მონატრებული სპექტაკლები და ინფარქტის მსგავსი განცდა - გზაპრესი

მონატრებული სპექტაკლები და ინფარქტის მსგავსი განცდა

36 წელია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია, 2012 წელს კი რუსიკო ბოლქვაძე რეჟისორის ამპლუაშიც მოგვევლინა. თანამედროვე თურქი დრამატურგის, თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესები რამდენიმე ენაზეა თარგმნილი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იდგმება და მათ შორისაა "ზვავი". დრამატურგის პიესების აქტუალობის მიზეზი ის გახლავთ, რომ სიუჟეტით განსაზღვრული მოქმედება საყოველთაოა. პერსონაჟებს არ გააჩნიათ ეროვნება და სათქმელიც მარადიულია. წელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ქეთი დოლიძის გადაწყვეტილებით, ეს სპექტაკლი რეპერტუარიდან მოიხსნა, მაგრამ მაყურებელთა თხოვნით, მას დროდადრო კვლავ წარმოადგენენ.

- გახსოვთ თუ არა იმ პირველი სპექტაკლებიდან გამოყოლილი შთაბეჭდილებები, რაზეც მშობლებს დაჰყავდით?

- როგორ არა! პირველი იყო "ჭინჭრაქა". მახსოვს, მერე დევი ხშირად მესიზმრებოდა. ეს სპექტაკლი იყო გენიალური არა მხოლოდ თავისი სამსახიობო ანსამბლით, არამედ რეჟისურის მხრივაც. დაუვიწყარი გახლდათ ატმოსფერო, რომელიც სპექტაკლს თან სდევდა და რომელსაც მოგვიანებით, თუმანიშვილთან მუშაობისას შევეხე. იდუმალებით მოცულ ტყის სამყაროში, ჯერ კიდევ სპექტაკლის დაწყებამდე, აპლიკაციებით გაკეთებულ ფარდას შეჰყავდი. მახსოვს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, ამ სპექტაკლის შესვენების დროს, ოდნავ დაქანებულ იატაკზე დაგებულ რბილ ხალიჩაზე სირბილი როგორ მომწონდა (იღიმის)... დედ-მამას მე და ჩემი ძმა ხშირად დავყავდით თეატრში. მამა წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე შეიძენდა ხოლმე ბილეთებს და სარკესთან დებდა. წარმოდგენამდე დარჩენილ დღეებს ვითვლიდი. როცა წამოვიზარდე, ძირითადად, მე და დედა დავდიოდით რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში. მგონი, "ხანუმა" და "ძველი ვოდევილები" რამდენჯერაც წარმოადგინეს, იმდენჯერ ვნახე.

- თქვენი აზრით, რატომ დადიოდა და დადის მაყურებელი თეატრში?

- ვფიქრობ, ადამიანი თეატრში ყველა დროში, ერთი და იმავე მიზეზით დადის. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა: "თეატრი სკოლაა, სადაც ადამიანი სწავლობს, ფიქრობს და ემოციურ გაკვეთილებს იღებს"; კოტე მარჯანიშვილი კი თეატრის არსს ასე განმარტავდა: "თეატრის ფუნქცია ძალიან მარტივია, - ადამიანს შთაბეროს მხნეობა და მიანიჭოს სიხარული". სწორედ ამ ორი ადამიანის აზრის ერთობლიობაა თეატრი, რომელსაც ვერაფერი ჩაანაცვლებს და ის მარადიული მოვლენაა. ჩემს ბავშვობაში აქტუალური იყო საკითხი, - მალე თეატრს კინო და ტელევიზია ჩაანაცვლებსო, მაგრამ ასე არ მოხდა. შეიძლება, ინტერნეტმა ტელევიზია ჩაანაცვლოს, მაგრამ არა - თეატრი. პირისპირ საუბარი ვერ შეედრება "სკაიპით" ურთიერთობას, ვერანაირი "სმაილიკები" ვერ შეცვლის ნამდვილ ღიმილს. თეატრის ფუნქცია იცვლება იმის მიხედვით, თუ რა არის აქტუალური ამა თუ იმ დროს, რადგან თეატრი სარკეა, ისევე, როგორც ხელოვნების სხვა დარგები. თუმცა, სცენა ყველაზე "ცოცხალია" და იქვე, შენ თვალწინ იბადება ნამდვილი ცხოვრება.

