მისაბაძი მშობლები და ბახვა ბრეგვაძის უდარდელი ბავშვობა - გზაპრესი

მისაბაძი მშობლები და ბახვა ბრეგვაძის უდარდელი ბავშვობა

მსახიობი ბახვა ბრეგვაძე ამბობს, რომ ცელქი, მოუსვენარი ბავშვი იყო. თუმცა ბაღშიც და სკოლაშიც, რატომღაც, ყველა მასწავლებელს უყვარდა. მისი ცხოვრების წესი სიახლის ძიებაა...

ბავშვობა

- მოუსვენარი, ცელქი ბავშვი ვიყავი. რა თქმა უნდა, ხანდახან მშობლები მიბრაზდებოდნენ. სულ ეზოში ყოფნა და თამაში მინდოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ მე და ჩემი ძმა რთული ბავშვები არ ვიყავით. მშობლები ჩვენი მეგობრები იყვნენ, ერთმანეთს ანგარიშს სულ ვუწევდით. მათთვის გვიკითხავს კიდეც, - რატომ არ ხართ სხვა მშობლებივით მკაცრებიო? ამ კითხვაზე პასუხი ვერასდროს მივიღეთ (იღიმის). სამაგიეროდ, მეგობრებს ჩვენი მშობლები განსაკუთრებულად უყვარდათ და მათთან თავადაც მეგობრობდნენ. თუმცა, ბუნებრივია, ხმამაღალი სიტყვაც უთქვამთ, უამრავი შენიშვნაც მოუციათ და ასეა დღემდე. ისინი ყველაზე კრიტიკულები ჩვენ მიმართ არიან, საბედნიეროდ.

- დედას ოდესმე უცემიხართ?

- არასდროს ვუცემივართ (იცინის). აი, თუ ძალიან გავაბრაზებდით, მსუბუქად გვაჯანჯღარებდა, რაზეც გვეცინებოდა და ამით უფრო მეტად ვაბრაზებდით. თუმცა, ბოლოს ამ ყველაფერზე თვითონაც ეცინებოდა. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, ბედნიერი, ლაღი. ჩემს მშობლებს ბევრი ფული არასდროს ჰქონიათ, ამიტომ სულ მიკვირს, როგორ ახერხებდნენ იმას, რომ არაფერი მოგვკლებოდა. ვინ იცის, რამდენს შრომობდნენ ჩვენ გამო... რაც კი სპორტის სახეობა არსებობს, პლუს - უცხო ენა თუ ხელოვნების სფერო, მე და ჩემს ძმას ყველგან გვატარებდნენ; ყოველთვის ის სათამაშოები გვქონდა, რაც გვინდოდა და იქ დავდიოდით, სადაც გვინდოდა. როცა გავიზარდე, მერე მივხვდი, თუ რა რთული იყო ეს ყველაფერი მათთვის და რა მაგრები არიან, რომ ამას ახერხებდნენ. მეც მინდა შევძლო, რომ შვილებს ისეთივე ლამაზი, ნათელი, მხიარული და ბედნიერი ბავშვობა ვაჩუქო, როგორიც მე და ჩემს ძმას გვქონდა.

- ყველაზე ხშირად, მშობლებისგან რის გამო იღებდი შენიშვნას?

- მაგალითად, შენიშვნას ხშირად მაძლევდნენ იმის გამო, რომ ეზოდან დროულად არ ამოვდიოდი. ადრე დაძინებაზეც ვჩხუბობდით ხოლმე და რა თქმა უნდა, მეცადინეობის გამოც! ძალიან ზარმაცი ვიყავი, მაგრამ იმ საგნებში, რომლებიც მომწონდა, სულ "ხუთიანები" მყავდა. მაგალითად, მათემატიკა ძალიან მიყვარდა... უზრდელი არასდროს ვყოფილვარ და ძალიან არ მიყვარს უზრდელი ადამიანები, ზედმეტი ფამილარობაც არ მომწონს.

სკოლა და პროფესიული არჩევანი

- არ ვიყავი ცუდი მოსწავლე და არც - ძალიან კარგი. "შატალოზე" სიარულიც მიყვარდა. გამიმართლა იმაში, რომ მასწავლებლების უმრავლესობას ძალიან ვუყვარდი და ამიტომ, ცუდი ნიშანი ადვილად არ ემეტებოდათ ჩემთვის.

- ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდი?

- მინდოდა გამოვსულიყავი ჯეკი ჩანი (იცინის). მე და ჩემი ძმა სულ მის ფილმებს ვუყურებდით და მერე ერთმანეთს ვურტყამდით ან ოჯახის წევრებს ფილმიდან ნასწავლი ილეთებით ვუტევდით, ანუ როგორც მიხვდით, ბავშვობიდან მსახიობობა მნდომებია (იცინის). მახსოვს, ერთი პერიოდი მფრინავობაც მინდოდა.

- ალბათ, სკოლის პერიოდში გეწვია პირველი სიყვარული. გოგოს მიმართ ინტერესს როგორ გამოხატავდი?

- სკოლაში კი არა, საბავშვო ბაღში სწავლის დროსაც უკვე ღრმად შეყვარებული ვიყავი ლურჯთვალება ელენეზე. მახსოვს, ზეიმზე არ მეცეკვა და ლამის გადავყევი ამ ამბავს, ისე ვინერვიულე. მერე მასწავლებლებმა სულ ძალით აცეკვეს ჩემთან (იცინის)... მერე სკოლაში ყველა ბიჭს ჩვენი კლასელი, დღეს უკვე წარმატებული, ავსტრიაში მოღვაწე მხატვარი, ნინო საკანდელიძე გვიყვარდა, საერთო წერილებს ვუწერდით და ჩანთაში ვუგდებდით (იცინის). მერე ნინო ქეთი ხერხეულიძეში გავცვალე. დღეს ორივე ჩემი მეგობარია. მოკლედ, მხიარულად და კარგად მახსენდება ბაღიც, სკოლაც და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიც.

- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სად გააგრძელე?

- სკოლის დამთავრების შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტში ჩავირიცხე, მერე რამდენიმე სხვა უნივერსიტეტიც დავამთავრე, რაღაც პერიოდი საფრანგეთშიც ვსწავლობდი.

- კმაყოფილი ხარ შენი პროფესიული არჩევანით?

- ჯერაც არ გადამიწყვეტია, საბოლოოდ რა მინდა. დღემდე, სულ რაღაცას ვსწავლობ და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, კიდევ უფრო მეტად განვავითარო საკუთარი თავი. ამიტომაც ვარ ალბათ სხვადასხვა სფეროში. ვცდილობ, "შიგნიდან" გავეცნო ყველაფერს, რაც მაინტერესებს და თუ აღმოვაჩენ ჩემთვის ყველაზე კომფორტულ ზონას, თუ მივხვდები, რომ რაღაც კონკრეტული საქმის კეთება დიდ სიამოვნებას მანიჭებს, იქ დავრჩები... არ მიყვარს ერთფეროვნება და მსიამოვნებს რამდენიმე სფეროში მუშაობა. ფულიც სულ მჭირდება, ანაზღაურება ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ საქმეს ვერაფრით გავაკეთებ, რაც არ მომწონს. ეს უბრალოდ, არ გამომივა.

- მიზანდასახული ხარ?

- არ ვიცი. ალბათ, უფრო ქაოსური ვარ. ვერ ვხვდები, რა შეიძლება მომინდეს ხვალ. თუმცა, მიზნები დამისახავს და სასურველისთვის მიმიღწევია კიდეც.

- შრომისმოყვარე ხარ თუ ხანდახან სიზარმაცე გიპყრობს? სიზარმაცის გამო რაიმე გაგიფუჭებია?

- ზარმაცი რომ არ ვიყო და ცოტა "მიმწოლი", "ნაგლი" გახლდეთ, ზუსტად ვიცი, მილიარდერი ვიქნებოდი.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

- მომიყევი შენს პირველ წარმატებაზე...

- საკუთარ წარმატებაზე საუბარი დისკომფორტს მიქმნის. მგონია, მთავარი წარმატებები წინ მაქვს.

- როგორ იწყება შენი დილა?

