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...დავიბადე. მყავს ოჯახი, არაჩვეულებრივი შვილები. ახლახან ქალიშვილი შემეძინა. 3 ბიჭის შემდეგ გოგონას მამობა განსხვავებული შეგრძნებაა, თან - ჩემს ასაკში. პატარას მარინოლა დავარქვი. სახელი თავად შევურჩიე. მოგეხსენება, ინოლა გურგულია ჩემი მამიდა იყო, სახელი მისი ხსოვნის პატივსაცემად დავარქვი. თან, მარიამობის დღესასწაული ახლოვდებოდა და ეს ორი სახელი გავაერთიანე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...სიმამაცე და შინაგანი თავისუფლება.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ყველას ბრმად ვენდობი და ეს ხშირ შემთხვევაში მაზარალებს.

- ჩემთვის მიუღებელია....

- ...უკადრებელი საქციელი.

- არ მჩვევია...

- ...ტყუილი.

- ვიტყუები, როცა...

- ...ეს ვიღაცისთვის ძალიან აუცილებელია და საფრთხის მომტანი არ არის. ადამიანს მძიმე სენი რომ აქვს, სიმართლეს პირდაპირ როგორ ვეტყვი? ბუნებრივია, ისევ მის სასიკეთოდ ვიტყუები.

- ჩემი პირველი წარმატება.

- ...ბავშვობაში იყო, როცა აქტიურად ვხატავდი და დიპლომი გადმომცეს. მაშინ მე-2 თუ მე-3 კლასში ვსწავლობდი. დღესაც ვხატავ, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებ. სახლში 2-3 ნახატი მაქვს, დანარჩენი გავაჩუქე.GzaPress

- მრცხვენია, როცა ვიხსენებ...

- ...ჩემს ადამიანურ სისუსტეებს, იმას, რაც ჩემში არ მომწონს. ქმედებები, რომლებიც სისუსტის გამო არ ჩამიდენია ან ჩამიდენია. დღეს თამამად შემიძლია გითხრა, რომ ჩემში ბევრ სისუსტეს მოვერიე, ზოგიერთი კი სამუდამოდ წარსულში დავტოვე.

- ვნანობ, რომ...

- ...ბევრი რამ ვერ გავაკეთე. დრო სწორად ვერ გამოვიყენე. 12 წლის განმავლობაში ორ ფილმში ვითამაშე: "ორმაგი სახე" და "კიდევ ერთი ქართული ამბავი". თითოეულ ფილმში 6 წელი მიღებდნენ.

- ვიბნევი, როცა...

- ...მაქებენ. ვიბნევი, როცა მიყვარს.

- ამწუთას ძალიან მინდა ვიყო...

- ...ინდოეთში სამოგზაუროდ. იქ ნამყოფი ვარ და ეს ქვეყანა ძალიან მიზიდავს, სულიერებით მხიბლავს; ასტროლოგია ხომ უმაღლეს დოზეა აყვანილი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას. ასეთ დროს ახალგაზრდობაში უმართავი ვხდებოდი. ასაკმა თავშეკავებაც მასწავლა, მაგრამ სიტუაციას და უსამართლობის ხარისხს გააჩნია.

- სიყვარული - ეს...

- ...ღმერთია. ინდური ფილოსოფიის მიხედვით, გონებრივი სიახლოვე ბადებს პატივისცემას, სულიერი სიახლოვე ბადებს მეგობრობას, ფიზიკური სიახლოვე ბადებს ლტოლვას და ეს ყველაფერი ერთად ბადებს სიყვარულს. თუ გინდა, ქალმა პატივი გცეს ან ქალს პატივი სცე, ინტელექტით თანაბარი უნდა იყოთ.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...საბავშვო ბაღში ვიყავი. მამას გამოვუტყდი, ეს გოგო მიყვარს და მოვიტაცოთ-მეთქი.

- სასურველი ქალი უნდა იყოს...

- ...ლამაზი, ჭკვიანი, ერთგული... ამოუწურავი თემაა.

- ვრისკავ, როცა...

- გასარისკია. გაუბედავი ნამდვილად არ ვარ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რისკის გამო. მსაყვედურობენ იმის გამო, რომ ვერავისთვის ვიცლი. იმდენი ადამიანი მყავს მოსაკითხი და მოსანახულებელი, რომ... ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც ვერ ვიცლი.

