"მკერ­დი ქა­ლის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი­ა" ანუ ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­თახ­სირ­და - გზაპრესი

"მკერ­დი ქა­ლის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი­ა" ანუ ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­თახ­სირ­და

- ამბობს მსახიობი დათო ხახიძე. გამორჩეულად უყვარს თომას მანის შემოქმედება და გულწრფელი, სამართლიანი, იუმორის მქონე, გამჭრიახი გონების პერსონაჟები. როცა დრო აქვს, სიამოვნებით უბრუნდება ჯეკ ლონდონისა და კიპლინგის ნაწარმოებებს.

- პირველადი პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს სფერო დიდად არ მიზიდავდა და შემდეგ თეატრალურში სამსახიობოზე ჩავაბარე. სტუდენტობის წლებში ყველაზე აქტიური მკითხველი ვიყავი. ჩემი თაობის წარმომადგენლებს ემახსოვრებათ საბავშვო ჟურნალი "დილა". იქ რადიარდ კიპლინგის 3 მოთხრობა დაიბეჭდა და დღემდე მახსოვს ის ემოცია, რომელიც ამ მოთხრობებმა მომიტანა. მერე სათავგადასავლო ლიტერატურაზე გადავედი. ამ ჟანრმა იმდენად გამიტაცა, სკოლის წიგნების ქვეშ "ტომ სოიერის თავგადასავალი" მქონდა ამოდებული და ჩუმად ვკითხულობდი, ვითომ ვმეცადინეობდი.

გულწრფელი, სამართლიანი, იუმორისა და გამჭრიახი გონების მქონე პერსონაჟები მიყვარს. თავად ვარ თუ არა ასეთი? ძნელი სათქმელია, ყოველი შემთხვევისთვის, მინდა, რომ ასეთი ვიყო. ხომ გაგიგონიათ, ადამიანები თავიანთ ოცნებებს ემსგავსებიან.

ინტელექტუალური თამაშები ძალიან მიყვარს. მეხსიერებას არ ვუჩივი. ვნახოთ, ამ რუბრიკაში როგორი რესპონდენტი ვიქნები.

არ ვიცი, სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები", მომავალში ჩემი გმირი რამდენად გააქტიურდება. პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ეკრანზე უკვე გამოჩნდა. ჯერჯერობით, მხოლოდ ბავშვებთან აქვს აქტიური ურთიერთობა. მომავალში ვნახოთ, რა მოხდება. მის ცხოვრებაში ისევე, როგორც ჩვენს რეალობაში, ტყუილი და მართალი იმდენადაა ერთმანეთში აზელილი, ეს ადამიანებთან ურთიერთობებზე აისახება. ცხოვრება ძალიან გათახსირდა.

-"მოვნახე ნაჭერი... ზეწარი იყო, დაკერება რომ არ მოუხერხდა არაფრით და გადავაკარი ჩარჩოზე... თურმე დაგრუნტვა ნდომებია. რომ დავხატე, უკანა მხარეს უკეთესი ნახატი შეიქმნა". რომელმა ქართველმა მწერალმა აღწერა ასე თავისი პირველი ტილოს შექმნის ამბავი?

-მინიშნებას მეტყვით?

-ის იმერეთიდან იყო, იქ ცხოვრობდა, ახლა გარდაცვლილია. ბავშვებისთვისაც არაერთი ნაწარმოები აქვს შექმნილი.

-ოტია იოსელიანი.

-დიახ.

-საბავშვო მწერლებიდან ძალიან მიყვარს არჩილ სულაკაური, რევაზ ინანიშვილი, გოდერძი ჩოხელი. ვთვლი, რომ გოდერძი ვაჟა-ფშაველას პირდაპირი "შთამომავალია".

-ჰიბრალტარის სრუტეში არის კუნძული, რომლის გვერდის ავლა ანტიკურ პერიოდში შეუძლებელი იყო. ამით კარგად სარგებლობდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები და კუნძულს ვინც გადაკვეთდა, ყველას გადასახადს ახდევინებდნენ. რა ერქვა ამ კუნძულს?

-ვერ გიპასუხებ.

-ტარიფი.

-საინტერესოა, ამის შესახებ არ ვიცოდი.