- ოთხი წლის წინ სპექტაკლი - "ზვავი" დადგით, სადაც ერთ-ერთ პერსონაჟს რეზო თავართქილაძე განასახიერებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ვინ ასრულებს მის როლს?

- სპექტაკლში ბატონი რეზოს როლს სოხუმის თეატრის მსახიობი, ნუგზარ წერედიანი ასრულებს. რასაკვირველია, ძალიან გაგვიჭირდა ბატონი რეზოს, ამ არაჩვეულებრივი ხელოვანისა და პიროვნების შეცვლა. ფაქტობრივად, ნახევარი წელიწადი პარალიზებულები ვიყავით. გარდა იმისა, რომ რეზო თავართქილაძე იყო უმაღლესი პროფესიონალი, არაჩვეულებრივი კოლეგა, ასევე, ყველასათვის სამაგალითო ადამიანი გახლდათ. არასოდეს ქმნიდა პრობლემას, ყოველთვის სიმშვიდე მოჰქონდა და იუმორით ნებისმიერი სიტუაციის, მათ შორის, პრემიერისწინა დაძაბულობის განმუხტვაც შეეძლო. ჩემდა საბედნიეროდ, ორმა გენიოსმა: ლილი იოსელიანმა და მიხეილ თუმანიშვილმა გამზარდა. რეზოც ლილის აღზრდილი იყო, ჩვენ ვთვლიდით, რომ და-ძმა ვიყავით, ხოლო ლილი გახლდათ ჩვენი დედა. რეზოსთან ერთად სცენაზეც ვმდგარვარ, მაგრამ როცა მე რეჟისორი ვიყავი და ის - მსახიობი, მისგან ჩემს პირველად პროფესიაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

- ყურადღებიანი ადამიანი იყო. მასთან სულ რამდენჯერმე მქონდა შეხება და როცა 2013 წლის გაზაფხულზე, ამ სპექტაკლით ანკარის საერთაშორისო ფესტივალიდან დაბრუნდით, 84 წლის მსახიობმა დამირეკა, - შემხვდიო და თურქეთიდან ჩემოტანილი ბიჟუტერია და შოკოლადი გადმომცა...

- დიახ, ასეთი იყო. საჩუქრების შესარჩევად ერთად დავდიოდით. ჩვენი სპექტაკლის მხატვარს, ნინო ჩიტაიშვილს სთხოვა, გოგონებისთვის საჩუქრების არჩევაში დახმარებოდა. ტრაბზონში გასტროლზე რომ წავედით, მხოლოდ მე ვიცოდი, ცუდად რომ იყო და მალე გამოგვეცლებოდა ხელიდან. ჩემთვის ეს იყო დიდი სტრესი და ტრავმა, რადგან არ მინდოდა, რამე შემტყობოდა და რაიმეს მიმხვდარიყვნენ ის ან სხვა მსახიობები; არ მინდოდა, ზედმეტი ყურადღებით დამეფრთხო. ავტობუსით ვიმგზავრეთ, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლისას მატარებლით მგზავრობა არჩია. ავტობუსიდან რომ ჩადიოდა, მისი დამშვიდობება კადრივით მახსოვს. თავზე ქუდი ეხურა, მხარზე ლაბადა ჰქონდა გადაკიდებული. ძალიან სიმბოლურად ეჭირა პატარა ჩანთა, რადგან მთელი "ბარგი" ზედ ეცვა. გასასვლელ კართან დადგა, სალონში გამოგვხედა და თქვა: "დიდი მადლობა... თქვენთან ერთად სიცოცხლეს არაფერი ჯობია". ჩვენ ტაში დავუკარით. ჩავიდა თუ არა, ტირილი ამიტყდა. არ მინდოდა, ვინმეს დავენახე, ამიტომ სკამებს შორის ჩავიმალე და ისე ვიწმენდდი ცრემლებს. შეიძლება, მართლა არ იცოდა თავისი დაავადების შესახებ (მსახიობს სიმსივნე ჰქონდა. - ავტ.), მაგრამ მგონია, რომ ყველაფერს ხვდებოდა. ის "წამსვლელი" ადამიანის ფრაზით დაგვემშვიდობა, მაგრამ ღირსეულმა პიროვნებამ არ დაგვამძიმა.