- ვერაფრით წარმოვიდგენდი...

- ...ჩემი ცხოვრება ასე თუ წავიდოდა. დღეს საკუთარი სახლიც კი არ მაქვს. ვერ წარმოვიდგენდი, იმის დრო თუ არ მექნებოდა, რომ მეკითხა, მეწერა და მეხატა იმდენი, რამდენიც მინდოდა.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვინანიებ. სანამ არ მოვინანიებ, შეცდომები თავს მახსენებს, მაწუხებს: სინანული ყველაზე ძლიერი განცდაა.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი. პირად პრობლემებს მოვიგვარებდი. ჩემ გარშემო იმდენ ადამიანს უჭირს, მათ გავახარებდი და ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...იმის გაკეთებას, რასაც შინაგანად ვეწინააღმდეგები.

- თავისუფლებაა...

- ...როცა შენ ხარ შენი თავის უფალი. ღმერთის გარდა, შენი თავი არავის ეკუთვნის. ადამიანს საკუთარ თავთან დარჩენის არ უნდა ეშინოდეს. თავისუფლების აღკვეთა ციხესაც არ შეუძლია.

- როცა მარტო ვარ...

- ...თავს ვირთობ: ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ, ვხატავ.... პერიოდულად მარტო დარჩენა საჭიროა.

- ბედისწერის...

- ...მჯერა. ბედისწერა შენი ცხოვრების მანძილზე ჩადენილი ქმედებების ჯამია, რომელიც სადღაც გროვდება. ადამიანზე ბევრი რამ არის დამოკიდებული: შეგიძლია, რაღაც უბედურებას გაექცე ან მასში თავით გადაეშვა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვცდილობ, სხვა ადამიანებს დავეხმარო. ასეთი პერიოდი ხშირად მაქვს და ეს მეთოდი ძალიან მშველის, მდგომარეობას მიმსუბუქებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...საკუთარ თავს მეტი პატივისცემით მოვეპყრო. ამპარტავნებასა და საკუთარი თავის პატივისცემას შორის ბეწვის ხიდია. ჯობს, თავმდაბალი იყო, მაგრამ ეს თავმდაბლობაც ზოგჯერ წამგებიანია: გიყურებენ, როგორც უამბიციო ადამიანს.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...ვცდილობ, დედის აზრი ყოველთვის გავითვალისწინო. ყველაფერში დედისთვის რომ დამეჯერებინა, დღეს ნაკლები პრობლემა მექნებოდა. სანამ ცხვირს არ წავიტეხთ, მშობლებს არ ვუჯერებთ.GzaPressGzaPress

- ვჯიუტდები, როცა...

- ...რაღაცას მაძალებენ.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...პოეტი, მხატვარი, რეჟისორი... დღესაც მაქვს სცენარი, დაფინანსების შემთხვევაში კინოს გადავიღებ, მაგრამ ფინანსების მოძიება ძალიან რთულია.

- მე რომ ნატვრისთვალი მქონდეს...

- ...ვისურვებდი, დედამიწაზე ყველას ერთმანეთი ჰყვარებოდეს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...18-19 წლის ბიჭი ვიყავი, როცა ერთმა კაცმა მირჩია, მშობლებს ნუ გააუბედურებ და მათ ციხე-ციხე ნუ ატარებ; ეცადე, ყველასთვის სიკეთის მომტანი იყოო. მაშინ ქუჩიდან მოვტრიალდი და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. ის პერიოდი მქონდა, როცა ვიღაცებს სიმართლეს ვუმტკიცებდი და არც კი ვიცოდი, რომ სიმართლეს ბევრი მხარე აქვს. ის კაცი 40 წელი ციხეში იჯდა. იმდენი დაავადება ჰქონდა, ამბობდა, - ციხიდან იმიტომ გამომაგდეს, არ უნდოდათ, კიდევ ერთი გარდაცვლილი "დასწეროდათო".

- დაბოლოს გეტყვით, რომ...

- ...ძალიან მიყვარხართ და ვეცდები, გაგახაროთ.

თამუნა კვინიკაძე