როდის კარგავს წონასწორობას ნათია ფარჯანაძე?
"ამ ადამიანში ღრმადაა გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რაღაც დოზით სნობიც კი არის. განათლება და ერუდიცია ამ საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად სჭირდება. ელიტური ჭორების ცენტრში ყოფნა უყვარს. ძალზე დახვეწილი და ფრთხილია. ქუდბედიანობით და იღბლიანობით გამოირჩევა. ენამახვილია. არ აღელვებს, ამჩნევენ თუ არა სხვები მის ღირსებებს, საკუთარ თავზე უამისოდაც დიდი წარმოდგენა აქვს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მსახიობ ნათია ფარჯანაძის ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგია ნაკლებად მაინტერესებს. ჩემი ნიშნის დახასიათება მხოლოდ ერთხელ მაქვს წაკითხული, ისიც - ბავშვობაში. მახსოვს, ნაწილი დაემთხვა ჩემს ხასიათს, ნაწილი კი აბსოლუტურად საპირისპირო იყო.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ კურდღლის წელში დაბადებული ადამიანი ქუდბედიანობითა და იღბლიანობით გამოირჩევა. ეთანხმები?
- ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ. ამ მხრივ უკმაყოფილო ნამდვილად არ გახლავართ. იღბალი მწყალობს. როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება, მეც მაქვს სურვილები, რომლის ასრულებაც ვერ მოვახერხე, მაგრამ ბევრი რამ ამისრულდა.
- "თანდაყოლილი სიფრთხილე, კომფორტის სიყვარული და ფინანსური ალღო ახასიათებს".
- ხან როგორ ხდება და ხან - როგორ. არ შეიძლება, ადამიანი ყოველთვის ერთნაირ განწყობაზე იყოს. ზოგჯერ ძალიან ფრთხილი ვარ, ზოგჯერ - პირიქით, ვრისკავ.
- ხშირად რისკავ?
- არა.
- ფინანსურ ალღოზე რას იტყვი?
- არ ვიცი, ეგ რას ნიშნავს (იცინის)? ვერ ვხვდები, რა არის. აბა, სად მსახიობი და სად ფინანსური ალღო? კომფორტი მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობაში.
- "ის ყოველთვის თათებზე ეცემა".
- შეიძლება, ასეც ითქვას. წარსულში მტკივნეული მარცხი არ მქონია. ყოველთვის ვცდილობ, რთული სიტუაციიდან ისეთი გამოსავალი ვიპოვო, რომ ნაკლებად დავზიანდე და ამას თათებზე დაცემა თუ ჰქვია, არ ვიცი.
- "სიღრმეებში ჩაძიება არ აინტერესებს. მშვიდი და მარტივად ცხოვრება ურჩევნია".
- ვერ დავეთანხმები. მე ყოველთვის სიღრმე მაინტერესებს. მშვიდი ცხოვრება კომფორტია, მაგრამ არ ვიცი, მარტივი ცხოვრება როგორია.
- მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით ხშირად "მიცურავ"?
- სულ დინების საწინააღმდეგოდ ვცურავ. არც სტერეოტიპებს ვამსხვრევ და არც საზოგადოებაში დამკვიდრებულ დოგმებს ვეწინააღმდეგები. უბრალოდ, გამოდის, რომ საწინააღმდეგო მიმართულებით ვცურავ - ეს ბუნებრივად ხდება და არა გამიზნულად.
- "ელიტური ჭორების ცენტრში ყოფნა უყვარს. თავად ძალზე დახვეწილი და ფრთხილია".
- ტყუილია.
- "უყვარს მასპინძლობა და ლამაზი საღამოების ორგანიზება".
- მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარს. მასპინძლობა ხშირად არ მიწევს. ცუდი კულინარი ვარ, თან - ძალიან ცუდი.
- "ამ ადამიანში ღრმადაა გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სნობია".