- საერთოდ, რატომ და როგორ გაგიჩნდათ სპექტაკლის დადგმის სურვილი?

- ვიდრე სპექტაკლზე მუშაობას დავიწყებდი, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, გერმანულ სკოლაში, არაჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად ორი სპექტაკლი: "მევიოლინე სახურავზე" და "კავკასიური ცარცის წრე" დავდგი. საკმაოდ კარგი და შეკრული წარმოდგენა გამოვიდა და ჩემმა მეგობრებმაც დადებითად შეაფასეს ნამუშევარი... პიესა "ზვავი" ადრე მქონდა წაკითხული, მაგრამ მაშინ სპექტაკლის დადგმაზე არ მიფიქრია. თუმცა, სიუჟეტმა მაშინვე დამაფიქრა. შიში და ამ განცდის სიყვარულით დაძლევა მარადიული თემაა! საერთოდ, წარმოუდგენელია, ხელოვნების ნაწარმოები იყოს სათქმელის გარეშე. შეიძლება, მსახიობმა სცენიდან თითი არავის დაუქნიო, მაგრამ დარბაზში მსხდომებზე ნანახმა უნდა იმოქმედოს, ისინი კონკრეტულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე უნდა დააფიქროს. დიახ, ხმამაღლა უნდა თქვა, რომ ბოროტება, შური და კაცისკვლა ცუდია! შექსპირის ყველა პიესის პერსონაჟები, დაწყებული რიჩარდ III-დან და ლედი მაკბეტით დამთავრებული, ნანობენ საკუთარ საქციელს და აცნობიერებენ, რომ ბოროტი საქციელისთვის დაისჯებიან. ამ ფორმულას უგზავნის შექსპირი მკითხველს, მაყურებელს და ადამიანი დარბაზს რომ ტოვებს, ამას უნდა ხვდებოდეს. "ზვავმაც" ამ თვალსაზრისით ამაღელვა. ვერ ვიტყვი, რომ დრამატურგიულად მაღალი დონის ნამუშევარია (სამხატვრო ხელმძღვანელი დღესაც ფიქრობს, რომ ეს არ არის კარგი პიესა), მაგრამ ჩემი აზრით, სათქმელის მხრივ, შემდგარი ნაწარმოებია.

- პრემიერის დღეებში, როცა სპექტაკლს დავესწარი, პიესის ავტორი იყო ჩამოსული და მახსოვს, თქვენი ნამუშევარი დადებითად შეაფასა...

- ის სპექტაკლს ორი დღე დაესწრო, ორივეჯერ სცენაზე ავიდა და თქვა, - ეს ყველაზე მეტადაა ახლოს იმასთან, რაც მე დავწერეო. ის სპექტაკლის დაწყებადე 15 წუთით ადრე გავიცანი. მოგეხსენებათ, პრემიერის წინ რა საგიჟეთია და ავტორი კი არა, მგონი, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი სარკეში. ჰოდა, წინდახედულობა ვერ გამოვიჩინე, რომ მისი ეს სიტყვები არ ჩამეწერა. მიხარია, რომ იმ სპექტაკლს ესწრებოდით და ცოცხალი მოწმე ხართ (იღიმის).

- პრემიერის წინ, როგორც რეჟისორმა, ალბათ, ინერვიულეთ...

