"მაზოხისტი ვარ!"
რამდენიმე სამუშაო ადგილის გამო, დატვირთული დღის რეჟიმი აქვს. თავისუფალ დროს ოჯახს და მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან გატაცებას - ფაზლების აწყობას უთმობს, რაც მსახიობისთვის ერთგვარი არტთერაპიაა.
- ვფიქრობ, ყველა მომავალი მსახიობი ბავშვობაში რაღაც დოზით მაინც გამოხატავს ამ პროფესიისადმი ინტერესს. მეც ასე ვიყავი და მეგონა, მსახიობი გავხდებოდი, მაგრამ მეწინააღმდეგებოდნენ. 17 წლის ბავშვისთვის რთულია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და შესაბამისად, ჩავაბარე იქ, სადაც მირჩევდნენ - ეს იყო სამედიცინო უნივერსიტეტი. პრევენციული მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 24 წლის ასაკში ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. ზრდასრულს ბევრად გამიადვილდა გადაწყვეტილების მიღება. ჩემი პედაგოგი გახლდათ ქალბატონი მედეა კუჭუხიძე და თუკი რამ ვიცი ამ პროფესიაში, სწორედ მისი დამსახურებაა.
- სამედიცინოში სწავლისას, მიმდინარე თეატრალურ ცხოვრებას თუ ადევნებდით თვალს?
- საკმაოდ აქტიურად. მეტსაც გეტყვით, ისე მინდოდა, თეატრალურ უნივერსიტეტში მესწავლა, როცა ახლობელს თაბუკაშვილის ქუჩაზე ვსტუმრობდი, მისი ბინიდან გამოსული, რუსთაველზე ავდიოდი და ფეხით მივუყვებოდი გზას თეატრალურის შენობამდე. იქ ჩემი რამდენიმე ნაცნობი სწავლობდა. მათთან ვლაპარაკობდი, სიახლეებს, სიტუაციას ვეცნობოდი და შინ მივდიოდი. თუ ისინი არ დამხვდებოდნენ, ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, რომ თეატრალურის შენობაში გავიარე.
- ახლა თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ხართ. ვინ მიგიწვიათ?
- ქალბატონმა ქეთი დოლიძემ. როცა ის ჩემს სადიპლომო სპექტაკლს დაესწრო, მითხრა, რომ როგორც კი საშუალება მიეცემოდა, თუმანიშვილის თეატრში წამიყვანდა. როცა თბილისში სპექტაკლის - "კამინო რეალის" დასადგმელად რეჟისორი ჰილარი ვუდი ჩამოვიდა, სწორედ მაშინ დამიკავშირდნენ და მიმიწვიეს. ჩემი პერსონაჟი ვირთხა იყო. სიხარულით დავთანხმდი ამ როლს, რადგან საინტერესო სამუშაო იყო. მას შემდეგ, ქალბატონი ქეთის სპექტაკლებშიც მივიღე მონაწილეობა და ამირან ამირანაშვილის "ჰამლეტშიც". უკვე ორი წელია, თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ. "ჰამლეტში" ოსრიკის როლი შევასრულე. საერთოდ, როცა რამეა გასაკეთებელი, საკითხზე მაქსიმალურ კონცენტრაციას ვახდენ. მიყვარს, როცა ჩემს პროფესიაში ვწვალობ. ჰო, მაზოხისტი ვარ (იღიმის). მზამზარეული პროდუქტი ნაკლებად საინტერესო მგონია.
- ყველაზე დიდი მაზოხიზმის გამოვლენა რომელ როლს უკავშირდება?
- ჩემთვის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი როლი იყო მახინჯი, რომელიც სამეფო უბნის თეატრში, დათა თავაძის სპექტაკლში - "მახინჯი" შევასრულე. სიმართლე გითხრათ, სტუდენტობის დროსაც საკმაოდ რთული როლები მქონდა. დრო რომ გადის, პროფესიულად იზრდები. ჰოდა, ახლა იმ პერიოდის ნამუშევრებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, სულ სხვანაირად ვითამაშებდი.
- სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ფილმის გადაღება ვერ ხერხდება. ამის გამო გული გწყდებათ თუ თეატრია თქვენთვის უპირველესი?
- არ ვფიქრობ, რომ თეატრი მთავარია. მსახიობისთვის კინოც და თეატრიც მნიშვნელოვანია. დღეს საქართველოში უფრო მეტად პროდუქტიული თეატრია და ვწუწუნებთ, რომ კინოგადაღებების მხრივ არაფერი ხდება. დიდი დოზით კინო რომ იყოს, მსახიობები აუცილებლად იწუწუნებდნენ: თეატრალური როლები გვაკლიაო.
- წუწუნებთ თუ არა იმაზე, რომ თეატრებში საკმაოდ აქტიურად დაკავებულ მსახიობებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვერ გცნობთ?
- ეს ბუნებრივია. თეატრში მოდის პირობითად, ასი მაყურებელი, ხოლო ეკრანებთან სხედან მილიონობით. ბევრი ღიზიანდება, - ჟურნალისტები ყურადღებას არ გვაქცევენო. არადა, ვიცით, რომ ამ პროფესიის ადამიანი მაშინ მოვა შენთან, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი გამოხატავს შენ მიმართ ინტერესს.
- კამერასთან მუშაობის რა გამოცდილება გაქვთ?
