ოთო ფოლადაშვილის სუსტი წერტილი - გზაპრესი

ოთო ფოლადაშვილის სუსტი წერტილი

საკუთარი პროფესიული არჩევანით კმაყოფილია. ამბობს, რომ მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე, ყოველთვის არსებობდა მანდილოსანი, რომელიც მოსწონდა. ვიღაცები ახლაც მოსწონს, მაგრამ ჯერჯერობით, სერიოზული ურთიერთობა არავისთან აკავშირებს, მისი გული თავისუფალია.

ბავშვობა

- როგორც ყველა ბავშვი, მეც ცელქი და თანატოლებისგან განსხვავებით, ცოტა არ იყოს, ხიფათიანი ვიყავი. ეზოში თითქმის ყველა ჩემი თამაში იმით სრულდებოდა, რომ ან საიდანღაც უნდა გადმოვვარდნილიყავი, ან წავქცეულიყავი და მუხლისთავები დასისხლიანებული მქონოდა... მოკლედ, ეზოდან სახლში ყოველ ჯერზე, ერთით მეტი ნაიარევით ვბრუნდებოდი. რაც მთავარია, უფროსების თანდასწრებით არასდროს ვიქცეოდი თავხედურად, ამიტომ ყველას ვუყვარდი. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი საქციელით არავინ გამებრაზებინა.

- მშობლებს შენ მიმართ რა პრეტენზიები ჰქონდათ?

- ჩემ მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები არასოდეს ჰქონიათ. ადრეული ასაკიდან ვცეკვავ და ამ საქმეში საკმაოდ კარგი მიღწევებიც მქონდა. ჰოდა, ცხადია, ისინი ჩემით ყოველთვის ამაყობდნენ. ერთი ამბავი გამახსენდა: სკოლის პერიოდში, როცა უშუქობის გამო ელექტროზარი არ მუშაობდა, მოსწავლეებს მორიგეობით გვიწევდა დერეფნებში პატარა ზარით სირბილი, რომ შესვენების დრო ყველასთვის გვემცნო. ამის გაკეთება პრინციპში, ყველა მოსწავლის ოცნება იყო, რადგან ამ დროს გაკვეთილს ფაქტობრივად, აცდენდი, მაგრამ მე ამ ზარის რეკვის სურვილი არასდროს მქონდა. აქედან დასკვნა: არც ისეთი ცელქი ბავშვი ვიყავი, რომ უფროსები გამებრაზებინა... როცა დედა სკოლაში ჰყვებოდა (დედა იმავე სკოლის პედაგოგი იყო, სადაც ვსწავლობდი), რომ ცეკვაში დიდი მიღწევები მქონდა, არ უჯერებდნენ. სკოლაში იმდენად არააქტიური ვიყავი, რომ ჩემი აქტიურობა ვერ წარმოედგინათ (იცინის).

- ყველაზე ხშირად, მშობლები შენიშვნებს რის გამო გაძლევდნენ?

- სულ ვცდილობდი, მათი რჩევები გამეთვალისწინებინა. დამჯერი ბავშვი ვიყავი, მშობლებს ნერვებს არასდროს ვუშლიდი.

- როგორი მოსწავლე იყავი? მასწავლებლებსაც არასდროს აბრაზებდი?

- იმის გამო, რომ კარგად ვსწავლობდი, ხშირად მასწავლებლები, თუ რამე არ მოსწონდათ, ჩემს საქციელზე "თვალს ხუჭავდნენ". ისევე, როგორც ყველას, მაღალ კლასებში "შატალოზე" სიარული მეც მიყვარდა.

- ბავშვობაში ვინ გინდოდა, რომ გამოსულიყავი?

- შეიძლება, სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ბავშვობაში ძალიან მომწონდა მსახიობი დუტა სხირტლაძე. იმდენად მომწონდა, რომ ვფიქრობდი, - გავიზრდები, მის ადგილს დავიკავებ, დუტას ჩავანაცვლებ-მეთქი ანუ შოუმენობა მინდოდა (იცინის).

- საბავშვო ბაღში შეყვარებული გყავდა?