- არ ვიცი, როგორ უძლებენ ამ ყველაფერს რეჟისორები. ალბათ ამიტომაა, რომ მათთვის ხშირია ინფარქტის შემთხვევა. "ზვავს" ყოველთვის ვესწრები და მგონი, ყველას ხელს ვუშლი. გიჟივით დავრბივარ და იდაყვებს ვიჭამ (იღიმის). ჩუმად, შორიდან ვგულშემატკივრობ მსახიობებს ისე, გეგონება, სტადიონზე ვიყო. ბუნებრივია, ვერ დავიყვირებ "დინამოს" და ამიტომ, გულში "ვყვირი". ამ თვალსაზრისით, პრემიერა ნამდვილი ჯოჯოხეთი გახლდათ. ის ერთი საათი, როცა მსახიობები გრიმის გასაკეთებლად შედიან, ძალიან უმწეო ხარ და არ იცი, ამ დროს რა უნდა აკეთო. მახსენდება, პრემიერის წინ თუმანიშვილი, დერეფანში რომ დაძრწოდა, მერე მსახიობებს ოთახის კარს შემოგვიღებდა, - როგორ ხართო? ჩვენზე ისე ზრუნავდა და ისეთი თვალებით გვიყურებდა, როგორც კაცი, სამშობიაროში ქალს, რომელიც წუთი წუთზე მის შვილს გააჩენს. ალბათ, ბატონი მიშა სულ ელოდებოდა ჩვენს შეკითხვას, - თქვენ როგორ ხართო? თურმე, ამ დროს რეჟისორს ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, მაგრამ მაშინ ჩვენ ჩვენი საქმით ვიყავით გართული, გრიმს ვიკეთებდით, კოსტიუმს ვაწესრიგებდით და პირადად მე, არასოდეს მიკითხავს, როგორ იყო. ახლა ამაზე ძალიან მწყდება გული.

- ამა თუ იმ როლის გამო, თუ დაუფლებიხართ უცნობ ხელობას ან ენას?

- დიახ, ასეთი შემთხვევები ყოფილა. აკორდეონზე დაკვრა ვისწავლე გოგი მარგველაშვილის სპექტაკლისთვის - "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი". რაც შეეხება ვიოლინოს, ბავშვობის სურვილი გვიან ავიხდინე. პატარაობაში მშობლებს ვუთხარი, რომ ვიოლინოზე დაკვრის შესწავლა მინდოდა, მაგრამ ჩემებმა უპირატესობა ფორტეპიანოს მიანიჭეს. შვიდწლედი არ დამიმთავრებია, ოთხი წლის შემდეგ სწავლას თავი დავანებე, მაგრამ საბაზისო ცოდნა მაქვს და ეს სხვადასხვა დროს ძალიან გამომადგა. 80-იან წლებში ისევ დავიჩემე, რომ ვიოლინოზე დაკვრის შესწავლა მსურდა. ერთ დღეს დედას ქუჩაში მევიოლინე მზია აბაშიძე შეხვდა და თავისი "გასაჭირი" შესჩივლა: შენი ჭირიმე, შვილი გამიგიჟდაო (იღიმის). სულ 9 გაკვეთილი მქონდა, რომელშიც ორი კლასის პროგრამა გავიარე და რაღაც-რაღაცების დაკვრა ვისწავლე, მაგრამ მერე ვეღარ გავაგრძელე გაკვეთილებზე სიარული. იმ დროს თუმანიშვილი "ალუბლის ბაღს" დგამდა. იდუმალებით მოცულ ქალს, შარლოტას ვთამაშობდი და ბატონ მიშასთან ერთად მოვიფიქრე, რომ სპექტაკლში ვიოლინოზე შეიძლებოდა დამეკრა, მაგრამ მერე აღარ გამოვიდა ეს ამბავი. მოგვიანებით, ნუგზარ ბაგრატიონის სპექტაკლში - "ჰარალეთი, ჰარალეთი" მომიხდა ვიოლინოზე დაკვრა; ვაი, იმ დაკვრას, მაგრამ კომედიური პერსონაჟისთვის სწორედაც, რომ შესაფერისად ვფლობ ამ ინსტრუმენტს.

- დაბოლოს, წარსულიდან რომელ სპექტაკლს დააბრუნებდით და რომელი როლი გენატრებათ ყველაზე მეტად?