- პირველი კინოგამოცდილება სანდრო ჯაფარიძისა და გიორგი ჭანუყვაძის სტუდენტურ ფილმში თამაშისას მივიღე. შემდეგ იყო გიორგი ლიფონავას "ნაფიცი მსაჯულები" და რეჟისორის მოჰსენ მახმალბაფის "პრეზიდენტი", რომლის გადაღებებისას ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. შემდეგ სერიალ "ტიფლისის" მეორე სეზონში მიმიწვიეს.
- "ტიფლისში" თქვენი პერსონაჟი ფსიქიკურად არამდგრადი პიროვნებაა, რომელიც თავს ნაპოლეონს უწოდებს. ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო სამუშაო იქნებოდა...
- ნამდვილად ასეა! ეს ადამიანი გაციმბირებული ქართველი პატიმარია. მას უამრავი ტუსაღი უნახავს, მაგრამ ყველაზე მძაფრ ემოციას მასში ის იწვევს, როცა ციმბირში ქართველ პატიმრებს ხედავს... გადაღებები მთელი ზაფხულის განმავლობაში, ბეთანიის ტყეში მიმდინარეობდა... ნაპოლეონი ფსიქიკურად არამდგრადი პიროვნებაა, მაგრამ არ არის იმ დოზით ავად, როგორც შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს. თავს ნაპოლეონს უწოდებს, რადგან ეს მისთვის გართობის ერთგვარი ხერხია და ამავდროულად, თავდაცვაა - ყველაფერი თავის გადასარჩენად გამოიგონა.
- როგორ ფიქრობთ, სერიალი მეორე სეზონით დასრულდება?
- როგორც ვიცი, ფილმი უნდა დასრულდეს, მაგრამ ვფიქრობ, მასზე მუშაობის გაგრძელება დამოკიდებული იქნება მაყურებლის აქტიურობასა და მოთხოვნაზე.
- სხვა სამუშაო ადგილების შესახებაც გკითხავთ. გახმოვანებაზეც მუშაობთ, არა?
- დიახ, პირველ არხზე ვახმოვანებ სერიალებს, ფილმებსა და იშვიათად - მულტფილმებს. 11 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ბავშვთა გასართობ ცენტრში, წამყვანად. ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, მაგრამ ამავდროულად, ფიზიკურად ძალიან დამღლელი იყო. ჰოდა, გადავწყვიტე, თავი დამენებებინა და მთლიანად სხვა საქმეზე გადავრთულიყავი.
- დღეში რამდენი დაბადების დღის წაყვანა გიწევდათ?
- ყოველდღიურად, მიყოლებით ოთხ-ოთხი ღონისძიება მიმყავდა. ბავშვები განსაკუთრებულად მიყვარს (თავად ორი შვილი მყავს). როცა უცხო ბავშვებთან გაქვს კონტაქტი, ისინი კი გეხუტებიან და გეფერებიან, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
- თქვენი შვილები რამდენი წლისები არიან?
- კატო ოთხი წლისაა, ხოლო დაჩი - ორის. გოგონა უყურებს სერიალს. "ტიფლისის" თრილერი რომ გავიდა ეთერში, კატო გახარებული დარბოდა და ყვიროდა: "მამიკო, მამიკო!"
- მეუღლე რა პროფესიისაა?
- ნათია ბერაძე ირანისტი და ქართული ენის ფილოლოგია.
- რამდენიმე ადგილას მუშაობთ, მაგრამ ალბათ, გრჩებათ დრო, რომელიც თქვენს სხვა გატაცებებს ეთმობა, არა?
- ჩემი ჰობი ფაზლების აწყობაა, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გასართობია.
- ბავშვებს ეცილებით?
- არა, მე ცალკე მაქვს (იღიმის). საკმაოდ დიდი, ათას და სამიათასნაწილიანი ფაზლებია. ეს ჩემთვის ერთგვარი არტთერაპიაა. იმ მომენტში სხვა არაფერზე ფიქრობ, მხოლოდ კონკრეტული ნაწილის მოძებნაზე ვარ გადართული. ისტერიულად ვაწყობ და არ მინდა, ვინმე შეეხოს. დღემდე შვიდი საკმაოდ დიდი ზომის ფაზლი მაქვს აწყობილი, მათ შორის ყველაზე დიდი სამიათასფაზლიანია, რომელზეც თანამედროვე პოლონელი მხატვრის, იაცეკ იერკას ულამაზესი ნახატი - "საფარიდან დაბრუნებაა" გამოსახული. მეუღლე ჩვენს პირველ ბავშვზე რომ დაფეხმძიმდა, მაშინ დავიწყე აწყობა და ვთქვი, რომ ვიდრე შვილი შეგვეძინებოდა, ავაწყობდი. ნათია მერვე თვეში იყო, ნახატის აწყობა რომ დავასრულე (იღიმის).
- დაბოლოს, რეპეტიციები რომელ თეატრებში გაქვთ?
- სამეფო უბნის თეატრში, დათა ფირცხალავას პიესის მიხედვით, გიორგი ქათამაძე დგამს სპექტაკლს და რეპეტიციებს გავდივართ. ასევე, ვემზადები მეორე როლისთვის: თუმანიშვილის თეატრში ზურა გეწაძე "მეფე ლირს" დგამს. სპექტაკლში ოსვალდს ვითამაშებ.
ანა კალანდაძე