- ასტროლოგები ისევ ცდებიან. ჩემთვის ასეთი რამ მნიშვნელოვანი არ არის.
- "განათლება და ერუდიცია ამ საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად სჭირდება".
- წინა დახასიათებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც ვერ დავეთანხმები ასტროლოგებს.
- "იშვიათად კარგავს წონასწორობას. მას არ ახასიათებს აფექტური ქმედებები".
- პირიქით, წონასწორობას ხშირად ვკარგავ. მიზეზი სხვადასხვაგვარია. ამ ბოლო დროს ბევრი რამ მაღიზიანებს. ადამიანი ხმამაღლა რომ ლაპარაკობს, არ მსიამოვნებს. შემიძლია, მივიდე და მივუთითო, რომ ცუდად იქცევა.
- "ყველაზე მეტად სკანდალი და ხმაურიანი გარჩევები ეზიზღება".
- მართალია, მსგავსი რამ არ მიყვარს.
- "ყოველთვის იცის, რა უნდა და როგორ მოიპოვოს მისთვის სასურველი თანამდებობა თუ ადამიანი".
- ყოველთვის ვიცი, რა მინდა, მაგრამ არანაირი თანამდებობა არ მსურს. ზოგჯერ ადამიანის ცხოვრებაში არის ეტაპი, როცა ვერ ხვდები, რა გინდა. უმეტესად, ეს თინეიჯერობის წლებში ემართებათ.
- ჯიუტი ხარ?
- მეუბნებიან. რომ ჯიუტი ვარ, მაგრამ თავად ასე არ ვფიქრობ.
- იქნებ უბრალოდ, ამის აღიარება არ გინდა?
- არ ვიცი. ვიღაცების თვალში ძალიან ჯიუტი ვარ.
- ამაყი?
- საერთოდ არა.
- "ენამახვილია, ოღონდ ყოველთვის ირონიული ტონით".
- შენ როგორ ფიქრობ?
- ენამახვილი რესპონდენტი ნამდვილად არ ხარ.
- არც ირონიული ტონით გამოვირჩევი.
- "უყვარს განმარტოება".
- ზოგჯერ მარტოობა ძალიან საჭიროა.
- "მას არ აღელვებს, ამჩნევენ თუ არა სხვები მის ღირსებებს, საკუთარ თავზე უამისოდაც დიდი წარმოდგენა აქვს".
- ის, რომ არ გაღელვებს, სხვები ამჩნევენ თუ არა შენს კარგ თვისებებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს.
- ეჭვიანი ხარ?
- ზოგჯერ.
- "მისთვის მთავარია, მწვერვალზე აჩოჩდეს".
- ვერ ვიტყოდი, რომ ასეა.
- "მისი ნაკლი უიმედობა და მელანქოლიაა".
- მელანქოლიისკენ მიდრეკილი პერიოდულად ვარ, მაგრამ უიმედობისგან საბედნიეროდ, შორს გახლავართ.
- გულჩათხრობილი ხარ?
- პერიოდულად.
ნათია ფარჯანაძე თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. პოპულარობა სერიალმა - "ჩემი ცოლის დაქალები" მოუტანა. მისი პერსონაჟი ლიკო, ბოლო სერიებში განსაკუთრებით გააქტიურდა.
- საზოგადოების მხრიდან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, ეს ძალიან სასიამოვნოა. კომპლიმენტებს მეუბნებიან. ვინც არ მიცნობს, ის როლთან მაიგივებს, ხოლო ვინც მიცნობს, მან იცის, როგორი ვარ და როგორ განსხვავებულ პერსონაჟს ვქმნი. საერთოდ, სერიალს აქვს ეს თვისება - მსახიობი გმირთან გააიგივოს. ამ პერსონაჟის ცხოვრებით თავადაც ვერთობი, გადაღების პროცესი ძალიან სასიამოვნო და სახალისოა. წარმოდგენა არ მაქვს, მომავალში რა მოხდება.
თამუნა კვინიკაძე