თიკო მოსემღვდლიშვილი - ინტრიგანი, წარუმატებელი და ბოღმიანი გოგოს როლში - გზაპრესი

თიკო მოსემღვდლიშვილი - ინტრიგანი, წარუმატებელი და ბოღმიანი გოგოს როლში

ასეთ დროს შემიძლია, ყველაფერი დავამტვრიო, არაადეკვატური ვხდები", - ამბობს მსახიობი თიკო მოსემღვდლიშვილი. არის თუ არა შეყვარებული, რომელ თვისებას ებრძვის საკუთარ თავში, როგორ იქცევა, როდესაც რთული პერიოდი აქვს და რას გააკეთებდა ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1988 წლის 28 ივლისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი, მომღერალი. ძალიან ადრეული ასაკიდან მქონდა სურვილი, სცენაზე ვმდგარიყავი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილი. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება ვაკეთო საყვარელი საქმე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს თავმოყვარეობის გრძნობაა, რომელიც ჩემში ძალიან მძაფრად არის.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ძალიან ჯიუტი ვარ და ეს ყოველთვის კარგი არ არის. უმეტეს შემთხვევაში, ჩემი სიჯიუტის გამო, სხვის აზრებს არ ვითვალისწინებ და ცხვირიც წამიმტვრევია. ჩემი ნათქვამი მაშინაც კი გამიტანია, როცა ვიცოდი, არასწორ ნაბიჯს ვდგამდი. რომ ვთქვა, - ჩემში ამ თვისებას ვებრძვი-მეთქი, ტყუილი იქნება. ეს უკვე იმდენად მაქვს ხასიათში გამჯდარი, რომ ძნელია ვებრძოლო, მით უმეტეს - ამ ასაკში, მაგრამ ვცდილობ, სიჯიუტის ხარისხი შევამსუბუქო.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ყველაფრის პატიება შემიძლია, გარდა ტყუილისა. ვერასდროს დავუთმობ მას, ვინც მოინდომებს, იდიოტის როლში გამომიყვანოს. ტყუილსაც ვერავის ვაპატიებ. თავად ძალიან იშვიათად ვიტყუები და მაშინაც ძალიან უწყინარ, უბოროტო ტყუილს თუ ვამბობ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ვინმე დაჟინებული მზერით მიყურებს. ეს უმეტესად, ხალხმრავალ ადგილებში ხდება. შენ არ უყურებ, მაგრამ გრძნობ, ვიღაც თვალს არ გაშორებს - ეს მდგომარეობა არ მომწონს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...რომელიმე თბილ ქვეყანაში, ზღვის სანაპიროზე და ნამზეურს ვიღებდე. ვისთან ერთად წავიდოდი? - ამას საიდუმლოდ დავტოვებ.

- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არც კი ვიცი, რას შევცვლიდი, ამაზე დიდად არასდროს მიფიქრია. (პაუზის შემდეგ) ცხვირის ოპერაციას გავიკეთებდი. ეკრანზე საკუთარ თავს რომ ვუყურებ, ჩემი პროფილი აღარ მომწონს.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ძალიან მომთმენი და არაკონფლიქტური ვარ. ყოველთვის ვცდილობ, დაძაბულობას თავი ავარიდო, მაგრამ თუ ძალიან გავბრაზდი, ასეთ დროს ჩემთან დაპირისპირებას არავის ვურჩევ. შემიძლია, ყველაფერი დავამტვრიო, არაადეკვატური ვხდები. ასეთი შემთხვევა მქონდა 7-8 წლის წინ. უსამართლობა ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ ამ დროსაც კი ვახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ექიმი. ოჯახის წევრებს უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი.

