გო­გა პი­პი­ნაშ­ვი­ლი, ოხ­რა­ხუშ-ბო­ლო­კა და მე­ლი­ო­რა­ცი­უ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი - გზაპრესი

გო­გა პი­პი­ნაშ­ვი­ლი, ოხ­რა­ხუშ-ბო­ლო­კა და მე­ლი­ო­რა­ცი­უ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი

"კულინარიასთან ჩემი დამოკიდებულება აბსოლუტურად ჩვეულებრივია, მაგრამ მსიამოვნებს, როცა სუფრა იშლება და "ჩიტის რძეც" არ აკლია, ამას მაინც თვალისთვის აქვს მნიშვნელობა", - აღნიშნავს მსახიობი გოგა პიპინაშვილი, რომელიც გამორჩეულად გურმანი არ არის, თუმცა, მეგობრებთან ერთად, ოჯახურ გარემოსა და სასიამოვნო სიტუაციაში გემრიელი კერძების დაგემოვნება და მათთან ერთად დროის გატარება, რა თქმა უნდა, ძალიან უყვარს. კარგი პროდუქტის არჩევა და ზოგიერთი კერძის მომზადება თავადაც ეხერხება, ექსპერიმენტებიც მოსწონს და მწვადის შეწვის მისეული მეთოდიც აქვს.

სტანდარტების ნგრევა და გაზეთით შემწვარი მწვადი

- კულინარიასთან ჩემი დამოკიდებულება აბსოლუტურად ჩვეულებრივია, მაგრამ მსიამოვნებს, როცა სუფრა იშლება და "ჩიტის რძეც" არ აკლია, ამას მაინც თვალისთვის აქვს მნიშვნელობა. თუმცა, როცა სამზარეულოში ფუსფუსებენ, ჩარევა მეც მიყვარს. არსებობს კერძები, რომლებიც ქართველებისთვის სტანდარტულად ითვლება და ამ სტანდარტების დანგრევას ხშირად ვცდილობ ინგრედიენტის დამატებით თუ გამოკლებით ან მომზადების ტექნოლოგიის შეცვლით და რაღაცები გამომდის კიდეც. როდესაც ჩემთან მეგობრები იკრიბებიან და უბრალოდ, წაქეიფებას ვაპირებთ ხოლმე, ჩემი შემწვარი მწვადი ძალიან მოსწონთ. ეს მეხერხება. მწვადის შეწვის შესანიშნავი ტექნოლოგიები არსებობს ტრადიციულიც და არატრადიციულიც. ერთხელ, მწვადის შეწვა ძალიან გვეჩქარებოდა და მეზობელმა ბავშვმა მითხრა, კახეთში მამიკომ რომ წამიყვანა, იქ ვნახე, ერთი ბიძია მწვადს როგორ წვავდაო. ახლა ექსპერიმენტის დრო არაა-მეთქი ვუთხარი, მაგრამ მაინც დამიყოლია და იმის მერე მწვადს მხოლოდ ამ მეთოდით ვწვავ - გაზეთით. როდესაც შამფურზე აგებული ხორცი უკვე ნაკვერჩხალზე იდება, ზედ გაზეთი ეფინება, რომელიც მარილწყლით სველდება. მწვადი "იხარშება", ამ მარილწყლისა და გაზეთის ქვეშ, ხშირ-ხშირად უნდა აბრუნო, ცვალო და ა.შ. მოკლედ, უგემრიელესი გამოდის.

აგრონომიული მცდელობები და ოხრახუშ-ბოლოკა

- ადრე, მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, შესაძლებლობები სოფლის მეურნეობაში გვეცადა. უამრავი მცენარის თესლი ვიყიდეთ, ჩემთან მიწა გადავბარეთ და დავთესეთ ქინძი, ოხრახუში, ნიახური, ყველანაირი ბოსტნეული. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ არც ერთმა ვიცოდით, რა, როგორ და რანაირად უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მაინც იმედი გვქონდა, რომ მიწა თავისას იზამდა. ვრწყავდით კიდეც და ვუვლიდით, მაგრამ ის ადგილი გასლიკინებული დარჩა. არაფერი ამოვიდა, ბალახმაც კი არ იხარა. მომდევნო წელს, ოხრახუში ამობიბინდა. ეს ჩემი მეგობარიც ეტაკა და ყველა სალათს ზემოდან აჭრიდა. ერთ მშვენიერ დღეს, ეს ოხრახუში ძირფესვიანად ამოიღო და აღმოჩნდა, რომ ბოლოკი იყო. იმდენი ხანი სალათებზე ბოლოკის ღეროებს ვაყრიდით (იცინის). ესე იგი, ჩვენმა მელიორაციულმა ექსპერიმენტმა მაინც გაამართლა.