- საბავშვო ბაღში თითქმის ყველა გოგოს ვუყვარდი, რაც ძალიან მომწონდა. პატარაობიდანვე ლამაზი და მომხიბვლელი გოგონები მიზიდავდა...

- როგორ გამოხატავდი მათდამი სიამპათიას?

- რომელი გოგოც მომწონდა, მას გულებს ვუხატავდი ან თუ ვინმე გააბრაზებდა, მხარში ვედექი; ბავშვურად, მაგრამ ვიცავდი. სიმართლე გითხრა, არ მახსოვს, ბავშვობაში სიყვარულის როგორ გამოვხატავდი. ერთი ის მახსოვს, რომ გოგოს გამო ხშირად ვჩხუბობდი და ყოველთვის გამარჯვებული გამოვდიოდი, რადგან ის გოგონები, ვის გამოც ვჩხუბობდი ხოლმე, მე მირჩევდნენ.

პროფესიული არჩევანი

- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სად გააგრძელე?

- ძალიან მინდოდა სამსახიობო ფაკულტეტზე ჩამებარებინა, მაგრამ მომზადება ვეღარ მოვასწარი და ამიტომ, ეროვნული გამოცდების შედეგად ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნავთობისა და გაზის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სიამაყით ვიტყვი, რომ საკმაოდ დიდი სახელმწიფო გრანტიც მოვიპოვე.GzaPress

- ცეკვა როდიდან დაიწყე?

- 5 წლის ვიყავი, ცეკვაზე რომ შევედი და პირველსავე კონკურსიდან დაიწყო პირველი ადგილებისა და გამარჯვებების სერია. მერე და მერე ეშხში შევედი და დღეს უკვე საქართველოსა და კავკასიის მრავალგზის ჩემპიონი, საერთაშორისო კონკურსების პრიზიორი ვარ. პირველი წარმატება 6 წლის ასაკში მქონდა, როცა ცეკვაში საქართველოსა და კავკასიის ჩემპიონი გავხდი.

- შრომისმოყვარე ხარ? ხანდახან სიზარმაცე ხომ არ გიპყრობს?

- ვფიქრობ, სიზარმაცე ყველა ადამიანში დევს და ბუნებრივია, ასეთი რამ ზოგჯერ მეც მემართება, მაგრამ ვცდილობ, ამის გამო საქმე არ გავაფუჭო. შემიძლია ვთქვა, რომ შრომისმოყვარე ვარ და საყვარელი საქმის კეთებაში გათენებული ღამეები დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- როგორ იწყება შენი დილა? ძილი გიყვარს?

- ძილი ჩემი სუსტი წერტილია, მაგრამ სულ გამოუძინებელი ვარ იმის გამო, რომ დილიდან გვიანობამდე სახლს გარეთ მიწევს ყოფნა. რთული სამუშაო რეჟიმი მაქვს, ამიტომ მუდმივად ძილის დეფიციტი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძილი მიყვარს, ყველაზე მეტად ძილში დროის დაკარგავა მენანება.

- რას ნიშნავს შენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? ბევრს ვარჯიშობ?

- კი, მუდმივად ვვარჯიშობ. მიმაჩნია, რომ ადამიანი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, მით უმეტეს, როცა ეკრანზე ხშირად ჩნდება. ჩემთვის ცხოვრების ჯანსაღი წესია ის, როცა ჯანსაღად გამოიყურები და ჯანსაღი ურთიერთობები გაკავშირებს გარშემო მყოფებთან.

- ალკოჰოლს თუ ეტანები? სიგარეტს ეწევი?

- სიგარეტს იშვიათად ვეწევი... მიუხედავად იმისა, რომ ქიზიყელი ვარ და დალევა, როგორც ყველა ქართველს, მეც მიყვარს, დატვირთული დღის რეჟიმის გამო, ალკოჰოლთან მეგობრობას ვერ ვახერხებ.

იმიჯი

- შენი გემოვნების ჩამოყალიბებაში გავლენა ვინ იქონია?