- როდესაც რთული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს ყველაზე ხალისიანი ვარ - შეიძლება, უცნაურია, მაგრამ ასეა. სტრესული მდგომარეობიდან მეგობრების დახმარებით გამოვდივარ. ფანტასტიკური მეგობრები მყავს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ყოველთვის ყველაფერი მარტივად გადამაქვს. რთულ პერიოდში ყოფნის დროს ღიმილი, კარგ ხასიათზე ყოფნა ჩემთვის ნიღაბი არ არის. ამ მდგომარეობას ხელოვნურად არ ვიქმნი - ეს ემოცია შიგნიდან მოდის და თავადაც მიკვირს, ასე რომ ხდება. ამ პერიოდში ჩემში იუმორის გრძნობა ყველაზე მეტად ჭარბობს.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...ეს დედაა. მას ყოველთვის ვუსმენ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ნათქვამს ყოველ ჯერზე ვითვალისწინებ. არის სიტუაციები, როცა მე უკეთესად ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.

- ჩვევად მაქვს, სცენაზე ყოველი გასვლის წინ...

- ...პირჯვარს ვიწერ და გავდივარ. ვცდილობ, მშვიდი ვიყო.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ადამიანი მიყვება ტყუილს, მე კი სიმართლე კარგად ვიცი. იმ ადამიანის ნაცვლად მრცხვენია. კიდევ, რისი მრცხვენია (ფიქრობს)? წარსულში ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ მრცხვენოდეს.

- სიყვარული ეს...

- ...შეჩვევაა. ამ ეტაპზე შეყვარებული ანუ "ვინმეზე შეჩვეული" არ ვარ.

- სასურველი მამაკაცი უნდა იყოს...

- ...ჩემ მიმართ ძალიან ყურადღებიანი. არ უნდა ჰქონდეს ჩემი პროფესიისადმი ცუდი განწყობა და არ უნდა დამიშალოს საქმე, რომელსაც დღეს ვაკეთებ. კიდევ, არ უნდა იყოს მატყუარა, დანარჩენზე კი ყურადღებას არ გავამახვილებ. ბიჭებს ძალიან უჭირთ, მსახიობი და მომღერალი გოგონების გაგება. ვერ ეგუებიან მათ რეჟიმს, მუდმივად დატვირთულ სამუშაო გარემოს.

- ბედისწერის...

- ...მჯერა. რაც უნდა მარჯვენა მხარეს იარო, თუ მარცხენა მხარეს ხარ წასასვლელი, მაინც იმ ნაბიჯს გადადგამ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვერ ვიტყვი, რომ მიყვარს. ამ დროს თავს ისე უხერხულად

ვგრძნობ, აღარ ვიცი, რა გავაკეთო. არის შემთხვევები, როცა ხალხმრავალ ადგილებში მოდიან და საქებარ სიტყვებს მეუბნებიან.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ერთი კარგი მოგზაურობა მოვიწყო. მსოფლიოს ისე შემოვივლიდი, არ დავიღლებოდი.

- ვრისკავ, როცა...

- ...უმეტეს შემთხვევაში, ვრისკავ. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სარისკო ნაბიჯების გადადგმას უფრთხის.

- ვნანობ, რომ...

- ...არ მაქვს სინანულები. ისეთი არაფერი გამიკეთებია, დღეს რომ ვთქვა: ნეტავ, ეს ნაბიჯი არ გადამედგა-მეთქი.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...არც კი ვიცი, რას გავაკეთებდი. ახლა ცოტათი დავიბენი. დავჯდები და კარგად მოვიფიქრებ, რაში დავხარჯავ. ზუსტად ვიცი, გავაკეთებდი მაქსიმალურად თანამედროვე პატარა თეატრს, რომელსაც ექნებოდა ხმის ჩამწერი სტუდია. ხელს შევუწყობდი ახალგაზრდა ხელოვანებს საკუთარი ნიჭის გამოვლენაში.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არასდროს გავშიშვლდები კამერის, ფოტოაპარატის წინ.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...მოვიქცე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბავშვობაში ბებია მარიგებდა: არასდროს არავის ენდოო. ახლა ვფიქრობ, რომ მართალს მეუბნებოდა. ადრე უფრო მეტად გულუბრყვილო ვიყავი, ვიდრე დღეს ვარ.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ვიცხოვროთ ისე, რომ საკუთარ თავს სიამოვნება მივანიჭოთ. ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც გვიყვარს და გვჯეროდეს, თუ საკმარისად ვიშრომებთ, ყოველთვის ყველაფერი გამოგვივა.

თამუნა კვინიკაძე