"გემრიელხელიანი" დედა და შვილის კულინარიული ექსპერიმენტები

- მაგალითად, ოჯახში საახალწლო სამზადისას საარაკო ცხოველის ფუნქციას ვასრულებ ხოლმე ანუ პროდუქტის შერჩევა და ყიდვა მევალება, რაც ძალიან მსიამოვნებს და მიყვარს. ამას ყველაფერს დედაჩემზე ვამოწმებ ხოლმე - მან თუ დამიწუნა, საქმე ცუდადაა. თუმცა, როგორც წესი, არ მიწუნებს. შესანიშნავი კერძების მომზადება იცის, გემრიელი ხელი აქვს. ტრადიციული ოჯახი მაქვს და მინდა, რომ ჩემმა შვილმაც ასე გააგრძელოს. კულინარიაზე "გართულება" ახლა დაეწყო და ხან რას მეხვეწება - მამა, ეს მჭირდებაო და ხან - რას. ფორმები, ღუმელი და ა.შ. მოსწონს, როცა სახლში კარგი პროდუქტი აქვს და რაღაცებს ამზადებს, მერე კი ჩემთან ამოწმებს, როგორი გამოუვიდა.

ძმაკაცური ქეიფები ბუნებაში

- ძეგვში სახლი გვაქვს, ხშირად ჩავდივართ და როცა ჩემი მეგობრები იგებენ, რომ იქ ვართ, გვსტუმრობენ და კერძებზე ექსპერიმენტებიც სწორედ ასეთ დროს ტარდება. ძმაკაცები იქ ვიცლით ხოლმე ამისთვის - "ამის გაკეთება შენ არ იცი, მე უფრო კარგად ვიცი" და არის ერთი ორომტრიალი. მყავს მეგობრები, რომლებიც კულინარიაში კარგად არიან დახელოვნებულები და გემრიელი ხელი აქვთ. მათთან ერთად ყოფნა, ქეიფი, დროს ტარება მიყვარს და მათი გაკეთებული ყველაფერი მეგემრიელება.

საკუთარი ღვინო და ღუღუნა ბუხარი

- ბოლო დროს, ღვინის თემაზე ვარ გადართული - სულ რაღაც 2-3 წელია, მე და ჩემმა მეგობარმა ღვინის დაყენება დავიწყეთ. ვყიდულობთ ყურძენს, ვწურავთ, გადაგვაქვს ბოცებში და არის ერთი ამბავი. წელს კარგი ღვინო გვაქვს, შავიც და თეთრიც. როცა ბუხარი ღუღუნებს და გარეთ კარგი ამინდია, იმ დალოცვილ ღვინოზე ნებისმიერი კერძი მიდის. ჩვენი ხელით დაწურული მაინც სხვაა, არც წყალი ურევია და არც არაფერი. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ჩემი მეგობრები მოდიან ჩემთან ან მე მივდივარ მათთან. ოჯახური სიტუაცია უფრო მომწონს. შეიძლება ბევრი არაფერი გვქონდეს, მაგრამ სასიამოვნოა. კვირაში ორჯერ მაინც, ძმაკაცები სადილად რესტორანში ვიკრიბებოდით ხოლმე, მე რაღაცნაირად გავარღვიე ეს "მოჯადოებული წრე" და მათი მეუღლეებიც ჩემი მადლიერები დარჩნენ, რადგან მერე უკვე მათთან ერთად გადავწყვიტეთ სიარული. ამან კი მოიტანა ის, რომ შეიძლება საქეიფოდ არა, მაგრამ თუნდაც ტკბილეულის სუფრაზე ერთმანეთს ხშირად ვსტუმრობთ. ეს ყველაზე სასიამოვნოა - შეხვედრა, საუბარი და ა.შ. და მერე, ამას თავისით მოაქვს ის ხილი, ნამცხვარი და სხვა. ისეთი სამეგობრო გვყავს, ღრეობას კი არ ვმართავთ, ერთმანეთს ვუსმენთ, ვინ რას ამბობს. ტრადიციულ სადღეგრძელოებს ხშირად არ მივყვებით. ჩვენი ყოველდღიურობა მრავალფეროვანია, ყოველ შეხვედრაზე ახალი სათქმელი გროვდება და შესაბამისად, სადღეგრძელოებიც ახალ-ახალი მოგვის ხოლმე.