- ალბათ, ოჯახმა. ჩემი იმიჯი მაკმაყოფილებს და ამიტომ, ექსპერიმენტების ჩატარება ხშირად არ მიწევს. ჩემი სტილი მაქვს, რომელიც ძალიან მომწონს. მოკლედ, საკუთარ გემოვნებას ვენდობი.

- გარეგნობაში ქირურგიული ჩარევით რაიმეს შეცვლაზე არ გიფიქრია?

- მსგავს რამეზე არასოდეს მიფიქრია. მაკმაყოფილებს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ.

პირადი ცხოვრება

- ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის ობიექტი, ვინც მომწონს. ამჟამად შეყვარებული არ ვარ, მაგრამ არსებობს ადამიანი, ვის მიმართაც ინტერესი მაქვს.

- როცა მანდილოსნების ყურადღების ცენტრში ხვდები, ეს ყველაფერი გაღიზიანებს თუ პირიქით - გსიამოვნებს?

- ყურადღება ყოველთვის სასიამოვნოა, მით უმეტეს, მშვენიერი სქესის მხრიდან. როცა ვინმე ჩემდამი სიმპათიას გამოხატავს, ვცდილობ, მინიმუმ, ღიმილით მაინც ვაგრძნობინო, რომ ეს სასიამოვნოა.

- მაინც, როგორი გოგონები იქცევენ შენს ყურადღებას?

- გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვსო, - რომ ამბობენ, მათი გულწრფელობის არ მჯერა. ჩემთვის პირველ რიგში, სწორედ გარეგნობაა მნიშვნელოვანი. მაღალი გოგონები მომწონს. თუ სიმაღლე დამაკმაყოფილებელია და "სლავური" გარეგნობაც აქვს, ეს უკვე საუკეთესო ვარიანტია. გარეგნობის მიღმა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მანდილოსანს ინტელექტი ჰქონდეს მინიმუმ, იმ დონეზე მაინც, რომ მასთან საერთო ენა გამოვნახო.

- როგორ გამოხატავენ მანდილოსნები შენდამი სიმპათიას? რით ხარ მათგან განებივრებული?

- მანდილოსნებისგან მართლაც, განებივრებული ვარ. ისინი ძირითადად, კომპლიმენტებითა და საჩუქრებით მანებივრებენ.

წარმატების ფორმულა

- საკმაოდ პოპულარული ხარ. თუ გაქვს წარმატების ფორმულა?

- ვცდილობ, სულ განვვითარდე და მიღწეულით არასოდეს დავკმაყოფილდე. ჩემი წარმატების ფორმულა ალბათ, ის გახლავთ, რომ ვცდილობ, არ დავკარგო დრო და მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შანსი, რომელსაც ცხოვრება მომცემს.

- მიზანდასახული ხარ?

- არასოდეს ვნებდები და თუ რაიმე არ გამომდის, ვცდილობ, ფარ-ხმალი არ დავყარო. მეორედ, მესამედ ვცდი, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწევ!

- რას მიიჩნევ შენი ცხოვრების მარცხად?

- ვფიქრობ, ცხოვრებაში მარცხი არასდროს მიგემია. მინდა, მომავალშიც ისე ვიცხოვრო, რომ ამ კითხვაზე წლების შემდეგაც ანალოგიური პასუხი გაგცე (იღიმის).GzaPress

- შენი პროფესიული არჩევანი არასდროს გინანია?

- პროფესიული არჩევნით არასდროს მინანია! სულ მინდოდა, წარმატებული ვყოფილიყავი და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვგეგმავდი.

- შენი პროფესია გაძლევს იმის საშუალებას, რომ მატერიალურად დამოუკიდებელი იყო?

- კი, მატერიალურად დამოუკიდებელი ვარ, საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს.

- ვინ არის ადამიანი, ვისი რჩევაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია?

- დედის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. მას დღემდე ვეკითხები რჩევებს და ვიცი, ყველაზე სწორად ის მირჩევს, რა და როგორ გავაკეთო. ისიც ვიცი, თუ საჭიროა, შენიშვნების მოცემაც არ მოერიდება.

სოფო ჭონიშვილი