მოდელი, რომელსაც ფულის სესხება თითქმის არასდროს სჭირდება
მაგრამ ფაქტია, დღესდღეობით ადამიანის მთავარი საფიქრალი ის გახლავთ, თუ როგორ გაანაწილოს გამომუშავებული თანხა ისე, რომ ბანკიდან კრედიტის აღება არ დასჭირდეს ან კიდევ, მეგობარს არ მიადგეს ფულის სასესხებლად. მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი კი ამბობს, რომ ფულის ჭკვიანურად ხარჯვა ეხერხება და შესაბამისად, მატერიალურად კრიზისული პერიოდები თითქმის არასდროს აქვს, მაგრამ თუ მსგავს სიტუაციაში მაინც აღმოჩნდება, იცის, რომ მეუღლე არაფერს გაუჭირვებს, მხარში ამოუდგება.
- ფული ჩემთვის იმ ქაღალდთან ასოცირდება, რომლის გარეშეც სამწუხაროდ, ცხოვრება წარმოუდგენელია. ის ყოველდღიურად გჭირდება. მის გარეშე უბრალოდ, ვერ იარსებებ. თუ რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტ, ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული. ზოგს ბევრი აქვს, ზოგს - ცოტა, ზოგს კი საერთოდ არ აქვს. რას ვიზამთ, ეს ცხოვრება ასეა მოწყობილი.
- მატერიალურად დამოუკიდებელი რა ასაკიდან გახდი?
- 15 წლიდან. იმ პერიოდში "რუსთავი 2"-ზე დავიწყე მუშაობა. თუმცა, მანამდე სამოდელო სააგენტოში ვიყავი დაკავებული, რაღაც გადაღებებში ვმონაწილეობდი და შესაბამისად, გარკვეულ თანხას მიხდიდნენ. 12 წლიდან ჩემი "ჯიბის ფული" მქონდა. ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ. ნებისმიერ საქმეს, რომლის გაკეთებას გადავწყვეტ, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ: ან ვაკეთებ კარგად, ან საერთოდ არ ვაკეთებ.
- პირველ ხელფასს როგორი "გემო" ჰქონდა?
- მახსოვს, ერთ-ერთი სასიამოვნო მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი შეგრძნება იმისა, რომ ჩემი შრომით გარკვეული თანხა გამოვიმუშავე. 12 წლის ბავშვისთვის საამაყოა, როცა ფულს შოულობს. გიორგი ოვაშვილმა გადამიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში, სადაც მთავარი როლი მქონდა და ამაში 200 ლარი გადამიხადეს. მახსოვს, იმ ფულით მუსიკალური ცენტრი შევიძინე, რომელსაც შემდეგ ძალიან ვუფრთხილდებოდი, რადგან ჩემი შრომით შეძენილი იყო და მიყვარდა (იღიმის).
- ფულის ეკონომიურად ხარჯვა შეგიძლია?
- ვერ ვიტყვი, რომ მფლანგველი ვარ და ვერც იმას ვიტყვი, რომ ფულის ეკონომიურად ხარჯვა მიყვარს. რაღაცნაირად, ზომიერებას ვიცავ. მიყვარს საჩუქრების ყიდვა, განსაკუთრებით - შვილისთვის. როცა მაღაზიაში შევდივართ და რაიმეს მთხოვს, უარს ვერ ვეუბნები და საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ ეკონომიურად მხარჯველი არ ვარ. თუმცა, რაღაცების უაზროდ ყიდვა არ მჩვევია.
- ოდესმე ყულაბაში თანხა შეგიგროვებია?
- ყულაბა ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან მიყვარს. მე და ჩემი და ვაგროვებდით ხოლმე ბავშვობაში ფულს, მერე ყულაბას ვტეხდით და თანაბრად ვიყოფდით. საკმაოდ სოლიდური თანხები შეგვიგროვებია... ყულაბის ავსებაში მშობლები გვეხმარებოდნენ.