"კოლენო" და ლუდი ჩეხურად

- 50-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და განსაკუთრებული კერძებიც გამისინჯავს. თუმცა, ქართველები ისეთი ბუნების ხალხი ვართ, ჩვენთან თუ არ არის რაღაცით დაკავშირებული, ის სამზარეულო მაინცდამაინც არ გვიზიდავს. ცოტა ხნის წინ, გადაღებაზე ჩეხეთში ვიყავი და ჩემს მეგობარს, რომელიც იქ 15 წელი ცხოვრობდა, ტელეფონით დავუკავშირდი, - 4 დღე თავისუფალი მაქვს და ქალაქის რომელი ღირსშესანიშნაობა ვნახო-მეთქი? - სადაც "კოლენო" და "გამბრინუსი" ეწერება, ყველგან შედიო, მითხრა. ანუ ღორის კანჭი, რომელიც იქ განსაკუთრებულად მზადდება და ჩეხური ლუდი. უგემრიელესი იყო. მერე ერთი მეგობარი მეხუმრებოდა, - ბატონო გოგა, აქ იმდენჯერ ვიყავით ბარში, ერთი ღორი კი შეჭამეთო (იცინის). ზოგადად, უცხოური კერძები მომწონს, რაღაც განსაკუთრებული ეგზოტიკა დევს მათში, თუმცა ყველაფერი მისაღები, რა თქმა უნდა, ვერ იქნება.

უარყოფითი გემოვნური შეგრძნებები

- ზღვის პროდუქტები არ მიყვარს. ამერიკაში მეგობარმა დიდი პატივი მცა და ჩინურ რესტორანში წამიყვანა. ყველა კერძი გავსინჯე. მერე ამიხსნა, რა რა იყო და საშინლად უსიამოვნო შეგრძნებები დამეუფლა... ბაყაყი და რაღაცები მიჭამია... როცა ვჭამდი, თითქოს გემრიელი იყო, მაგრამ რაღაცნაირი, სპეციფიკური გემო მაინც ჰქონდა. თუმცა, მართლაც კარგი რესტორანი იყო, სუშიც მივირთვით, ჩხირებზე თევზი იწვებოდა პირდაპირ ჩვენ თვალწინ და ძალიან მაგარი იყო.

"ბაჟემონატრებული" თეატრალი, ესპანეთში

- როცა ჩვენმა თეატრმა "ფეხი აიდგა" და უცხოეთში პირველად გავედით, ბევრი ჩვენგანი ზესტაფონს არ იყო გაცილებული და ესპანეთში ჩავფრინდით. მაშინ მოსკოვის "გავლით" დავდიოდით. აეროპორტში ავტობუსი დაგვხვდა და სასტუმროში დასაბინავებლად წავედით. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი წარუშლელი შთაბეჭდილებაა, როცა პირველად სადმე მიდიხარ, ისიც - მადრიდში. ყველაფერი გაინტერესებს, ათვალიერებ, აკვირდები და ა.შ. ერთ-ერთი ახლობელი ზის თავის სავარძელზე, თავი ფანჯარაზე მიუდვია და, - ბაჟე მომენატრა, ბაჟე მომენატრაო, მღერის (იცინის). ესპანური სამზარეულო ძალიან მომეწონა, ქართულს ჰგავს.

"ქვეყანა შემოვიარე, ვერ ვნახე შენი სადარი"

- უცხოელებთან სახლში არ ვყოფილვარ და როდესაც იქაური ქართველები გვხვდებიან, ისინიც ცდილობენ, ადგილობრივი ინგრედიენტებით ქართული კერძები გაამზადონ და ქართულად გიმასპინძლონ, მაგრამ იქაური ყველით გაკეთებულ ხაჭაპურს გემო მაინც არა აქვს... იმერული ყველი მაინც სულ სხვაა. ნახევარი მსოფლიო მოვიარე და ქართულ სამზარეულოს მაინც არაფერი მირჩევნია, არსად ისე გემრიელად არ აკეთებენ, როგორც ჩვენთან. ნიგვზიანი ჭინჭრის მხალიდან და მჭადიდან დაწყებული, ყველა კერძი განსაკუთრებულია.

თამთა დადეშელი