-ადამიანის რომელ გრძნობას უწოდა შექსპირმა "მწვანეთვალება ურჩხული": შურს, ეჭვიანობას, სიყვარულს თუ სიძულვილს?

-ვფიქრობ, შურის შესახებ იტყოდა.

-ეჭვიანობაა სწორი პასუხი.

-შექსპირს ვერ დავეთანხმები. ვთვლი, რომ შური სულმდაბალი ადამიანების თვისებაა. ეჭვიანობა მაინც სიყვარულთან არის დაკავშირებული და თუ ავადმყოფური ფორმა არა აქვს, რაღაც გამართლება შეიძლება მოუძებნო. შურს კი სიყვარულთან კავშირი არა აქვს.

-რა ერქვა ლუარსაბისა და დარეჯანის მაჭანკალს, რომელსაც "სუტკნეინასაც" უწოდებდნენ?

-ხორეშანი.

-1931 წელს, მწერალთა ფედერაციამ ეს მწერალი თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. "ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალური, თავადაზნაურული იდეოლოგიის, შოვინიზმის და "შავი ჩოხის" ტრადიციის დასაცავად, პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს და თავისი პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე", -ვკითხულობთ გარიცხვის ოქმში. რომელ მწერალზეა ლაპარაკი?

-კონსტანტინე გამსახურდიაზე.

-ცეცხლსასროლ იარაღში კარგად ერკვევით?

-ნაკლებად. მეგობრებს სანადიროდ დავყვები, თევზაობა კი ძალიან მიყვარს და ვცდილობ, ამისთვის დრო ხშირად გამოვნახო.

-ნაგანის სისტემის რევოლვერის დოლი რამდენ ტყვიას იტევს?

-7-8-ს, არა?

-7-ს. გოგი თუშურაშვილი ნოდარ დუმბაძის ცნობილი გმირია. რა მეტსახელით ვიცნობთ მას?

-კუკარაჩა. წარმოშობით თუშეთიდან ვარ. ჩემი სოფელია შენაქო. წელს იქ დღეობაზე ვიყავი. საოცარი ადგილებია, მეგობრებიც წავიყვანე და უკან დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. თუშეთში უკვე მეოთხედ ავედი. პირველად 6 წლის ასაკში ვიყავი და ის პირველი შთაბეჭდილებაც კი მახსოვს. როგორც ვიცი, შენაქოში ზამთარში 1-2 ოჯახი რჩება. იყო პერიოდი, როცა მთელ თუშეთში მხოლოდ 4-5 ოჯახი ცხოვრობდა. ტურიზმის განვითარებამ ეს მხარე ცოტათი გამოაცოცხლა. გზა კლდეშია გაჭრილი და ყოველი ზამთრის შემდეგ, შეკეთება სჭირდება. ჩემი სოფლიდან მოშორებითაა სოფელი ბოჭორნა, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. აქამდე ასეთ ადგილად უშგული ითვლებოდა. ზაფხულშიც ლამაზია, მაგრამ შემოდგომაზე ისეთი ფერებია, გეგონება, ცეცხლი უკიდიაო იქაურობას.

-მოგზაურები ცდილობდნენ, რომ სასმელი წყალი ვერცხლის ჭურჭლით ეტარებინათ. რატომ?

-რომ არ გაჰფუჭებოდათ.

-რას უწოდებდნენ ახალდაქორწინებულებს მთიულეთში?

-არ ვიცი.

-ახალყოილნი.

-კოკო შანელი ამბობდა, რომ ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი -პასპორტი. ქალის სხეულის რომელ ნაწილს უწოდებდა ის საზღვარგარეთის პასპორტს?

-მკერდს, ხომ?

-გამოიცანით.

-შანელს ვეთანხმები, მკერდი ქალისთვის მართლაც მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათია. მე ვიტყოდი -ძალიან მნიშვნელოვანიც, მას სხვა ხიბლს სძენს.

-პოეზია გიყვართ?

-რა თქმა უნდა. გალაკტიონის, ვაჟა-ფშაველას, ნიკო სამადაშვილის შემოქმედება ძალიან მიყვარს. ადრე საქართველოში მხატვრული კითხვის კონკურსები არსებობდა. ასე აღიზარდნენ გურამ საღარაძე, მურმან ჯინორია... ურიგო არ იქნება, მსგავსი კონკურსების ჩატარებას ვინმე თუ უზრუნველყოფს. ეს თავისთავად პოეზიის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.