- ცხოვრებაში ხშირად გქონია მატერიალური კრიზისის პერიოდი? ასეთ დროს დახმარებას ვის სთხოვდი ხოლმე?
- სხვათა შორის, სიტყვა "კრიზისი" ჩემთვის რაღაც ძალიან უიმედო მდგომარეობასთან ასოცირდება. როცა მატერიალური დახმარება მჭირდება, მეუღლეს მივმართავ. ძირითადად, შემოსავლის განაწილებას ყოველთვის ისე ვახერხებ, რომ ნულზე არ დავრჩე.
- ყველაზე დიდი სიამოვნებით ფულს რაში ხარჯავ?
- ფულს დიდი სიამოვნებით ვხარჯავ საჩუქრებში. ხელფასს რომ ავიღებ, შვილისთვის, მეუღლისთვის ვყიდულობ რაღაცებს. საკუთარი თავისთვის შედარებით ნაკლებად ვხარჯავ ფულს. მომწონს, როცა საყვარელი ადამიანების გახარებას ვახერხებ.
- თუ შეგიძლია, გაიხსენე მომენტი, როცა ფულის სესხება დაგჭირდა და დახმარების ხელის გამოწოდება ვერავინ შეძლო.
- თითქმის არასდროს მჭირდება ფულის სესხება, მაგრამ თუ კონკრეტულ მომენტში გარკვეული თანხა მჭირდება და საფულეში არ მაქვს, გვერდით ყოველთვის მყავს ისეთი ადამიანი, რომლის დახმარების იმედიც მაქვს. საერთოდ, არ მიყვარს ფულის სესხება. ფულის შოვნის ამ ხერხს მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში მივმართავ.
- თავად თუ გაგისესხებია ფული?
- კი, გამისესხებია. როცა ფული მაქვს, დახმარებაზე უარს არავის ვეუბნები.
- ხელფასის თვიდან თვემდე გადანაწილებას ყოველთვის ახერხებ?
- ყოველთვის ვერ ვახერხებ. თუმცა, ჩემი და ბექას ხელფასი რამ გაყო? მის მიერ გამომუშავებული თანხა გვყოფნის ჩემს ხელფასამდე და პირიქით... ჰოდა, ასე ვახერხებთ იმას, რომ უფულოდ არასდროს ვართ.
- შენს შვილს თუ აქვს ყულაბა? მას ფულის შეგროვებაში ეხმარებით?
- კი, ჩემს შვილს ყულაბა აქვს და მას ყველა - დედა, მამა, ბებია, ბაბუა ვეხმარებით. ახლახან შევუძინეთ ახალი ყულაბა, რომელსაც ახალ წელს გავხსნით. ძალიან უხარია, ჭკუაზე არ არის... ყველაზე მეტად ყულაბაში ხურდების ჩაყრა უყვარს.
- თავად თუ გიყვარს ფულის შეგროვება?
- ფულის შეგროვება მიყვარს. ბავშვობაში თუ ფულს ყულაბის მეშვეობით ვაგროვებდი, დღეს ე.წ. ლატარიას ხშირად ვთამაშობ. ყოველთვიურად რაღაც თანხას დებ და გარკვეულ პერიოდში სრულ თანხას იღებ.
- შინ ყოველთვის გაქვთ დანაზოგი, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის?
- რომ არ მოგატყუოთ, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ფული გადადებული არასდროს გვაქვს. ალბათ, ეს ჩვენი ასაკიდან გამომდინარეა.
- თუ გაიხსენებ, ყველაზე ძვირად ღირებულ საჩუქარს, რომელიც შენთვის თაყვანისმცემელს მოურთმევია.
- შეყვარებულობის პერიოდში ბექამ ოქროს ბეჭედი მაჩუქა, რომელიც ძალიან ლამაზი და ორიგინალურია. 17 წლის გავთხოვდი, მანამდე მსგავსი ძვირად ღირებული საჩუქარი არავის მოურთმევია (იცინის).
- ბავშვობაში ფულს ხშირად გჩუქნიდნენ?