- ვიფანტაზიოროთ, არა?! ძალიან მენატრება "ბნელი ოთახი", "ზაფხულის ღამის სიზმარი", "წუთისოფელი ასეა". ქართული თეატრის გამარჯვებად მიმაჩნდა ნუგზარ ბაგრატიონის სპექტაკლი - "ვატერპოლო", გურამ დოჩანაშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. მასში არ ვთამაშობდი, მაგრამ ყველა წარმოდგენას ვესწრებოდი. ძალიან ხშირად, აივანზე ვმჯდარვარ, ბატონი გურამის გვერდით და ერთად ვადევნებდით თვალს. თუმანიშვილის დროს, ტრადიციად გვქონდა სპექტაკლებზე დღიურის წარმოება, სადაც იწერებოდა დამდგმელი რეჟისორის ან მისი კოლეგის მიერ მოცემული ყველა შენიშვნა, ხარვეზი თუ შთაბეჭდილება. რამდენჯერმე, ბატონი გურამის შენიშვნა იმ რვეულში მე ჩავწერე. სხვათა შორის, 6-7 ასეთი დღიური არსებობდა. სამწუხაროდ, ჩვენი დაუდევრობის გამო, თეატრის რემონტის დროს, მთელი ეს ისტორია დაიკარგა.

ასევე, მენატრება "ამფიტრიონი", რომელიც ფაქტობრივად, თუმანიშვილის ბოლო სპექტაკლი იყო და ამით დაგვემშვიდობა. სპექტაკლში დედამიწაზე ჩამოსულ ანც ბიჭს, მერკურის ვთამაშობდი. ბატონი მიშა ამბობდა, - თუ გინდა გაიგო, სპექტაკლი როგორი გამოვიდა, მეთხუთმეტე ჯერზე უნდა ნახოო. რასაკვირველია, ეს ციფრი პირობითია, მაგრამ მართლაც, მეათე-მეთხუთმეტე წარმოდგენისას იღებს სპექტაკლი სრულყოფილ სახეს. მახსოვს, ზუსტად მეთხუთმეტე სპექტაკლის დროს შემოვიდა კულისებში და როგორც ბიჭს, ძმაკაცურად დამკრა მხარზე ხელი. ეს იმას ნიშნავდა, რომ იმ დღეს პერსონაჟი "დაიბადა" და მაღიარა. ამ სპექტაკლის "მეორედ სიცოცხლე" კი ბატონი მიშას დაკრძალვიდან მეოთხე დღეს მოსკოვის ჩეხოვის საერთაშორისი ფესტივალზე ვითამაშეთ. არასდროს არაფერი ისე არ გამჭირვებია, როგორც იმ დღეს თამაში. სცენაზე ვაცნობიერებდით, რა დადგა ამ ადამიანმა. თითქოს ეს იყო უკვე სხვა განზომილებაში გადასული კაცის აზროვნების ნაყოფი და "წამსვლელი" კაცის გამომშვიდობება სიცოცხლესთან. სპექტაკლი მთავრდებოდა ჩემი ტექსტით და როცა პირველი სიტყვები წარმოვთქვი, მაშინ მივხვდი, რომ ამგვარად ემშვიდობებოდა ბატონი მიშა სამყაროს.

- ალბათ, მონოლოგი დღემდე გახსოვთ...

- "ღმერთებო, ცაზე აბრძანდით. ადამიანებო, დედამიწაზე მიმოიფანტეთ. მსახიობებო, კულისებს ამოეფარეთ. თქვენ კი, მაყურებელო, სცენას მოჩვენებითი გულგრილობით პირი უბრუნეთ და მოკრძალებით წადით აქედან, გაუჩინარდით. მზეო, ჩააქრე შენი ფარანი, სიჩუმე, სრული სიჩუმე, გავქრეთ ყველანი". ამას მოჰყვებოდა ჩანაწერის ხმა, სიტყვებით: "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!.." და სპექტაკლი მთავრდებოდა. როცა მონოლოგს ვამბობდი, მეგონა ვტიროდი, მაგრამ კულისებში გასულმა სახეზე ხელი რომ მოვისვი, ცრემლი არ მქონდა. ვიცი, ზუსტად იგივე განცდა ჰქონდათ დანარჩენ მსახიობებს. აი, ამ სპექტაკლს დავაბრუნებდი, ძალიან მენატრება.

ანა კალანდაძე