-საყვარელი ქალისთვის თუ მიგიძღვნიათ ლექსი?

-დიახ. სპარსელი პოეტის, ჰაფეზის სიტყვები ძალიან მომწონს: "შენ სანთელი ხარ, მე -მიმქრალი სანთლის მუდარა. მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა რა"...

-"გულო, ოცნებას მალავ,/ ცაო, ლურჯდება ზოლი,/ ვაჟი: დაიცა, ქალავ!/ ქალი: დაგიბრმა თოლი!/ შორით ბრუნდება წყალი,/ ნისლი იცრება მთაში./ არა! -ჩურჩულებს ქალი./ კარგი! -ამშვიდებს ვაჟი". დაასახელეთ ავტორი.

-გალაკტიონი.

-ის 1899 წელს, ნეაპოლში დაიბადა. წამოიზარდა თუ არა, ბედის საძიებლად ნიუ-იორკში გაემგზავრა, მალე კრიმინალურმა სამყარომ ჩაითრია. თავიდან ერთ-ერთ ადგილობრივ ბანდაში "დამხმარე ბიჭად" იყო, მაგრამ მისი "ნიჭი" მალე შეამჩნიეს და კვალიფიკაცია შეუცვალეს. 1929 წელს, იარაღის ტარებისთვის დააპატიმრეს და 10 წელი მიუსაჯეს. მეორედ ბრალი გადასახადების გადაუხდელობისთვის წაუყენეს, მან 12 ნაფიცი მსაჯულის მოსყიდვა შეძლო, მაგრამ მსაჯულები სასამართლოს წინადღეს შეუცვალეს და 11 წელი მიუსაჯეს. დაასახელეთ მისი ვინაობა.

-ეს ალ კაპონეა.

-ადამიანის ამ ორგანოს 24 კუნთი აქვს და სწრაფად მოძრაობა შეუძლია.

-თვალი.

-ცდებით.

-აბა, ენა?

-დიახ. "მარცხდებოდი და მაინც მუდამ მწვერვალზე იდექი. შენ არასდროს კარგავდი სიმაღლის გრძნობას, ამისთვის გემდუროდნენ, ამისთვის გებრძოდნენ, ვერ იქნა და ვერ დაგაჩოქეს... ბევრს სადიდებლად ეყოფა შენი დამარცხებული სპექტაკლები. შენ კი მუდამ მწვერვალებისკენ გეჭირა თვალი, ზოგჯერ ისე ამაყადაც, რომ ჩემთვის ვფიქრობდი: დამთავრდა! ის ახლა განდიდებისგან მოკვდება! მაგრამ არ მესმოდა, შენ იმ წუთებშიც ისეთივე თავნება ბავშვი იყავი, როგორც მაშინ, ეგზარქოსის პატივსაცემად რომ არ იმღერე: "წვეთი სისხლიც არ არის ჩემში არაქართული". -წერდა მაყურებელი ერთ-ერთ ქართველ რეჟისორს. დაასახელეთ იგი.

-ეს რეჟისორი რეპრესიების მსხვერპლი გახდა?

-დიახ.

-სანდრო ახმეტელი.

-ვინ იყვნენ ქრისტესთვის სახარების ავტორები -მათე, ლუკა, იოანე და მარკოზი?

-მოწაფეები.

-ეს კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა და 1991 წლის 26 დეკემბერს დაიშალა. რომელ კავშირზეა ლაპარაკი?

-საბჭოთა კავშირზე.

-ამ ძაღლის ჯიში საიდან გაჩნდა, უცნობია. ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო იყო ინდოეთი, საიდანაც შემდეგ მოხვდა საბერძნეთში, იუგოსლავიაში, ვენეციის სანაპიროზე. დიდი ხნის მანძილზე ეს ჯიში ნაკლებად პოპულარული იყო. ინტერესი 1960 წლიდან დისნეის მულტფილმის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა. დაასახელეთ ამ ძაღლის ჯიში.

-დალმატინელი.

-დაბოლოს, დაასრულეთ ნაპოლეონის ცნობილი გამონათქვამი: "აცადეთ მტერს დაუშვას..."

-"...დაუშვას შეცდომები".