- ამ მხრივ განებივრებული ვიყავი. ფულს ხშირად მჩუქნიდნენ - მშობლები, ბებიები, ბაბუები... ისე, ზედმეტად მომთხოვნი ბავშვი არ ვყოფილვარ - რასაც მაძლევდნენ, იმით ვკმაყოფილდებოდი, ზედმეტს არაფერს ვითხოვდი.
- როგორ ფიქრობ, ბევრს შრომობ იმისთვის, რომ ცხოვრებისთვის საკმარისი თანხა გამოიმუშაო?
- რა თქმა უნდა, ბევრს ვშრომობ. თუ არ იმუშავებ, ფულს ვერ იშოვი - ციდან ხომ არ ჩამოცვივდება?! კარგია, როცა ადამიანს საშუალება აქვს, მატერიალურად უზრუნველყოფილი იმ საქმის წყალობით გახდეს, რომელიც იცის და უყვარს. მე მიყვარს ჩემი პროფესია და ბედნიერი ვარ, რომ იმას ვაკეთებ, რაც მომწონს. ჰოდა, შესაბამისად, შრომაც არ მეზარება.
- საკუთარი შრომის ანაზღაურებით ყველაზე ძვირად ღირებული რა შეგიძენია?
- მობილური შევიძინე. სხვა მნიშვნელოვანს ვერაფერს ვიხსენებ.
- საფულე რამდენად მნიშვნელოვანი აქსესუარია შენთვის?
- ნამდვილად მნიშვნელოვანი აქსესუარია. გარდა იმისა, რომ მასში ფულს ვინახავ, კიდევ უამრავი საჭირო რამ მიდევს... თუმცა, ზოგჯერ საფულის გარეშეც გავდივარ სახლიდან. მასში ფულს ხშირად არ ვაკონტროლებ. ყოველთვის ვიცი, რა თანხა მიდევს, რამდენი დავხარჯე და რამდენი დამრჩა (იცინის).
- ხშირად დადიხარ საშოპინგოდ?
- ძალიან ხშირად ვშოპინგობ-მეთქი, - რომ გითხრა, მოგატყუებ, მით უმეტეს, საქართველოში. ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით ვიწერ სამოსს. ვარჩევ უცხო და ორიგინალურ რაღაცებს. როცა საზღვარგარეთ ვარ, ვცდილობ, ყველაფერი შევიძინო რაც მჭირდება, რომ შემდეგ ყოველთვიურად არ დამჭირდეს საყიდლებზე სიარული.
- კოსმეტიკის შესაძენად ბევრ ფულს ხარჯავ?
- კოსმეტიკაში ფულის დახარჯვა არ მენანება. სამაგიეროდ, ერთხელ რომ შევიძენ კარგ ტონალურ კრემს და პუდრს, საკმაოდ დიდხანს - 6 თვე მაინც მყოფნის... ხარისხი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
- როგორ ფიქრობ, "ბევრი" ფულით წარმატების მიღწევა უფრო ადვილია?
- ბევრი შრომით მოპოვებული წარმატება უფრო ტკბილი და კარგია... დარწმუნებული ვარ, თუ შრომა არ გეზარება, აუცილებლად გახდები წარმატებული. კარგია, როცა ბევრი ფული გაქვს - ასე გაცილებით ადვილად შეიძლება მოაგვარო რაღაცები, მაგრამ ფული ყველაფერზე მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს.
- საბანკო მომსახურებით თუ სარგებლობ?
- დიახ, ვსარგებლობ, თან - ძალიან ხშირად. XXI საუკუნეში ამის გარეშე ცხოვრებაც წარმოუდგენელია.
- რა მარკის ავტომობილი გყავს? ხშირად არღვევ მოძრაობის წესებს?
- "მერსედესის" ჯიპი მყავს. თბილისში ავტომობილით გადაადგილება უკვე ძალიან ჭირს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვცდილობ, წესები არასდროს დავარღვიო, რათა არც საკუთარ თავს და არც სხვას არ შევუქმნა საფრთხე.
სოფო ჭონიშვილი