- დილით ადრე ადგომა არ მიყვარს, მაგრამ მიწევს ხოლმე. დღე-ღამეში მაქსიმუმ 5-6 საათი მძინავს. დრო არასდროს და არაფრისთვის მყოფნის, ამიტომ ძილისთვის არ მემეტება.

- რას ნიშნავს შენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

- დავდივარ აუზზე და იქვე ვვარჯიშობ კიდეც - ეს ხდება ხან დილით, ხან - საღამოს. როგორც კი თავისუფალი 2 საათი გამომიჩნდება, მაშინვე იქ გავრბივარ. ბევრს არა, მაგრამ ვვარჯიშობ. ვფიქრობ, ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან კარგი რამ არის და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად დავიცვა.

- ალკოჰოლს თუ ეტანები? სიგარეტს ეწევი?

- ალკოჰოლი ნორმის ფარგლებში მიყვარს. რაც შეეხება სიგარეტს: სამწუხაროდ, ვეწევი. 1 წელი ამ მავნე ჩვევას თავი დავაღწიე, მაგრამ მერე ისევ დავიწყე.

იმიჯი და გემოვნება

- ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაზე გავლენა ოჯახის წევრებმა იქონიეს, შემდგომში - მეგობრებმა და იმ წიგნებმა, რომლებსაც ვკითხულობდი; იმ ფილმებმა, რომელსაც ვუყურებდი და ა.შ. გემოვნება დღემდე მეცვლება.

- ხშირად იცვლი გარეგნულ იმიჯს?

- არა, იმიჯში რადიკალური ცვლილებები არ მახასიათებს და არც ექსპერიმენტებს ვატარებ.

- გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გარდერობს თუ აახლებ ხოლმე?

- არა, ასე სეზონურად გარდერობის გაახლებაზე არ ვზრუნავ. პერიოდულად თუ რამე მჭირდება ან მომწონს, შეძლებისდაგვარად, იმას ვყიდულობ ხოლმე.

- როგორი სტილის სამოსი ჭარბობს შენს გარდერობში: სპორტული თუ კლასიკური?

- უფრო, თავისუფალი, სპორტული. ასეთ სამოსში თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ბუნებრივია, მაქვს კლასიკური სამოსიც.

- რომელია შენი საყვარელი ფერი?

- შავი ტანსაცმელი მომწონს.

პირადი ცხოვრება

- პირად ცხოვრებას სწორედ იმიტომ ჰქვია პირადი, რომ მასზე საჯაროდ არ ისაუბრო... ისე, გეტყვი, რომ ჩემკენ სიმშვიდეა (იღიმის)... ხან ხდება რაღაც, ხან - არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი როდესაც მოხდება, მინდა თუ არა, ამას ისედაც ყველა გაიგებთ.

- როცა მანდილოსნების ყურადღების ცენტრში ხვდები, ეს გაღიზიანებს თუ პირიქით - გსიამოვნებს?

- რა თქმა უნდა, არ მაღიზიანებს. პირიქით, მანდილოსნების ყურადღება ძალიან სასიამოვნოა.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- მომწონს შარმიანი და საინტერესო გოგონები, თვალებში რომ სხივი აქვთ, ხოლო ქერა იქნება თუ შავგვრემანი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

- როგორია შეყვარებული ბახვა?

- უკეთესი (იცინის).

დასვენება

- დასასვენებლად ზღვას ირჩევ ხოლმე თუ მთას?

- ზამთარში მთა, ზაფხულში - ზღვა. ცურვაც ძალიან მიყვარს და თხილამურით სრიალიც.

- აქტიური დასვენების მოყვარული ხარ?

- აქტიურ დასვენებას გართობას ვეძახი, გართობის დროს კი ვერ ვისვენებ, პირიქით - ვიღლები. ნამდვილი დასვენებაა, როდესაც კარგად და დიდხანს გძინავს, სიმშვიდეში ხარ, გაქვს დრო იმისთვის, რომ კარგი წიგნი წაიკითხო, კარგ ფილმს უყურო და ა.შ.

- საკურორტო რომანი თუ გქონია?

- კურორტებს ფლირტი და თავგადასავლები ძალიან უხდება. ასე რომ, მსგავსი რამ მეც მქონია.

სოფო ჭონიშვილი